აშშ–ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ხოლო მისი შედეგი ერთგვარი მოულოდნელობაც. ცხადია, აშშ–ში მცხოვრები ქართველებიც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უშუალო მონაწილეები არიან და თავის დამოკიდებულებას აშშ–ის ორი მმართველი პარტიის მიმართ არა მარტო სოციალურ სივრცეში, არამედ საარჩევნო ყუთთანაც გამოხატავენ. მათი პოზიციის გასაგებად რამდენიმე კითხვით, კერძოდ კი საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამების უპირატესობებზე, 8 ნოემბრის „კონსერვატიულ რევოლუციაზე” – ტრამპის გამარჯვების წინაპირობებზე; მისი, როგორც სისტემის გარე აქტორის პოზიციის გავლენაზე, პოლიტიკაში შოუმენობის ეფექტიანობაზე და შექმნილ სიტუაციაში საქართველოს (მათ შორის, საემიგრაციო პოლიტიკის) მდგომარეობის შესაძლო ცვლილებებზე ე.წ. “ტრამპისტებს”, “ჰილარისტებსა” და ნეიტრალური პოზიციის მქონეთ ვკითხე.
ვასილ მამალაძე, ექიმი: ტრამპის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ლობიზმის წინააღმდეგია და მისი პოლიტიკა კორპორატიული ამერიკის შესუსტებისკენაა მიმართული. იგი გადასახადების რეფორმას გეგმავს, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და კაპიტალის დივერსიფიკაციისთვის; ტრამპი მდიდრებისა და ზოგადად მეტი შემოსავლის მქონეთა ზედმეტად დაბეგვრის წინააღმდეგია, რაც ისევ და ისევ ეკონომიკას წაადგება და მეტ სამუშაო ადგილს შექმნის; ასევე არსებობს ჯანდაცვის შვიდპუნქტიანი გეგმა, რომელიც უფრო მეტად გააზრებული რეფორმაა, ვიდრე ობამასი და იგი წარმატებით ჩაანაცვლებს წარუმატებელ “ობამაქეარს”; ასევე, იგეგმება კრონიზმის მასშტაბის შემცირება; საგარეო პოლიტიკის უფრო მეტად მოქნილობა, ნაკლები ინტერვენციონალიზმი და ნატოს ოპერაციებში ევროპის ქვეყნების ხვედრითი წონის გაზრდა.
ამერიკელ ხალხს მასმედიისა და პოლიტიკოსების მხრიდან პასიურ-აქტიური აგრესია მობეზრდა, ასევე ე. წ. პოლიტკორექტულობა, პროტექციონიზმი, დუნე საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ობამას პოლიტიკის შესაძლო რვაწლიანი გაგრძელება და ქვეყანაში სოციალიზმის ვირუსის გავრცელება. ამერიკელმა ხმა მისცა უპასუხისმგებლო და კორუფციულ მაქინაციებში გახვეული, ადვილად პროგნოზირებადი კანდიდატის საწინააღმდეგოდ ენერგიულ, ექსცენტრიულ, მაგრამ გონიერ, ამბიციურ კანდიდატს კარგად ორგანიზებული საარჩევნო კამპანიითა და მომავლის იმედით. ტრამპის არჩევას დადებითად ვაფასებ, რადგან ვთვლი, რომ კორპორატიულ ამერიკას ულტრალიბერალური მემარცხენე ფასეულობებით ბოლო უნდა მოეღოს.
საქართველოს ძირითადი პრობლემა ქვეყნის შიგნითაა და მდგომარეობს პოლიტიკურ გაუტანლობასა და მყარი მოქალაქეობრივი პოზიციის არქონაში. ამას ვერც ტრამპი, ვერც კლინტონი და ვერც მამაზეციერი უშველის. თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე უნდა გააცნობიეროს და განვითარების პრიორიტეტები განსაზღვროს. გარე ფაქტორებზე საუბარი კი მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი. ჩვენს გასაკეთებელს ტრამპი არ გააკეთებს და არც არის ეს საჭირო.
შორენა შარაშიძე: ჰილარი კლინტონი ასოცირდება ქალთა უფლებებთან, ცვლილებებთან საემიგრაციო კანონში (ლეგალიზაცია) და მას აქვს მისი ანტირასისტული, ანტიტრამპისტული ხედვები. 8 ნოემბერს პოპულისტი ტრამპის გამარჯვება გამოწვეული იყო ვაშინგტონის პოლიტიკით, რომელიც ელიტურმა კორუფციამ შთანთქა და ამერიკელი საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე საზოგადოების დიდი იმედგაცრუებით. მატყუარა და გამოქექილ პოლიტიკოსს ჰილარი კლინტონს, რომლის გამარჯვებაც იქნებოდა შეუზღუდავი უძრაობის გაგრძელება, ხალხმა არჩია რასისტი, სექსისტი, პოლიტიკურად დაუხვეწავი ტრამპი, რომელიც ხალხს შეზღუდულ, მაგრამ მაინც მოძრაობას დაჰპირდა. ტრამპის პუტინისადმი სიმპათიები ქართველ “ტრამპისტებში” ფასდებოდა როგორც ერთგვარი პოლიტიკური ილეთი და მტერთან ფსევდომეგობრობა, როგორც რკინის ხელი ხავერდის ხელთათმანებში – საქართველოსაც რომ მიხედავს და ა.შ. არადა ამგვარი დამოკიდებულება – ნონსენსია. მე ხმა ჰილარი კლინტონს მივეცი, მიუხედავად მის მიმართ ჩემი არც ისე დიდი სიმპათიისა, მაგრამ ტრამპი მაშინებს. ეს ადამიანია, რომელსაც შეუძლია ასი წლით უკან, უკუნეთში გადაგვისროლოს. ამ ადამიანს შეუძლია მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანოს მსოფლიო თუ თავისი კარიერა მანამდე იმპიჩმენტით არ დაასრულა.
კოტე ლაშაური (ორგანიზაციის „გახსოვდეს აგვისტო“ წარმომადგენელი): ჩემთვის ტრამპის პროგრამაში მნიშვნელოვანი იყო რეალური ცვლილებების განხორციელების დაპირება, კორუფციასთან ბრძოლა, გადასახადების შემცირება, “ობამაქეარ”-ის გაუქმება, ჯანდაცვის ქმედითი რეფორმის ჩატარება, სახელისუფლებო სამუშაო ადგილების შემცირება, უცხოეთში გატანილი სამუშაო ადგილების უკან, ამერიკაში დაბრუნება; მეტი დახმარება ბიზნესს (ანუ ნაკლები დაბეგვრა, ნაკლები სახელმწიფო რეგულაციები, რომელიც ბიზნესის განვითარებას აფერხებს), არალეგალური ემიგრაციის პრობლემის მოწესრიგება, ვაშინგტონელი “ისთებლიშმენთის” მიერ ამერიკისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების ინტერესების ლობიზმის შეჩერება. თვალი კი დავხუჭე მის აროგანტულ გამოთქმებზე, გამოხდომებზე, რასობრივ და სხვა საზოგადოებისთვის მგრძნობიარე თემებთან დაკავშირებით ალაგ-ალაგ გაუწონასწორებელ ნათქვამებზე.
ამერიკელებს ის რეალური ცვლილებები უნდათ, რომელსაც ობამა ხალხს რვა წლის წინ დაპირდა, ვერ ან არ შეასრულა და ვერ ან არ შეცვალა (გარდა რასობრივი საკითხის კიდევ უფრო გამწვავებისა). ჰილარის პრეზიდენტობა იქნებოდა ზუსტად ობამას პრეზიდენტობის გაგრძელება, რაზეც ამომრჩეველმა უარი თქვა. ფაქტობრივად, არჩევანი უფრო ჰილარის წინააღმდეგ გაკეთდა, ვიდრე ტრამპის სასარგებლოდ.
ტრამპი სისტემის გარე ფაქტორია. როგორ აისახება ეს აშშ–ის შიდა და გარე სტატუსზე? სისტემაში თუ ამერიკის პოლიტიკური და მედია “ისთებლიშმენთი” ვიგულისხმეთ, ტრამპი, ცხადია, სისტემისთვის უცხო სხეულია. იგი თამაშობს თავისი წესებით, რომელიც არ ემთხვევა “ისთებლიშმენთის” მიერ ათწლეულობით დაკანონებულ წესებს, თუმცა როგორც არჩევნებმა გვაჩვენა, მას ეს თამაშის წესები ამერიკელი ამომრჩეველთა უმრავლესობამ მოუწონა. ძირითადად ისინი საშუალო და საშუალოზე მაღალ შემოსავლიანმა ამერიკელები არიან, ანუ ის ხალხი, რომელიც მუშაობს, გადასახადებს იხდის და თავისი ოჯახის ცხოვრებაზე და მის კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. ძლიერი საშუალო ფენა ძლიერ ეკონომიკას ნიშნავს, ძლიერი ეკონომიკა კი ძლიერ ქვეყანას, ძლიერ ქვეყანას კი უფრო მძლავრი პოზიციები გააჩნია, მათ შორის, საგარეო საქმეებშიც.
ვფიქრობ, რომ საემიგრაციო პოლიტიკაში არანაირი ცვლილება არ მოხდება, გარდა იმისა, რომ ყველას არსებული კანონის დაცვა და შესრულება მოუწევს. რაც შეეხება საქართველოს, ჩემი აზრით, არანაირი ცვლილება არაა მოსალოდნელი – ამერიკა დარჩება საქართველოს პარტნიორი და ამავე დროს პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებისმიერ არჩევანს: იქნება ეს პროდასავლური “ენმ”-ის არჩევა, თუ მხოლოდ დეკლარირებული პროდასავლური, მაგრამ რეალურად პრორუსულ-პუტინისტური “ქართული ოცნების” არჩევანი.
მაია ელიოზაშვილი (IT მენეჯერი): ჰილარის საარჩევნო პლატფორმაში ყველაზე მეტად მისაღები სოციალური საკითხებისადმი მიდგომა იყო. ჰილარის პლატფორმა დამყარებული იყო სოციალურ სამართლიანობაზე ყველა სოციალურ ჯგუფთან მიმართებაში. მას პოზიტიური გეგმა ჰქონდა რასობრივ უმცირესობათა მიმართ, ქალთა უფლებების მიმართ, ემიგრანტების მიმართ, ლგბტ, შშმ პირების მიმართ. ასევე მისაღები იყო მისი დამოკიდებულება საჯარო განათლების მიმართ. მის ვებგვერდზე თითოეული საკითხი ფაქტობრივი დასაბუთებით ამომწურავად იყო წარმოდგენილი და ყოველ საკითხს ყოველ გამოსვლაში მეთოდურად და ორგანიზებულად აღწერდა.
ჰილარის საწინააღმდეგოდ მიმართული არგუმენტები ორად შეიძლება გაიყოს: ერთია პოპულისტური და მეორე – ფაქტუალური. თავისთავად ჩემთვის ყველა ის პოპულისტური არგუმენტი ნახევრად ფიქტიური ვერსიებია. ეს ეხება ყველა მათგანს: ეს იქნება ემიგრაციისადმი ვითომდა მალულად მკაცრი დამოკიდებულება ან “ემეილების სკანდალი”; 1975 წლის გაუპატიურების საქმე, სადაც ვითომდა 26 წლის ახალბედა იურისტმა ჰილარიმ მოძალადე გაამართლა ან ვითომდა მას ქალთა უფლებებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჰქონდა. ყველა ეს ისტორია გარემოცული იყო ფაქტების სრულიად მიუღებელი დამახინჯებით. კამათი ჰილარის სადაზღვევო, საგადასახადო და ეკონომიკის საკითხებზე იყო შესაძლებელი. დანარჩენი ფანტასმაგორიული ბოდვებია.
ის რაც 8 ნოემბერს მოხდა, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, თუმცა ქვეცნობიერად ამ რეალობის წარმოსახვა არცთუ ისე ძნელი იყო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატურამდე მიიყვანა, უკვე ნიშნავდა, რომ მისი შესაძლებლობები ბევრად განსხვავდებოდა იმ რეალობისგან, რასაც მედია წარმოაჩენდა. საკითხი, თუ რატომ და როგორ მოხდა ეს, ორმხრივ განსახილველია: ერთი ის, რომ ტრამპი ისტორიულად პასიურ ამომრჩეველს მისწვდა, ამ ამომრჩეველისთვის გასაგები ენით მიაწოდა მათთვის აქტუალური საკითხები და მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია გულაცრუებული ულტრალიბერალური ფრთა, ძირითადად, დემოკრატი კანდიდატის ბერნი სანდერსის იდეოლოგიური მხარდამჭერები, რომლებმაც ჰილარის პროტესტი გამოუცხადეს და არჩევნებზე არ მივიდნენ.
იმას, რომ ტრამპი სრულიად გამოუცდელია პოლიტიკურ არენაზე, ნეგატიური ეფექტები აუცილებლად ექნება. ის არ იცნობს ფედერალურ კანონს, არ გააჩნია არანაირი ცოდნა საგარეო პოლიტიკური პოლისების შესახებ, არ ენდობა და არ იცნობს სადაზვერვო სამსახურს, აქვს სრულიად ცრუ წარმოდგენა საჯარო განათლების სისტემის შესახებ, აქვს სოციალური საკითხებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ა.შ. ეს ყველაფერი იმის საწინდარია, რომ ის მხარს დაუჭერს მიუღებელ საკანონმდებლო განცხადებებს, ტრამპს ძალიან დიდი დრო დასჭირდება სისტემაში გასარკვევად, ის პიროვნულად ჯიუტი და თვითნებაა, ეს გამოიწვევს კონფლიქტებს. ტრამპის მმართველობისას გაუქმდება უამრავი სოციალური პროგრესული მიღწევა, რომელიც მიღწეული იყო ობამას მმართველობის დროს. ამის საშიშროება ძალიან დიდია, რადგან კონგრესში შეტანილია არაერთი საკანონმდებლო განცხადება (Bill), რომლის დამტკიცება ვითომდა წარმოუდგენელია. მაგრამ ტრამპის გუნდი შედგება აგრესიულად კონსერვატიული პიროვნებებისგან, მას კონგრესის უმრავლესობა ჰყავს. ამ “ბილების” დაკანონება არც თუ ისე წარმოუდგენელია.
პირველი, რასაც ტრამპი საჯაროდ ემტერება, არის აბორტი. რამდენად აგრესიულად და სწრაფად შეძლებს აბორტის აკრძალვას, დრო გვიჩვენებს. ერთადერთი, რაც მას მწვავე დაპირისპირებისგან გადაარჩენს, არის რაიმე დიდი მოვლენა. მაგალითად, ომი. ეს მეთოდი ავღანეთის ომის წამოწყებით ბუშმაც გამოიყენა. ეს სავსებით შესაძლებელია და ყველაზე ნაკლებად სასურველი. იმედია, ის შემოიფარგლება საკუთარი ეკონომიკური კომპეტენციის ჩარჩოთი. სამწუხაროდ, ეს იმედი სასტიკად მიამიტურია.
ტრამპის საემიგრაციო გეგმა ყველაზე აგრესიული იყო მის პლატფორმაში. მას აქვს ე. წ. “ათპუნქტიანი გეგმა”. ამ გეგმის უნდა ეშინოდეს ყველა ქართველს, რომელსაც ჯერ ისევ არ აქვს ლეგალური სტატუსი ქვეყანაში ან სულ ახლა იწყებს, ან პროცესშია, ან რაიმე სახის წვრილმანი დანაშაული აქვს ჩადენილი: ამ გეგმის პირველი პუნქტია სამხრეთ საზღვარზე კედლის აშენებაა, ეს გეგმა ბუშის ერთ-ერთი წამოწყება იყო, რომელზეც თითქმის სამი მილიარდი დოლარი დაიხარჯა და მშენებლობა შეწყდა, რადგან კედელმა ვერ შეასრულა თავის დანიშნულება. მან ვერ გაამართლა დანახარჯი, ბიუჯეტის დარჩენილი ფული გადატანილია „უფრო ეფექტური მეთოდების“ რეალიზაციისთვის. ტრამპი კი მაინც ჯიუტად გვთავაზობს მილიარდობით ფულის ფლანგვას. შემდეგი საინტერესო პუნქტია „მინიმალური ტოლერანტობა“ კრიმინალჩადენილი ემეიგრანტებისადმი. კრიმინალი ძალიან ფართო ცნებაა, საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობაც კრიმინალია, ვიზის ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანაში ყოფნაც კრიმინალია, მკვლელობაც, ხულიგნობაც, ვალის გადაუხდელობაც, ქუჩაში ჩხუბიც და ჯიბის ქურდობაც. ამის გამო ეს პუნქტი საშიშია ბევრისთვის, რადგან რამდენად აგრესიული იქნება „კრიმინალის“ დეფინიცია, ჯერ არავინ იცის და არაფერი დარჩენიათ ემიგრანტებს გარდა შიშით ცხოვრებისა. ეს შიში ძალიან დამთრგუნველი იქნება ბევრი ემიგრანტისთვის და გამოიწვევს მწვავე მარგინალიზაციას და ლეგალური სტატუსის მოპოვების შიშს.
ტრამპს თავისი პროგრამის მეოთხე პუნქტად აქვს End Sanctuary Cities (“თავშესაფარი ქალაქების დასასრული”). ისეთი ქალაქები, როგორიც სან ფრანცისკო და ნიუ იორკია, სადაც უამრავი ქართველია თავმოყრილი, სარგებლობს სტატუსით, რასაც Sanctuary City (თავშესაფრის, ოაზისის ქალაქი) ეწოდება. ტრამპის გეგმა ითვალისწინებს პროცედურებს, რაც უგულებელყოფს არალეგალი იმიგრანტების თავშესაფარს. რა მოხდება, როდესაც ნიუ იორკი ვალდებული იქნება გადასცეს საემიგრაციო უწყებას ინფორმაცია ყველა არალეგალური ემიგრანტის შესახებ მკაცრი საიმიგრაციო კანონების პირობებში? ეს თავისთავად ათასობით ემიგრანტის დეპორტაციას ნიშნავს.
ტრამპის მეცხრე პუნქტი ითვალისწინებს არალეგალების დამსაქმებლების ბევრად უფრო მკაცრად დასჯას. არალეგალების დასაქმება დღესაც დასჯადია, თუმცა გათვალისწინებულია ე. წ. „მაგნეტი“, რაც საშუალებას აძლევს ბევრ კომპანიას მკაცრად არ მოსთხოვოს დასაქმების დანახარჯის მკაცრად წარდგენას. ტრამპს შეუძლია გაამკაცროს დანახარჯების სისტემატიზაციის მოთხოვნა. ეს ბევრს შეაშინებს და უამრავი არალეგალი სამსახურს დაკარგავს.
ავთო ტყაბლაძე: ჩემთვის ტრამპის მიერ ჯანდაცვის რეფორმის მცდელობა მისაღები იყო, თუმცა ბევრი რამ მის პროგრამაზე არ მსმენოდა. მე ტრამპს განვიხილავ, როგორც რეფორმატორს და მგონია, რომ იგი არსებულ სისტემას შეცვლის. ამ მდგომარეობაში უარყოფითი ან დადებითი ცვლილებები მისაღებია. ჩამყაყებული სისტემის შესაცვლელად მცირე შერყევა საჭიროა. თუ უკეთესობისკენ შეცვალა – ხომ კარგი, თუ უარესობისკენ, არც ესაა ცუდი. ამერიკა ძლიერი ქვეყანაა და ეს საბოლოოდ არსებულ სისტემას გააჯანსაღებს. ტრამპის პროგრამა საემიგრაციო პოლიტიკაზე, ალბათ, არ აისახება, თუმცა გამკაცრების მცდელობები იქნება. რაც შეეხება საქართველოსადმი მის დამოკიდებულებას: ჩემი აზრით, საქართველო უკვე არის რუსეთის სატელიტი ქვეყანა და იგი ტრამპის პრეზიდენტობის დროს სავაჭრო ობიექტი გახდება. საქართველოს ოფიციალურად რუსეთს გადაუფორმებენ. იგივე მოხდებოდა ჰილარი კლინტონის არჩევის შემთხვევაში. იგი ვაჭრობასაც არ დაიწყებდა.
გია შენგელაია, ექიმი: კლინტონის პროგრამაში ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულება მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში. თვალი დავხუჭე მის სოციალური, ჯანდაცვის ეკონომიკის განვითარების პროგრამებზე. ამერიკამ 8 ნოემბერს არჩევანი გააკეთა არაპოლიტიკოს შოუმენის, მაგრამ პოტენციურ რეფორმატორსა და პოლიტიკაში ცნობილ მანიპულატორს შორის პირველის სასარგებლოდ. ვფიქრობ, რომ ჯერ ძალიან ნაადრევია ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი. დაველოდოთ მისი გუნდის ჩამოყალიბებას.
ზურაბ გურული, ექიმი: ყველაზე მისაღები ჩემთვის ტრამპის პროგრამაში ის იყო, რომ იგი აპირებდა გადასახადების შემცირებას; “ობამაქეარის” მავნებლური პროგრამის გაუქმებას; ამერიკული მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებას; კომიკურობამდე მისულ ე.წ. პოლიტკორექტულობის შერყევას, რომელიც თავისი მასშტაბებითა და შედეგებით სსრკ-ს დროინდელ პარტიულ იდეოლოგიად იქცა.
შესაბამისად, მე მზად ვიყავი თვალი დამეხუჭა ტრამპის უტაქტო გამოხტომებზე, რადგან მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის მეტყველების დახვეწა შესაძლებელია, იდეოლოგიური პლატფორმისა და მავნებლური კანონმდებლობისა კი – შეუძლებელი, მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში.
8 ნოემბერს ამერიკელებმა ხმა მისცეს ძველი, ტრადიციული ამერიკის აღდგენის შანსს, სადაც ადამიანები თავისუფლად საუბრობდნენ და შიშით არ ათვალიერებდნენ გარემოცვას, რომ საკუთარი აზრის პირუთვნელად გამოხატვა პოლიტიკურად თუ სოციალურად მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით ძვირად არ დასჯდომოდათ.
ტრამპი შოუმენად დარჩება თუ რეფორმატორად იქცევა, ამას უკვე დრო გვიჩვენებს. თუმცა, ლოგიკურად, მან უნდა მოიცილოს შოუმენის იმიჯი, რომელმაც უკვე მოუტანა წარმოუდგენელი წარმატება ლიბერალურ-დემოკრატიული მედიის მიერ შოუდ ქცეულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ასე რომ ტრამპმა თავისი პოლიტიკური ოპონენტები ზუსტად იმავე იარაღით დაამარცხა, რომელმაც ორჯერ მოუტანა წარმატება ასევე პოპულისტ შოუმენ ბარაკ ობამას. ტრამპის პოლიტიკური პლატფორმის დანარჩენი ელემენტები კი ტრადიციული კონსერვატორული არსენალიდან გახლავთ.
ტრამპის არჩევა თავისთავად მიუთითებს ამომრჩეველთა სპექტრში ტრადიციული ამერიკული დემოკრატიული და რესპუბლიკური ღირებულებების სრულ გაკოტრებაზე. ორივე პარტიას სერიოზული მუშაობა მოუწევს საკუთარი კლასიკური შეხედულებების გადასახედად, თუ სურვილი აქვთ, რომ მომავალ არჩევნებზე წარმატება პროფესიონალმა პოლიტიკოსმა მიაღწიოს პოლიტიკური პლატფორმის უპირატესობის საფუძველზე და არა საპნის ოპერების სტილში წარმართული შოუს ხარჯზე. საერთაშორისო თანამეგობრობას კი სერიოზული დაფიქრება მოუწევს იმ ფაქტზე, რომ ამერიკელები კარგად ხედავენ მათ დაუფარავ ფლირტს რუსეთთან და ამერიკის სხვა გეოპოლიტიკურ მეტოქეებთან. მათ მოუწევთ ამერიკის “მეწველ ძროხად” მიჩნევის პოლიტიკის შეწყვეტა და შესაფერისი პატივისცემის მიგება ამ უმძლავრესი და უმდიდრესი ქვეყნიდან გაუთავებელ ბონუსად მიღებულ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიების მიმართ.
საემიგრაციო პოლიტიკა, ბუნებრივია, გამკაცრდება, რადგან პირველი წლების განმავლობაში უამრავი არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალი საემიგრაციო ოფიცერი შეეცდება საკუთარ გემოვნებას შეუხამოს ახალი კანონმდებლობა და დატკბეს გაზრდილი ძალაუფლებით “საძულველი” ემიგრანტების მიმართ. სამწუხაროდ, ეს გარდაუვალია ადამიანის ბუნების გამო. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ასეთი ფაქტების სიმრავლე საბოლოოდ იძულებულს გახდის ტრამპის კაბინეტს, დახვეწოს რიტორიკა, თუნდაც არალეგალი ემიგრანტების მიმართ და ახალი მექანიზმები შექმნას მათი უფლებების დასაცავად. სამწუხაროდ, სხვებთან ერთად, ალბათ, ქართველ არალეგალ ემიგრანტებსაც მოუწევთ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის საკუთარ თავზე გამოცდა.
რაც შეეხება ტრამპისა და პუტინის ურთიერთობის გავლენას საქართველოზე, აქ უკვე მთავარია თავად საქართველოს პოზიცია, რადგან პრაგმატული ტრამპი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუდგება ჩვენს ქვეყანას გვერდით, თუ საქართველო დაამტკიცებს, რომ პოლიტიკურად და ფისკალურად რენტაბელური პარტნიორობის გაწევა შეუძლია ამერიკისათვის. ეს კი სერიოზულად იქნება დამოკიდებული თავად ქართველი ხალხის ნებაზე, რომელიც მათ მიერ არჩეული მთავრობის პოლიტიკურ მანევრებში აისახება.
ლევან მინდიაშვილი, მხატვარი: სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთი კანდიდატით აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ, თუმცა, რა თქმა უნდა ჰილარი კლინტონს გამარჯვებას ვისურვებდი: ჯანდაცვა, სახელფასო მინიმუმის ამაღლება და განათლება იქნებოდა ის სფეროები, რაც ობამას კაბინეტის მიერ დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებდა.
8 ნოემბერს კიდევ ერთხელ და ძალიან გაცხადებულად გამოჩნდა, რომ დღევანდელ სამყაროში არსებული სისტემები და პარადიგმები უკვე აბსოლუტურად მოძველებული, ვადაგასულია და არსებულ ფორმებს აღარ ძალუძთ ახალ ტალღას მოერგონ. სამწუხაროდ, რაც მოხდა არის ის, რომ დემოკრატიულ პარტიას შეეშინდა რეალურად რეფორმატორული ნაბიჯის გადადგმის და ბერნი სანდერსის ოფიციალურ კანდიდატად დასახელება – ჰილარი კლინტონი მთელი მისი მიღწევების, დამსახურების და გამოცდილების მიუხედავად იმ ძველ “ელიტარულ” სისტემას მიეკუთვნება, რომელიც ვეღარ ფუნქციონირებს. ჩემთვის თავად ის ფაქტი, რომ ისეთი რევოლუციური იდეების მქონე ადამიანმა, როგორიც ბერნი სანდერსია – ასეთი მასიური პოპულარობისა და მხარდაჭერის მოპოვება შეძლო – იყო უტყუარი ნიშანი საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების. თუ რეფორმებზე და წინ გადადგმულ ნაბიჯზე გვინდა საუბარი, ჩემი აზრით, სოციალურ პრობლემებზე ასე მძაფრად ორიენტირებული ადამიანი უფრო რეფორმატორულად და რევოლუციურად ჟღერს, ვიდრე ისევ კორპორატიულ მანიპულაციებში გახვეული ქალი – პრეზიდენტი. ქალი პრეზიდენტი თითქმის ყველა ლათინურ – ამერიკულ ქვეყნებს ჰყავდათ უკვე დიდი ხნის წინ და 1990-იანებში ბრიტანეთსაც ჰყავდა პრემიერ მინისტრი. არა მგონია, რომ ეს თემა ასეთი ახალი იყოს. პირიქით, უფრო „ჩათვლასავით“ გამოვიდოდა. თუ ქალ პრეზიდენტზე გვაქვს საუბარი, უფრო ისეთ ფიგურას ვისურვებდი, როგორიც თუნდაც მიშელ ობამაა.
სამწუხაროდ, გაიმარჯვა ადამიანმა, რომელმაც ზუსტად გათვალა დროის პულსი, მისმა რეალითი ტელევიზიის გამოცდილებამ და მასით მანიპულაციის ხერხებმა გაამართლა. მე ბოლომდე იმის იმედი მქონდა, რომ ეს ყველაფერი ტრამპისთვის უბრალოდ მორიგი, ოღონდ უფრო მასიური, ფართომასშტაბიანი შოუ და თამაში იყო და გამარჯვების შემდეგ … უბრალოდ ამ ყველაფერზე უარს იტყოდა.
8 ნოემბერს ტრამპის გამარჯვებამ კიდევ ერთხელ გაამყარა შტატების შესახებ არსებული ყველა სტერეოტიპი: რეტროგადი, პატრიარქალური, გაუნათლებელი მასის შესახებ, სადაც ერთადერთი ღირებულება და ძალაუფლება ფულია.
ფაქტია, რომ ობამას პერიოდში საიმიგრაციო პოლიტიკა იყო ყველაზე ლიბერალური, გაადვილებული და ღია. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ ეს პროცესი შენარჩუნდეს. ტრამპის მრავალჯერ გამოხატული სიმპათიები პუტინის მიმართ, სამწუხაროდ, ძალიან არასაიმედოდ გამოიყურება საქართველოსთვის, მით უმეტეს საქართველოს მთავრობის ასე გაცხადებული რუსეთომანიის ფონზე.
ხათუნა მშვიდობაძე, ასოცირებული პროფესორი: დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას რამდენიმე გარემოებამ შეუწყო ხელი:
საიმიგრაციო პოლიტიკით უკმაყოფილებამ – ტრამპის ნარატივი ბევრად უფრო მისაღები აღმოჩნდა ამომრჩევლისთვის, ვიდრე ჰილარი კლინტონის პოზიცია არსებულ საკითხთან მიმართებაში. ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში საიმიგრაციო პოლიტიკა გამკაცრდება და არალეგალ მიგრანტებს ამნისტია აღარ შეეხებათ.
სირიელი ლტოლვილების თემამ – ტრამპი ხაზს უსვამდა იმ ალბათობას, რომ ლტოლვილების რიგებში შესაძლოა ტერორისტებიც აღმოჩენილიყვნენ და რომ მათ სრულ შემოწმებას შესაბამისი სტრუქტურები ვერ შეძლებდნენ. ამ მხრივ სრულიად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ჰილარი კლინტონს, რომელიც ღიად ამბობდა, რომ ლტოლვილების მიღება ამერიკის შეერთებული შტატების ჰუმანიტარული მოვალეობაა. ბრიუსელში, პარიზში, სან-ბერნარდინოში, ორლანდოში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა მოსახლეობაში ერთგვარი შიში გააჩინა და რიგითი ამომრჩევლისთვის ტრამპის პოზიცია ბევრად უფრო მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე მისი ოპონენტის პოზიცია; არაეფექტურმა სტრატეგიამ სირიაში, ერაყსა და ლიბიაში, ზოგადად, ობამას წარუმატებელმა საერთაშორისო პოლიტიკამ; ასევე ულტრა-ლიბერალების მიერ „დაწესებულმა“ ზღვარგადასულმა პოლიტკორექტულობამ. ამგვარი რეალობა კი საზოგადოების ფართო ფენებში ბუნებრივ პროტესტსა და უკმაყოფილებას იწვევს;
რასობრივმა თემამ – ამ საკითხის გაღვივებამ, აქტუალიზაციამ, მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აქციებმა, პოლიციელებზე გახშირებულმა თავდასხმებმა და მკვლელობებმა, სახელმწიფო ჰიმნისა და ზოგადად სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ მცირე ჯგუფების მიერ უპატივცემულობამ მოსახლეობაში პროტესტის მუხტი გაზარდა. მემარცხენე ძალების აროგანტულმა დამოკიდებულებამ საპირისპირო აზრის მქონე მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის მიმართ;
საშუალო კლასის შემცირებამ, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ გზავნილებთან დაკავშირებულმა სკანდალმა და ამ მხრივ შერჩევითმა სამართალმა;
ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აქტის „ობამაქეარმა”, რომელიც დიდ ტვირთად აწევს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს;
დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის კომპიუტერულ ქსელებზე განხორციელებულმა მასობრივმა კიბერ-თავდასხმებმა (რომლის უკანაც რუსეთის სპეცსამსახურები მოიაზრებიან), რის შედეგადაც საჯარო გახდა პარტიის შიგნით არსებული მაქინაციებისა და არაკეთილსინდისიერი გარემოს შესახებ.
დემოკრატებმა უმრავლესობის ნდობის მანდატი ამოწურეს. წარმომადგენლობით პალატაში და სენატში უმრავლესობას დღეს რესპუბლიკელები წარმოადგენენ. რესპუბლიკურმა პარტიამ ასევე შტატების საკანონდებლო ორგანოშიც გაიმაგრა პოზიციები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ დღეს 33 შტატში რესპუბლიკელი გუბერნატორია. ნოემბრის არჩევნებში დემოკრატებმა ყველა მიმართულებით დიდი ფიასკო განიცადეს. რაც შეეხება ტრამპს, მის უარყოფით მხარეზე შესაძლოა ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ ის პრეზიდენტად აირჩია ამერიკელმა ხალხმა, მას ნდობის მანდატი მიანიჭა და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მას წარმატება ვუსურვოთ. რაც შეეხება მის დამოკიდებულებას რუსეთთან: აშკარაა, რომ უნდა ველოდოთ ურთიერთობის გადატვირთვას, თუმცა, თუკი მხედველობაში მივიღებთ ისტორიულ გამოცდილებას, მეეჭვება, რომ „თაფლობის თვემ“ დიდხანს გასტანოს.
17.01.2017
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment