Thursday, February 2, 2017

ბედუინის კარავი, მიშელის თაფლი, ბექას ჯაზი, გორელი ალექსანდრე ნადირაძის “ისკანდერი” და ინდივიდუალური საუბარი ლომაიასთან



ვალერია ნოვოდვორსკაიას, რომელიც მალე ამერიკას ესტუმრება, 24 სექტემბერს ჰკითხეს, როგორ აფასებთ გაეროში საქართველოს ელჩის საქციელს, ირანის პრეზიდენტის გამოსვლის დროს სხვებთან ერთად დარბაზი რომ არ დატოვაო? ნოვოდვორსკაიამ ასე უპასუხა: ეს ალბათ, ელჩის გამოუცდელობის ბრალიაო, თანაც გაეროს ტრიბუნაზე იმდენი ნაძირალა გამოდის, ასე თუ გაგრძელდა, ელჩებს ასამბლეის მიმდინარეობის უმეტეს დროს კულუარებში მოუწევთ ყურყუტიო. ზოგიერთ პოლიტიკურ ნაძირალა/არანაძირალას თავისი მუდმივი ასეთივე არანაძირალა/ნაძირალა გამპროტესტებელი ჰყავს. ტრადიციულად, ყველა ფორუმზე, გაეროს ჩათვლით, ირანის წარმომადგენლის დემონსტრაციული მოწინააღმდეგე ისრაელია და პირიქით. სააკაშვილის გამოსვლა, რომელიც 24 სექტემბერს აქაური დროით 21 : 45 -ზე დაიწყო (ზუსტად ამ დროს CNN - ზე თავის გადაცემაში ცისფერ პერანგსა და ტრადიუციულ აჭიმებში გამოწყობილი ლარი კინგი ჰუგო ჩავესს ესაუბრებოდა), იმ დღეს ბოლო იყო და მას შეთხელებულ პუბლიკასთან ერთად გაეროში რუსეთის დელეგაციის ორი წარმომადგენელიც ესწრებოდა. ქართულმა დელეგაციამ კი გაეროს სხდომაზე ერთი დღით ადრე, როგორც კი მედვედევი ტრიბუნისკენ გაემართა, დარბაზი დატოვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაეროსთვის საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა უჩვეულო იყო. მგონი, კვიპროსის ყოფილი პრეზიდენტის, არქიეპისკოპოს მაკარიოს III - ის შემდეგ რელიგიური პერსონა ასამბლეას არასოდეს დასწრებია, მითუმეტეს ეს ყრილობა არც რელიგიურ საკითხს, არც ე.წ. “ცივილიზაციათა დიალოგს” ეხებოდა. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ თემას ოდნავ მაინც მიმსგავსებოდა, ლამის ყველა პრეზიდენტის გამოსვლაში მულტიკულტურალიზმის პატივისცემისკენ მოწოდება გახლდათ. შარშან ამავე ტრიბუნიდან სააკაშვილმა მსოფლიოს ქართული რეფორმების ახალი ტალღის აგორების შესახებ ამცნო, თუმცა წლევანდელ მოხსენებაში იგი აღარ უხსენებია. ჩემი აქაური, ჩეჩნეთის გულშემატკივარი კოლეგა - ჟურნალისტები სააკაშვილის გამოსვლის ტექსტს მთხოვდნენ, უფრო იმიტომ, რომ ყურებს არ უჯერებდნენ - გაეროს ტრიბუნიდან ლამის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩეჩნეთის ტრაგედია და პოლიტკოვსკაია პირველად ვინმეს რომ “გაახსენდა”.



აქვე მინდა ინფორმაციის სახით მოგახსენოთ 2008-2009 წლებში გაეროს ბიუჯეტში საქართველოს შენატანის შესახებ. ამ წელს გაეროს ბიუჯეტი 4, 17 მლრ. დოლარია, ხოლო საქართველოს წილი მასში 0,003 პროცენტს შეადგენს, რაც, უფრო კონკრეტულად, 54 871 დოლარის ეკვივალენტია. შემდგომში გაერო თავისი ბიუჯეტის გაზრდასაც აპირებს, რასაც, ბუნებრივია, ჩვენი გადასახადის მომატებაც მოჰყვება.



***



ყოველწლიურ საგაერო შოუებს შორის, წლევანდელი, ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო იყო. ასამბლეამ ოფიციალურად მუშაობა 16 სექტემებრს დაიწყო, მაგრამ თვალსაჩინო დრამა, როგორც წესი, მხოლოდ ეგზოტიკური პოლიტიკოსების გამოსვლების დროს გათამაშდა. გაისად, ალბათ, უფრო სუნთქვისშემკვრელი იქნება, თუმცა დღის წესრიგი წლიდან წლამდე ლამის ერთი და იგივეა: უსაფრთხოება, კონფლიქტები, ნარკოტიკები, გენდერული თანასაწორობა, სიღარიბე, ჰუმანიტარული დახმარება, გლობალური დათბობა და სხვა. მაგრამ მთავარი სპექტაკლის წარმატებულობა, რასაკვირველია, რამდენიმე კაცზეა დამოკიდებული ანუ კადაფის, ჩავესის, მორალესისა (წელს არ გამოჩენილა) და აჰმადინეჯადის მონაწილეობაზე. სხვაგვარად ასამბლეა გრადუსს ვერ შეინარჩუნებს და მასზე დროის დაკარგვა არ ღირს, თუ არ ჩავთვლით ჩვენთვის მნიშვნელოვან - საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სიტყვებს. წლევანდელი ასამბლეის “პრეამბულა” ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში დაიწყო, როცა ლიბიის ლიდერმა მოამარ კადაფიმ მისი ქვეყნის მიერ აშშ-ის შტატ ნიუ-ჯერსის ელიტარულ ქალაქ ინგლვუდში ნაყიდ რეზიდენციაში ბედუინის კარვის გაშლა გადაწყვიტა. ჩემი მეგობარი ამ ქალაქში ცხოვრობს და შემიძლია ვთქვა, რომ ინგლვუდს კარგად ვიცნობ. ეს ამერიკის ყველაზე კორუმპირებული შტატის (ნიუ-ჯერსი დიდი ხანია კორუფციული სკანდალებითაა ცნობილი) ყველაზე ჰოლივუდური ქალაქია. აქ კეთრინ ჰეფბერნი, გლორია სვანსონი, ჯონ ტრავოლტა, ბრუკ შილდსი, ედი მერფი ცხოვრობდნენ, ქუჩაში კი “სოპრანოს კლანის” მსახიობებს შეხვდებით. ედი მერფის პომპეზური სახლი ახლაც დგას. პატრონი 60 მილიონად ჰყიდის და ჯერ ვერ გაუყიდია. უჭირს. ედი მერფის კი არა, არამედ ამერიკაში უძრავი ქონების გაყიდვა ჭირს. აქ ჯერ-ჯერობით ეკონომიკური რეცესიაა. ბუტიკები და ძვირიანი სალონები მრავლადაა. დიდი ფასდაკლებების მიუხედავად აგერ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც გამყიდვლები უსაქმოდ ზიან და ამთქნარებენ. შიგა და შიგ უფასო კონცერტებიც ტარდება, მაგრამ ბომონდი ფულს მაქსიმალურად ზოგავს და ამ კონცერტების სიმრავლე ბუტიკების შემოსავალზე არ აისახება. ჰოდა, ამბობენ ინგლვუდში ერთი “ტურბო ტუმბოების” კომპანიის მფოლებელებმა მამის, მისტერ კოფინის დანატოვარი დიდი სასახლე კადაფის მიჰყიდესო. ასეა თუ ისე, მთელი ნიუ-ჯერსი დაირაზმა და განაცხადა, რომ კადაფის საკუთარ მიწაზე კარავს კი არა, ფეხსაც არ გააშლევინებს. ასეთი ამბავი არ ატყდებოდა, რომ არა ჯანმრთელობის გაუარესების საბაბით შოტლანდიის ციხიდან ლიბიელი ტერორისტ აბდელ მაღაჰის გამოშვება. ამ კაცმა 1988 წელს შოტლანდიაში მიმავალი 259 კაციანი Pan American -ის ავიარეისის N 103 ბოინგი ააფეთქა. თვითმფინავი ქალაქ ლოკერბიეში ჩამოვარდა და მიწაზე 11 ადამიანი მოკლა. ამ თვითმფრინავში ინგლვუდში მცხოვრები ამერიკელებიც ისხდნენ. 2009 წლის აგვისტოში შოტლანდიის ციხიდან გამოშვებულ მკვლელს აფრიკის სოციალისტური ჯამაჰარიის მოსახლეობა და მისი თავკაცი კადაფი ეროპორტში ზარ - ზეიმით შეხვდა. ამბობენ, ინგლვუდის პროკურორმა სანქციაც კი გასცა, რომ თუ კადაფი ინგლვუდში თავის რეზიდენციას მიუახლოვდებოდა, აუცილებლად დაპატიმდებოდა. მერმე კი აღმოჩნდა, რომ კადაფის დაღუპულთა ოჯახებთან შეხვედრა მწუხარების გამოსახატავად უთხოვია და მართლაც, აშშ-ში ჩამოსვლისთანავე რამდენიმე მათაგანს შეხვდა კიდეც. ერთ-ერთი მსხვერპლის ქვრივმა განაცხადა, რომ ეს ლიბიასთან შერიგებისთვის გავაკეთე, რათა მომავალში ამგვარი საშინელება აღარ მოხდესო. ამერიკა თავისუფალი ქვეყანაა. მოქალაქეს შეუძლია შეხვდეს იმას, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. თუმცა გამონაკლისებიცაა დაწესებული. რაც შეეხება კადაფის დაბინავებას: მისი ბედუინის კარვისთვის ამერიკელის ეზო მაინც გამოიძებნა, თანაც, გაეროს შენობებთან ახლოს, სულ რაღაც 20 კმ.-ში. ხომ ვთქვი, ამერიკა თავისუფალი ქვეყანაა - თქო. “მე კარავში ვცხოვრობ, სხვები კი - სახლებშიო” – განაცხადა ლიბიის ლიდერმა და დასძინა, რომ ტერორიზმისა და თალიბანის მოწინააღმდეგა, მაგრამ არ მოსწონს ობამას პოლიტიკა ერაყსა და ავრანეთში, თუმცა ოკეანისგადაღმელ პრეზიდენტს თავის შვილად მიიჩნევს. ალბათ, უძღებ ვაჟიშვილად. “ის შეიძლება ჩემი შვილიც ყოფილიყოო” – სავსებით სერიოზულად თქვა, აშშ-ის პრეზიდენტი “აფრიკის შვილად” მონათლა და წაიამაყა კიდეც იმით, რომ ჩვენებური ბიჭი, ჩვენი სისხლი და ხორცი აშშ-ის პირველი კაციაო. იმ დღეს 67 წლის “მამისთვისაც” და 48 წლის “შვილისთვისაც” გაეროს ტრიბუნა ერთგვარი დებიუტი იყო.



23 სექტემბერს ყავისფერ კაბა-პერანგში გამოწყობილმა მოამარ კადაფიმ სოლიდური ტრიბუნიდან ასამბლეის პრეზიდენტს გაეროს გასაფხრეწად გამზადებული წესდებაც მიუგდო და ობამას ჰაეროვანი კოცნაც გაუგზავნა, რითაც “ჩეხოვის თოფი” განმუხტა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამერიკის პრეზიდენტი იმ დროს დარბაზში არ იმყოფებოდა და “მამის” კოცნა, ალბათ, სხვას მოხვდა. ობამას უკუკავშირის შესახებ ჩვენ მხოლოდ ვარაუდების გადარჩევა დაგვრჩენია. მედია კი მარჩიელობის მორევში გადავარდა: აქაოდა კადაფის ორი ვაჟიშვილი ჰყავს, რომლებიც მშვენივრად საუბრობენ ინგლისურად, განათლება დასავლეთში მიიღეს, ამიტომ კოცნა და მისთანანი ლიბიის დასავლეთისკენ მიდრეკილებას ხომ არ უნდა ნიშნავდესო და თუ ასეა, აფრიკის პერსპექტივას ეს როგორ შეცვლისო და ა.შ. . . .



***



ამ დროს კი პიტსბურგში დიდი ოცეულის შეხვედრის კულუარებში (ქუჩებში არასანქცირებული მანიფესტაციების მონაწილეებს აპატიმრებდნენ) მიშელ ობამამ, რომელიც თავისი უმკლავო კაბების ანუ შიშველი ზედა კიდურების გამო უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ქმრის მიერ წამგებიანი კომპანიების გადასარჩენად უშედეგოდ დახარჯული მილიარდები, გულუხვი მასპინძლის დრამატურგია განავითარა. მან თითოეულ კოლეგა 19 ქალბატონს საჩუქრად თეთრი სახლის ეზოში გაშენებული (მას იქ ბოსტანიც აქვს) საფუტკრის მოსავალი თაფლი (ამ თაფლს “მიშელის თაფლი” შეარქვეს) და ძველი, ლინკოლნისდროინდელი, ანტიკვარული ჩაის სერვიზის ასლები დაურიგა. ამბობენ, მიშელი საკუთარი ბოსტნის გაშენებაზე იმისთვის გაისარჯა, რომ ეკონომიკური გაჭირვების დროს ამერიკელმა დიასახლისებმა მას მიბაძონ და სუპერმარკეტში კიტრებსა და კომბოსტოებზე ფული არ დახარჯონ. არადა ხალხი ცოტა არ იყოს გაკვირვებულია პირველი ლედის 22 კაციანი მომსახურე ამალის მრავალრიცხოვნობით, რომლის შენახვაც ბეიუჯეტს ყოველწლიურად მილიონნახევარი დაუჯდება და, საერთოდ, პრეზიდენტობის პირველ 9 თვეს ცოლ-ქმარმა “სვეცკი” საღამოებისა და მეჯლისების მოწყობას იმდენი ფული შესწირეს, რაც ბუშის წყვილს თავისი 8 წლიანი მმართველობის განმავლობაში არ დაუხარჯავს. ”კულუარებში” მარტო თაფლი არ რიგდება, არამედ სკანდალებიც. აი, მაგალითად, გაეროს ასამბლეამ გადაფარა “გაუგებრობა”, რომელიც ცულ ცოტა ხნით ადრე თავის ბრუნებს იკრებდა. საქმე იმაშია, რომ ფარულმა კამერამ საქველმოქმედო ორგანიზაციის Icorn ქსელის საქმიანობა სააშკარაოზე გამოიტანა (ადრე იქ ბარაკ ობამაც მუშაობდა). ამ სტრუქტურის ფილიალი ხალხს ბორდელების მოწყობასა და გადასახადების დაფარვაში ეხმარებოდა თურმე. ამას ისიც დაემატა, რომ ობამასა და კლინთონის წინასაარჩევნო კამპანიების “ფაუნდრაიზერი” ჰასან ნემასი დააპატიმრეს, რომელსაც ბრალად საბანკო დოკუმენტების გაყალბება ედება. არაკულუარულად კი გაეროს ასამბლეამდე ობამამ პრესკონფერენციებისა და გამოსვლების რეკორდი მოხსნა. ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც ობამა არ გასაუბრებია, რესპუბლიკელების FOXnews იყო. თუმცა ამ უსიამოვნო ამბებს გაეროს სერიალისთვის ხელი დიდად არ შეუშლია. ობამამ სპეციალურ მიღებაზე სადღეგრძელოც შესვა. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის სიტყვებზე იმის შესახებ, რომ “გაერო მსოფლიოს მორალური ავტორიტეტის წყაროა”, ალბათ, თავად პან გი მუნსაც გაეცინა, იღონდ გულში. პროტოკოლი და ეტიკეტი თავისას მოითხოვს.



რით იყო გამორჩეული გაეროს 64-ე გენერალური ყრილობა? რით და დიდი ხანია კაპიტალიზმის ასეთი გულანთებული კრიტიკა და ამერიკის “კოლონიალური პოლიტიკის” ძაგება არ მომისმენია. ამ რიტორიკას მაიკლ მურის ეპატაჟური სერიის ბოლო ფილმის სახელად “კაპიტალიზმი: სიყვარულის ისტორიის” საგაერო ჩვენებაღა აკლდა. სამაგიეროდ, “დალაგებული” ქვეყნების ლიდერები კაპიტალიზმს არ აკრიტიკებდნენ, გლობალური დათბობის, განიარაღების პრობლემების, ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ საუბრობდნენ და ამიტომ მათი “სფიჩები” ლამის ერთმანეთის იდენტური იყო. ყველა გაიძახდა მულტიკულტურალიზმის მნიშვნელობაზე, სილამაზეზე და მსოფლიოში ახალი ტიპის ლიდერობის საჭიროებაზე, თუმცა არავინ აკონკრეტებდა, ახალ “ლიდერშიფამდე” რა სახის “პერესტროიკის” მატარებლით უნდა მივიდეთ. ცოტა განსხვავებული იყო თურქეთის პრემიერის რეჯებ ერდოგანის სიტყვა, რომელმაც ისრაელს თითი დაუქნია და პალესტინელების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. თქვა, რომ სამართლიანობა უსამართლობას უნდა დავუპირისპიროთ, გლობალური უსაფრთხოება – ტერორიზმს, მომავლის რწმენა შიმშილსა და სიღარიბესო. რაც ჩვენებურად იმას ნიშნავდა, რომ ჯანმრთელობა და სიმდიდრე უკეთესია, ვიდრე – ავადმყოფობა და სიღარიბე. ისრაელელი ბენჯამინ ნეთანიაჰუ კი ძალიან აღელვებული საუბრობდა, პალესტინის დემილიტარიზაციის მნიშვნელობას ხაზს უსვამდა, მთელს მსოფლიოს ირანისგან წამოსული საფრთხის შესახებ აფრთხილებდა, თან გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტს უსაქმურობაში ადანაშაულებდა, მერე კი გაეროსაც გადასწვდა. ბევრის სათქმელიც თქვა: “მე კი არ განვსჯი, არამედ ფაქტებით ვსაუბრობ. გაერო ტოტალურად დუმსო” ანუ გაერო აბსოლუტურად ურეაქციოაო; რუქებს აჩვენებდა, ჩერჩილს ციტირება, ეფექტიანი მშვიდობის დამყარებას მოითხოვდა და ბოლოს ივრითზე რაღაც ტექსტიც წაიკითხა, რომლიდანაც მხოლოდ პირველი სიტყვა “ადონაი” (“ღმერთი”) გავიგე.



აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები მალარიის გავრცელებასა და მდიდარი უცხოელების მიერ მათი რესურსების ცუდად და უსინდისოდ გამოყენებაზე ნერვიულად ყვებოდნენ. ასევ იხსენებდნენ აფრიკიდან წაყვანილი მონების მძიმე ხვედრს. გამომსვლელების ერთმანეთის მსგავსი მოხსენებების რიგიდან შეუდარებელი და დაუვიწყარი იყო ვენესუელელი ჰუგო ჩავესი, რომელიც ჰიპ-ჰოპის აუღიარებელ შემსრულებელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქვეყნის პირველ პირს. ტრიბუნასთან გულის ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი ამოიღო, რომელიც გამუდმებით ეხურებოდა და ამიტომ წამ დაუწუმ ასწორებდა. სამაგიეროდ, მოვიდა მარქსის “კაპიტალზე” უფრო დიდი სისქის წიგნით, რომელიც სოციალიზმის აშენებას ასწავლის და, კიდევ კარგი, მისი თავიდან ბოლომდე წაკითხვას არ შეუდგა. საუბრის დროს შიგა და შიგ პუბლიკას აკვირდებოდა, ძირითადად აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებს, ვინმე ნაცნობს თუ დაინახავდა, ხელს დაუქნევდა და ჰაეროვან კოცნებს უგზავნიდა. ისინიც ფეხზე დგებოდნენ და ტაშით ესალმებოდნენ. თავიდან დიპკორპუსის ამგვარი რესპექტი სახალისოც იყო, თუმცა ბოლოსკენ - მომაბეზრებელი. ჯერ გვიყვებოდა ფილმ “საზღვრების სამხრეთით” მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ, მერე მის ავტორს ოლივერ სთოუნს რომ დაუმეგობრდა (უცნაურია, მაიკლ მურს რომ “ვერ მიაგნო”), მერე ლულა, ლულას (ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა) გაიძახოდა და ციტირებდა. ჯერ ფიდელ კასტორს აუხსნა სიყვარული, მერე - თავის მეგობარს ბოლივიელ ევო მორალესს, მერე ეგზისტენციუალური კითხვა დასვა იმის შესახებ, თუ რატომ დაინგრა სსრკ და იქვე თავადვე გასცა პასუხი: იმიტომ, რომ თავისი გზა დაკარგაო და საბოლოოდ დაასკვნა, რომ XXI საუკუნეში სოციალიზმი გაიმარჯვებს! ამერიკას მხოლოდ რევოლუცია შესცვლის! იმპერიალიზმი დაემხობა! და ბოლოს ხალხს მოუწოდა, რომ ეგოიზმს შეეშვან. ცოტათი მაინც. მე რომ მისი მრჩეველი ვყოფილიყავი, ამერიკელ “ნოსტრადამუსს” ჰერალდ სელენტეს გავაცნობდი, რომელიც სამ წელიწადში აშშ-ში რევოლუციურ აფეთქებას წანასწარმეტყველებს.



ჭორიკანა ლარი კინგმა “ექსტრავაგანტური” ლიდერები თავის ეთერში მიიწვია. უფრო სწორედ, თავად ეწვია. ირანის პრეზიდენტს პროტესტის ნიშნად ნიუ – იორკის არცერთმა სასტუმრომ საბანკეტო დარბაზი არ დაუთმო, ლარი კინგმა ეთერი – დიდი სიამოვნებით. ჩავესმა CNN – ისა და ლარი კინგის საშუალებით დაგვამშვიდა, რომ ადრე გაეროში ბუშის გამო ეშმაკის სუნი მცემდა, ახლა – აღარო; ბუშმა ჩემი მკვლელობა შეუკვეთა, კილერებს თვალებში ჩავხედე, მაგრამ გადავრჩიო; ამერიკამ ნაგასაკი და ჰიროსიმა დაბომბაო (ამაზე, სხვათაშორის, იაპონიის თავკაცმაც შეგვახსენა); რუსეთი აშშ –ის მტერი არ არისო; ჰოლოკოსტი მარტო ებრაელებს კი არა, სამხრეთ ამერიკაში 19 მლნ. ინდიელსაც მოუწყვესო და 1 მლნ. დატოვესო; მომწონს ამერიკა, როკ-ნ-როლი და აწ გარდაცვლილი ჩარლზ ბრონსონიო; ჩემს დემონიზირებას ნუ ახდენთ, მე მეგობრული ვინმე ვარ, დედაჩემს უნდოდა მღვდელი გავმხდარიყავი, ქრისტიანი ვარო და საერთოდ, რატომ არის ობამა ორმაგი სტანდარტებით რომ მოქმედებსო, რა, – ორი ობამა არსებობსო და მისთანანი . . . სადღაც შუაში განაცხადა, რომ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსიც მისი ახლო მეგობარია და მის სოციალისტურ შეხედულებებს იზიარებს, თუმცა ლარი კინგმა რატომღაც არ ჰკითხა, მეფეობა, სოციალიზმი და საყოველთაო თანასწორობა რანაირად შეესაბამება ანტიკაპიტალისტურ შეხდულბებს – თქო? მე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად ვკითხავდი. აფსუსია, ვენესუელელი ლიდერი ნიუ-იორკში 23 სექტემებრს Merkin Concert Hall - ში ჯულიარდის ქართველი სტუდენტების საქველმოქმედო კონცერტს რომ არ დაესწრო, სადაც სააკაშვილმა კრემლს ჰუგო ჩავესის მშვიდობაში მოხმარება უსურვა და თავისი სხეულის ნაწილიც არ დაიშურა ქვეყნის გამთლიანების საქმეში, თორემ 24 სექტემებრს გაეროში ვენესუელის “ნაჩალნიკის” გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტის სახელსაც ხომ გავიგონებდით და “სახალისოც” მეტი გვექნებოდა.



ლარი კინგთან საუბრისას აჰმადინეჯადმა ბარაკ ობამას მიერ (ბრაუნიცა და სარკოზიც აღშფოთდნენ) ირანში ურანის გამამდიდრებელი ახალი ქარხნის არსებობის გამო გამოთქმულ შეშფოთებას მოულოდნელი, ხოლო თავის თავს კანონიერად არჩეული უწოდა, ირანის დიდი ცივილიზაცია ახსენა და ტელემასპინძელს ცალყბად შეჰპირდა, რომ ახალგაზრდა ამერიკელი მოგზაურების ბედზე დაფიქრდება. პილიგრიმობის დროს ბედოვლათ ამერიკელებს გზა აებნათ, ერაყიდან ირანში გადავიდნენ და ახლა იქაურ ციხეში ამყოფებენ. იმ უიღბლოების მშობლებს იმედიც კი ჰქონდათ, რომ მაჰმუდ აჰმადინეჯადი მათ შვილებს გაეროს ასამბლეაზე გამომგზავრებისას თან წამოიყვანდა, ასე ვთქვათ საჩუქრად, კეთილი ჟესტის სახით . . .



ასევე “დამამახსოვრდა” ზამბიის პრეზიდენტის რუპია ბანდას გამოსვლა, რომლის სიტყვაში იმდენი აბრევიატურა LDF, SPN , DSR, NLA , LBA და მისთანანი იყო, რომ დავკომპლექსდი და ტექსტს გული ვეღად დავუდე.



***



სანამ მსოფლიოს პროგრესულ და არც მთლად პროგრესულ ლიდერებს თავის “სფიჩებში” ბოლო შესწორებები შეჰქონდათ, 22 სექტემბერს ბორდვეიზე “მაგნუმის” წიგნის “ქართული გაზაფხული. მაგნუმის დღიურები” ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ქართველმა ბექა გოჩიაშვილმაც დაუკრა. 13 წლის ბექა მონტერეის საფორტეპიანო ჯაზკონკურსის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია, ამჟამად კი - ნიუ-იორკის ჯულიარდის სკოლის სტუდენტი. ბექას ვირტუოზობა მაილს დევისისა და ჰერბი ჰენკოკის კომპოზიციებით ჯულიარდის ჯაზ - ანსამბლთან ერთად 23 სექტემბერსაც ვიხილეთ და მოვისმინეთ.



ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის სამრევლოების მიტროპოლიტი დიმიტრისა (შიოლაშვილი) და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ნიუ-იორკის კაუფმანის ცენტში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საქმე იმაშია, რომ ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დროებით ქალაქის ერთ-ერთი სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა, ორი თვის წინათ ამ მისამართზე წირვა-ლოცვა შეწყდა (დრობით სხვა ეკლესიაში გაგრძელდა), ახლა კი ქართველები ქართული ეკლესიისთვის შენობის შეძენას აპირებენ და ეს საქველმოქმედო კონცერტიც საჭირო თანხის მოძიებისთვის იყო გამიზნული. პარალელურად ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოში ქართველი მხატვრისა და ხატმწერის ნიკო ჩოჩელის გამოფენა გაიმართა. ნიკო ჩოჩელი 14 წელია აშშ-ში მოღვაწეობს, აქ რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიაც მოხატა, თავისი სამხატვრო სკოლაც დაარსა და ამერიკის უნივერსიტეტებსა და სკოლებშიც ასწავლის.



იმ დღეს Merkin Concert Hall –ის სცენაზე ბექა გოჩიაშვილის გარდა საქართველოდან ჯულიარდში წარგზავნილი სხვა სტუდენტებიც უკრავდნენ: დავით ალადაშვილი და ნატალია კაზარიანი შოპენის, შუმანის, ბრამსის, დებიუსის ასრულებდნენ. დათოს მიერ რევაზ ლაღიძის “რონდო-ტოკატამ” ხმამაღალი “ბრავო-ბრავისიმო” დაიმსახურა, ბექას კი პუბლიკა “შოლარ” და “Cantaloupe Island” – ის შესრულების შემდეგ სცენიდან დიდხანს არ უშვებდა. რუსეთის გნესინების აკადემიის კურსდამთავრებულმა, იტალიური კონკურსის “ბრავო, ბრავისიმო” გამარჯვებულმა, თბილისში დაბადებულმა სოფო ნიჟარაძემ ინგლისურენოვანი სიმღერა “I Am Telling you” შეასრულა.



საღამოს დასასრულს მეუფე დიმიტრიმ გრიგოლ ხანძთელის სიტყვები გაიხსენა – საქართველოა იქ, სადაც ქართული წირვა-ლოცვააო. XIX საუკუნეში საქართველოს დაემართა ის, რაც სპარსების, მონღოლებისა და თურქების შემოსევების დროს არ დამართნია – ქვეყანამ ეკლესიის ავტოკეფალია დაკარგა. მოსკოვის მიტროპოლიტ ფილარეტს უთქვამს: “იბერია – საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ნუ შეურაცხყოფთ მას, რამეთუ საქართველოს შეურაცხყოფა ღვთისმშობლის შეურაცხყოფააო”. ქართულ ეკლესიას უკვე აქვს ჩრდილოეთ, სამხრეთ ამერიკისა და კანადის, ავსტრალიისა და ზელანდიის, დასავლეთ ევროპის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია. გრიგოლ ფერაძემ პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი დაარსა, ახლა კი დადგა დრო, რომ ქართული ეკლესია ნიუ-იორკშიც დაფუძნდეს. როცა მისი უწმინდესობა ილია II ირანში გახლდათ, მან ფერეიდნელ ქართველებს სთხოვა, დამლოცეთო, ჰოდა, იმათაც პატრიარქს შუა საუკუნისდროინდელი დალოცვა უთხრეს - “ღმერთს ებარებოდეო” . . .



მიხეილ სააკაშვილმა თავის სიტყვაში ქართულ ემიგრაციას საქართველოს სისხლი და ხორცი უწოდა, რომლის მხარდაჭერაც ქვეყანას ძალიან სჭირდება, “შორიდან მეტი განცდა და მგზნებარებააო”. ასევე გაიხსენა ამა წლის ზაფხულში ნინო ანანიაშვილის ნიუ-იორკიდან გაცილება, როცა 50 წუთის განმავლობაში Lincoln Concert –ში ფეხზე დამდგარი აუდიტორია ქართველ ბალერინას ტაშს უკრავდა და სცენიდან არ უშვებდა; შეაქო ერაყში ქართული კონტიგენტის პროფესიონალიზმი და გვაცნობა, რომ ჰოლივუდის ერთ - ერთ ფილმში არაყში ტყვედ ჩავარდნილ ამერიკელს ქართველები დაიხსნიან; რომ გენერალ პეტრეუსს ერთხელ ბუშისთვის მიუწერია – ერაყში ქართველთა კონტიგენტი საუკეთესოაო; რიჩარდ ჰოლბრუკმა კი საქართველოსა და რუსეთის ბრძოლა დავითისა და გოლიათის შერკინებას შეადარაო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ საბერძნეთში მძიმე მდგომარეობა იყო და ამის გამო ბერძნები უკეთესი ცხოვრების ძიებაში სამშობლოდან შორს გაემგზავრნენო. ამჟამად ამ ქვეყანაში 150 000 ქართველია და სწორედ მათ შეავსეს სამუშაო რესურსების ის ვაკუუმი, რომელიც ბერძნების გამგზავრებით შეიქმნაო. ირანში კი 1 მლნ. ქართველი ცხოვრობს და მათ XVII საუკუნის ქართული ენისა და ფოლკლორის შენარჩუნება შესძლესო; მუსლიმანი ქართველები, მაგალითად, თურქეთში მცხოვრებნი, არანაკლები ქართველები არიანო. სააკაშვილმა ისიც თქვა, ვისაც აქ წარმატების მიღწევა შეუძლია, მართლაც, მაგარიაო; რომ ბევრი ქართველი აღიარებას სამშობლოში კი არა, მის საზღვრებს გარეთ უფრო აღწევსო. პრეზიდენტმა ემიგრანტებს სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვა და გაიხსენა, რომ დიმიტრი ქართველმა ამერიკას ავიაინდუსტრია შეუქმნა; რომ ის რაკეტები, სახელად “ისკანდერი”, რომელიც ერთი წლის წინათ ჩვენს თანამემამულეებს თავს დაატყდათ, ქართველი ნადირაძის კონსტრუირებულია. “ჩვენ არაფერი გვჭირს წამოსაძახებელი. მთავრობას, რომელმაც წინააღმდეგობა არ გასწია, ეგონა, რომ გაერიდებოდა სიტუაციას და ოდესმე უკან დაბრუნდებოდა. შემდგომ კი ყოველი მათგანი სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა იმას, რომ მტერს წინააღმდეგობა არ გაუწია. მე ერთი გრამითაც არ ვნანობ წინააღმდეგობა რომ გავწიე. არც ერთი ჩვენი დევნილი ამას არ ნანობს”. “სჯობს საქართველოსთვის შევქმნათ, რასაც შევქმნით”- დაასკვნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურა საკმაოდ გამარტივდა და ქართველებს უცხოურთან ერთად ქართული პასპორტით სარგებლობის უფლებაც მიეცემათ.



***



საქველმოქმედო კონცერტს გაეროში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ლომაიაც ესწრებოდა. მე კვლავ არ გავუშვი შანსი ხელიდან და ჩემი თავი შევახსენე. ელჩმა განმიცხადა, რომ იგი პრესას ინტერვიუს არ აძლევს, რომ ინდივიდუალურად არავის ესაუბრება, მკითხა - სად ცხოვრობთო? ვუპასუხე: ნიუ-იორკში-მეთქი. პასუხის გაგონების შემდეგ დიპლომატმა ნიუ-იორკში მოქმედი ქართული მისიის საქმიანობის გასარკვევად თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში “გამაგზავნა”. რაზეც ვუპასუხე, რომ ეს არის დისკრიმინაცია, რომ მე არ მაინტერესებს მისი პირადი საქმეები და ჩემი კითხვები მხოლოდ გაეროს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებსა და მათ აღსრულებას შეეხება, რომ ასეთი პასუხით არ გამისტუმრებდა ამ ქალაქის მთავარი გაზეთის New Yorl Times-ის კორესპონდენტი რომ ვყოფილიყავი. ელჩის სიტყვები რაღაცნაირად არ ესადაგებოდა პრეზიდენტის ერთი წუთისწინანდელი გამოსვლის პოლიტიკურ – ოპტიმისტურ – ისტორიულ - ემიგრანტულ პათოსს. სამაგიეროდ, ინტერვიუზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძრვანელი დიმიტრი სანაკოევი დათქმის გარეშე დამთანხმდა. ჩემი პირველი კითხვა, ბუნებრივია, დევნილთა დაბრუნების საკითხს შეეხო.

No comments:

Post a Comment