Wednesday, February 8, 2017

თექვსმეტდღიანი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ



10 დეკემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, დასრულდა ფართომასშტაბიანი კამპანია:






”თექვსმეტდღიანი აქცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ”. აქცია ფართოდ გავაშუქეთ წინა ორ გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” და, როგორც დაგპირდით, ამ თემას დღეს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით.

ჯერ რამდენიმე სიტყვა თვით ტერმინ ”გენდერული ძალადობის” შესახებ: გაერო მას განმარტავს, როგორც სქესობრივი ნიშნით ადამიანის მიმართ ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვება ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ემოციური ზიანი ან ტანჯვა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულმა 16-მა დღემ საქართველოში მეორედ ჩაიარა: 130-ზე მეტი ორგანიზაციის, სხვადასხვა პროფილისა და ზომის, მეტნაკლებად ცნობილი დაჯგუფებების მონაწილეობით. პროგრამაც მრავალფეროვანი იყო და რახან ის წინა გადაცემებში მიმოვიხილეთ, დღეს გამეორებით თავს არ შეგაწყენთ.

საკითხი, რომელსაც ამჯერად ჩავეძიებით, უფრო ზოგადი ხასიათისაა. თანაც, აქტუალობას იგი, როგორც ჩანს, არც აქციის დამთავრების შემდეგ დაკარგავს და, ალბათ, არც მომავალ წლებში: რამდენად მნიშვნელოვანია მოდაში შემოსული ”გენდერის” ცნება და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა საქართველოსთვის? ხომ არ ვლაპარაკობთ თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე ქვეყანაში, სადაც, ჯერ ერთი, ქალისადმი პატივისცემა ტრადიციისა და ეროვნული თვითშეგნების განუყოფელ ნაწილად ითვლება და მეორეც: სადაც ცხოვრების პირობები იმდენად მძიმეა, რომ ლამის მთელ მოსახლეობას, ანუ მამაკაცებისა და ქალების უდიდეს ნაწილს, ყოველდღიურად ადგება ”ფიზიკური და ემოციური” ზიანი.

თუ საზოგადოებას ამ შენიშვნის გათვალისწინებით შევხედავთ, ძალიან მალე და ადვილად დავრწმუნდებით, რომ ქალს მამაკაცზე კიდევ უფრო ნაკლები გასაქანი ეძლევა, რომ ე.წ. გენდერული ბალანსი დაცული არ არის, ანუ მაღალ თანამდებობებზე, ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების მმართველ სტრუქტურებში, მამაკაცების რიცხვი გაცილებით აღემატება ქალებისას. ექსპერტების აზრით, საზოგადოებისათვის ეს კარგი არ არის. რატომ? მოისმინეთ ამ შეკითხვაზე გენდერული განვითარების ასოციაციის, ნანი ჭანიშვილის პასუხი:

[ნანი ჭანიშვილის ხმა] ”ჰარმონიული განვითარება საზოგადოებისა მიმაჩნია მნიშვნელოვნად. ანუ ქალი, მამაკაცი და საზოგადოება ჰარმონიულად უნდა განვითარდეს. უნდა იყოს გენდერული ბალანსი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც აბსოლუტურად დარღვეულია საქართველოს პირობებში და არა მარტო საქართველოს პირობებში. რახან ქალები ფაქტიურად არ არიან გადაწყვეტილების მიღებაში, სწორედ ეს იძლევა ასეთ შედეგს: სისხლიან კონფლიქტებს, დიდ მსხვერპლს, საშინელ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს, სიბნელეს და, რა ვიცი, ყველაფერს.”

თუ ახლა გენდერული პრობლემატიკის არა საზოგადოებრივ, არამედ პირადულ მხარეს შევხედავთ, მოგვიწევს იმის გამეორება, რომ ქალის შეზღუდვა შინ, ძალადობა ოჯახში, საქართველოში ტაბუდადებულ თემებად რჩება. მასზე არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა. მაგრამ პრობლემა, სამწუხაროდ, არსებობს და დაინტერესებული ადამიანი შეძლებს მასზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვებას. მაგალითად, ჩვენმა თბილისელმა თანამშრომელმა, ია მერკვილაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ინფორმაციათა კრებულში მიაგნო ჩანაწერებს უმეტესად ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალის სიკვდილით დასრულდა. მანვე აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი საავადმყოფოს რვეულში ქმრისა თუ პარტნიორი მამაკაცის მიერ ქალის ცემის 170-ზე მეტი ფაქტია აღრიცხული.

საქართველოში ოჯახში ძალადობის პრობლემაზე მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა არასამთავრობო ორგანიზაციას ”საფარი”, რომელიც მსხვერპლის დასახმარებლად სხვადასხვა ზომას მიმართავს: იქნება ეს უფასო სატელეფონო კავშირი (ანუ ”ცხელი ხაზი”), თუ საფოსტო ყუთი ანონიმური წერილებისათვის, კონსულტაციები თუ თავშესაფარი განსაკუთრებით სასტიკ გარემოში მყოფი ქალებისათვის.

როგორც ”საფარის” თავმჯდომარემ, ნინო მახაშვილმა გვითხრა, მისი ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური ძალადობის პრობლემის კულტუროლოგიურ ჭრილში განხილვა, იმის გარკვევა, თუ რითია გამოწვეული ქალისადმი დამოკიდებულებაში ორმაგი სტანდარტი. რას ნიშნავს ეს ორმაგი სტანდარტი?

[ნინო მახაშვილის ხმა] ”ერთი მხრივ, ქალი – ეს არის გაღმერთებული ადამიანი; დედა არის ყველა ჩვენი ძირითადი სიტყვის შემადგენლობასა და ფუძეში; დედას პატივს სცემენ, დედას და ქალს აიგივებენ; ითვლება, რომ ეს არის ქალის ქვეყანა, ღვთისმშობლის ქვეყანა; თამარ მეფის ხშირი მოყვანა გვიყვარს, როგორც სამაგალითო მეფისა. ჩვენს მენტალიტეტში ქალის როლი ძალიან მაღალია, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხვდებით რეალობაში იმას, რომ ქალი ძალიან ხშირად არის დამცირებული, ქალს ძალიან ბევრი შეზღუდვა აქვს.”]

შეზღუდვები, რომელთაც ნინო მახაშვილი ასახელებს, მარტო ე.წ. პრობლემურ ოჯახებში როდი შეინიშნება, ხოლო პრობლემურ ოჯახებში იმდენად ხშირია, რომ ქალისადმი მთელი საზოგადოების დამოკიდებულების სიმპტომად გამოდგება. ეს არის სამსახურში თუ ამხანაგთან ქალის არგაშვება, ქალისთვის სასურველი ტანსაცმლის ჩაცმის აკრძალვა.

[ნინო მახაშვილის ხმა]: ”იგივე ის დიდი პრობლემა, რომ ქალი შეიძლება მოიტაცო და ცოლად მოიყვანო და თუ ცოლად არ გამოგყვა, ის თავლაფდასხმული და შეურაცხყოფილია მთელი საზოგადოების წინაშე. ძალიან ბევრი უჩინარი ან ხილული შეზღუდვაა, მაგრამ აღქმულია, როგორც საზოგადოებრივი ნორმა. ეს იმდენად ხშირია, რომ ხანდახან ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, უბრალოდ ვერ აცნობიერებს, რომ დამცირებისა და მანიპულაციის ობიექტია”.

გამოდის, რომ ქალის მიმართ ძალადობის კონტექსტში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ ძალადობას ვერც კი აცნობიერებენ. შესაბამისად, ცნობიერების დონის ამაღლებას ისახავს ერთ-ერთ მთავარ მიზნად ორგანიზაცია, რომელიც თექვსმეტდღიანი აქციის მსვლელობაში გაიხსნა. მასზე თბილისიდან მოგვითხრობს ია მერკვილაძე.

No comments:

Post a Comment