წელს ფილადელფიური საბალეტო დასის Balletx (2005) ნიუ იორკული პერფორმანსები გლობალურად ზღვრულად მტკივნეული და სოციალურად მწვავე – “ჰეროინული თემის” ნაწილი გახდა. არა, განა ქორეოგრაფ – მოცეკვავეების ნარკოსკანდალების, არამედ – ემი უაინჰაუსის მუსიკაზე შექმნილი “რქიანი”, მუქი ყავისფერი ტყავის სადო-მაზოხისტური ანტურაჟის სიურეალისტური, სამგანზმოლებიანი ზმანებების გაცოცხლების გამო. 2016-ში ნიუ იორკში “უხარისხო” ჰეროინისგან დაღუპულთა მრავალრიცხოვან არმიას არაერთი ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე შეემატა. ხელოვნების “ორთოქსული” ჟანრი – ბალეტი კი ამ მოულოდნელ თუ მოსალოდნელ გარდაცვალებათა ერთგვარ ნარატივად გადაიქცა. ეს არ იყო LSD – ის პოპულარობის დროინდელი გარემოს რომანტიზირება–ნორმალიზაციის ან განკითხვის მცდელობა, არამედ ერთგვარი რიტმიზირებული ტრაგედია–რეაქცია, ტექსტი ნარკოტიკზე, რომელიც აღარც შემოქმედების სუპერმოტივატორია, აღარც განსხვავებულთა ცხოვრების წესი ან გაქცევის გზა, არამედ ერთი და ერთზე მეტი (ათი მოცეკვავე) სხეულის ოდნავ უგერგილო და თან ძალიან ტრივიალური, თითქოს სადისკოთეკო როკვა, მოძრაობების რიტმ–სექცია ერთი “ძალინ ჩვეულებრივი”… სიკვდილის წინ.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გარდაცვლილი ემი უაინჰაუსის მუსიკის ფონზე ქორეოგრაფი ცდილობს სიყვარულისა და ინტიმური ურთიერთობის ალუზიის შექმნას, მაგრამ ესეც რაღაცნაირად უნიათოა, არაზუსტი, ეპიზოდური, როგორც ნარკოტიკებისგან გათიშული ტვინის “ლექსიკა”.
ამერიკის ერთ–ერთ ყველაზე არაორდინალურ არტისტად ცნობილი ტრეი მაკინტაირის მიერ ემის ყველაზე ცნობილ კომპოზიციებზე დადგმულ სპექტაკლის დასაწყისზე, როცა გრძლეყურებიანი, ტყავის კოსტუმებში (დიზაინერები: რეიდ ბართლემი და ჰარიეტ ჯანგი) გამოწყობილ კორდებალეტს ხედავ, თავიდან შეიძლება გაგეღიმოს და Playboy -ის ვარდისფერი და სხვა ფერის ყურცქვიტა გოგონების ირონიული “გაშავების” ასოციაცია მოგგვაროს, მაგრამ – არა… ჩემი თავი მოსაწევით გაბოლილ იაფფასიან კლუბში მეგონა, სადაც კანკანს თუ არა, ბროდვეის “ჩიკაგოს” სტილს ბაძავენ და თან ძალიან მონდომებული სახეებით. ჩემ წინ აბსურდს ცეკვავდნენ და ერთადერთი, რაც სცენას აზრს ჰმატებდა, ეს ემის ხმა იყო, რომელიც, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მის კომპოზიციებზე Rehab, Back to Black და F**ck Me Pump, Some Unholy War მიკროფონებს დამსგავსებულ შტატივებს შორის პუანტებიანი ადამიანები იმოძრავებდნენ. მახსოვს, რომ ამ სერიოზული აბსურდის ყურებისას ჩემ თვალწინ ფეისბუკზე იმ ქართველი გარდაცვლილი ახალგაზრდების ფოტოებს ვხედავდი, რომელთა ოჯახების დასახმარებელ “ფეიჯებს” ვაზიარებდი. ზოგი საქართველოში გადაასვენეს, ზოგიც – აქ დაკრძალეს. არ ვიცი, ვინმეში ღიმილს იწვევდა თუ არა ექსცენტრიული სცენები, მაგალითად, Valerie – ს აჟღერებისას, როცა ყველაზე მაღალმა მოცეკვავემ ჩარლსტონის ცეკვა დაიწყო. სცენა ისეთივე სულელური იყო, როგორც ამ სიმღერის ტექსტი: “შენ დადიხარ მაღაზიებში … შენ თმის ფერი შეიცვალე… შენ დაკავებული ხარ?”
მერე გამახსენდა, რომ ბალეტში, ალბათ, ყველაზე ნაკლებად მინახავს ე.წ. მეინსტრიმული სოციალური თემის რეალიზება ისე, რომ ეს არც ვულგარული ყოფილიყო და არც ზედოზირებულად “წარბაწეული”. დადგმას Big Ones (დიდები) ერქვა, ალბათ, გრძელი ყურების გამო? ანდა უკეთეს სამყაროში წასული, ნარკოდამოკიდებული ვარსკვლავების შთამბეჭდავად გრძელი სიის გამო? სცენა ათი მოცეკვავითა და შესაბამისად მათი ოცი გრძელი ყურით ემის “რეჰაბში” წასვლაზე უარის თქმით იწყება და “შავში დაბრუნებით” სრულდება, ადგილიდან, საიდანაც ისინი (და ემიც) არც არასოდეს წამოსულან…
Big Ones “ჯოის თეატრში” გამართული წარმოდგენებიდან ბოლო, მესამე იყო და მისი იმიჯური ეფექტურობიდან გამომდინარე ცხადია, პირველი ორი წარმოდგენა თითქოს დაჩრდილა. ამიტომ “სამართლიანობის აღსადგენად” პირველი ორიც უნდა აღინიშნოს. ერთია Balletx –ის ერთ–ერთი დამფუძნებლისა და საერთაშორისო კონკურსის მრავალჯერ გამარჯვებული ქორეოგრაფის მეთიუ ნინანის დადგმა Show Me (მაჩვენე. 2015) და მეორე – მსოფლიოს თანამდროვე ბალეტის ერთ–ერთი ყველაზე პოლულარული არტისტის იორმა ელოს Gran Partita (2014), რომელიც მოცარტის იმავე სახელწოდების სერენადითა და სხვა კლასიკური მუსიკის კომპოზიტორების ნაწარმოებებით იყო შთაგონებული. ორივე დადგმა XXI საუკუნის საბალეტო ხაზს მისდევს: ერთგვარი ასექსუალობა – უნისექსი, მუსიკასთან “შეუსაბამო” მოძრაობის კულტი და ექსცენტრულობისა და საბალეტო შტამპების დროული მონაცვლეობა – ტრადიციული საბალეტო ილეთებიდან – ჰიპ–ჰოპში ტრანსფორმაცია და პირიქით. ფილადელფიური საბალეტო დასის პერფორმანსები “ჯოის თეატრში” გამართული წარმოდგენების მრავალწლოვანი პათოსის გამგრძელებელია: XXI საუკუნის ბალეტის იდენტობა არის ძველის დეკონსტუქცია–რეკონსტრუქციით ადამიანის სხეულში არსებული უნიკალური უნარი – მუსიკით (თუ უმუსიკოდ) მოძრაობების “გამოგონებისა” მის მაჯისცემაზე მიყურადებით.
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment