თავადაც მოძრავი მხატვარია: თბილისი, მოსკოვი, პარიზი, კიოლნი, ამსტერდამი, ნიუ-იორკი. დღეში 20 საათი მუშაობს და ეს მისთვის სავსებით ნორმალუარია. რაც მეტს მუშაობს, უფრო მეტადაა ბედნიერი და ამიტომაც ამ ფუფუნებას თავის თავს არ აკლებს. რასაც არ უნდა აკეთებდეს, როგორც თავად ამბობს - თავის საქმეზე ფიქრობს. ამავე დროს “კარჩაკეტილიცაა”, მაგრამ არც მთლად კლასიკური ასკეტია. ნიუ-იორკში 2003 წლიდანაა. თვლის, რომ ცხოვრება, როგორი მონოტონურიც არ უნდა იყოს, მაინც “მოძრავ კადრებში” ეწერება; ყველაფერი ავტომატურად ისე რომ აკეთო, როგორადაც - წინა დღეს, ახალი დღე მაინც სხვაა, რადგან ახალ ფორმას, ნიუნსს გთავაზობს; რაღაც ძველდება, მერმე კი დილას – ახლდება, ხელახლა იბადება. . .
ლუკა ლასარეიშვილის გამოფენები შთამბეჭდავია. ამ შემთხვევაში მხოლოდ მის ნამუშევრებს სულაც არ ვგულისხმობ, არამედ - დამთვალერებელთა რეაქციას. თავად მხატვარს ყველაზე მეტად მისი “Moving Stills” –ის პირველი ჩვენება დაამახსოვრდა. გერმანიაშიც და აქაც, ნიუ - იორკში. ხშირად გამოფენაზე მისულნი მეტ - წილად სასმელს აგემოვნებენ, ერთმანეთს ესაუბრებიან, წინ და უკან მიდი-მოდიან, ზოგიც ისე ტოვებს გამოფენას, რომ ნამუშევრები ყურადღების მიღმა რჩება. ლუკა ლასარეიშვილის იმ გამოფენაზე კი გასუსულები და გაშეშებულნი იდგნენ, ხელში ნახევრად სავსე ჭიქებით. თითოეულ ნახატთან დიდი ხნით ყოვნდებოდნენ და სხვადასხვა რაკურსიდან დაკვირვებით ათვალირებდნენ.
ლუკა ლაზარის ერთ-ერთ გამოფენას ნიუ-იორკში ცნობილი ხელოვნების კრიტიკოსი ჯერი ზალციც ესტუმრა და მხატვარს თავისი შეფასებაც გაუზიარა. უთქვამს: ”დღეს მეორედ მოვედი თქვენს გამოფენაზე, რადგან მინდოდა პირადად მენახეთ. არ მეგონა თუ კიდევ იყო შესაძლებელი ისეთი რამის გაკეთება, რომელიც არც ერთ მიმდინარეობაში არ ჩაეწერება. თითქოს ოპარტია და ამავე დროს არცაა ოპარტი, თითქოს მინიმალური აბსტრაქციაა და არც ეგაა. ექსპრესიულია და ამავდროულად - არა. არც გეომეტრიულია. მოკლედ, დღეს ის ვნახე, რაც აქამდე არსად მინახავს. დიდი მადლობა.” სანამ წავიდოდა, დასძინა; “ისე, გულს ნუ გაიტეხთ, დღეს თუ თქვენს ხელოვნებას ვერ გაიგებენ, რადგან ამისთვის მზად არ არიან. თავის დროზე ვერც გოდარი გაიგეს და ვერც ამას გაიგებენ. . . ”
- თქვენ რა უპასუხეთ?
- დიდი მადლობა. მეტი რა უნდა მეთქვა? ასეთი სიტყვები ჩემთვის ახალი არ არის, თუმცა, რასაკვირველია, ამგვარ შეფასებას ჯერი ზალცს დიდად ვუმადლი. რაც შეეხება სხვადასხვა კოლექციაში მხატვრის ნახატების მოხვედრას, ეს ძალიან საჭირო და სავალდებულოცაა.M მაგრამ ხელოვნებაზე დღეს კოლექციონერები უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე თავად ხელოვანები. ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა კერძო კოლექციებსა და მუზეუმებშია. ზოგიერთის შესახებ ვიცი, ზოგიერთის შესახებ - არაფერი. მართალი გითხრათ, დიდად არ მაღელვებს ის, თუ სად არიან ამჟამად. ჩემთვის მთავარია ვიმუშაო. კოლექციონერი კი თავისი საქმითაა დაკავებული. ხელოვნების ნაწარმოებს მდიდარი ადამიანი ყიდულობს, ჰოდა, კოლექციონერია მდიდარი, ფულიანი, რომელიც თავის ფულს ზუსტად ისე აბანდებს, როგორადაც საჭიროდ თვლის. თუმცა ისიც ვიცი, რომ მეტწილად ნახატის შეძენის მიზეზი არა ჭეშმარიტი მოწონებაა, არამედ საჭიროება: ერთს თუ აქვს, მეორესაც უნდა ჰქონდეს. და ასე, ჯაჭვური რეაქციით . . . ხანდახან ნამუშევრის ფასი კოსმიურ თანხამდეც კი აჰყავთ. ისე, ვინმე თუ ჩემი ნამუშებრით ფულს მოიგებს, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს. რასაკვირველია, ისიც ვიცი, რომ მე არავინ დამირეკავს იმის სათქმელად: “ბატონო, თქვენმა ნამუშევარმა ამაშენა და ამ მიზეზის გამო გადავწყვიტე, რომ მოგებული თანხა გაგინაწილოთ” . . .
***
ლუკა ლასარეიშვილი თბილისში დაიბადა, სკოლა და შემდგომ სამხატვრო აკადემია თბილისშივე დაამთავრა. ბავშვობიდანვე იცოდა, რომ პროფესიით მხატვარი უნდა გამოსულიყო. უფრო სწორედ, ამას მისგან ყველა მოელოდა. “თავად კი მოზრდილობისას ექიმობა ან ფსიქოლოგობა უფრო მინდოდა” - მაგრამ ბოლოს მაინც ინერციით “მოწოდებულმა” პროფესიამ გაიმარჯვა და მხატვარი გახდა. როგორც თავად აზუსტებს – “ხელოვნების მსახური.”
***
საუბარს სამხატვრო აკადემიაში გატარებული წლების შესახებ მის სასტუმრო ოთახში ვიწყებთ, რომელიც კედლებზე განთავსებული “მოძრავი კადრების” გამო ოდნავ ხელს მიშლის. ყურადღებასა თუ მზერას “მპარავს”, ამიტომ ვცილობ დროზე “დავბრუნდე”.
- სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება,- ამბობს ლუკა. – მაგრამ, ადგილები, როგორც ჩანს, ჩემზე უკეთესი მხატვრებით დაკავდა. ამიტომაც სამი წლის მცდელობის შემდეგ თავი ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე ამოვყავი. რესტავრატორობა გულზე მაინცდამაინც არ მეხატებოდა, ამიტომ ვცდილობდი მთელი დრო ფერწერისათვის დამეთმო. ვინაიდან ფერწერის საათები ნაკლებად გვქონდა, ამიტომაც მეტ წილად სახლში ვხატავდი. სტუდენტობისას რესტავრაციის სტუდენტისთვის საჭირო მოთხოვნილებებს ვერ ვაკმაყოფილებდი, ჩემს ფერწერას კი ყურადღებას არავინ აქცევდა და ამიტომაც ცუდ სტუდენტად ვითვლებოდი. მაგრამ მე მაინც დაჟინებით განვაგრძობდი ფერმწერობას. რადგანაც ჩემთვის არავის ეცალა, ბიბლიოთეკაში ვიჯექი ხოლმე და მთელის სერიოზულობითა და დიდის ყურადღებით მხატვრთა ცხოვრებისეულ გზებს ვეცნობოდი. ჩემი პირველი გატაცება ვან ხოხი იყო.
- ალბათ, “ვან გოგი” გინდოდათ გეთქვათ, არა?
- არა. ვან ხოხი. ჰოლანდიურად იგი ხოხია და ამიტომ მისი გვარის შეცვლას არ ვაპირებ. ვკითხულობდი მის წერილებს, ყველაფერს მის შესახებ, რაც კი რამ იყო დაწერილი და ვცდილობდი არა მარტო მასავით მეხატა, არამედ მასავით მეცხოვრა კიდეც. ვან ხოხი არ ვიყავი და ამიტომ დიდხანს მის როლში ვერ დავრჩი. შემდგომი გატაცების იბიექტი მოდილიანი იყო. მოდილიანის სიყვარულმა აფრიკაში გადამისროლა. აფრიკას ძველი ეგვიპტე და საბერძნეთი მოჰყვა. წლები გადიოდა და ხელოვნების ისტორიაში ჩემი ხეტიალიც სულ უფრო ღრმავდებოდა. ჩემი ხელი მემორჩილებოდა და სასურველ სამხატვრო სტილში ჩემი საკუთარი ნახატების შესრულებაც მიადვილდებოდა. ერთი კი იყო რომ ამ სურათებში ჩემ თავს ვერ ვხედავდი, მაგრამ აქ ჩემი ფსიქოლოგიით გატაცება მშველოდა და თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს მხოლოდ სწავლის საფეხურები იყო. სხვების გამონათქვამები კი იმის შესახებ, რომ ჩემი ნახატი ხან ამას ჰგავს, ხან იმას, ნაკლებად მადარდებდა. ამასობაში დიპლომის დაცვის დროც მოვიდა და სადიპლომო თემად გადავწყვიტე მე-17 მე-18 საუკუნის იმერული ქორწილი პეტერ ბროიგელის სტილში დამეხატა. ამას დიდი სიყვარულით ვაკეთებდი, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა მქონდა. მე, როგორც რესტავრაციის სტუდენტს, დიპლომი სწორედ რომ რესტავრაციაში უნდა დამეცვა. ამაში ძალიან დამეხმარა ჩემი რესტავრაციის პედაგოგი ჯონი ახობაძე, რომელიც, მგონი, ერთად ერთი ადამიანი იყო, ვინაც ჩემში ფერწერის დიდი სიყვარული დაინახა, ყოველანაირად გვერდში მედგა და ჩემი აღსადგენი ხატი ლამის თავად გაარესტავრირა. რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა.მაგრამ მე, როგორც ფერმწერი. . . . .
- “სხვა ნაპირს” - აბსატრაქციას “მიადექით”, არა?
- აბსტრაქცია, როგორც ასეთი, ნანახი მხოლოდ შავ-თეთრი რეპროდუქციებში მქონდა და თანაც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მაშინ ხომ ინფორმაცია აბსტრაქციონიზმის შესახებ არ არსებობდა, თანაც არასერიოზულ ხელოვნებად ითვლებოდა და მეც ამ ყველაფრის ბრმად მჯეროდა. როცა აკადემია დავამთავრე მხატვრის სახლში, რომლის დირექტორი თემო გოცაძე იყო, ასპირანტურის მსგავსი შემოქმედებითი სახელოსნო გაიხსნა, სადაც რამდენიმე მხატვარი მუშაობდა და იქ მეც როგორღაც მოვხვდი. ხელფასებიც კი დაგვინიშნეს. ჩემი ბროიგელური ხელწერა კარგად მუშაობდა. დიდი ტილო მქონდა დაწყებული - სახელად “სოფლის აქიმი”. წინა პლანზე ეზოში, სკამზე დაბმულ პაციენტს კბილს თხრიდნენ; იქვე წყაროს პირზე უკვე კბილამოთხრილი პაციენტი პირში წყალს ივლებდა; უკანა პლანზე ხეზე ქალი ასულიყო და ვაშლებს კრეფდა; კიბის ქვემოთ კი მას ორი პატარა ბიჭი ქვემოდან უჭვრიტინებდა. მათ უკან მეზობლის ეზო ჩანდა, სადაც სახლის კარებს ეჭვიანი ქმარი ნაჯახით უტევდა; ფანჯრიდან ნახევრად შიშველი კაცი ქოფაკი ძაღლის მიუხედავად ჩახტომას ცდილობდა, ხოლო ქმრისა და საყვარლის შუა მდგომი თავზარდაცემული შიშველი ქალი თავში ხელებს იშენდა და ა. შ. კომპოზიცია ერთი ეპიზოდიდან მეორეში გადადიოდა. ორმეტრიანი ტილო ნახევრად დახატული იყო, როცა შემთხვევით, ტუმბოებზე დადებული კარი, რომელსაც პალიტრად ვხმარობდი, ძირს თავდაღმა გადმოვარდა, საღებავები კი იატაკზე დაიღვარა. სასწრაფოდ იატაკის საწმენდი დიდი ჯაგრისი ავიღე და საღებავების აწმენდას შევუდექი. მათი გადაყრა დამენანა, ამიტომ სურათის დაუხატავ ნაწილზე გრუნტის სახით მათი წასმა გადავწყვიტე. გადავუსვი და როცა სურათს შევხედე, რაღაც დავინახე, რაღაც, რაც აქამდე არ მენახა – ტილოზე უცნაურ ლაქასა და ჩემს ნახატს შორის მხოლოდ პატარა, დაუფარავი საზღვარიღა დარჩენილიყო. ჯაგრისს დავხედე - საღებავები კიდევ შემორჩენოდა. ჰოდა, ავიღე და ეს შუა საზღვარიც გავაქრე. დავჯექი და სურათს დავაკვირდი. ჩემდა გასაოცრად ლაქა უფრო მრავლის მთქმელად მომეჩვენა, ვიდრე ამდენი ხნის ნაჯახირალი სიუჟეტი. ბევრი არც მიფიქრია და მთელი ტილო ვაქციე ერთ მთლიან, მომაჯადოებელ ლაქად. კოლეგებს ჩემი ახალი აღმოჩენისგან მიღებული აღტაცება გავუზიარე. სამწუხაროდ, მათთვის ჩემი სიხარული ნაკლებად საყურადღებო აღმოჩნდა . . . მერე კი ჩემი აბსტრაქციით იმედგაცრუებულებმა განმიცხადეს, რომ ამგვარი ნახატის შესაქმნელად ჩემი იქ ყოფნა სულაც არ იყო სავალდებულო. ერთი სიტყვით, შემოქმედებითი სახელოსნოდან “გამათავისუფლეს”. ეს დანაკარგი დიდად არც მიდარდია და ამიტომ ახალი აღმოჩენით გახარებული სახლში ამაყად დავბრუნდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩემს აღზრდას რაღაც აკლდა. ეს რაღაც - აბსტრაქცია იყო.
- საქართველოდან სწორედ ამის გამო გაემგზავრეთ?
- საქართველოში ჩემი, როგორც მხატვრის, ავტორიტეტი შეირყა: გამოფენებზე ჩემს ნამუშევრებს აღარ ფენდნენ, აღარც სახლში დამედგომებოდა. შემოქმედებითი სახელოსნოდან ჩემი გასტუმრება და აბსტრაქციებით გატაცება ჩემს მიმართ უნდობლობას ბადებდა, შეურაცხყოფილმა მშობლებმა კი ხატვა ლამის სახლშიც კი ამიკრძალეს. იძულებული გავხდი ავლაბარში სახელოსნო დამექირავებინა. სახელოსნო კი ერთი დაფეხვილი, სამ კედლიანი შენობა იყო. მეოთხე კედლის ნაცვლად ბრეზენტი იყო ჩამოფარებული. მუშაობა სწორედ იქ განვაახლე.
ერთხელ მხატვართა კავშირში საღებავებისა და ტილოების საყიდლად მივედი. იქ შურა ბანძელაძეს (ერთ დროს ბატონ შურასთან აკადემიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი) შევხვდი. მკითხა აქ რას აკეთებო? მე ვუპასუხე: “საღებავებსა და ტილოს ვყიდულობ, ძია შურა-თქო”. იმან კი: “გასულ კვირას გნახე რომ იყიდე, მე რას მატყუებო. წადი სახლში და ხატე, შენ ნიჭიერი ხარ და ხელს ნუ გაიფუჭებო” . . . ბატონ შურას ეგონა, რომ მეც სხვა მხატვრებივით სამხატვრო კავშირის შეკვეთებს ვასრულებდი. მე კი დასამშვიდებლად მივუგე: “ნუ გეშინიათ, ძია შურა, დაკვეთებს არ ვაკეთებ, უბრალოდ, ისეთ რამეებს ვხატავ, რომ ბევრი მასალები მჭირდება. თქვენც ვერ გეტყვით, რადგან მაინც ვერ გამიგებთ – თქო”. ცოტა ეჭვის თვალით შემომხედა და ჩამაცივდა, რას აკეთებ ასეთსო? მეც ნელა - ნელა შევაპარე, აბსტრაქციებით ვარ გატაცებული-თქო. გაეცინა, თავისთან სახლში წამიყვანა და თავისი ნამუშევრები - აბსტრაქციები მაჩვენა. პირდაღებული ვუყურებდი მის ტილოებს, თვალებს არ ვუჯერებდი. მე მეგონა, რომ ბატონი შურა გალაქტიონისა და ლენინის მეტს არაფერს ხატავდა. არადა თურმე მე რომ დავიბადე, 50-იან წლებში, აბსტრაქციებზე მუშაობა მაშინ დაუწყია. მერე ჩემი ნამუშევრებიც ვაჩვენე და ერთმანეთი ხელახლა ასე გავიცანით. ერთხელ ხელოვნების მუზეუმში დავით კაკაბაძის მიერ პარიზში შესრულებულ აბსტრაქციებს ვუყურებდით და მითხრა: “მე შენს ადგილზე მოსკოვში წავიდოდიო, თორემ აქ ცოდო ხარ, ისე მოკვდები, რომ ჩემს მეტს შენი ნახატები არავის ეცოდინებაო” . . . სწორედ ამან გადამაწყვეტინა მოსკოვში გამგზავრება. იმდროინდელ მოსკოვში ავანგარდისტების ჯგუფი არსებობდა და ნელ - ნელა მათთან დაახლოვებაც მოვახერხე. ერთხელაც ლეონიდ ბაჟანოვს შემახვედრეს, მას ჩემი ნამუშევრების სლაიდები ვაჩვენე, ძალიან მოეწონა და გამოფენის მოწყობაც შემომთავაზა. თბილისში შურა ბანძელაძის გარდა კიდევ იყო ერთი - ორი ჩემი ნაცნობი მხატვარი, ვინაც აბსტრაქციებით იყო გატაცებულები. 1987 წელს მოსკოვში ლეონიდ ბაჟანოვის ხელშეწყობით პირველად მოეწყო ქართველ მხატვრების არაფიგურატიული გამოფენა, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. მოსკოვურ გამოფენას გამოხმაურება თბილისშიც მოჰყვა. “ცისფერი გალერეის” დირექტორმა ბატონმა მიშა ყიფიანმა მოსკოვის გამოფენის მონაწილე მხატვრების თბილისში გამოფენა თავის თავზე აიღო. მიუხედავად იმისა, რომ გამოფენა საქართველოში გაიმართა, მე მაინც მოსკოვში დარჩენა ვამჯობინე. მოსკოველი მხატვრები კოლეგიალურად მექცეოდნენ, ქართველი კოლეგებისგან განსხვავებით ჩემს ნამუშევრებზე სერიოზულად საუბრობდნენ. ამავე დროს ჩემს სახელოსნოში ჩემს გასაცნობად დაინტერესებული უცხოელი სტუმრებიც მოჰყავდათ. ასე გავიცანი რამდენიმე უცხოელი, რომელიც ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდა და საზღვარგარეთ გასვლაშიც დამეხმარა.
- რა გამოცდილება შეგძინათ რუსეთმა, ევროპამ, ამერიკამ?
- როგორც მხატვარს? არა მგონია, რომ ამ ქვეყნებმა ჩემზე რაიმე ახალი გავლენა მოახდინეს ანდა როგორღაც შემცვალეს. დასაწყისშივე გითხარით, მე ჩემი თავის აღზრდას თავად ვიყავი დაჩვეული და ამ ტრადიციას დღესაც არ ვღალატობ. მრავალი განსხვავებული მედია, სტილი თუ კონცეფცია, რაც მე მიკეთებია, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი ინტერესებიდან თუ აღზრდიდან მომდინარეობდა. როგორც პიროვნებას, მართლაც რომ ბევრი რამ შემძინა. პირველ რიგში, წესრიგს მიმაჩვია, გლობალური აზროვნების გაუნჯობესებაში დამეხმარა, ინტეგრაციის აუცილებლობა, ნაციონალობისა და რასიზმის უაზრობა მასწავლა; საკუთარი თავი დამანახა, ცივილიზებულ ყოფას მაზიარა . . . ყველაფერი ამის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. უბრალოდ ის, რაც გაგონილი მქონდა ადამიანის დადებითი მხარეების შესახებ, ფიზიკურად განმაცდევინა, შემასწავლა და შემაყვარა. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მე რუსეთმა, ევროპამ და ამერიკამ გარკვევით დამანახა გახლდათ შემდეგი - ყველა ადამიანს სახლი და თანამდგომთა წრე სჭირდება. სახლში, უბრალოდ, ბუდეს, კუთხეს, სამშობლოს ვგულისხმობ. ამის გამო ვერც რუსი გავხდი, ვერც გერმანელი, ვერც ამერიკელი და ბოლომდე ვერც ქართველად დავრჩი.
- ემიგრაციამ?
- მე ჩემს თავს ემიგრანტად ვერ ვხედავ. ემიგრანტი სხვა ქვეყანას შეკედლებული, დამოკიდებული, მეტწილად გასაცოდავებული ადამიანია, რომელიც იძულებით მარტოობაშია, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სასურველ ქვეყანაში ცხოვრობით კმაყოფილია და იმ ერთადერთი იმედით საზრდოობს, რომ ემიგრანტის კლიშე მის შვილიშვილებს მაინც ჩამოსცილდეს. ემიგრანტების თვისებაა თავიანთი კომუნების შეკრება და ხელიხელჩაკიდებული სიარული. მე ეს საკითხი საერთოდ არ მაწუხებს, რადგან სოციალური ცხოვრების დიდი მოყვარული ისედაც არა ვარ. რატომღაც იგი უფრო დროის ფუჭად კარგვა მგონია. თანაც ჩემი საქმით ისე ვარ დაკავებული, რომ დრო საერთოდ აღარ მრჩება იმისთვის, რომ რაიმე მომენატროს.
- მხატვარი დღეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მხოლოდ ხელოვნებით არსებობა, ალბათ, გაუჭირდება . . .
- ვინ გითხრათ? არიან მხატვრები, რომლებიც მშვენივრადაც არსებობენ. სამწუხაროდ, ეს ყველა მხატვარზე არ ითქმის. თქვენ, ალბათ, ფულს გულისხმობთ . . . რასაკვირველია, ფული კაცობრიობისათვის საჭირო ატრიბუტია. იგი მეც ისევე მესაჭიროება, როგორადაც - თქვენ. მაგრამ ფული არ არის ჩემი ცხოვრების საზომი ერთეული. ფულზე ჩემი დამოკიდებულების საილუსტრაციოდ კი ცნობილი ფსიქოლოგის ერიხ ფრომის ერთი წიგნის სათაურს მოვიშველიებდი “To Have Or To Be?” - ქონა თუ ყოფნა.
- ანუ ესეცაა თქვენი “ცხოვრების კონცეფცია” . . . თქვენი ხელოვნების კონცეფციას თავად როგორ დაახასიათებდით?
- როგორც ფსიქოდელიურს . . . სანამ ამ კონცეფციას მივაგნებდი, უამრავი “ცდის” ჩატარება დამჭირდა. ჩემი ხელოვნება სინთეზია იმისა, რაც ბავშვობიდან ვიდრე დღემდე მიკეთებია. ჩემი ნამუშევრების მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვარ და ძიების ეს განუწყვეტელი პროცესი სწორედ ამას უნდა დავაბრალო. უპირველესად, ალბათ, იმასაც, რომ ჩემი ნამუშევარი ხანდახან რომელიმე სხვა მხატვარს მაგონებდა და მიუხედავად ჩემი ამ მხატვრისადმი უშუალო დამოკიდებულებისა, ნახატის ჩემზე ზემოქმედება აღარ მაკმაყოფილებდა; ხან არც მისი სიტკბოება ანდა სენტიმენტალურობა მომწონდა; ხან არც იდეის ბანალურობა ანდა შემთხვევითობა. ჩემთვის ნაწარმოები ბოლომდე გააზრებული და სრული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. სწორედ ამ მიზეზების გამო ხატვა შევწყვიტე და ინსტალაციებისა და ობიექტების კეთებაზე სრულად გადავერთვე. მოგვინებით კი მხოლოდ ვიდეო არტით ვიყავი გატაცებული. კმაყოფილება ამანაც რომ ვერ მომგვარა, საბოლოოდ მუშაობაც კი შევწყვიტე და დაახლოებით ორი-სამი წელი მხოლოდ კითხვით დავკავდი და შიგადაშიგ ჩემს თავზე ფსიგოლოგიურ თეზისებსაც ვწერდი.
ჩემს საძინებელ ოთახში, ფანჯარაზე თეთრი ტილოს ფარდა იყო ჩამოკიდებული. ერთხელ შევამჩნიე, რომ გარე სამყაროსთან ჩემი კავშირი სწორედ ეს თეთრი ფარდა გახლდათ. დილით გაღვიძებისთანავე ამ ფარდას გავხედავდი და ზუსტად ვიცოდი თუ როგორი ამინდი იყო გარეთ: მზიანი თუ მოღრუბლული, ქარიანი თუ წვიმიანი. გარედან რაიმე ხმას თუ გავიგონებდი, სწორედ ფარდით ვხვდებოდი იქ რა ხდებოდა. ადამიანებსაც მათი ხმების მიხედვით ვხედავდი ანდა თუ მანქანა ჩაივლიდა, ისიც კი ვიცოდი - რა მანქანა იყო. ჩემს თეთრ ფარდაზე მხოლოდ ერთი და იგივე გეომეტრიულ ფორმას ვხედავდი. რატომღაც მომინდა ამ თემაზე მუშაობა. დავიწყე მინიმალისტურ-გეომეტრიული აბსტაქციების ხატვა. ამ სერიას “თეთრი ფარდა” დავარქვი. მერე ნელ - ნელა ფერი გავაქრე და მარტო ხაზები დავტოვე, შემდგომ რედუცირება ხაზებსაც დავუწყე და ბოლოს ორ-სამმეტრიან ტილოებზე მხოლოდ შეუმჩნეველი ერთი წვრილი ხაზი დამრჩა. ცარიელი ტილოები გაცოცხლდნენ, საკუთარი სიცოცხლე შეიძინეს და თავად დაიწყეს თვალით მანიპულირება. თითქოსდა მთელი უწყვეტი კოსმოსის ნაწილი გახდნენ, სადაც აღარც საწყისი ჩანდა და აღარც - სასრული. ნახატები უკვე ჩემში არსებობდნენ. ასეთმა გრძნობითმა ნახატებმა ისე გამიტაცეს, რომ დღე და ღამ სახელოსნოში ვატარებდი. ამ სერიებს “One-Liners” (ინგლისურიდან ზუსტი თარგმანით მოკლე ხუმრობის ან მხიარული აზრის აღმნიშვნელია) დავარქვი. მერე უკვე სხვადასხვა ვარიანტებს ვაკეთებდი, გაწყვეტილმა ხაზებმა სიჩქარის ეფექტი და ოპტიკური ცვლილებები გამოიწვიეს. ახალ აღმოჩენას “Moving Stills” დავარქვი, რომელიც სამ ეტაპად მქონდა დაყოფილი: პირველი, მეორე და მესამე. დღეს მხოლოდ ერთი სახელი - “მოძრავი კადრები” ჰქვიათ.
- ინსტალაციები და ობიექტებიც ფსიქოდელია იყო?
- მე “ფსიქოდელიას” ინსტალაციებს და ობიექტებს არ დავარქმევდი. ჩემი ინსტალაციები და ობიექტები მეტწილად ადამიანების ნაკლოვანებების კრიტიკაზე იყო დაფუძნებული. მაგალითად: ობიექტი “ნამუსი”, რომელსაც წინ ხალხური გამონათქვამი “თუ ნამუსი სუფთა არ გაქვს, სარკეში ვერ ჩაიხედავ” უძღოდა, ასევე ლავრენტი ბერიას გამონათქვამი: “თუ სიცოცხლე გინდა, დაივიწყე ნამუსი.” კვარცხლბეკზე, ადამიანის სიმაღლეზე, სარკეში, სადაც სახის დანახვაა შესაძლებელი - ოქროს ტარიანი ნაჯახია ჩარჭობილი. ეს ობიექტი გერმანიის ქალაქ ჰურტში, დიდ სავაჭრო ცენტრში დღესაც დგას. ასევე გავაკეთე ტოტალური ინსტალაცია სახელწოდებით “ჯვაროსნული ლაშქრობა III”. ტოტალური ინსტალაციის დროს თემის მოთხოვნილებისდა მიხედვით საგამოფენო სივრცე, იატაკი, ჭერი, კედლები სრულადაა შეცვლილი. ზემოხსენებული “ლაშქრობა” დარბაზში მდგომ, 15 მეტრის სიგრძის შავ კარავს წარმოადგენს. შესასვლელი, სადაც წითელი ნოხია დაგებული, ჩვეულებრივი კარის სიგანისაა, ბოლოში კი რვა მეტრამდე განივრდება. კარავი შიგნით ორ ნაწილადაა გაყოფილი - წმინდა გიორგის ხატის სამი მეტრის სიმაღლის შავ-თეთრი ასლით. ხატს წინ ზვიგენის ყბის მსგავსი ობიექტი უდგას, რაზეც კბილების ნაცვლად მლოცველი ბერები დგანან. კარვის მეორე ნაწილში ზვიგენის მსგავსი ქანდაკებაა - სიბნელეში პატარა პროჟექტორით განათებული და კედელზე დაცემული ჩრდილით, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავად “იკითხება”. ინსტალაციას თან ახლავს შვეულმფრენებისა და გამანადგურებელი თვითმფრინავების ხმა.
ჩემი ერთ - ერთი ბოლო ობიექტი “ეს თაობა” გახლდათ. კედელზე დამაგრებული იყო ვეებერთელა მოდუნებული პენისი თავზე წამოცმული ყულფით, რომელიც ჭერზე მიმაგრებულ გორგოლაში ადიოდა და ქვემოთ იატაკზე ეშვებოდა. მნახველებს შეეძლოთ თოკი დაექაჩათ და პენისი სიმბოლურად ჩამოეხჩოთ. ამის გამო გიგანტური, ერეგირებული პენისი ყველას ზემოდან დაჰყურებდა. როცა თოკს ხელს გაუშვებდი, იგი საკუთარ კვერცხებს დიდი ხმაურით ებრეხვებოდა. გაგიმხელთ, რომ ჩემი ნამუშევრების ვერბალური აღწერა ძალიან მიჭირს ხოლმე. თუმცა ამ ობიექტის გაგებას სიტყვები სულაც არ სჭირდება . . .
***
შარშან ამსტერდამის მუზეუმში “კობრა” ქართველ მხატვართა გამოფენა “Born in Georgia” მოეწყო. გამოფენის სტუმრებმა სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად ლუკა ლაზარის “უცენზურო” ობიექტის “ეს თაობა” მოძრაობაც იხილეს. ამ გამოფენის გახსნაზე საქართველოს პირველი ლედიც გახლდათ. მოგვიანებით კი იგი ჰოლანდიის ერთ-ერთ პოპულარულ საინფორმაციო - კულტურულ სატელევიზიო არხზე გადაცემაში “Pauw and Witteman” მიიწვიეს. წამყვანმა სანრდა რულოვსს ობიექტზე “ეს თაობა”, რომელიც იმავდროულად სტუდიის ფონიც გახლდათ, მინიშნებით ჰკითხა – “აქ თქვენი პრეზიდენტი ხომ არ იგულისხმებაო?”. რესპონდენტმა კითხვას დუმილით უპასუხა.
No comments:
Post a Comment