მსოფლიოს სახელგანთქმული “მბოდავებისა” და “ბოდვების” ანთოლოგიას ერთი წამით თვალს თუ გადავავლებთ, ბოდვები არც ისე არაჩვეულებრივ ამბად მოგვეჩვენება. “ბოდვებსა” და მათ ავტორებს ლიტერატურული პრემიები ადრეც მიუღიათ და წელსაც აპირებენ. აი, მაგალითად, 2009 წლის PEN Freedom of Expression Award-ზე ირაკლი კაკაბაძის “ბოდვებია” წარდგენილი, ოღონდაც არა მეინსტრიმული, არამედ - მარგინალური. ინგლისურენოვანი “მარგინალური ბოდვები” ჯერ მხოლოდ ტექსტის სახითაა, საქართველოში ქართულად მისი გამოცემა კი გამომცემლობას “სიესტა” აქვს დაგეგმილი. PEN American Center “გამოხატვის თავისუფლების პრიზით” იმ მწერლებსა და პოეტებს აჯილდოვებს, რომლებიც რთულ პირობებში თავის თავსა და კიდევ უამრავ რამეს თავისუფლად გამოხატავენ. ლიტერატურული კონკურსის ლაურეატთა დასახელების ცერემონია ამა წლის 18 ნოემბერს ჰააგაში გაიმართება.
”მარგინალური ბოდვების” ავტორი, მწერალი და პოეტი ირაკლი კაკაბაძე ამჟამად კორნელის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკის შტატი) ხელოვნებასა და სოციალურ მეცნიერებაში პოლიფონიური ბლუზის მეთოდს ასწავლის. ინტერდისციპლინარული სწავლების ეს ახალი მეთოდი აუგუსტო ბოელისა და ფუტურისტების გამოცდილებას ეფუძნება. კაკაბაძის “ბოდვები” ეკლეკტიკური და, როგორც თავად ამბობს: “დეტექტიური ტიპის ცნობიერების ნაკადია. ბუნებრივია, ბოდვა დაუჯერებელ, აბსურდულ ამბავს ჰგავს. მთავარი გმირი რესპუბლიკა მირანდას მთავარ სამხედრო ქარხანაში მუშაობს (ხომ გახსოვთ ბუნუელის “ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი”?), საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობს და ამავე დროს ქალებთან “სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები აქვს”. ნამდვილი ბოდვაა, თანაც უკიდურესად მარგინალური. საუბარი იარაღის ბიზნესზე ჩვენთან კიდევ უფრო დიდი ტაბუა, ვიდრე - სექსი. აქ კი იარაღის ბიზნესისა და სექსის კომბინაციაა. ამ ქვეყნის პრემიერ - მინისტრის ბიძა თვალს სწორედ ამ ქარხანას დაადგამს, დაისაკუთრებს კიდეც, 33 წლის მთავარ გმირი კი სასიყვარულო ურთიერთობას 14 წლით მასზე უფროს ძალიან ლამაზ ქალთან, პრემიერის ბიცოლასთან იწყებს. ჩვენგან განსხვავებით, მირანდას რესპუბლიკაში საპრეზიდენტო სისტემა არაა. ყველაფერი პრემიერის ხელშია. აი, სწორედ აქ ვითარდება სიუჟეტის ყველაზე საინტერესო ნაწილი – რა ხდება მათს შორის საუბრისას, რომელიც ძირითადად მირანდას დედაქალაქის ძვირადღირებული სასტუმროების ოთახებში მიმდინარეობს: სამხედრო ვაჭრობის საიდუმლოებები, როგორ იგეგმება ომები იმისათვის, რომ რამდენიმე ადამიანი გამდიდრდეს და როგორია ყველაზე ტკბილი და აკრძალული სექსუალური ურთიერთობები. მოკლედ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს სრული ბოდვაა. იმედია, იგი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება. ხანდახან სრულიად არარეალური ანუ ჭეშმარიტი ბოდვაც კი ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს. როგორც ამერიკის დიდმა პრეზიდენტმა, დუაიტ ეიზენჰაუერმა თქვა: “ჩვენი დროის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიაო”. მას მერე 50 წელი გავიდა და ეს თემა დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც - მაშინ. თუ ჩვენ ცივილურ საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება, ამგვარ თემებს, ვგულისხმობ, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის თობაზე მსჯელობას, ტაბუ უნდა მოვხსნათ” _ “ბოდავს” ირაკლი კაკაბაძე.
- ტექსტში ქარაგმით კაფკას მიერ მამამისისთვის მიწერილ წერილზეა საუბარი. ბოლო ბოლო ვინ იყო მტყუანი: კაფკა, მამამისი, დედამისი თუ მეისრე?
- სწორედ ამაზეა საუბარი ბოდვებში. კაფკასა და მამამისის დიალოგში რამდენიმე ადამიანი ჩაერევა და კითხვა ასე ისმის: ვინ უფრო შტერი იყო, კაფკა თუ მამამისი? რომელი სჯობს დღევანდელი გადმოსახედიდან – “თავისუფალი ბაზარი” თუ თავისუფალი ბაზარი (ანუ მეტყველება)? კაფკას მამა ბიზნესმენი იყო, თავისუფალ ბაზარს ემსახურებოდა. კაფკა კი თავისუფლად ლაპარაკობდა ანუ თავისუფლად ბაზრობდა. ეს არის ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.
- პირდაპირი ანალოგიაა კაფკას წერილებსა და ამ ბოდვებს შორის?
- ამის თქმა გამიჭირდება, ეს თავად მკითხველმა უნდა შეაფასოს. კაფკას მამის დროს ბოინგის კორპორაცია ჯერ კიდევ არ არსებობდა. ის სიმართლეც არ იყო, რომელზედაც მე ჩემს მოთხრობაში ვსაუბრობ: ნეპოტიზმი, მასიური მედია პროპაგანდა, დადგმული ომები. თუმცა იარაღით ვაჭრობის ბიზნესი ერთ-ერთი უძველესია. დღეს ომის დაწყების სხვა მედია-ტექნოლოგიები არსებობს, ვიდრე - ერთი საუკუნის წინათ. მაგრამ კაფკას მიერ მამამისს მიწერილი წერილი ჩემთვის ნამდვილად ახლობელია. ახლაც ძალიან ახლობელია. მეტის თქმა გამიჭირდება.
- “ბოდვაში” მბოდავი გმირების მკურნალობისას ექიმს დიაგნოზი ხომ არ შეეშალა?
- დიაგნოზია ასეთია: პოსტ-ტრავმატული სტრესული მოშლილობა. ეს დიაგნოზი საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტს აქვს, რადგანაც ფიზიკური და სულიერი ტრავმა, როგორც მინიმუმ, სწორედ ამდენ ადამიანს აქვს განცდილი. საჭიროა მკურნალობა. ხელოვნება თერაპიის ერთ-ერთი გზაა.
- საიდან მოვიდა “ბოდვების” იდეა და რატომ ბოდვები? ამ ხერხით რა ართქმულის თქმა, რისი გახსენება ან დავიწყება გინდოდა?
- წიგნის დაწერამდე ჟორჟ კანგულჰაიმის ეპოქალური ნაშრომისგან მიღებული შთაბეჭდილების ქვეშ დიდხანს ვიმყოფებოდი. იგი “პათოლოგიურისა და ნორმალურის” ურთიერთობებს არკვევს. Bბოდვები სიმართლის თქმის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა. სიმართლის პირდაპირ მიწოდება ხშირად უშედეგოდ მთავრდება, რადგანაც კაცობრიობის ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში ადამიანებს სიმართლის პირდაპირ და გიჟის მანტიის გარეშე თქმისათვის ან ჯვარს აცვამდნენ (იესო ქრისტე) ან კოცონზე წვავდნენ (ჯორდანო ბრუნო) ან ხვრეტდნენ (ტიციან ტაბიძე) ან კი გიჟებად აცხადებდნენ (ნიცშე, გალაკტიონი და ა.შ). ბოდვები კი სიმართლის თქმის ბევრად უფრო უსაფრთხო ფორმაა. ბოდვების შემდეგ მაინცდამაინც დიდი საშიშროება არ არის იმისა, რომ მეგობრები, ახლობლები თუ ნათესავები დაგირეკავენ და გეტყვიან: რას აკეთებ, შენ გიჟი ხომ არ ხარ?! გინდა რომ მთელი ოჯახი დაღუპო? შენ თუ ამას იტყვი, ყველას დაგვიჭერენ! . . .და მისთანანი. შენ უბრალოდ ამ ყველაფერს ბოდვას მიაწერ. თუ ბოდვაა, მაშასადამე, მოგონილია და შენს ახლობლებს, ნათესავებსაც ყოველთვის შეუძლიათ განაცხადონ, რომ შენ გიჟი, არანორმალური ხარ, რომ ბოდვები გაქვს. სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ იგივე კანგულჰაიმის და მიშელ ფუკოს მერე ამ მიმართულებით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმაა შესაძლებელი - უნდა ჩამოყალიბდეს ბოდვების ანთოლოგია და მასში შევიდეს ყველანაირი სიმართლე, რომელიც ამა თუ იმ ფორმით თქმულა. რაღა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს შიშის გრძნობა, ხოლო “გიჟისა” და ‘”მბოდველის” მანტია გარკვეულ, ეფემერულ უსაფრთხოებას იძლევა – “გიჟური უსაფრთხოების დოქტრინას.”
- ქრისტე უმეტესად ქარაგმებითა და იგავებით საუბრობდა, რათა ადამიანების ქვეცნობიერზე ემოქმედა, რადგან ეს უკანასკნელი უფრო “მგრძნობიარეა” ანუ ასე ვთქვათ, იმ დროისთვის “ბოდავდა”, მაგრამ იგი მაინც გააკრეს ჯვარზე . . .
- კი, გააკრეს.
- ეს ბოდვები პოლიტიკური თუ მარტოობის შიზოფრენიის საგა ხომ არ გამოგივიდა?
- ყველა მარტოობის შიზოფრენია ამავე დროს გაუცხოების პოლიტიკის ნაწილია. ანუ, ფართო გაგებით, არ არსებობს არც ერთი ბოდვა, რომელიც სრულებით აპოლიტიკურია. მაგრამ არსებობს არაპარტიული ბოდვები. არის ისეთი მოსაზრებაც, რომ თანამდროვე მედიაში შეიძლება არსებობდეს მეტ-ნაკლებად “ობიექტური” ბოდვები – მე ვთვლი, რომ ეს სრული სისულელეა. ყველა ადამიანი სუბიექტურია და, მაშასადამე, მისი ბოდვაც სუბიექტურია – არა აქვს მნიშვნელობა ის ლაკანის სტილში ბოდავს თუ ფრომის, ფსიქოანალიტიკური ბოდვები აქვს თუ სემიოტიკური, რელევანტური თუ სრულებით განმარტოვებული. . . მთავარია, რომ ნებისმიერი ადამიანი საკუთარ ბოდვებში საკუთარ გენიოსს ათავისუფლებს და ეს გენიოსი ამ შემთხვევაში ბევრად უფრო თავისუფლად მეტყველებს, ვიდრე ბიურგერულ-ფეოდალური მოცემულობებით გარშემორტყმული კომივოიაჟერი, რომელიც “თავისუფალმა ბაზარმა” დაამონა. . . ეს არის არსებობის ყველაზე ტკბილი პარადოქსი. პარადოქსი - “თავისუფალი ბაზრის” მონობისაგან თავისუფალი ბაზრით ანუ ჟარგონიდან რომ ვთარგმნოთ, ბოდვის თავისუფალი მეტყველებით განთავისუფლებაა. ჩვენს სემიოლოგიურ სივრცეში თავისუფალი მეტყველების ანუ თავისუფალი ბაზრის საშუალებას მხოლოდ ბოდვა იძლევა. სწორედ ამ ბოდვებით არის შესაძლებელი დღევანდელი თავისუფალი ბაზრის ოლიგარქული, უსულო დიქტატურის დამარცხება. ბოდვა არის პიკაბიას პროვოკაციის გაგრძელება, ოღონდ ბევრად უფრო თანმიმდევრული ფორმით.
- უფსკრული პირას დგახარ?
- მარგინში მე ვგულისხმობ ნაპირზე დგომას. მარგინზე ყოფნა უფსკრულის პირას დგომის ტოლფასია. ხშირად მარგინზე მყოფი ხელოვანი საზოგადოების მიერ განდევნილი და მიტოვებულია. აქ საუბარია ჯვარცმულ სიმართლეზე, რომელსაც ფიროსმანი ხატავდა, გალაკტიონი წერდა და ბეთჰოვენი უკრავდა. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ლამანჩელი დონ კიჰოტიდან დაწყებული და ვაჟას ჯოყოლათი დამთავრებული. Fფაქტობრივად, ჩემი მოთხრობის “კანდიდატი ჯოყოლას” მთავარი გმირი ხომ ვაჟაა. . . ცხოვრებაში ვაჟაც აბსოლუტური მარგინალი გახლდათ და ბევრი სხვა ვინმეც. ედგარ პოს ისტორიაც მეტად საინტერესოა. ჩემთვის, ბუნებრივია, დიდი პატივი იქნება თუ ასეთ მარგინალობას მივაღწიე – მთელი ცხოვრება ხომ ამ მიმართულების წასვლას ვცდილობ . . .
- მარგინალობა უმცირესობაა?
- მარგინალს იდეისა და სიყვარულის გამო რისკზე წასვლა შეუძლია. ოღონდ იგი ისეთი ადამიანია, რომელიც სხვებს რისკისკენ არ უბიძგებს. ის სხვების კეთილდღეობას მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას სწირავს. მარგინალს არაპოპულარული აზრის, უხერხული სიმართლის თქმა და, ფიროსმანის არ იყოს, კიბის ქვეშ სიკვდილის არ ეშინია. ”უფსკრულის პირას” ანუ მარგინალური ბოდვები, არის სიმართლის თქმის ყველაზე კარგი ფორმა. საუბედუროდ, სიმართლე თითქმის ყოველთვის უმცირესობაშია, მაგრამ დრო ყოველთვის მასზე მუშაობს.
- განდის წინააღმდეგობა გარკვეულწილად სხვებსაც უბიძგებდა ანუ სხვების სიცოცხლეს სასწორზე დებდა, არა?
- განდიც მარგინალი იყო საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი. თუმცა ბედის ბორბალი სხვანაირად შემოტრიალდა.
- რა ხდება შენში და შენს გარეთ?
- რაღა თქმა უნდა, ბოდვა მაძლევს იმის საშუალებას, რომ თავისუფლად ვიბაზრო და ამით საკუთარ თავში მაინც დავამარცხო “თავისუფალი ბაზრის” დიქტატურა. . . ეს ოპტიმისტური განცხადებაა, რამეთუ მე და ზურა რთველიაშვილს გვიყვარს დუშამპი და გვიყვარს ოპტიმიზმი, რომელიც რეალობას ეყრდნობა. ბოდვის სემიოტიკა არის ყოველდღიური პროცესი, როცა საკუთარ თავში ყოველდღიურად დიქტატორს ვამარცხებთ და ყოველდღიურად თავისუფალი ბაზრის ოლიგარქულ მთქნარებებს ვებრძვით.
რა ხდება გარეთ . . . ამაზე ლაპარაკი მიჭირს. ამაზე, ალბათ, გარეთ ვინც არის, იმან უნდა გითხრას. გარეთ მყოფს ჩემზე ბევრად უკეთესად შეუძლია თქვას, თუ რას ნიშნავს მისთვის ეს ბოდვები. ედვარდ ჰოვერის, ალისონ ლურისა და ლამარ ჰერინის გარდა, რომელთა შემოქმედებამაც ძირეულადD იმოქმედა ბოდვების სტრუქტურულ ჩამოყალიბებაზე, ჯორჯო აგამბენის შემდეგმა ფრაზამაც მოახდინა დიდი გავლენა: “დღეს, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე მატერიალური საქონლის მთლიანი დომინაციის პერიოდში, რა რჩება იმ ბედნიერების ქვეცნობიერი და გაუაზრებელი დაპირებისგან, რომელიც ჩვენ კინოთეატრების ჩაბნელებულ ოთახებში შავ წინდებში გამოწყობილი მოცეკვავე ქალებისგან მივიღეთ?”
სიმართლე რომ გითხრა, აგამბენისეულ ცეკვას სწორედ მუსოლინის ან სააკაშვილის ტიპის პოლიციური სახელმწიფოს განმასახიერებელი, შავ წინდებში გამოწყობილი, უაღრესად ლამაზი მანდილოსნები ცეკვავენ, თანაც საოცრად მიმზიდველად. ჩვენს პოსტ-მოდერნულ, ოლიგარქულ-ავტოკრატული რეჟიმის დროინდელ ბნელ კინოთეატრებში დაპირებული ბედნიერების ასეთი მიმზიდველი სიმბოლოები კვლავ არსებობენ. კაცობრიობისათვის ბედნიერების ეს აჩრდილი ხომ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაშინაც კი, როდესაც მუსოლინები, ფუხიმორები და სააკაშვილები ჩვენს სატელეფონო საუბრებს უსმენენ.
Hდღევანდელი პოლიციური რეჟიმის ამ შავწინდებიანი ბედნიერების სიმბოლოებს, ეკა კვესიტაძეს, ეკა ზღულაძესა და ეკა ტყეშელაშვილსაც დიდი როლი მიუძღვით ჩემი ბოდვების გარედან სტიმულირებაში. თავის დროზე მათი უწყების წარმომადგენლებს რომ არ დავეჭირე და ჩემთვის ასე კარგად ხელები რომ არ გადაეგრიხათ, მე ასეთი საოცარი და უცნაური ბოდვები არ მექნებოდა. მე იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ სააკაშვილის “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა, სხვას შეიძლება არაფერს, მაგრამ ბოდვების ხარისხს კი ნამდვილად აუმჯობესებს, რადგანაც ამ ბოდვებს ბევრად მეტ ლეგიტიმაციას აძლევს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ბიურგერული წყობაში ხდება. როგორც მუსოლინი თავისდაუნებურად დაეხმარა ფელინის “ამარკორდის” შექმნაში, ასევე სააკაშვილი თავისი “პატრიოტული ბანაკებით” “ბოდვების” შექმნაში მე დამეხმარა. მუსოლინის ან სააკაშვილის ტიპის ავტორიტარულ-კიჩურ სისტემაში ყოველთვის ჩნდებიან შავწინდებიანი, სექსუალურად მიმზიდველი, პოლიციური რეჟიმის დამცველი ქალები, რომლებიც ჩვენი სულის სიღრმეში არსებული ბედნიერების დეფიციტს გვინაზღაურებენ. ასე რომ, მუდმივი მოსმენების სამყაროში – ბედნიერების სურვილი ტკბილია, თანაც როცა შავწინდებიანები ცეკვავენ. ჯორჯოAაგამბენს ეს არაჩბეულებრივად აქვს დაჭერილი.
- როგორია ოლიგარქული და არაოლიგარქული მთქნარება? გაბანკროტებული ოლიგარქის მთქნარება?
- ამ საკითხზე ჯერ არ მიშრომია. თუმცა “ოლიგარქის მთქნარება”, ჩემის აზრით, კარგი ნაწარმოების სათაურადაც გამოდგება.
- თუ ოლიგარქი ბანკროტია, ის მარგინალი არ ხდება?
- ვფიქრობ, ეს კახა ბენდუქიძესა და ბორის ბერეზოვსკის უნდა ვკითხოთ. ოლიგარქებს მარგინალობის იდეა მაინცდამაინც არ იზიდავთ. მათი ცხოვრების მთავარი მიზანი “მეინსტრიმობაა” და სწორედ ამიტომაც არის, რომ ფულს ამხელა ყურადღებას აქცევენ. თუმცა, ოლიგარქებიც განსხვავებულები არიან. ისინიც ხომ ადამიანები არიან.
- როგორია ეს ბოდვები, ოპტიმისტური, პესიმისტური, ნიჰილისტური,Y საქმიანი,
დეტექტიური, პაციფისტური თუ წუწუნა?
- ჩვენ ჰოლისტურ-ეკლეკტიკური ბოდვების ეპოქაში ვცხოვრობთ. სხვათა შორის, დღევანდელი ნიუს-კულტურის ერთ-ერთი მთავარი თვისება სწორედ წუწუნია. წუწუნი ტერორიზმის საშიშროების გამო და ამ წუწუნზე დაყრდნობით შემდეგ სამოქალაქო თავისუფლებების მასიური შეზღუდვა; წუწუნი ეკონომიკურ კრიზისზე და ამის მერე ღარიბების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება და მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრება; წუწუნი ელიტიზმზე სწორედ იმისთვის, რომ ელიტა კიდევ უფრო ექსკლუზიური გახდეს და ა. შ. ამიტომაც ამის წინააღმდეგ კარგი ხერხია არა პრე-წუწუნი, ან პოსტ-წუწუნი, არამედ კონტრ-წუწუნი. სწორედ აქ შემოდის აბსურდული ოპტიმიზმის – ფატალისტური ოპტიმიზმის – იდეა, რომ მიუხედავად XX საუკუნის გაუთავებელი ეგზისტენციურ-მარქსისტული წუწუნისა, სიყვარულისა და სამართლიანობის აბსოლუტური საწყისი მაინც არსებობს. კონტრ-წუწუნი გარკვეულწილად კანტთან დაბრუნებაც არის. ოღონდ ახლებური გააზრებით. დღეს, ჩვენ არა გვაქვს უფლება პესიმისტები ვიყოთ. ფატალისტური ოპტიმიზმიც სწორედ ასეთი კონტრ-წუწუნის ფორმაა. ძალიან ხშირად მახსენდება აწ განსვენებული უნიჭიერესი ქართველი რეჟისორისა და პოეტის, გოგიტა ჭყონიას სიმღერა “ანტი-ლილეო”, რომელიც ფატალისტური ოპტიმიზმის არაჩვეულებრივი მაგალითი იყო. დეკონსტრუქციას მოჰყვება რეკონსტრუქცია, ეგზისტენციურ გამოფიტვას კი - ფატალური ოპტიმიზმი. ეს არის დერიდას სიკვდილის შემდგომი ჩემი განცხადება. რაც შეეხება ტერმინ “პაციფიზმს”. იგი მოძველებულია, რადგანაც ეს სიტყვა კარგად ვერ ასახავს არაძალადობრივ ბრძოლას. სიტყვა “პაციფიზმი” უფრო პასიურობასთანაა ასოცირებული. განდის არაძალადობრივი ბრძოლა კი სულაც არ არის პასიური - ეს არის უსამართლობასთან მუდმივი ბრძოლა, მუდმივი აქტივობა. ხშირად რისკის ფასადაც. სიტყვა “პაციფისტი” არაძალადობის მომხრეებს კარგად ვერ გამოხატავს. ეს არის არაძალადობრივი აქტივიზმის ფორმა, რომლისთვისაც სრულიად მიუღებელია გაჩერება შიშის გამო და კომფორტული პოზა.
- ბოდვები კონცეპტუალურია, ინსტალაციური?
- ბოდვები შეიძლება იყოს კონცეპტუალურიც და ინსტალაციურიც. მთავარია მეინსტრიმულ-კომერციული არ იყოს. იენ მაქკაის კარგად აქვს ჩამოყალიბებული ალტერნატიული ხელოვნების სივრცე. “ფუგაზის” კონცერტებზე ბილეთის მაქსიმალური ფასი 5 დოლარი იყო. ხელოვანი კაპიტალისტი არ არის.
- ჩვეულებრივმა და შინაგანმა ემიგრაციამ იცის ბოდვები და თანაც მწარე . . .
- ეს ბოდვები სრულებით მარგინალურია და მასში ნათქვამი სიმართლე გულის შემძვრელია. აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ ის მწარეა, მაგრამ ნელ-თბილ-სექსუალური გამანელებლების სურნელიც ახლავს თან. დღეს ეს ცხოვრების ნაწილია. სრულ სოციალურ ტრანსფორმირებას სჭირდება სწორედაც რომ ფატალისტური ოპტიმიზმი, იმისათვის, რომ აზროვნების ახალ პარადიგმაზე და კატეგორიებზე გადავიდეთ. დიახაც, ეს არის უკიდურესად პროგრესული, გიჟურად ფუტურისტული ხედვა, რომელიც ბევრს შეიძლება სრულიად არარეალურად მოეჩვენოს. მაგრამ, ფაქტები სწორედ რომ ცხოვრებიდანაა. ამის თქმა პირდაპირ შემიძლია. შინაგანი ემიგრაცია სწორედ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიდან და სექსუალური კომპლექსებიდან გაქცევაში მდგომარეობს. დიახაც, კუნძული სამხედრო სამრეწველო და სექსუალური კომპლექსების გარეშე. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს უტოპია, მე მგონია რომ - არა. სწორედ ეს არის ფატალისტური ოპტიმიზმი.
მართალი ხარ. ემიგრაციამ მწარე გრძნობები იცის და ამის წამალი ფატალისტური ოპტიმიზმია.
- რა არის წარმატებული ბოდვა?
- მარგინალური ბოდვა.
- რა არის წარუმატებელი ბოდვა?
- მეინსტრიმული ბოდვა.
- რა არის მარგინალური ბოდვა?
- ხელოვნების პრაქტიკულად ყველა დიდი ნაწარმოები მარგინალურ ბოდვად იშვა. მარგინის გარეშე შეუძლებელია იმ ინტიმის შეგრძნება, რომელიც ნამდვილ ბოდვას და სიღრმისეულ სიმართლეს ესაჭიროება. “დონ კიხოტი”, “იდიოტი”, “მეხიკო სიტის ბლუზი”, დუშამპის პისუარი, ლენონისა და დილანის სიმღერები მარგინალური ბოდვების ნიმუშებია. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს. მთავარია ის, რომ მარგინზე ყოფნისას ხელოვანი მხოლოდ თვითონ მიდის რისკზე, ხანდახან საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზეც, რათა შემდგომ სხვებმა ეს გზა უსაფრთხოდ გაიარონ. ასეა მეცნიერებაშიც. სიმართლე დასაწყისში ყოველთვის მარგინალურია და ადამიანისათვის მისი თქმა ყოველთვის სარისკო რამაა. ყოველთვის არის საშიშროება იმისა, რომ ამ საზოგადოებიდან გარიყული იქნები. მაგრამ მარგინზე ყოფნა სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანს სიყვარული არ ამოძრავებს. პირიქით, ნიკო ფიროსმანაშვილს, რომელიც მარგინზე მოკვდა, ბევრად მეტი სიყვარული შეეძლო, ვიდრე იოსებ ჯუღაშვილს, რომელიც სიკვდილის წინ საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო.
- რა არის მეინსტრიმული ბოდვა?
- ომის წამომწყები პოლიტიკოსების ბოდვა მიენსტრიმული ბოდვების ყველაზე აშკარა მაგალითია. არის ეპიზოდები, როდესაც მიენსტრიმული, ყალბი ბოდვები მილიონობით ადამიანისთვის ტელევიზიით გადმოიცემა და შედეგად ათასობით ადამიანი იღუპება. ხანდახან - მილიონობითაც. ჰიტლერისა და სტალინის ბოდვები ამის საუკეთესო მაგალითია. მეინსტრიმული ბოდვა არის უპასუხისმგებლო ბოდვა, რომელსაც დიდი მსხვერპლი შეიძლება მოჰყვეს. Bბოდვა არ შეიძლება იყოს მიენსტრიმული – ბოდვა ყოველთვის მარგინალურია, რადგანაც ბოდვის ავტორს არ ეპატიება სხვისი ცხოვრებით თამაში, სხვისი ცხოვრების სასწორზე დადება. ბოდვის ავტორმა მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით უნდა გარისკოს.
- ბოდვა აღსარებაა?
- აღსარებასთან ერთად ბოდვა ბიზნეს - გეგმის დეკონსტრუქციაა. ყველაზე უფრო ღრმა და მგრძნობიერ სიმართლესთან დოკუმენტური სიმართლის აღრევა და ამ ყველაფრისთვის ტყუილის ანუ გამონაგონის ფორმის მიცემა, ისე რომ ვერავინ მოგდოს შარი იმაში, რომ ეს სიმართლეა.
- ხომ არ გადავვარდებით მეორე, ორუელისეურ უკიდურესობა-დისკურსში, როცა “ომი მშვიდობაა”, ხოლო “ბოდვები – სიმართლე”? მშვიდობა ყოველთვის ისედაც ხომ არ იყო ომი? თუ სიმართლე – ბოდვაა, მაშინ არასიმართლე - არაბოდვაა?
- ეს ყოველთვის ადამიანის მიერ ინდივიდუალურადაა განსასაზღვრი. თუკი ბოდვა მეინსტრიმად გადაიქცა, სწორედ მაშინ ხდება ორუელისეული სცენარების განხორციელება. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ბოდვა და ხელოვნების ნაწარმოები ყოველთვის მარგინალურ ინტიმში იბადება და მის მისვლას ჭეშმარიტების მსმენელამდე თუ მკითხველამდე გარკვეული ხანი სჭირდება. ცხადია, უკიდურესობებს უნდა ვუფრთხოდეთ, მითუმეტეს, როდესაც სასწორზე სხვა ადამიანების ბედი დევს.
- ბოდვა პატრიარქალურ ანარქიას ხომ არ ეძმაკაცება? ან სულაც თავადაა?
- არა მგონია, ანარქია პატრიარქალური აზროვნების ტიპი იყოს. ცხადია, რომ ტოტალიტარიზმის საფუძველი სწორედ პატრიარქალურ აზროვნებაშია. ჩვენთანაც პოლიციური რეჟიმის სათავეში დგანან სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი. ქართველი ორველიანელები სწორედ ისინი არიან, რომლებიც ყველას სატელეფონო საუბრებს უსმენენ და ცდილობენ საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად მოსახლეობაში ტერორი დათესონ. იარაღით ვაჭრობაშიც ისინი და მათი ოჯახის წევრები არიან დაინტერესებულნი და ესეც ქალების გარეშე ხდება. უბრალოდ, ალბათ, ზოგიერთი ქალი, რუსეთის ცნობილ ეკატერინე დედოფლის თამადობით, მამაკაცურ “ძალადობრივ” დისკურსში ჯდება და ცდილობს პირველ რიგში სწორედ ამ დისკურსით ისარგებლობს. მე ეკა ტყეშელაშვილმა დამაპატიმრა და დაპატიმრებისას ფიზიკურად მისი დავალებით გამისწორდნენ. ეკა კვესიტაძე კი ამ პოლიციური რეჟიმის ყველაზე კარგად გამოხატული პროპაგანდისტია. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ რადგან ისინი ქალები არიან, ჩემი და ჩემნაირების რეპრესირებისას, მამაკაცებისგან განსხვავებით, ჩვენთვის მაინც კარგი უნდათ. ამიტომაა, რომ “ბოდვები” სწორედ მათ მივუძღვენი. ამ ქალებმა უბრალოდ აღმაფრენა მომცეს, თორემ ცხადია, პოლიციური სისტემა მამაკაცურ ძალადობას ეფუძნება. პოლიცმეისტერი მამაკაცები კი, სამწუხაროდ, აღმაფრენას ვერ მაძლევენ.
- ესე იგი გული გწყდება . . .
- კი, მწყდება.
- მიწიერი ოპტიმიზმი ფატალისტური შეიძლება იყოს? როგორც ოპტიმისტური ტრაგედია?
- კი, ნამდვილად შეიძლება იყოს. ეჭვიც არ მეპარება. მაგალითად, ამას წინათ ბერლინში ყოფნისას კანტის ქუჩაზე დუდის ბუდუარში შევიკრიბეთ გიორგი მაისურაძე, დუდი და მე. მოვაწყვეთ აქცია-დიალოგი “დუდუარული დუდიზმი” – სადაც საუბარი მიმდინარეობდა თანამედროვე საჩხერის გადმოსახედიდან კანტის განმანათლებლობის ფუკოსეული კრიტიკის თაობაზე. მოკლედ, “დუდუარული დუდიზმიც” ფატალური ოპტიმიზმის გამოხატულებაა.
- რატომ საჩხერე?
- საჩხერე განსაკუთრებით დადაისტური ქალაქია.
- მორალი ფარისევლობას “დაეშენა”, ბოდვები კი – რას?
- ბოდვები სწორედაც რომ ანტი-ფარისევლური მანიფესტია ანუ ტაბუების მსხვრევა და გულახდილი საუბარი ყველაზე უფრო მეტად შეუვალ თემებზე. ფარისევლობის წამალი გულახდილი ბოდვაა. B
- თავად ნობელის პრემია და საერთოდ ნებისმიერი “ფაბლიქ” პრიზი ბოდვა არაა? მერე გაიმარჯვებ, მეინსტრიმულ-ბესტსელური გახდები. მერე?
- მე ვფიქრობ, რომ არსებობს მარგინზე დარჩენის გზები. ამის მაგალითები მწერლობაშიც გვაქვს. იგივე სელინჯერი, სოლჟენიცინი და ბევრი სხვა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია და აბსოლუტური არც მარგინი არ არის. პრიზიც შეიძლება ბოდვად აღვიქვათ. ნამდვილად. მთავარია, ხელოვანმა დინების საწინააღმდეგოდ შესძლოს ცურვა – თუნდაც საკუთარი შექმნილი დინების საწინააღმდეგოდ. ეს ამ შემთხვევაში ყველაზე პრინციპული საკითხია.
- ლიტერატურასა და საერთოდ ხელოვნებაში მარგინალიებს არ გაუჭირდებათ მარგინალიებად დარჩენა? აი, მაგალითად,Aანდეგრაუნდი უკვე დიდი ხანია აღარაა ანდეგრაუნდი, არამედ კარგი ბრენდი . . .
- გეთანხმები, სწორედ ამიტომაც არის საჭირო ახალი მარგინალიებისა და მარგინების გაჩენა, რომლებიც პრინციპულად ახალ დისკურსს შემოიტანენ. არა მხოლოდ სექსუალურ ტაბუებს დაანგრევენ, როგორც ეს 1960-იან წლებში მოხდა, არამედ სხვა ტაბუებსაც შეებრძოლებიან, ხოლო მისი თავისუფალი ბაზარი (თავისუფალი დისკურსის გაგებით) თავისუფალი ბაზრის დიქტატურას აღარ დაემორჩილება. მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის ადვილი, რადგან ეს არის ამ საუკუნის მთავარი გამოწვევა. სიტყვის თავისუფლებამ და თავისუფალმა მეტყველებამ ე.წ. თავისუფალი ბაზრის დოგმები უნდა დაამსხვრიოს და იკითხოს: ვისთვის არის ეს ბაზარი თავისუფალი? მხოლოდ მდიდრებისა და პრივილეგირებულთათვის? მხოლოდ იარაღისა და წამლის გამყიდველებისათვის? მხოლოდ იმ სახელმწიფოების ლიდერებისათვის, რომლებიც ომებს საკუთარი მატერიალური გამდიდრებისთვის იწყებენ? იმათთვის, რომელნიც ადამიანებში ფაშიზმს, ფუნდამენტალიზმს, მილიტარიზმსა და სიძულვილის სხვა სახეობებს მერკანტილური მიზნებით ნერგავენ? დღემდე "თავისუფალი ბაზარი" მხოლოდ მათთვის მუშაობდა - თავისუფალი დისკურსი კი ყველაზე მეტად ამ დოგმას უნდა დაუპირისპირდეს. დღევანდელ დღეს ეს ბევრად უფრო საშიში დოგმაა, ვიდრე სექსუალური ან თუნდაც - რელიგიური. ამ საკითხზე ხმის ამოღებაც კი მკაცრად ისჯება.
- ისევ გკითხავ, თუ პრიზს მოგცემენ, შენაძენთან ერთად მარგინალობა რომ დაკარგო?…
- ერთის მხრივ, PEN Freedom of Expression Award ყველა იმ ადამიანის დაფასებაა, რომელსაც მარგინალური ბოდვები აწუხებს და, მეორეს მხრივ, ამ დიდ აღიარებას დიდი საშიშროებაც ახლავს. ასეთი დიდი პრიზის მიღების შემდეგ ყოველთვის არის საფრთხე იმისა, რომ ამ ბოდვებმა მარგინალური ხასიათი დაკარგონ და მეინსტრიმში გადაინაცვლონ. ეს კი ნამდვილად დიდი უბედურება იქნება . . . გამოდის, რომ მთელი ჩემი მუშაობა ამის შემდეგ სწორედ იქეთ იქნება მიმართული, რომ ჩემი ბოდვები მომავალშიც მარგინალურად დარჩეს . . .
- ხომ არ ფიქრობ, რომ პაზოლინისა და ფელინის ფილმების (იქ უმეტესად მარგინალები ცხოვრობენ) მარგინალმა, მეინსტრიმ თუ სნობმა თაყვანისმცემლებმა “ჭეშმარიტი” მარგინალები ნელ-ნელა ცენტრისკენ აამოძრავეს და მარგინალობამ უკვე დაკარგა თავისი პირველსახე? როდის დაკარგა?
- ეს ყოველთვის ხდებოდა. მე ვფიქრობ 1960-იანი წლების კომერციალიზაციამ მარგინი მართლაც ცენტრისკენ გასწია და ამით, რაღა თქმა უნდა, ახალი პოპ-კულტურა ჩამოაყალიბა. დღეს ამ პოპ-კულტურის წიაღში ახალი მარგინი იბადება.
- მარგინალების აღმნიშვნელი ლოკალური თუ საერთაშორისო დღესასწაული ხომ არ დავნიშნოთ (გაეროს ეგიდით), რათა ხალხმა ერთმანეთს მიულოცოს?
- ვფიქრობ, რომ ეს არაჩვეულებრივი იდეაა. მშვენიერია, თუ წელიწადში ერთხელ ხალხი ედგარ პოს, მოდილიანის, ვან გოგის, ნიცშეს, ფუკოს, ფიროსმანის, ვაჟას, ტოლსტოისა და სხვათა საფლავებზე მივა და იქ “მარგინალის საერთაშორისო დღეს” აღნიშნავს ანუ ადამიანები ერთმანეთს მარგინალობას მიულოცავენ. არაჩვეულებრივი აზრია. მივესალმები და მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას.
- უკანასკნელი ბოდვა მართლა უკანასკნელია?
- სწორედ იმიტომ მწამს ღმერთის, რომ მხოლოდ მან იცის, როდის არის უკანასკნელი ბოდვა. ცხოვრება იმითაა ულამაზესი, რომ ჩვენ არასდროს ვიცით, როდის იქნება ეს უკანასკნელი ბოდვა. როგორც არაჩვეულებრივმა პოეტმა ქალმა იანა ჯინმა თქვა: “იესოს მივუმატოთ მარქსი და გამოვაკლოთ ვატიკანი”. ვფიქრობ, ეს საოცარი ბოდვაა. იმედი მაქვს, ბოლო ბოდვა სწორედ ამ სტილში მექნება.
No comments:
Post a Comment