Thursday, February 2, 2017

ანა ფრანკი და 70 მაილი საათში

ნიუ – იორკში, ვაშინგტონში და საერთოდ ლამის მთელს ამერიკაში - ალ გორის ჯიბრზე - ერთად იმდენმა თოვლმა, ყინვამ, სუსხმა, ქარბუქმა და არასაფრენმა ამინდმა “მოიყარა თავი”, რომ დათოვლილი თავი ჰანს ქრისტიან ანდერსენის “თოვლის დედოფლის” სამეფოში გეგონება. შარაშან ზამთარში პრეზიდენტი ქვეყანას შეჰპირდა, რომ მისი თავკაცობისას სკოლები დიდთოვლობის გამო მუშაობას არავითარ შემთხვევაში შეწყვეტს; რომ ამინდის ჭირვეულობის გამო არც ერთი ბავშვი თავს სახლში, სასკოლოდ გათვალისწინებულ დროის პერიოდში ტელევიზორის ყურებით, “ჩიფსებისა” და “პოპ-კორნის” კნატა-კნუტით არ შეიქცევსო. მითუმეტეს, როცა ჯანსაღი კვების წესებით შეიარაღებული პირველი ლედი ბავშვების სიმსუქნის წინაარმდეგ ჯვაროსნულ ბრძოლას ისეთი ენთუზიაზმითა და სტრატეგიულ-აქტიურად აპიარებს (თავისი ბოსტანი აქვს “თეთრი სახლის” ეზოში, რომელიც ახლა, ბუნებრივია, თანამგზავრიდანაც არ დაიმზირება, რადგან მრავალფენიანი, არამწვანე ფერის თოვლითაა დაფარული), რომ ობამამ თავის ოფიციალურ სიტყვაში “ქვეყნის მდგომარეობის შესახებ” აღნიშნა კიდეც მისი ცოლის ეს ზომიერკალორიული - სახელმწიფო ღვაწლი. ამის გამო დიდი ტაშის კვრა ატყდა კონგრესის დარბაზში, ობამამ ქვემოდან “გალიორკაზე” სხვა მნიშვნელოვან ხალხთან ერთად შემომჯდარ ცოლსაც ახედა და სიტყვიერი ამბორიც კი გაუგზავნა – ნახეთ, ნახეთ მიშელმა დაიმორცხვაო. ოპოზციონერებმა ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ - რესპუბლიკელებმა “სამთავრობო დიეტის” შემოღებას ტაში არ დაუკრეს, ამგვარი ინიციატივა ადამიანის ცხოვრებაში სახელმწიფოს უხეშ ჩარევად აღიქვეს და ობამები კონსტიტუციის იგნორირებაში დაადანაშაულეს. რაც შეეხება დიდთოვლობას: აღმოჩნდა, რომ ზამთარი მარტო საქართველოში კი არა, არამედ ამერიკის დედაქალაქშიც მოულოდნელად მოდის, რადგან თოვლისამღები მანქანების მესამედი მწყობრიდან გამოსული ყოფილა, ხოლო იმათ, რომელიც მუშაობდა, მძღოლები ღამით ავტოფარეხში კი არა, საკუთარ სახლთან აყენებდნენ და ამიტომაც დილას, რატომღაც აღარ ხვდებოდათ. რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხმა ინიციატივის ხელში აღება ოპერატიულად, უინსტრუქციოდ, უკითხავად ანუ კანონდარღვევით გადაწყვიტა და გზების გაწმენდას პერსონალური “შაბათობის” მოწყობთ შეუდგა. დროებით შეწყვეტილმა სასკოლო და საჩინოვნიკო ცხოვრებამ, რომელმაც უკვე დიდი ზარალი მიაყენა ამერიკის ბიუჯეტს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაპირებები იმისთვის არსებობს, რომ ისინი არ ან ვერ შესრულდეს, განსაკუთრებით თუ ეს საპრეზიდენტო დაპირებებს ეხება. ის, რომ ბარაკისა და მიშელ ობამას გოგონები თოვლის გამო არა სკოლაში, არამედ სახლში, უფრო სწორედ თოვლის გამო გადათეთრებულ ისედაც “თეთრ სახლში” იმყოფებიან, პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენებს უნივერსალურ ჭეშმარიტებას სურვილებისა და შესაძლებლობების თანხვედრის ფანტომურობის შესახებ. დათოვლილი და გაყინული ამერიკა კი რაღაცნაირად ანდერსენის უგულო დედოფლის მიერ მოჯადოვებულ საბრალო ქაის ჰგავს, რომელიც ოდესღაც თავის დას – გერდას ობამასდარად ჰპირდებოდა, რომ ყინულოვანი დედოფალი მათთან მიახლოებას ვერ გაბედავდა და თუ გაბედავდა, მაშინ ბიჭუნა მას ღუმელში გადაუძახებდა და ცეცხლმოშიში ტიტულოვანი ქალბატონი წამში დადნებოდა. საბოლოოდ კი საქმე იქეთკენ წავიდა, რომ ძმის დახსნაცა და გლობალური დათბობის ანტონიმ დედოფალთან შერკინება ისევ პრინციპულ გერდას მოუხდა. ალბათ, ასაკისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გამო, თანაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აღნიშვნის ღირსია, არა “ბოევიკურად”, არა Delete ღილაკზე დაჭერით, არამედ ცივილურ-ცივილიზირებულად ანუ ვერბალური არგუმენტაციის გზით.
10 თებერვალს თეთრ სახლში გამართულმა კონცერტმა გარკვეულწილად მუსიკალური გერდას როლი შეასრულა. შეკრების საბაბიც ცივილიზირებული იყო: იგი ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო მოძრაობებს ეძრღვნებოდა. იმ დღეს ოფიციალური ვაშინგტონიც ოდნავ კი არა, გვარიანად დათბა, რადგან “თეთრი სახლის” დარბაზში ქვეყნის პირველი ცოლ-ქმრის თანდასწრებით ბობ დილანი, სმოკი რობინსონი, ჯენიფერ ჰადსონი, ჯონ ლეჯენდი, ჯოან ბაასი, სილი, Blind Boys of Alabama მღეროდნენ. საღამო მორგან ფრიმენსა და ქუინ ლათიფას მიჰყავდათ. შარშან იგივე მიზეზის გამო ობამებთან არეტა ფრანკლინი და სტიუ უანდერი სტუმრობდნენ. თუმცა 2009 - ის თებერვლის თვეში ობამას თავიც ასეთი თეთრი არ იყო. რასაკვირველია, თოვლიან უამინდობას არ ვგულისხმობ. ვაშინგტონში ზამთრის ბოლო თვე პრეზიდენტებისა და აფრო-ამერიკული მემკვიდრეობის თვედ გამოცხადდა. 10 თებერვალს მომღერლებთან სცენაზე ასულმა გახალისებულმა ბარაკ ობამამ კიდეც იმღერა, კიდეც იცეკვა, ყველას მადლობაც გადაუხადა და ახალგაზრდა გოგონებსაც გადაეხვია მხოლოდ კეთილგანწობისა და დამშვიდობების ნიშნად, რაც, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, მიშელ ობამას დიდად არ მოსწონებია და ამან ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი საღამოს დასრულებაც დააჩქარაო.
სანამ დილანი სამოქალაქო უფლებების მედროშე პოლიტიკური ჟღერადობის სიმღერას The Times They Are a Changing –ს მღეროდა, რომელიც მან მღელვარე 1960 – იანებში დაწერა, ხოლო ობამა ქაღალდის და არა, როგორც წესი, ელექტრონული ტაბლოს “შპარგალკიდან” სხვა ცნობილი საპროტესტო სიმღერის შექმნის ისტორიას კითხულობდა, სულ რაღაც ორი კვირით ადრე, ვირჯინიის შტატის ქალფეფერის ოლქის სკოლის ბიბლიოთეკის თაროებს “ანა ფრანკის დღიურის” სრული სახის გამოცემა მოაშორეს. ადრე ბობ დილანს თავისი სიმღერის დაწერის მოტივზე ისიც განუცხადებია, “კონიუნქტურშჩიკი” ვარო და ამიტომაც დავწერეო, თუმცა ანა ფრანკის სიკვდილთან ამას არავითარი კავშირი აქვს. უბრალოდ 1944 წლის აგვისტოში გერმანიაში ბერჰენ-ბელზემის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულმა ბავშვმა ამ სიმღერის ბოლო სტროფი გამახსენა: “ის ვინც პირველი იყო, უიმედოდ ჩამორჩა, იმ დროისთვის, რომელიც იცვლება” ანდა “მთელი მსოფლიოს მამებო და დედებო, ნუ გააკრიტიკებთ იმას, რაც არ გესმით” . . . მაგრამ ეტყობა ამ ოლქის სკოლის მოსწავლეების მშობლები არც ბობ დილანისა და არც ბარაკ ობამას სულისკვეთებას არ იზიარებენ, ამიტომაც წიგნის “დაგმობა” კოლექტიურად მოითხოვეს, რაზეც ქალფეფერის ოლქის ინსტრუქციების დირექტორმა (სიტყვასიტყვით სწორედ ასე ჰქვია ხალხის ნების პროტოკოლურად შემსრულებელს) ჯიმ ალენმა განაცხადა, რომ მშობლების უკმაყოფილება გასაგებია, რადგან ებრაელი გოგონას ჩანაწერები სექსუალურ ნარატივს შეიცავს და ბავშვებზე ცუდ გავლენას ახდენსო. არა, “პორნოწიგნის” ეგზეკუცია იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მშობლები ანტისემიტები არიან, ჰოლოკოსტს უარყოფენ ანდა ჰოლანდიელების იმ ოჯახს არ სცემენ პატივს, რომელმაც ებრაელ ფრანკებსა და სხვებსაც ერთი იქაური კომპანიის საწყობში თავშესაფარი მისცა, შემდეგ კი – 15 წლის გოგონას მიერ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 25 თვის განმავლობაში გაკეთებული ჩანაწერები განადგურებას გადაარჩინა. უბრალოდ, რახან ამერიკაში დემოკრატიაა, ხოლო ხალხის ნება “ხმა ღვთისაა” ანუ უზენაესია, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე ანუ თემი - სკოლა - პროვინცია – შტატის ტერიტორიაზე, მათ შორის ალაგ – ალაგ (37 შტატი) კანონის სიკვდილის დასჯის შესახებ არსებობითაც, რა უფლება აქვს ინსტუქციების დირექტორს “ხმა ღვთისას” და “შეურყვნელი ღირებულებათა სისტემის” მოთხოვნას არ დაემორჩილოს? ამას გარდა, სავარაუდოდ, სხვა მიზეზიც შეიძლება იყოს: ანუ ის, რაზეც ჯორჯ ორუელი დიდი ხნის წინათ, თანაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას წერდა – პურიტანიზმი. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან 1940 – იანების დახასიათებისას ეს არც ისე არაბუნებრივად უნდა მოგვეჩვენოს. მითუმეტეს, როცა გავიგებთ, რომ ინდიელებს თავიანთი რელიგიური რიტუელების ჩატარების ოფიციალური უფლება მხოლოდ 1978 წელს, აშშ-ის “რელიგიის თავისუფლების აქტის” საფუძველზე მიეცათ.დღეს კიAვირჯინიელ თინეიჯერებს, რომლებსაც ჩანთაში რვეულთან ერთად კონდომების შეკვრა უდევთ, ხოლო პორნოსაიტებზე სეირნობა როგორც პერსონალური ლეპ - ტოპიდან, ასევე აიფონიდან ინსტრუქციების დირექტორის ვიზირების გარეშე შეუძლიათ, ანა ფრანკის დღიურის “პიკანტური ადგილების” წაკითხვა აუკრძალეს. არა, კალვინიზმი აქ არაფერ შუაშუა, უბრალოდ “ოფისურ პურიტანზმს” ამჯერად 50 ენაზე თარგმნილი საკულტო ტექსტი “შეეწირა”.
Aანა ფრანკი თავისი და მსოფლიოს “გარდატეხის პერიოდის” დღიურს 1942 წლის 12 ივლისიდან ვიდრე 1944 წლის 1 აგვისტომდე წერდა. ჯერ თავად გაარედაქტირა და გამოსაცემად მოამზადა მას შემდეგ, რაც რადიოთი ჰოლანდიის განათლების მინისტრის მოწოდება მოისმინა, რომ ყველა დოკუმენტი, რომელიც ნაციზმს შეეხებოდა, საჯარო უნდა გამხდარიყო. მაშინ სრულწლოვან მინისტრს, რომელიც, სავსებით შესაძლებელია, ბავშვობაში დღიურს თავადაც აწარმოებდა, პუბერტატულ პერიპეტიებზე მეტად სხვა, უფრო გლობალური საკითხები აწუხებდა და ამიტომ რადიომიმართვაში არ დაუკონკრეტებია, დოკუმენტში რა არ უნდა შესულიყო. ანა კი სხვა მოზარდების მსგავსად, არა ლიტერატურულ ნაწარმოებს, არამედ დღიურს წერდა. წითელყდიანი რვეული მამამ 13 წლის შვილს დაბადების დღეზე - 12 ივლისს აჩუქა და ბავშვის პირველი სადღიურო ჩანაწერიც იმ დღითაა დათარიღებული. ანამ თავის ქაღალდოვან მეგობარს “კითი” შეარქვა და ასე მიესალმა: “ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებ გენდო ისე, როგორადაც არავის მივნდობილვარ. მე შენგან დახმარებასა და მხარდაჭერას მოველი”. გოგონას რთულ თინეიჯერულ ასაკს არათინეიჯერი ევროპის ასევე რთული პერიოდი დაემთხვა. . .
1947 წელს, ანას საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპვის შემდეგ სიკვდილს გადარჩენილმა მამამისმა ოტო ფრანკმა ქალიშვილის დღიური სახელწოდებით “სახლი მოპირდაპირე მხარეს” გამოსცა, ოღონდ გვარიანად გარედაქტირებული სახით: სექსუალური და სხვა “არასასიამოვნო” პასაჟები ამოღებულ იქნა. “ცუდი” აბზაცები მხოლოდ ანას სექსუალურ წიაღსვლებს არ ეხებოდა. ანა წერდა “თავშესაფარში” მცხოვრებთა, მათ შორის ოჯახის წევრთა ეგოიზმსა და გულცივობაზე, მუდმივ კონფლიქტებსა და მეწვრილმანეობაზე, რომელსაც ადამიანები სიკვდილის პირისპირაც კი არ “ანებებენ თავს”. ის, რაც XXI საუკუნეში ამერიკელ მშობლებს არ მოეწონათ, ალბათ, ანას ლესბოსური “იდეები” და სხვა “ქალურ ამბებზე”- ვაგინასა და მენსტრუაციაზე მსჯელობა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი გოგონას მხრიდან თავისსა და სხვის ტრანსფორმირებად სხეულისადმი მოკრძალებული ინტერესი მის დღიურს “დეკამერონად” და “ლედი ჩათერლეის საყვარლად” ვერანაირად გადააქცევდა.
1950 წელს ანას დღიური გერმანულმა გამომცემლობამაც გააცენზურა, რადგანაც იქ გერმანელებისთვის “შეურცხმყოფელი” სენტენცია აღმოაჩინეს. ანა წერდა, რომ თავშესაფრის ბინადართ უნდა ესაუბრათ ჩუმად და “ცივილიზირებულ ენაზე, ანუ არაგერმანულად”. 1952 წელს ბრიტანულმა გამომცემელმა თავის მკითხველებს “ანა ფრანკის დღიური” სრული სახით წარუდგინა და, ბუნებრივია, აღშოთებული მოქალაქეებიც ბლომად “აღმოაჩინა”. მერე “დღიურის” აკრძალვის ისტორია აშშ-მაც გააგრძელა. 1982 წელს იგივე ვირჯინიის შტატის უაისის ოლქის მოსწავლეების მშობლებმა ანას დღიური დაიწუნეს და სკოლის შენობიდან მისი გაძევება მოითხოვეს. ერთი წლის შემდეგ კი სასკოლო სახელმძღვანელოების ალაბამელმა “ექსპერტებმა” სასკოლო პროგრამიდან ანა ფრანკის თვალით დანახული ნაციზმის ისტორიის ამოღება მოითხოვეს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ტექსტი “ზედმეტად დეპრესიულია” . . . სამაგიეროდ, 2010 წლის 3 თებერვალს ვირჯინიის კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ დეპრესიული ზამთრის პერიოდში მძღოლებსა და მათ ავტოტრანსპორტს უფრო ჩქარი “სიარული” გაახალისებთო და გზებზე 65 მაილი საათში სიჩქარით მოძრაობის ლიმიტის მაგივრად, 5 მაილით უფრო ჩქარა სირბილი დააკანონეს. მოყინული გზების მიუხედავად, მედიას ინტრუქციების დირექტორის სახელზე დაწერილი საჩივრების შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერი უცნობებია . . .

"საქართველოს რესპუბლიკა".

No comments:

Post a Comment