Wednesday, February 8, 2017
ქართველები ამერიკაში ( ნიკო ჩოჩელის პატარა საქართველო)
ემიგრაცია გეგმაში არასოდეს ჰქონდა, მაგრამ მაინც… . . . ახლა თბილისიდან შორსაა, ამერიკაში, პენსილვანიაში, ქალაქ ბაქს-ქაუნთში, სადაც 13 წელიწადია თავისსავე სამხატვრო სკოლაში ასწავლის და თან აშშ-ის “ექსტრაორდინალური ნიჭის ხელოვანის” ლეგალური სტატუსი ანუ აქაურად - მწვანე ბარათიც აქვს. 15 წელიწადია სამშობლოდან შორსაა, იქ დრო და დრო ახლობლების მოსანახულებლად ჩადის. ამერიკის მოქალაქედ გახდომა მარტივად შეუძლია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა ურჩევნია. “ექსტრაორდინალურობის” იშვიათი “დოკუმენტის” მფლობელი კი ჩვენებური ნიკო ჩოჩელია. “ჩოჩელის კლასიკური ხელოვნების სკოლის” გარდა (სკოლაში სხვადასხვა ასაკის ადამიანები სწავლობენ, მათ შორის “არასასტუდენტო” ასაკისაც. ორსაათიანი გაკვეთილისთვის შორეული კალიფორნიიდანაც კი ჩამოდიან), კაბრინის კოლეჯში, ფილადელფიისა და ლასალის უნივერსიტეტებში ასწავლის. ამ უკანასკნელის მუზეუმში კი მისი ნახატები ტინტორეტოს, რემბრანდტისა და პიკასოს გვერდითაა. დასურათებული აქვს 7 წიგნი, ძირითადად, - რელიგიურ თემაზე შექმნილი. ნიკო ჩოჩელი ხატმწერიცაა - ამერიკაში ორი მართლადიდებელი ეკლესია მოხატა და ლამის მაშინვე აქაურმა ხელოვნებათმცოდნეებმა ქართველი მხატვარი რელიგიური წიგნის ილუსტრირების ახალი სტანდარტების დამაარსებლად აღიარეს. 4 წლის ასაკიდან ხატავს, 8 წლისას კი უკვე თავისი 200 ნახატის პერსონალური გამოფენაც ჰქონდა. მხატვრების ლელა ჩოხელისა და რობერტ ჩოჩელის ოჯახში დაბადებულს, როგორც თავად ამბობს, ქირურგობა ნამდვილად არ “ემუქრებოდა”. თბილისის სამხატვრო აკადემიიის კურსდამთავრებულსა და საპატიო პროფესორს, საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტროს, არა ერთი კონკურსის გამარჯვებულსა და პრიზის მფლობელს სამშობლოში, საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში, გერმანიაში, იაპონიაში, ინდოეთში, რუსეთსა და ავსტრალიაში 40-მდე ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამერიკაში კი ჩოჩელის 25 - ზე მეტი პერსონალური გამოფენა გაიმართა. მისი მუზა – მისი მეუღლეა, როგორც თავად უწოდებს - “რენესანსული ადამიანი” – მუსიკოსი, მგალობელი, მხატვარი. სწორედ ქრისტინასადმი სიყვარულის გამო დარჩა ამერიკაში, მოგვიანებით კი - რელიგიური თემაზე შექმნილი წიგნის დასურათებისას ბიბლიურ დედოფლადაც კი წარმოსახა. 2009 წლის აპრილში ბაქს-ქაუნთელებმა ქართველი მხატვარი ამჯერად ოფიციალურად დააფასეს - ღირსების ოქროს მედალი და აშშ-ის კონგრესისა და სენატის საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
ნიკო ჩოჩელის ნამუშევრების გამოფენა ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს ინიციატივით საქართველოს წარმომადგენლობაშივე მოეწყო. მხატვრის გადაწყვეტილებით გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი პენსილვანიაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მშენებლობას მოხმარდება.
- ემიგრიგება არასოდეს დამიპირებია. – მიყვება იგი. – ამერიკაში 1995 წელს მხოლოდ სამი თვით ჩამოვედი. უცხოეთში ხალხი სამუშაოდ, უკეთესი ცხოვრებისთვის მიდის. მე კი - ამერიკის დასათვალიერებლად და გასაცნობად წავედი. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ თუ სადმე გავემგზავრებოდი, ალბათ, უფრო ევროპისკენ ავიღებდი გეზს, რადგანაც კლასიკურ, ევროპულ ხელოვნებაზე ვარ გაზრდილი და ჩემში უფრო დიდ ინტერესს ევროპული ხელოვნება, იქაური მუზუმები იწვევს. ამერიკას ძირითადად ლიტერატურითა და ფილმებით ვიცნობდი.ერთი მეგობრის გარდა ამერიკაში სხვა არც არავინ მეგულებოდა. მას აქ ჩემი ნახატები უჩვენებია, მოსწონებიათ და აშშ-ში ჩასვლაც შემომთავაზეს.
- ახლაც და მითუმეტეს 1990 –იანებში უცხოეთში გადახვეწის მთავარი მიზეზი სწორედ რომ საქართველოს რეალობიდან გაქცევა იყო . . .
- გეთანხმებით, მაგრამ მაშინაც კი მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი თვალსაწიერის გაფართოვებას, მინდოდა მსოფლიოს კულტურას გავცნობოდი, ყველაფერს ხარბად ვისრუტავდი. ამერიკაში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე კი პარიზში ვცხოვრობდი და, ბუნებრივია, იქ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი, ჩემთვის ძვირფას ადგილებს ვეფერებოდი, იქ ყოფნა ძალიან მიხაროდა. დაკვირვებით ვსწავლობდი იმას, რაც ჩემს სამშობლოში არ დამხვდებოდა.
როცა უცხოეთში მიდიხარ, დიდი მიზნების განხორციელებას გეგმავ. ეს ყველას ემართება. მაგრამ შემდეგ ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი დგება - უცხოეთში აკლიმატიზაციას რამდენიმე თვე სჭირდება. ამას საქართველოდან წამოსული ენერგიით სავსე ადამიანი ჯერ ვერ გრძნობს, მერე კი ხვდება, რომ ამ დიდი ამბიციების დაკმაყოფილებას წლები სჭირდება. ემიგრანტთა ქვეყანაში ნამდვილი ემიგრანტი ვიყავი, ამ ცნების კლასიკური გაგებით. მერე აქაური ხალხისა და ადათ-წესების გაცნობის პერიოდიც დადგა. ფეხზე დადგომაში კი შეცდომების დაშვება, წარუმატებლობისგან მიღებული გამოცდილება დამეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი თბილად დამხვდა, ძალიან ახლო მიმიღო, შემიყვარა კიდეც და ის სითბოც მაგრძნობინა, რომელიც ევროპაში არ მიგრძვნია, ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი დადგა: სხვა ხალხი, სხვა ტრადიციები, სხვა ფასეულობები. თუმცა ხუმრობით შემიძლია ვთქვა, რომ მე ამერიკელები უფრო გავაქართველე, ვიდრე მათ – გამაამერიკელეს.
- როგორც წესი, როგორ “პროფესიულ ნიადაგზეც” არ უნდა მოხვდე ამერიკაში, საკმაოდ დიდ დროს “პური ჩვენი არსობისას” შოვნას უნდები და ეს ხანი აკლიმატიზაციის პერიოდზე უფრო ხანგრძლივი ხდება. . .
- გეთანხმებით. აქ საკუთარი პროფესიით გზის გაკვლევა ძალიან რთულია. თუმცა მე გამიმართლა და მუშაობა თავიდანვე ჩემი პროფესიით დავიწყე. ამერიკაში პირველი ჩემი ნახატი “ნოეს კიდობანი” გახლდათ. ძალიან მიყვარს რელიგიური თემა, ასევე ბუნება, ცხოველები.ამ სურათის შექმნა კი აქ შეძენილმა მეგობარმა მთხოვა. არსებობს “ნოეს კიდობნის” ლითოგრაფიაც, ხოლო თავად ნახატი იმ ადამიანის მფლობელობაშია, ვინაც შემიკვეთა. ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა, რათა აქაური სახელოვნებო კრიტიკისა და მედიის კეთილგანწყობა მომეპოვებინა. საქართველოში იცოდნენ ვინც ვიყავი, მაგრამ ამერიკაში ყველაფერი ნულიდან დავიწყე და აღიარებამდე საკმაოდ გრძელი და რთული გზა განვვლე. თანაც ნელ-ნელა ახალ მეგობრებსა და ნაცნობებს ვიძენდი.
- როგორ მიაგენით მოსახატ ტაძრებს?
- ჩემთვის ჩემი სარწმუნოება ყველაფერია. მორწმუნე ადამიანის ცხოვრება ასეთია: სადაც არ უნდა იყოს, იგი ეკლესიას აუცილებლად პოულობს. ადამიანი თავის ტაძარს ეძებს. 5 წლის წინათ ოკეანის ნაპირას, ნიუ-ჯერსიში წმინდა დემეტრეს სახელობის ტაძარში გახლდით. ტაძრის ნაწილი ძალიან ლამაზად იყო მოხატული, მეორე ნაწილი კი – არა. მხოლოდ ცარიელი, თეთრი კედლები იდგა. მისი მოხატვა ჩემი სურვილიც იყო და კიდეც არ შემომთავაზეს? ხატები ზომით ადამიანის სიმაღლისაა: წმინდა გიორგი, წმინდა ეკატერინე და წმინდა საბა განწმენდილი. ასევე ღვთისმშობლის მიძინების ფრესკაც მოვხატე. სხვათა შორის, ამ ბერძნულ ტაძარში მუშაობის დროს ჯვრის მონასტერში რუსთაველის ფრესკის განადგურების ამბავი შევიტყვე და ძალიან განვიცადე . . . როცა ბერძნული ტაძრის მოხატვა დავასრულე, ფრესკის ქვეშ ქართული წარწერა განვათავსე იმის შესახებ, რომ იგი ქართველის მიერაა შესრულებული. არ მინდა, რომ ქართველის ნაშრომი უკვალოდ გაქრეს. დღეს საქართველოს კულტურის არა ერთ მტკივნეულ გვერდს ვეცნობი: მოგვიანებით აღმოჩენილა ხოლმე, რომ ქართველი ავტორის ნამუშევარი სხვას მიუთვისებია. პენსილვანიაში ბასილ დიდის ტაძარიც მაქვს მოხატული. ბუნებრივია, ჩემი ლექციების კურსში ხატწერის ტექნიკას მნიშვნელოვან ადგილს ვუთმობ.
- თქვენი სამხატვრო სკოლა ათეულ წელზე მეტია, რაც არსებობს. რას და როგორ ასწავლით?
- ძირითადი ჩემი საქმიანობა პედაგოგიკას უკავშირდება. სკოლა დიდი შენობა არაა, იგი ჩემს პატარა სახელოსნოშია განთავსებული. ამ სკოლაში ჩემი თავის პატრონი თავად მე ვარ. სკოლას მინიმალური რეკლამა აქვს (დიდ რეკლამას ბრძოლა უნდა, რაც მე არ შემიძლია), მის არსებობას კი უკვე შექმნილი რეპუტაცია უზრუნველყოფს, პატარა ქალაქში ვცხოვრობ და ყველამ ყველაფერი იცის. უბრალოდ, ყოფილი სტუდენტი ან სხვა ვინმე სკოლაზე კარგ სიტყვას ამბობს და მსურველებიც ასე მიგროვდებიან. წელიწადში საშუალოდ 20 მოსწავლე მყავს, თუმცა ეს ციფრი საკმაოდ ვარიაბელურია. ჩემი ფუნქციაა კოლეჯის ასაკის სტუდენტების პორტფოლიოს შედგენა ანუ, როცა ადამიანი ამერიკულ სამხატვრო კოლეჯში ჩაბარებას აპირებს, მან გარკვეული თემატიკისა და რაოდენობის ნამუშევრების ნაკრები უნდა შეადგინოს, წარადგინოს, მე კი ამ პორტფოლიოს შედგენაში ვეხმარები, ხატვას ვასწავლი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთან შექმნილი პორტფოლიოს საფუძველზე ჩემი ყველა სტუდენტი ამერიკის წამყვან სამხატვრო კოლეჯებში ჩაირიცხა. ჩემი სკოლა ჩემი მოღვაწეობის სტაბილური შემადგენელია, რადგანაც იმისდა მიუხედავად, რომ ჩემი ნახატებიც იყიდება, გამოფენებიც მაქვს, რთულია ადამიანმა მხოლოდ მხატვრობით იცხოვროს. ბედნიერი ვარ, რომ ხატვას ვასწავლი და, ასე ვთქვათ, თავს სწორედ ხატვით ვირჩენ. მეტი საშუალება რომ მქონდეს, ჩემს შემოქმედებას მეტ დროს დავუთმობდი. ჩემთვის, როგორც აღვნიშნე, ძალიან ახლობელია სასულიერო თემატიკა. არც ისე დიდი ხნის წინათ რელიგიურ თემაზე შექმილი წიგნების დასურათებაც შემომთავაზეს. ჩემი ილუსტრაციებია შემდეგ წიგნებში: “იონა”, “მოემზადე, ბეთლემო”, “148 –ე ფსალმუნი”, “ქრისტე ძველ აღთქმაში” , “სრულყოფილი შობა”, “ჰალოუინის ქალაქი”. სულ ბოლო წიგნი კი, რომლის ავტორი კვიპროსელი ქალბატონია, კვიპროსზე მდებარე ლუკა მახარობლის კიკოსის მონასტერს ეძღვნება და მალე საბერძნეთში ჩემს მიერ ილუსტრირებული ეს წიგნი ბერძნულ ენაზეც გამოიცემა.
- საცხოვრებლად ასე მშვიდი ბაქს-ქაუნთი რატომ აირჩიეთ და არა - გადარეული ნიუ – იორკი?
- იმიტომ, რომ პირველად სწორედ აქ ჩამოვედი, მომეწონა, აქ დავფუძნდი, მეგობრები აქ შევიძინე, სიყვარული აქ ვიპოვე, სკოლა აქ დავაარსე. XXI საუკუნეში კი სულაც არაა აუცილებელი ცენტრში იჯდე იმისთვის, რომ ცენტრთან კავშირი გქონდეს. ჩემი ქალაქიდან ნიუ-იორკში ლამის ორ საათში ვარ. მაგრამ მაინც: ჩემი გული ოკეანისგადაღმაა; ჩემი მომავალი კი საქართველოს, ჩემი თბილი და საყვარელი ხალხის გარეშე ვერ წარმომიდგენია.ჯერ არ ვიცი როდის, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდები იქ, სადაც ჩემი პატარა საქართველო მელოდება.
გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”
Labels:
ხელოვნება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment