ოთარ ჭილაძეს ჭირისუფალი საქართველოს გარეთაც ბევრი ჰყოლია. ისევე როგორც – თავად საქართველოს. ჭილაძის დიდი ხნის მეგობარი, მწერალი და მთარგმნელი ანაიდა ბესტავაშვილი ახლა მოსკოვში ცხოვრებს, დიდი ტკივილით საუბრობს ქართველი კლასიკოსისა და რუს მწერლებთან “უვიზო” მეგობრობის უდროო გარდაცვალებაზე, ძალიან განიცდის. გაწბილება შარშან აგვისტოშიც იყო, როცა საქართველოს მეგობრად წოდებულმა რუსმა მწერლებმა ხმა არ ამოიღეს და საქართველოს დაპყრობა “ყურს იქით გაატარეს”. ვინ იცის რის გამო? საქართველო ახლა ხომ ასე “შორსაა” . . .
ანაიდა ბესტავაშვილს მეგობრები საქართველოში, რუსეთსა და უცხოეთშიც მრავლად ჰყავს და არა მარტო ლიტერატურულ წრეებში. მისი მეგობრები მოსკოველი დისიდენტებიც იყვნენ:Aანდრეი სახაროვი, რომელსაც ქალბატონმა ანაიდამ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია მეორე დღესვე აცნობა. იგი იხსენებს, რომ სახაროვის ყველა მეგობარი ცნობილი მეცნიერისა და უფლებადამცველის პოზიციასა და მოქმედებას საქართველოსთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად სულაც არ აფასებდა. იმ მომენტში სახაროვი სწორად მოიქცა. მისი ავტორიტეტის საშუალებით ტრაგედიის მეორე დღეს მთელმა მსოფლიომ შეიტყო იმ ძალადობის შესახებ, რომელიც საბჭოთა არმიამ მშვიდობიან მოსახლეობაზე განახორციელა. რუსული დელეგაცა, რომლის შემადგენლობაში ქართველთა ერთგული მეგობრები გალინა კორნილოვა და იური როსტი იყვნენ, თბილისში მეორე დღესვე გაფრინდა. იმ საშინელ დღეებში ანაიდა ბესტავაშვილიც თბილისში იყო, სადაც მისი ქალიშვილი და შვილიშვილი ცხოვრობდნენ.
ანაიდა ბესტავაშვილის მეგობარი ალექსანდრ გალიჩიც იყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა. იგი 58 წლის ასაკაში სამშობლოდან შორს გარდაიცვალა. იყო “სხვა” ცხოვრებაც - ლიტერატურულ ინსტიტუტში, სადაც იგი 1988 წლამდე მუშაობისას ქართული ლიტერატურისა და მხატვრული თარგმნის თეორიის კურსს კითხულობდა და ქართულიდან მთარგმნელთა ოთხი ჯგუფიც მოამზადა. მისი ყოფილი სტუდენტები, ამჟამად კი ცნობილი ლიტარატორები თბილისში, მოსკოვში, სანკტ – პეტერბურგში, ბულგარეთში, ლიტვაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. 1983 წელს ანაიდა ბესტავაშვილს საქართველოს სსრ –ის დამსახურებული მოღვაწის წოდება წარმატებული შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მიენიჭა.Mიბეჭდება 1960 წლიდან, 50 წიგნის მთარგმნელია, Pმისი პირველი რეცენზია კი თბილისში გამოცემული, ბულატ ოკუჯავას წიგნს “გზად თინათინისკენ” ეძღვნება. თარგმანებს შორის განსაკუთრებით აღნიშნავს ვახტანგ ჭელიძის წიგნს “საქართველოს ისტორიული ქრონიკები” (2 ტომი), რომელზეც იგი ისეთ ცნობილ პროფესიონალებთან ერთად მუშაობდა, როგორებიც იყვნენ ა. გვახარია და გ. ბერაძე. ასევე უყვარსD ქართული ხალხური ზღაპრების, ქართული ხალხური ნოველებისა და ქართული ხალხური იუმორის საკუთარი თარგმანები. თუმცა გამოგიტყდებათ, რომ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი მისი საყვარელი მწერლის, თამაზ ჭილაძის შემოქმედებას უჭირავს, რომელსაც იგი თითქმის 40 წლის განმავლობაში თარგმნიდა და რომელსაც ევროპული დონის შემოქმედად მიიჩნევს. მისი ადრეული მოთხრობა “გასეირნება პონის ეტლით” (1962) რუსულად სწორედ ანაიდა ბესტავაშვილმა თარგმნა.
Q ქალბატონი ანაიდა მიყვება, რომ დაიბადა იმ სახლთან ახლოს, სადაც გალაკტიონი ცხოვრობდა. როცა დედასთან ერთად სეირნობდა, ქუჩაში ძალიან ლამაზი მამაკაცი ხვდებოდა, რომელიც უცნობ შემხდურებს ზრდილობიანად ესალმებოდა, ხანდახან ჩერდებოდა, რათა დედა-შვილს გასაუბრებოდა. პატარა ანაიდას ლიტერატურის ვირუსი სწორედ მან “გადასდო” და ამიტომაც 12 წლის გოგონამ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში თავისი ნაწერების მიტანა გადაწყვიტა.
- ძალიან გამიმართლა – განაგრძობს იგი. – ჩემი ხელმძღვანელები ქეთევან ანანიაშვილი და ვალენტინა გრიაზნოვა იყვნენ, ორი შესანიშნავი ქალბატონი, რომლებმაც ჩვენს პატარა წრეს ლიტრატურული შემოქმედება შეაყვარეს. არასოდეს დამავიწყდება 1956 წლის მარტის თვე, როცა ჩვენი ახალგაზრდობა პირველად გამოვიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. Aამ დემონსტრაციებს ბევრი ისტორიკოსი, განსაკუთრებით რუსეთში, დღემდე სტალინის მხარდამჭერ მიტინგად თვლის. მაგრამ ეს ასე არ იყო. როცა ჩვენ სკოლაში მივდიოდით, ყველა ქუჩა თოფიანი და ხიშტიანი რუსი ჯარისკაცებით იყო გარშემორტყმული. ღია სატვირთო მანქანებში ახალგაზრდა ბიჭები მიჰყავდათ. ისინი ყვიროდნენ, რომ ხალხი არ დაუშვებს ერის განადგურებასა და შეურაცხყოფას. ეს შიშისმომგვრელი იყო. ამ ამბოხის ერთგვარი გამოხატულება ჩვენი ლიტარატურული წრის უფროსი წევრი, ნიჭიერი პოეტი ვალერი დუნაევსკი იყო. იგი ე.წ. ანტისაბჭოთა ლექსების, პოემებისა და მოთხრობების გამო დააპატიმრეს და 7 წლით გადაასახლეს, ყველა ჩვენ კი КГБ -ში დაგვიბარეს, სადაც გვთხოვდნენ, რომ ჩვენება ჩვენი მეგობრის, მართლაც კარგი და პატიოსანი ადამიანის წინააღმდეგ მიგვეცა. ვალერი ახლა ისრაელში ცხოვრობს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად აქვს. Eეს ტრაგიკული ამბავი აღწერილია ჩემი კოლეგის, ჟურნალის “დრუჟბა ნაროდოვ” მთავარი რედაქტორის, ალექსანდრე ებანოიძის რომანში “ზევით და ქვევით”.
- როგორ აღმოჩნდით მოსკოვში?
- სკოლისა და ფალიაშვლის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ერთი წელი ვისწავლე და საქართველოს მწერალთა კავშირმა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურულ ინსტიტუტში მიმავლინა (სპეციალობა – ქართულიდან თარგმნა). ძალიან გამიმართალა, რადგანაც ჩემი ხელმძღვანელი ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის მეგობარი, შესანიშნავი მთარგმნელი (“დიდოსტატის მარჯვენა”) ფატმა თვალთვაძე გახლდათ; ასევე გამოჩენილი რუსი პოეტი და მთარგმნელი ლევ ოზეროვი, რომელიც ჯერ კიდევ ვერცხლის საუკუნის პოეტებს მოესწრო. მე მათ შესახებ ბევრს ვწერდი და ვერასოდეს დავივიწყებ. როცა მოსკოვში ვსწავლობდი, მე არა თუ დავკარგე, არამედ პირიქით, საქართველოსთან კავშირების კიდევ უფრო მეტად გამყარებას შევეცადე. თბილისში ზაფხულის არდადეგების განმავლობაში საქართველოს კულტურის შესახებ ლექციებს საუკეთესო სპეციალისტები გვიკითხავდნენ: ელენე ვირსალაძე (ფოლკლორი), სოლომონ ხუციშვილი (კლასიკური ლიტერატურა), ბესარიონ ჟღენტი (XX საუკუნე), ვახტანგ ბერიძე და ალექსანდრე ჯავახიშვილი (არქიტექტურა, კულტურა, ფერწერა). ყოველ წელს ჩემს ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს კუთხე - კუნჭულს მოვივლიდით, ვეცნობოდით ძველ ძეგლებს, ეთნოგრაფიას, სახალხო შემოქმედებას. თავისი ერთ-ერთი ლექციის დროს (ჯგუფში 6 ადამიანი ვიყავით) ცნობილმა კრიტიკოსმა ბესო ჟღენტმა გვკითხა: “თქვენ იცით, რომ ტიციან ტაბიძის დაპატიმრების შემდეგ, მაჩებლის 9 –ში, მწერალთა სახლის სწორედ ამ კაბინეტში პაოლო იაშვილმა НКВД – ის უწყების მიღების შემდეგ თავი მოიკლაო?” ასე გავიგეთ ნამდვილი ამბავი, რომელიც არ ჰგავდა იმ პროპაგანდასა და სიცრუეს, რომელიც ყველა მხრიდან იღვრებოდა, განსაკუთრებით, სსრკ-ის დედაქალაქიდან. სწორედ ამიტომ, ქართველ მთარგმნელთა ჩვენმა ჯგუფმა 1958 წელს ქართული პოეზიის მთარგმნელი - კლასიკოსის, ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობრის, ბორის პასტერნაკის დევნის დროს დიდი პოეტის შეურაცხმყოფელ წერილზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით კატეგორიული უარი განაცხადა. ჩვენ არ ვმონაწილეობდით სამარცხვინო პლაკატებიან “გავაძევოთ იუდა პასტერნაკი რუსეთიდან” სვლებში; ჩვენ არ ვითხოვდით, როგორც სხვა შეშინებული სტუდენტები, მწერალთა კავშირიდან მომავალი ნობელის პრემიის ლაურეატის გარიცხვას.
- ვიცი, რომ ცნობილ ქართველ მწერლებთან ერთად მუშაობდით . .
- 1963 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თბილისში დავბრუნდი და მუშაობა იმ ცნობილ გამომცელობაში დავიწყე, რომელმაც თავისი გრძელი ისტორიის განმავლობაში არა ერთხელ შეიცვალა სახელწოდება: “ზარია ვოსტოკა”, “ლიტერატურა და ხელოვნება”, “მერანი”. რედაქტორობის გარდა აქტიურადაც ვთარგმნიდი. მოვასწარი მემუშავა უფროსი თაობის ისეთ გამოჩენილ მწერლებთან, როგორებიც არიან – გიორგი ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, დემნა შენგელაია, სარგო კლდიაშვილი და სხვები. სწორედ მაშინ გადავთარგმნე XIII-XV საუკუნის ქართული ეპოსი “რუსუდანიანი”, რომელიც მოგვიანებით მოსკოვში და თბილისშიც გამოიცა. მაგრამ იმ წლებში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ტალღის ლიტერატურა იყო. თამაზ ჭილაძის, არჩილ სულაკაურის, ედიშერ ყიფიანის, გურამ გეგეშიძის, სულ დაახლებით 30 ავტორის მოთხრობები და რომანები დღესაც სავსებით აქტუალურია. ისინი არა მარტო ჩემი საყვარელი ავტორები არიან, არამედ ჩემი ძვირფასი და დიდი მეგობრები. ჩემი რუსული თარგმანებიდან მათი პროზა მსოფლიოს 40 ენაზე აჟღერდა. Eეს ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. სამწუხაროდ, ბევრ მათგანზე წარსულში მიწევს საუბარი, მათ შორის 2009 წლის 1 ოქტომბერს გარდაცვლილ კლასიკოსეზე, დიდ პოეტსა და პროზაიკოსზე ოთარ ჭილაძეზე.
- ოთარ ჭილაძის თარმგმანებზე ვისთან ერთად მუშაობდით?
- მისი ლექსებისა და პოემების თარგმანზე ახმადულინას, ევტუშენკოს, ლეონოვიჩის, ნატალია სოკოლოვსკაიასთან და სხვებთან ერთად ვმუშაობდი. ქართულ და რუსულ პრესაში მასზე ბევრს ვწერდი, გადავთარგმნე მისი პირველი რომანი “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”. ჩვენ მეგობრობის ნახევარი საუკუნე გვაკავშირებს. მისი ხელოვნება – ქართული ლიტერატურის ოქროს ფონდია.
- ვიცი, რომ თქვენ ფაზილ ისკანდერთანაც დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებდათ. . . …
- 1967 წელს მოსკოვში დავბრუნდი, რათა ლიტერატურული ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩამებარებინა. 1968 –ში კი ფაზილ ისკანდერთან ერთად მთარგმნელთა ქართულ - აფხაზურ ჯგუფს ვხელმძღვანელობდი. არანაირ სეპარატიზმზე, არანაირ მტრობაზე აფხაზებსა და ქართველებს შორის საუბარიც კი არ იყო. მაგრამ რუსეთის პოლიტიკამ თავისი საქმე გააკეთა და საქართველოს მისი ძირძველი ტერიტორიები წაართვა. 1989 წელს ფაზილ ისკანდერი სეპარატისტებს თავად გაემიჯნა, საქართველოს ცეკა-ს გაგზავნა 7 დეპეშა გაუგზავნა, რომელთაგანაც მხოლოდ ბოლო გამოქვეყნდა გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”, ისიც ჩემი დაჟინებული მოთხოვნით.Kკრემლის ყალბი მუსიკის ქვეშ მოცეკვავე აფხაზი ლიდერები ისკანდერისგან ე.წ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროშის შექმნას შეეცადნენ. ღრმად ვწუხვარ, რომ 2008 წლის აგვისტოში მე მისი გვარი საქართველოს შეურაცხმყოფელი, სამარცხვინო წერილის ხელმომწერთა შორის აღმოვაჩინე. Eეს წერილი შეთითხნილი იყო ЦК КПСС- ის ძველი, მაგრამ უჭკნობი წევრებისა და КГБ-ФСБ გულადი ორგანოების მიერ.
- ამჟამად ლიტერატურის თარგმნის ძველი ტრადიციის წყვეტაა და არა მგონია, ამაში მხოლოდ სსრკ-ის დაშლა იყოს დამნაშავე. . .
- ჩემის Fღრმა რწმენით, საქართველოში მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საჭიროა ასეთივე ინსტიტუტის თბილისში გახსნა, სადაც მეცნიერები და მწერლები მომავალ პოეტებს, პროზაიკოსებს, დრამატურგებს, კრიტიკოსებს, ქართული ენიდან ევროპულ ენებზე მთარგმნელებს ასწავლიან და მსოფლიო ლიტერატურასაც ქართულად ასწავლიან. ეს ძვირი არ დაჯდება. მაგალითად, მოსკოვში თითო ჯგუფში 6-7 ადამიანი იქნება, ხოლო მთელს ინსტიტუტში საღამოს, დაუსწრებელ განყოფილებებსა და უმაღლეს კურსებზე - სულ 200 მსმენელი. საქართველოში კი ეს ციფრი უფრო ნაკლებიც შეიძლება იყოს.
- თქვენს ცხოვრებაში ქართულ-რუსული მხატვრული თარგმანის პროცესი, ალბათ, ადამიანის უფლებებს ლოგიკურად დაუკავშირდა. . . .
- თბილისსა და მოსკოვში გატარებულმა მთელმა ჩემმა ახალგაზრდობამ იმ ადამიანების გარემოცვაში გაიარა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს ებრძოდნენ. ერთის მხრივ, ეს იყო ციხეებსა და გადასახლებებში (7 გაქცევა) გატანჯული ჭაბუა ამირეჯიბი, მეორეს მხრივ – ანდრეი სინიავსკი და იული დანიელი. ამიტომ ჩემი მონაწილეობა უფლებადაცვით მოძრაობაში სავსებით ბუნებრივი იყო. მერე გაჩნდნენ დევნილები სომხეთიდან (სუმგაითი, გიანჯა, ბაქო) და აფხაზეთიდან. გაუგონარი ძალადობის მსხვერპლი უძლური ადამიანები, რომლებიც მოსკოვში ყოველგვარი სახელმწიფო დახმარების გარეშე აღმოჩდნენ, ამიტომ ჩვენ ისეთი ორგანიზაციის შექმნა გადავწყვიტეთ, რომელიც მათ დაეხმარებოდა. დავაარსეთ კიდეც თანადგომის კომიტეტი “გრაჟდანსკოე სოდეისტვიე”, სადაც ლიდია გრაფოვა, ვიქტორია ჩალიკოვა, სვეტლანა განუშკინა გაერთიანდნენ. ჩვენ ვცდილობდით დევნილები თავიანთი ოჯახებით, ჩვილებითა და მოხუცებით დაგვებინავებინა; ვეხმარებოდით დაჭრილებსა და ავადმყოფებს; ვუფორმებდით დოკუმენტებს; ჰუმანიტარული დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავდით; ვეხმარებოდით იმათ, ვისაც საზღვარგარეთ წასვლა უნდოდათ.Eეს იყო ძალიან მძიმე წლები, ჩვენ ცოტანი ვიყავით, დევნილების რაოდენობა კი სულ უფრო და უფრო იმატებდა. Eერთ-ერთი ჩემი სტატია ამ თემაზე “ლიტერატურნაია გაზეტაში” სათაურით “ნუ დაგვიკეტავთ თქვენს კარს” დაიბეჭდა, მეორე კი - ამერიკულ გაზეთში “ნოვოე რუსკოე სლოვო”. იმათთან, ვინაც ამ მძიმე გამოცდებს გაუძლეს და როგორღაც მოეწყვნენ, ახლაც მაქვს ურთიერთობა.
- იმ წლებში თარგმანისთვის გეცალათ?
- იმ წლებში, გამოგიტყდებით, ძალიან ცოტას ვთარგმნიდი, უფრო მეტად პუბლიცისტიკით ვიყავი დაკავებული. მქონდა სრული გაწბილება მიხეილ გორბაჩოვის პიროვნებით, მოგვიანებით კი ბორის ელცინის მმართველობითაც (თუმცაღა რუსეთის ფედერაციის ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიაში ვმუშაობდი) და ასევე, არ ვიზიარებდი ზვიად გამსახურდიას პოლიტიკას. გადავსახლდი ისრაელში, სადაც 4 წელი გავატარე, ვცხოვრობდი იერუსალიმის ძველ ქალაქში და ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს ხელახლა აღმოვაჩენდი. მაგრამ ნოსტალგიამ და ავადმყოფობამ მაიძულა, რომ იერუსალიმი დამეტოვებინა, თუმცა მე იქაც ბევრს ვწერდი, ადგილობრივ და უცხოურ პრესაში ვიბეჭდებოდი.
მოსკოვში დაბრუნებისას, სადაც ჩემი დედა ცხოვრობს, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რათა საქართველო - რუსეთის კულტურული ხიდები აღმედგინა: კულტურულ ცენტრში “მზიური”, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს; ბოლშაია გრუზინკაიას ქუჩაზე მდებარე სახლ - მემორიალში (ისიც წაგვართვეს); ლიტერატორების ცენტრალურ სახლში ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, შეხვედრებს ვაწყობდით. ვცდილობდი რუსულ პრესაში ქართული ფილმების ჩვენებები, სტურუასა და გაბრიაძის თეატრის გასტროლები, ქართველი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების კონცერტები გამეშუქებინა. 1962 წლიდან მოყოლებული ქართულ და რუსულ პრესაში ქართული კულტურის შესახებ 200 - მდე სტატია გამოვაქვეყნე.
- 2008 –ის აგვისტომდე ომის წინათგრძნობა გქონდათ?
- ყველა ხედავდა, რომ რუსეთში ანტიქართული პროპაგანდა მძვინვარდებდა, მაგრამ მაინც, 2008 წლის აგვისტომ შოკში ჩაგვაგდო არ მარტო ქართული, არამედ მსოფლიო საზოგადოება. რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის ყველა არხიდან სიცრუისა და ცილისწამების ნაკადები ინთხეოდა, სიმართლის თქმის მსურველებს კი ერთი წუთიც კი არ ეძლეოდათ. ჩვენ შეგვიძლია თითებზე ჩამოვთვალოთ ის რუსი მოღვაწეები (ანდრეი ილარიონოვო, ვალერია ნოვოდვორსკაია, ვიქტორ შენდეროვიჩი, იულია ლატინინა და სხვები), ვინაც იმპერიის აგრესია, დაპყრობა, ე.წ. “დამოუკიდებელი სახელმწიფოების” - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაცია დაგმო. რუსეთის მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა დაიჯერა, რომ პატარა საქართველომ დიდი ომი დაიწყო. არადა ქართულ კულტურასთან რუსული ინტელიგენცია ისტორიულად განუყოფლად იყო დაკავშირებული. ჩვენს დასაცავად, ფაქტობრივად, მხოლოდ ორი წერილი მოვიდა: ეს არის სანკტ-პეტერბურგის ლიტარატორებისა და რუსი მწერალ – ემიგრანტების წერილები. მე ამან შემძრა – რადგანაც არ მოველოდი ამას იმ მეგობრებისგან, რომლებიც საქართველოს სტუმრობდნენ; რომლებიც საქართველოში იმ წიგნებს გამოსცემდნენ, მოსკოვი რომ არაფრით გამოუცემდათ; ჩვენს საუკეთესო პოეტებს თარგმნიდნენ . . . მათ კი არა თუ აღიამაღლეს ხმა ოდესღაც მათთვის აგრერიგად საყვარელი ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ, არამედ ტელეფონის ყურმილიც არ აიღეს, რომ ეკითხათ, ამ ჯოჯოხეთში როგორ გრძნობენ თავს მათი ძველი, ერთგული ქართველი მეგობრები; ისინი, რომლებიც ყოველთვის იყვნენ მზად რუსი მეგობრების დასახმარებლად. Aამის შესახებ ხომ ასე ლამაზად წერდა ბელა ახმადულინა ლექსში «Нежность родины чужой».
- ოთარ ჭილაძის სიკვდილმაც არ დაარღვია ეს დუმილი?
- 2009 წლის 1 ოქტომბერს ამ საშინელ დუმილს დიდი ქართველი მწერლის ოთარ ჭილაძის სიკვდილმა დაუსვა წერტილი. გამომეხმაურნენ მოსკოველები, პეტერბურგელები და ისინი, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს. 4 დღე წერილებისა და დეპეშების ნაკადი მოდიოდა ბელა ახმადულინასგან, ევგენია სიდოროვასგან, ანდრეი ვოზნესენსკისგან, ევგენი ევტუშენკოსგან, ვლადიმირ ლეონოვიჩისგან, იური რიაშევცევისგან – ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, რადგანაც პუშკინისა და ლერმონტოვის დროიდან ძნელია დაასახელო რუსი პოეტი, რომელიც საქართველოსთან სისხლხორცეულად დაკავშირებული არაა: თავის დროზე ამაზე მოკლედ და ამომწურავად ევგენი ევტუშენკომ დაწერდა.
О, Грузия! Нам слезы вытирая,
Ты - русской Музы колыбель вторая.
О Грузии, забыв неосторожно,
В России быть поэтом невозможно.
როცა მე ევგენი ევტუშენკოს, რომელიც უკვე დიდი ხანია ამერიკაში ასწავლის, ძლივს დავუკავშირდი და საშინელი ამბავი ვაცნობე, მისი რეაქცია მყისიერი იყო. მან მითხრა: “შენ გადაარჩინე ჩემი სინდისი. მე მაშინ დავდუმდი, მაგრამ თუ მე ახლაც არ ამოვიღებ ხმას, მე ეს არ მეპატიება”. ხოლო ვლადიმირ ლეონოვიჩი დეპეშაში ასე წერდა: “აპატიე, ოთარ, შენს მეგობრებს. . . აპატიე რუსეთს, ოთარ”.
M ვფიქრობ, რომ აგვისტოს ომიდან გასულმა წელიწადმა და ჩემი მეგობრის ოთარ ჭილაძის გარდაცვალებამ გაარღვია დუმილის, წყენისა და უნდობლობის კაშხალი. მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვართ და რუსული ინტრელიგენცია ამიერიდან ჩუმად არ დააკვირდება, თუ როგორ ანაკუწებენ ნაწილებად მის მეორე სამშობლოს. ალბათ, Aსწორედ ეს არის ამ უკანასკნელი წლის განმავლობაში ჩემი სევდისა და სიხარულის მიზეზი.
ლამის 50 წლის განმავლობაში მოსკოვში ვცხოვრობ, შევიძინე უამრავი მეგობარი – პოეტები, მწერლები, მთარგმნელები, კრიტიკოსები, თეატრალური და კინომოღვაწეები, მხატვრები. ამ წლების განმავლობაში მეგობრული კავშირები მხოლოდ ერთხელ შეწყდა - 2008 წლის აგვისტოდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე, მაგრამ არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა ჩემი კავშირები ქართველ მწერლებთან. მე ვკითხულობ მათ ახალ ნაწარმოებებს, ვწერ რეცენზიებს, ვცდილობ, რომ მათ გამოქვეყნებაში დავეხმარო. ისინი ყველანი ჩემთან არიან, ისინიც კი ვინც უდროოდ წავიდა ამ ცხოვრებიდან, როგორც გურამ ასათიანი და აკაკი ვასაძე. ჩემთანაა ყველაფერი, რასაც ისინი წერდნენ და რაც მე ვთარგმნე.
ჩემი მთავარი ბედნიერება და სიმდიდრე საქართველოა, სადაც დავიბადე, გავიზარდე, ვეზიარე ჩვენს ხელოვნებასა და ტრადიცებს, დავუმეგობრდი ამ შესანიშნავი ქვეყნის საუკეთესო ადამიანებს. როგორ შემიძლია დავივიწყო ანა კალანდაძე, რომელთან ერთადაც ბევრს ვმუშაობდი მის კრებულზე, რა აზრი ექნებოდა ჩემს ცხოვრებას თენგიზ აბულაძის გარეშე, რომელზეც ასევე ბევრს ვწერდი. უკვე აღარ ვსაუბრობ მხატვრებზე, რომლებიც კვლავ დაუღალავ აღფრთოვანებას იმსახურებენ – ელენე ახვლედიანიდან, ლადო გუდიაშვილიდან, თენგიზ მირზაშვილით, ზურაბ ნიჟარაძით, დიმა ერისთავით დამთავრებული. მე არ შემიძლია ჩვენგან წასულების განცალკავება იმათგან, რომლებიც კვლავ სავსენი არიან ძალითა და შემოქმედებითი ენერგიით, რადგანაც ჩემთვის ისინი ცოცხლები არიან და ისინი არიან საქართველო.
თუ მე ადრე ცალკეული ადამიანის უფლებებს ვიცავდი, ახლა მთელი ქვეყნის, განსაცდელში მყოფი ჩემი ერთადერთი სამშობლოს უფლებების დაცვის დრო დადგა. და მე კვლავ უფლებადამცველად ვრჩები.
No comments:
Post a Comment