Thursday, February 2, 2017
"დონ ჟუანი" და დიპლომატია
ამას წინათ ნიუ-იორკში, ჩელსიში ერთ-ერთ სამხატვრო გალერეაში სახელწოდებით 287თზკშტპ უჩვეულო ჩვენება გაიმართა. გალერეამ თავისი კედლები ქართველი მხატვრის, რეჟისორის, ქორეოგრაფისა და დიზაინერის ირინა გაჩეჩილაძის დადგმის "დონ ჟუანის" ვიდეოჩვენებას დაუთმო. სანამ მოსკოვის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში ("გიტისი") ჩააბარებდა, ირინამ თბილისში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. დიპლომატის ცოდნა კი, არა რომელიმე საელჩოს კაბინეტში მოსაწყენი სამუშაოს შესასრულებლად სჭირდებოდა, არამედ ცოდნის გასაღრმავებლად. იგი თვლის, რომ ხელოვანი, მეტადრე კი რეჟისორი კარგად უნდა ერკვეოდეს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, რადგან, რაც უფრო მრავალმხრივი განათლება აქვს, მისი ხედვაც უფრო მრავალფეროვანია; რომ დიპლომატია ხელოვნებაა, თეატრია, სადაც ნიღბებით თამაშობენ.
მოსკოვის თეატრალური ხელოვნების აკადემიის მაგისტრატურაში სწავლისას ირინა გაჩეჩილაძის სადისერტაციო თემა გახლდათ მოცარტის ოპერა "დონ ჟუანი". მან დონ ჟუანის დეკორაციებისა და ზოგადად რეჟისორული კონცეპტის შექმნამდე წაიკითხა ყველაფერი, რაც კი ამ სპექტაკლზე დაიწერა არა მარტო საქართველოსა და რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებში და ამისთვის საზღვარგარეთ ყოფნისას ყველა ბიბლიოთეკას სტუმრობდა. როგორც თავად ამბობს, მოცარტის "დონ ჟუანი" იმიტომ შეარჩია, რომ ძალიან ლამაზი მუსიკაა, თავად "დონ ჟუანის" თემაც აქტუალურია ყველა დროსა და ქვეყანაში. დადგმა ეკლექტურია, გამოყენებულია კომპიუტერული გრაფიკა და კინოს ელემენტები. დეკორაცია უხმოდ იცვლება, რათა მუსიკის ჟღერადობას ხელი არ შეეშალოს. დადგმას არა აქვს მოქმედების კონკრეტული დრო. მაგრამ ირინა გაჩეჩილაძის იდეა უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე მხოლოდ მისეული ხედვით მოცარტის სახელგანთქმული ოპერის დადგმა. მისი ჩანაფიქრით ამ დადგმაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მუსიკოსებსა და მომღერლებს, ხოლო სპექტაკლი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე უნდა გამართულიყო, როგორც კავკასიაში სამშვიდობო ფართომასშტაბიანი ინიციატივა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ეს არ მოხერხდა.
ირინამ ხელი მოჰკიდა თავის პროექტს, ერევანში ჩავიდა და ერევნის ოპერის თეატრის დირექტორს თავისი ჩანაფიქრი გაუზიარა. 2009 წელს ერევნის სცენაზე მართლაც დაიდგა "დონ ჟუანი", სადაც ქართველი ხელოვანი გახლდათ რეჟისორიც, ქორეოგრაფიც, კოსტიუმებისა და დეკორაციების ავტორიც და პროექტის პროდიუსერიც. პროდუსერობა მან შესძლო არაკომერციული ფონდის საშუალებით, რომელიც თავადვე დააარსა და რომლის მიზანია თანამედროვე ხელოვნების განვითარება. მან "დონ ჟუანისთვის" დეკორაციები და კოსტიუმები შექმნა, თბილისიდან თავისი ხარჯითა და ფონდის დახმარებით ერევანში ჩაიტანა, სადაც სომეხი მომღერლები უსასყიდლოდ ჩაერთვნენ მის სპექტაკლში. როგორც თავად ამბობს, სომხეთში სპექტაკლს ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად. სომეხმა მაყურებელმა ქართველი ხელოვანის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა. ეს პროექტი, ბუნებრივია, საინტერესო იყო არა მხოლოდ სახელოვნებო, არამედ როგორც მეგობრობისა და კეთილმეზობლური კავშირების გამყარების მხრივაც. ადამიანები სპექტაკლზე მეორედ მიდიოდნენ და თან თავისი ახლობლებიც მიჰყავდათ.
"დონ ჟუანამდე" კი გახლდათ ირინას მიერვე მოძიებული თანხებით გადაღებული ხუთი ფილმი. ამათგან ფილმებმა "ვაშლმა" და "სტიგმა" ფესტივალ "კინოშოკის" პრიზები დაიმსახურა და მოგვიანებით მოსკოვში, ამსტერდამში, თელავივსა და ნიუ-იორკში ამ ფილმების რეტროსპექტივებიც გაიმართა. ფილმების სტილისტიკა კი გახლავთ ვიდეოცეკვა, თუმცა, ირინას ბოლო ნამუშევარი "იერუსალიმი" სრულიად განსხავვებული ჟანრისაა და იერუსალიმზე, როგორც შეგრძნებების ქალაქზე მოგვითხრობს.
ერევანში "დონ ჟუანის" პრემიერის შემდეგ ირინა გაჩეჩილაძემ თბილისის მარჯანიშვილის სახელობის თეატრში პუშკინის "ონეგინი" დადგა. ირინას თხოვნით "ონეგინის" დრამატული ვერსია მწერალმა ბედო ხვედელიძემ შექმნა. ირინამ აქაც ორიგინალური იდეა განახორციელა - პერსონაჟები რუსული მატრიოშკებია.
გარდა სასცენო მოღვაწეობისა, ირინა ხატავს. მისი ნამუშევრები გამოიფინა თელავივსა და კარმიელში. თბილისში კი, ქარვასლაში, მისი ინსტალაციებისა და "ხმოვანი სკულპტურების" გამოფენა მოეწყო.
2013-03-21
"საქართველოს რესპუბლიკა"
,
ნიუ-იორკი, აშშ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment