არ მინდოდა დასპირტულ დროს ვემკურნალე.
არც - ექთნობა მისი.
მინდოდა ძუით მოკერებულ
მძიმედ ცივ ორქარს დავხსნოდი.
სულმუდამ ტანგაუხდელი რომ გამხადა.
ამიტომ გავშიშვლდი თანდათან.
არააბრეშუმის პერანგი
ამცილდა ოდნავ ტკბილი ტკივილით.
მორგვად დავახვიე ჩემი კანი.
შევაგორე თვალთუხილავ ჩიბუხში.
დავლუქე.
მინდოდა მე ჩემი დამმართოდა.
სხვათა ჩამოწელილი ქუთუთოს შიგნით
მხერებჩამოყრილ აჩრდილადაც კი
ვერ შევისრუტებოდი.
გაივლიდნენ გვერდით და ჩემში
უცხონიც, ახლონიც.
შენც.
სრული არაფრის ყველაფრის შესაგრძნობად გამოვედი.
ურგოს გასამზიურებლად. წვიმაფანტია სიოში.
ჩემის დასამართად.
სისხლი, ხორცი, მყესი გავიშრე.
გზაზე კვალი რომ არ დამწვეთოდა.
რომ ვერ მოეგნოთ.
რომ არ მოგეგნო.
რომ მე მებჭო,
ის კი არ მომკვდარიყო სიცილით.
რომ ღმერთმა კანს კი არა,
მე შემომხედოს.
ასე მაინც.
თბილი, უკდემო სახსრებით
სიპზე ვერ გავიარე.
დახორკლილ მიწის ბელტებზე
რბილ ქუსლებს
ნამწვავები მიწვავდნენ
სულამოხდილი სიგარეტების.
ვიგრძენი უგრძნობლობა
მატარებელივით წვივებზე რომ ამაცოცდა.
მერე ზევით და ხერხემალს გაჰყვა.
ჩაკლაკნილი ვიწრო მალების რელსებზე.
უბინადრო იყო ისიც.
გაუმტარი, უჟინო ვაგონების
ქანქარი გულის ფეთქვას არ უსმენდა.
გული ჩამიხლიჩა, ჩამიხრინწა.
წინაგულებმა: - არ გაგვსეროოოოო.
ისედაც ვერ ვგრძნობთ
რასაც ვგრძნობდითოოოოო - .
კეფასთან გაჩერდა უსანელებლო გახევება.
აბუტბუტდა კანაცლილი ენა:
- გამიშვიიიიი,
ლუკმა - ლუკმა მაინც.
ხომ ხედავ წასვლა მემსუბუქება - .
გზას თვალახვეულიც გავაგნებ.
პირძაღლებზე აღარ შემოგჩივლებ.
მიულაგებელს დაგილაგებ.
ქალაქს დაგიგვი.
მოსაოხრებელს დაგიზავებ.
ყალბს გაგირბილებ.
დაჭანგებულს დაგიტკბობ.
დაწიხლულს გიერთგულებ.
ლურსმანულვაშას ტუჩებში გიკოცებ.
წვრილმანს გაგიმთავრებ.
მუხთალს გაგიპირჯვარებ.
უპატიებელს გიპატიებ.
ოღონდ
დამიბრუნე ის დრო,
როცა დრო არ ექიმობდა.
არავის რომ ვეკუთვნოდი.
მოვიხედე.
ოთხი წყვილი ჩემი ფეხსაცმლის
უკან მომდევდა.
გაჭყლეტილ თასმებს მიწაზე მოათრევდა.
- შეგვიკარიოოოოო -.
იანვარი, 2004
No comments:
Post a Comment