წინა კვირას წმინდა გიორგის სახელობის უკრაინულ კათოლიკურ ეკლესიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხელ სააკაშვილის შეხვედრა გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის" მხრდამჭერებთან, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან. ტაძარში ამგვარი შეხვედრები და პოლიტიკურ თემებზე საუბარი, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ტრადიციადაც ჩამოყალიბდა: თითქმის სამი წლის წინსაპრეზიდენტო არჩევნებამდე სააკაშვილის ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა წმინდა მფარველი ღვთისმშობლის ეკლესიაში შედგა.
მიხეილ სააკაშვილის კათოლიკურ ეკლესიაში მოსვლამდე ტაძრის შესასვლელთან მცირედი ინციდენტიც მოხდა. პიროვნება, რომელიც ფეისბუკზე და არა მარტო იქ, ცნობილია თავისი ქსენოფობიურ – ჰომოფობიური, სექსისტური, პუტინის მხარდამჭერი პოზიციით და რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიუ იორკში საარჩევნო კომისიის წევრიც გახლდათ, თავის თანმხლებ მამაკაცთან ერთად (იგი ჩაქუჩით ადამიანების დაშინებას შეეცადა), ეკლესიაში შეღწევას ლამობდა, თუმცა იგი იცნეს და ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ იგი იძულებული იყო ადგილი პოლიციის მოსვლამდე დაეტოვებინა.
მიხეილ სააკაშვილმა საუბარი დაიწყო ამერიკაში მცხოვრები ქართველების – თამარ დავითაშვილისა (სახელოვნებო სტუდიის მფლობელი და აშშ–ში წარმატებული ქართველების დაჯილდოვების ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორი) და დავით ცქიფურიშვილის (ფილადელფიაში ქართული ვაზის ვენახისა და საწნახელის მფლობელი) ხსენებით და აღნიშნა, თუ რაოდენ რთულია უცხო მიწაზე ცხოვრების ნულიდან დაწყება, განათლების მიღება. მან გაიხსენა მისი და სანდრა რულოვსის ყოველდღიური რუტინა, როცა ნიუ იორკში ცხოვრობდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ხალხს ძალიან უჭირს" და ამის მაგალითად მოიყვანა სამეგრელოში მისი მეუღლის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი ქალი, რომელიც ავტოავარაიში დაიღუპა, როცა დაღლილი ღამის სამუშაოდან ბრუნდებოდა. იგი საცხობში ღამის ცვლაში მუშაობდა და მისი ანაზღაურება მხოლოდ თორმეტ ლარს შეადგენდა. დღისითაც და ღამითაც მუშაობა კი მას თავისი დისშვილების სარჩენად სჭირდებოდა, რომლებიც დედამ მიატოვა. "იმ დროს, როცა ასეთი ადამიანები ყოველდღიურად პურის ფულისთვის იბრძვიან და როცა თქვენც იცით, თუ რას ნიშნავს საქართველოში ოჯახის მხარდაჭერა, ქართველი ოლიგარქი ყოველ საღამოს ლექციებს კარლ მარქსისისა და ნიცშეს განსხავების შესახებ კითხულობს. ეს მაშინ, როცა ადამიანი შიმშილით კვდება".
სააკაშვილმა ასევე ისაუბრა იმის თაობაზე, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს შურისძიების პოლიტიკის გაჩაღებას, რადგანაც შურისძიება პატარა, დაკომლექსებული ადამიანის თვისებაა და ისიც გაიხსენა, რომ ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძე მას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღარ გახსენებია, რადგანაც აღარ აინტერესებდა. "ჩვენი შურისძიება იქნება ლაზიკას აშენება და განათლების საუკეთესო სისტემის შექმნა". მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი დრო დაიკარგა, მაგრამ ახლა "ისე ვართ "მოხოდილები" ამ გაბრაზების ნიადაგზე, რომ ათჯერ უფრო მაგრად წავალთ წინ. ჩვენი გამარჯვება გადაუვალია და საქართველო გამთლიანდება ".
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს იგი სიტუაციას, როცა საქართველოს საპატრიარქოს არასახელმწიფობრივი პოზიცია უჭირავს და როგორ ესახება მას საეკლესიო რეფორმა, მან უპასუხა, რომ მისი მმართველობის დროს მართლმადიდებელ ეკლესიას მაქსიმალურად ხელი შეეწყო, ექვსასზე მეტი ეკლესია აშენდა/რეაბილიტირდა და რომ ეს ინსტიტუცია სამომავლოდაც კარგი ადამიანების იმედადაა. მან ასევე ისაუბრა სასამართლო სისტემაში მაღალი პროფესიონალიზმისა და კორუფციისგან გაწმენდის საჭიროებაზე, მაღალი სტანდარტის შექმნისა და მაღალპროფესიონალური სასამართლოს მოღვაწეობის ტრადიციის ჩამოყალიბების საჭიროებაზე. ასევე აღნიშნა, რომ მისი მმართველობის დროს სასამართლო სისტემაში კადრები ასი პროცენტით შეცვალეს, მაგრამ რეფორმა ჩავარდა, ვერ იმუშავა.
სააკაშვილმა ისაუბრა რუსეთში შექმნილ სიტუაციაზეც და აღნიშნა, რომ "როცა რუსეთი სუსტი იყო, ჩვენ არ ვარსებობდით, როცა ჩვენ რუსეთს გავუსწარით, იგი თავს დაგვესხა. როგორც კი პუტინი მოსუსტდება, სიტუაცია ამ ქვეყანაში აფეთქდება. იქ მოხდება ის, რაც გარდუვალია, ამიტომაც საქართველო უნდა იყოს კარგ ფორმაში და ამ დროს ივანიშვილი არ უნდა იყოს მმართველობაში."
ნატოში გაწევრიანების თაობაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნატოს კარი ღიაა, როცა შენ ხარ ძლიერი და ვიღაცას სჭირდები. ივანიშვილის ფრაზა იმის თაობაზე, რომ "საქართველო აღარ უნდა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის პრობლემა, ეს ფაქტობრივად, რუსეთის მესიჯი იყო და დასავლეთსაც გაუხარდა. არადა ჩვენი მმართველობის დროს დასავლეთს ყველა მიმართულებიდან "საქართველო, საქართველო, საქართველო" ესმოდა და ყურები ჰქონდა გამოჭედილი. ამჟამად კი ისეთი პოზიციაში ვართ, რომ უკრაინასთან, პოლონეთთან ერთად უნდა გავძლიერდეთ. სხვა დონეზე უნდა ავიყვანოთ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტატეგიული კავშირი და რეგიონში გავძლიერდეთ".
ყოფილმა პრეზიდენტმა აშშ–ში მოახლოებული არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატებთან ნაცნობობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ორივესთან, დონალდ ტრამპთანაც და ჰილარი კლინთონთანაც კარგი ურთიერთობა აქვს; რომ ტრამპი მას მაშინაც ეხმიანებოდა, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი არ იყო და მისგან დაპირებაც მიიღო, რომ თუ პრეზიდენტი გახდებოდა, კომუნიკაციას უფრო ხშირი იქნებოდა. კლინტონზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დემპარტიის კანდიდატმა იგი ნობელის პრემიაზეც წარადგინა, რომ იგი ბილ კლინთონსაც იცნობს. "რაც შეეხება ჰილარის, მას რუსეთთან დაკავშირებით ილუზიები არა აქვს. დონალდს კი ამის გასარკვევად დრო დასჭირდება, ისევე როგორც ეს დასჭირდა მამა ბუშსა და მის შვილს. ობამამაც "გადატვირთვით" დაიწყო და რითაც დაასრულდა, ვიცით".
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ტრამპს, როგორც ბიზნესმენს, აქვს პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი. "როცა 1994 წელს მის ახალ შენობაში ვმუშაობდი, იქ კონდინცირება არ იყო და არც შხაპი. ერთხელ ტრამპი ლიფტში შემხვდა და მკითხა, მქონდა თუ არა რაიმე პრეტენზია. ამ პრობლემის შესახებ ვუთხარი. მეორე დღეს შხაპი უკვე იყო. და ვინც იცნობს ნიუ იორკის სპეციფიკას, აქ ერთ დღეში არაფერი კეთდება. თუმცა ტრამპს ეს შეუძლია. საქართველოში კი ახლანდელმა მთავრობამ "ტრამპ ტაუერის" მშენებლობა დაბლოკა. სააკაშვილმა "ქართული ოცნების" ეს გადაწყვეტილება მავნებლობად შეაფასა, ხოლო ივანიშვილს "მტაცებელი ტურა და გიენა" უწოდა, რომელსაც ვეფხვთან და ლომთან შერკინება არ შეუძლია.
ნიუ იორკში მცხოვრებმა ქართული პატრულის ყოფილმა თანამშრომელმა საპატრულო სამსახურში ქართველი პოლიციელებისთვის მუშაობა გაუსაძლისად შეაფასა და სააკაშვილს საპატრულო სამსახურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე ჰკითხა. სააკაშვილმა ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუღებელი განცხადების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინათ თხუთმეტი წლის ბავშვის მკვლელობას მოჰყვა და დასძინა, რომ გირგვლიანის მკვლელობას, ამ მძიმე დანაშაულს დამნაშავეების დაჭერა მოჰყვა, ხოლო "იმ დროს ვიღაცას ვიღაცისთვის დაერეკა და საპატრულოსთვის უბრძანებია რა ეთქვა და რა – არა, წარმოუდგენელი იყო". სააკაშვილმა ისაუბრა ბუჩქებში ჩასაფრებული "გაიშნიკების" ინსტიტუტის გაუქმებაზე და აღნიშნა, რომ ქართული პოლიცია ამერიკულზე უკეთესი იყო. ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის პოლიციაში, მათ შორის, საპატრულოში ეკა ზღულაძისა და ხატია დეკანოიძის როლს და იმასაც, რომ ამ ადამიანებმა უკრაინაში ქართული პოლიციის ასლი შექმნეს.
"ივანიშვილს ჩემი ჩასვლის პანიკურად ეშინია“, – თქვა სააკაშვილმა, „2012 წელს ეს კატასტროფა იმის გამოც მოგვივიდა, რომ რეგიონში მარტო დავრჩით. უკარიანაში იანუკოვიჩი იყო, ამერიკას ისე აღარ ვაინტერსებდით და ხალხმა თქვა დავიღალეთო, აგერ ეს კაცი ჩამოვა და ურთიერთობას დაგილაგებსო. მაგრამ პუტინი მას ერთხელაც არ დაელაპარაკა. როგორც ხელის ბიჭს, ისე მიუგდო ფული სააკაშვილის ჩამოსაშორებლად. პუტინი ბევრად უფრო მეტ პატივს გვცემდა, როგორც მტერს, ვიდრე ამ ხელის ბიჭებს. როგორც ივანიშვილი ეპყრობა ჯაჭვლიანს, რადგანაც ინახავს, ისე პუტინი – ივანიშვილს. ამიტომ მნიშვნელოვანია უკრაინის ხაზის შენარჩუნებაც. ჩემი გული კი საქართველოს ეკუთვნის. ბოლო თვეები სხვა ვერაფერზე ვფიქრობ და ვმუშაობ. ჩემი მთავარი გეგმაა საქართველოს სწრაფი განვითარება" – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და არჩევნების შედეგების დაცვას.
30.09.2016 (ოქტომბერი)
ია მერკვილაძე
No comments:
Post a Comment