წამყვანი მარიამ ჭიაურელი ზუსტად ერთი კვირის წინ, გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” გამოვეხმაურეთ საქართველოში ფართომსაშტაბიანი კამპანიის: გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი აქციის დაწყებას.
შეგახსენებთ, რომ აქცია, რომელსაც ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია ”უიმინ ეიდი” ხელმძღვანელობს, საქართველოში პირველად 2000 წელს გაიმართა და წლეულსაც, დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს. ამგვარად, აქცია გრძელდება და ჩვენც განვაგრძობთ მის გაშუქებას.
აქცია იმდენად ბევრი ორგანიზაციის ძალისხმევას აერთიანებს (მათი რიცხვი, ბოლო ინფორმაციით, 130-ს აღწევს), რომ, ცხადია, ჩვენს გადაცემაში ყველას საქმიანობას ვერ შევეხებით. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამჯერად ყურადღება გავამახვილოთ ერთ-ერთზე აქციაში მონაწილე ყველაზე აქტიური დაჯგუფებებიდან, რომელთა საქმიანობა სოციალურად დაუცველთა თანადგომას, უფასო კონსულტაციებს ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”კავშირი – კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, რამდენიმე ჯგუფთან, მათ შორის ”საფართან”, ”ნდობასთან” და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად, აქციაში თექვსმეტივე დღის მანძილზე მონაწილეობს. ეს არის, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარი ჩოხელისაგან შევიტყე:
[ჩოხელის ხმა] ”იურიდიული პროფილის ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად მუშაობს უფასო იურიდიულ კონსულტაციებზე და უფასო საადვოკატო მომსახურებაზე. მისი პრიორიტეტია სახელმწიფოს მიერ დარღვეული ადამიანის უფლებები და სოციალურად დაუცველი ფენების დაცვა.”
აქ შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი განმარტავს მოქალაქის უფლებებს სასამართლოს წინაშე, ხოლო ორგანიზაციის ”კავშირი – კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ამოცანები თექვსმეტდღიანი აქციის მსვლელობაში იგივეა, რაც, ზოგადად, მის პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებს შეესაბამება: ანუ, უფასო იურიდიული კონსულტაციები და უფასო საადვოკატო დახმარება გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის, აგრეთვე, დახმარების თხოვნათა აღრიცხვა და აქციის დასასრულს, შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება. ორგანიზაციას შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშირდეთ უფასოდ, ცხელი ხაზით, რომლის ნომერია 93 53 22.
სადღეისოდ მარი ჩოხელი უკმაყოფილოა აქციაზე გამოხმაურებით:
[ჩოხელის ხმა] ”საქართველოში ძალიან მძიმე სიუტაციაა ამასთან დაკავშირებით. უკვე გასულია რაღაც პერიოდი, ერთ კვირაზე მეტი ამ აქციის დაწყებიდან და ძალიან რთული სიტუაციაა. მოგვმართავენ ძალიან იშვიათად და ალბათ, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ცდილობენ, პრობლემა თვითონ მოაგვარონ ან, უბრალოდ, იმედი არა აქვთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება.”
საქართველოში გენდერული ძალადობა და, უწინარესად, ოჯახური ძალადობა რომ ჯერ კიდევ ტაბუდადებულ თემად რჩება, ეს პრობლემა გაიჟღერებს, აგრეთვე, თბილისიდან მიღებულ სიუჟეტში, რომელიც გადაცემისთვის ”ქალი და მსოფლიო” ჩვენმა თანამშრომელმა, ია მერკვილაძემ მოამზადა. თუმცა, ია თხრობას ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემით დაიწყებს:
ია მერკვილაძის მასალა [იხ. აუდიო ვერსია]
ია მერკვილაძე თბილისიდან მოგვითხრობდა გენდერული ძალადობის ზოგიერთ ასპექტზე. დასასრულს მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ამ გადაცემის მომზადებისას, 4 დეკემბერს, შევიტყეთ, რომ თბილისში გაიხსნა ”ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის რესურს-ცენტრი”. ახალ ცენტრზე ზუსტად ერთ კვირაში გიამბობთ.
05.12.2001
No comments:
Post a Comment