Friday, September 23, 2011

ქალი რომ კარგი იყოს, ღმერთს ცოლი ეყოლებოდაო . . .


ხუთი წლის წინ, ერთ მშვენიერ საკონფერენციო დღეს, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში მშობლიური გენდერული სტერეოტიპების აღმნიშვნელი პლაკატები უნდა გამომეფინა. საქართველოში პატიოსნად დამზადებული, შთამბეჭდავად  გაკეთებული, ლამინირებული, საშუალო ზომის ფერადი პოსტერები ჩემთვის გამოყოფილ სპეციალურ დაფაზე გავაკარი და დამთვალიერებლთა მოლოდინში ნერვიულობას შევუდექი. ამ გამოფენაზე პოსტსოციალისტური სივრციდან ერთადერთი მე გახლდით. დასახვრეტად განწირული ჯარისკაცივით ვიდექი და თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ კი გახლავართ “დემოკრატიის შუქურა” ვარდების რევოლუციის, მაგრამ მაინც პატრიარქალური, თანაც პოსტკოლონიალური ქვეყნიდან, მაგრამ, განა, მთელი ცივილიზაცია ასეთი არაა-თქო? ამხელა გამოფენაზე “ჩემზე” უარესი სტერეოტიპი ვინმეს ხომ ნამდვილად ექნება, რაღა ღმერთი, რომელიც ისედაც “ქალს გაუწყრა” და მის “გაჩენაში ხელი არ გაურია”, მე გამიწყრება და ეს ამერიკელები და კონფერენციის უცხოელი სტუმრები ყველაზე დიდ საშინელებას მაინც და მაინც ჩემს პლაკატებში დაინახავენ–თქო? თუმცა “კაცი ბჭობდაო” (აი, ანდაზა უკვე წამომცდა), სწორედ ამგვარი რამ დამემართა. მორცხვად ვიდექი, “უხერხული” კითხვებისთვის ვემზადებოდი, თუმცა ნამდვილად არ მეგონა აქაურ ბევრისმნახველ-გამგონე პუბლიკას შოკში თუ ჩავაგდები. საკითხი ეხებოდა ორ ქართულ ანადაზას, შესაბამისად, ორ დიდ პლაკატს, რომელიც ინგლისურად გადათარგმნილი და დასურათებულ - ფერადკოლაჟირებული იყო და აქაური სწავლული ობივატელის Wow-სა და “Great”-ს  მოელოდა. აქედან ერთმა პლაკატმა, რბილად რომ ვთქვათ, დიდი გაკვირვება გამოიწია და ამიტომ უამრავი კითხვის ადრესატი გავხდი. ლამის ვინანე კიდეც იმიტომ, რომ ჩემი მწირი ანთოპოლოგიურ- ისტორიულ- კულტუროლოგიურ- ფოლკლორულ- ლიტერატურული თუ თეოლგიური ცოდნით ამ კითხვებს კვალიფიციურად ვერ ვპასუხობდი, თუმცა როგორც ფსიქიატრსა და “თვითნასწავლ” ფემინისტს,  მხრებაჩეჩილი ხალხისთვის მეტ - ნაკლებად განვრცობილი პასუხის გაცემა ნამდვილად შემეძლო. ქართული ანდაზა ანუ “ეთიკური ფორულა” კი ასე ჟღერდა: “ქალი რომ კარგი იყოს, ღმერთს ცოლი ეყოლებოდაო”... თუმცა რატომ ჟღერდა? დღესაც ჟღერს. ყურს ხშირად არ ხვდება, მაგრამ არსებობს. ანდაზა ხომ უკვდავია. იგი ხომ საუბრის, კამათის, დისპუტის, დებატის, დიალოგისა და სხვა რაღაცეების ყველაზე არგუმენტირებული “ქიშმიშია”. “დავის მხარე” რაც უფრო მეტ მშობლიურ ანდაზას, ხალხის წიაღიდან ამოსულ ანც თუ სერიოზულ, უცხოელი თუ ლოკალური ფილოსოფოსის, მწერლის თუ მონათესავე პროფესიის წარმომადგენლის (ბლოგერის), ერთი სიტყვით, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამს წამოისვრის, მით უფრო მეტი ქულა ეწერება, ყველა მის მიმართ ანდაზური “რესპექტით” განიმსჭვალება, ხოლო უხილავი მოსამართლე თემიდას სწორედ მას გადაულოცავს.

კამათობ, კამათობ, კამათობ, საკუთარი ტვინის ხვეულებში ინტელექტის ურიგო კოეფიციენტის დამადასტურებელ სამხილებს ეძებ და მერე ვიღაც უცებ “ნოქდაუნში” ჩაგაგდებს, თავში ანდაზას სქელტანიანი ენციკლოპედიის, სნაიპერის, ქილერის საკონტროლო ტყვიის თუ მძიმე არტილერიის გასროლის დარად გხეთქავს, არისტოკრატულ ციტატას შემოგისრიალებს და საკუთარი სიტყვის ლაბორატორია დროებით დაგეხურება, ხმას ვეღარ იღებ, კაპიტალი ამოგეწურა, რაგან “ყველაფერი ცხადი გახდა”. მენტალობებით თამაში კი აღმაშფოთებლად ტრივიალური მიზეზის გამო იქვე სრულდება და კაპიტულაციაზე ნებაყოფლობით ხელს აწერ. რატომ? იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს ანდაზაა, არანორმატიული ლექსიკა კი არა და თანაც ქართული, ხალხის უძირო სიბრძნის წიაღიდან ამოხეთქილი და თუ წინადადებაში ძველქართულიცაა ანდა გამოთქმა ლათინურადაა, ან ბიბლიიდან, ჩინურ ანდა ჰინდუს ენაზეა დეკლამირებული, მაშინ შენი მდგომარეობა უიმედოდ კიდევ უფრო მძიმდება. თავდაცვისთვის და მითუმეტეს, იერიშისთვის არც ფარდობოთობის თეორიის არსი გახსნდება და არც ციტატა რომელიმე კანონიზირებული წმინა მამის ტექსტიდან, ყურანიდან, ბჰაგავად გიტადან. მითუმეტეს, თუ არც წაგიკითხავს. ჯიბრზე ხანმოკლე ამნეზია გემართება, არც ჯავშანჟილეტი გაცვია და ქვიშაზე გამოგდებული თევზივით აღებ პირს და სულს ღაფავ. საბედნიეროდ, არასამუადამოდ. არ გამოგდის ანდაზური პინგ-პონგი, მითუმეტეს, როცა გამარჯვებული “მოკაფიეს” სახეს ხედავ, რომელიც მას სიამოვნებისგან ისე უნათდება, ისე ეცვლება, როგორც ნანატრი ორგაზმის დროს. მერე ვეღარ არჩევ ანდაზაა, ფეტიში, ლოზუნგი, სოკრატე-მამარდაშვილ-ეჟი ლეცის მემკვიდრეების ნაზავი, თუ ვინმე შენთვის უცნობი თანამედროვე როკ თუ არაროკ ვარსკვლავის ფრაზა და როგორც კი სახლში მოქანდები, თედო სახოკიას ანდა ბრძნულ გამონათქვამთა წიგნში განმგმირავი ანდაზის საპირწონის ძებნას ისტერიულად იწყებ, პოულობ კიდეც, მაგრამ უკვე გვიანაა. სნობური მომენტი დაუნდობლად გაუშვი, რადგან ლოკალურ და გლობალურ რჩეულ აფორიზმთა “ფაილი” თავში არ გედო, ამიტომ ანდაზური სინდისის მტანჯველი ქენჯნა დიდხანს გაგყვება. შეიძლება გედო კიდეც, მაგრამ დროზე ვერ მოიძიე და ვერ დააწკაპე. ამიტომ ანგარიში ასეთია - 0:1, შენს არასასრგებლოდ. ეს მარცხი ისევ საკუთარ თავს საცოდავი “დავითივით” უნდა დააბრალო და შეჰფიცო, რომ ამიერიდან ქართულ ხატოვან სიტყვა-გამონათქვამს უფრო ყურადღებით მოეპყრობი, უფრო სწორედ, ტვინს ანდაზების დაზეპირებაში გაწვრთნი და აღჭურავ. იშვიათ შემთხვევაში, თუ თავხედობა გეყო, მოსაუბრესთან შეიძლება ქართული ანდაზის, მოდაში შემოსული მოღვაწის, უცხოელი ფილოსოფოსის მარგალიტის კრიტიკასაც მიჰყვე, ავტორი სუბიექტივიზმში “დაადანაშაულო”, ისაუბრო მოზაიკურ ცნობიერება-აზროვნებაზე, თეზებსა და ანტითეზებზე, არქეტიპებსა და კონტრარქეტიპებზე, პროდუქტიულობაზე და კონტრპროდუქტიულობაზე, აქსიომებსა და ანტიაქსიომებზე, დრომოუჭმულ და დრომოჭმულ სტერეოტიპებზე და კიდევ ერთხელ გაცვითო პოსტულატი, რომ პლანეტაზე ობიექტური არაფერია, დედამიწის მკვიდრ თითქმის 7 მილიარდი ადამიანისთვის გამოხატვის თავისუფლების დროშა დელაკრუას მკერდმოღეღილი ქალივით უშიშრად ააფრიალო, მაგრამ ეს სიტყვით აუწერელი მკრეხელობა და კადნიერებაა, დამსწრენი არასწორად გაგიგებენ, არ გაპატიებენ  და ამიტომ სჯობს თავი დაანებო. ანდაზის ვიტალური ფუნქცია გადასიჯვასა და მითუმეტეს უარყოფას არ ექვემდებარება. როგორ ამბობს ჩვენი ანდაზა? “ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო” თუ “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს” (გამახსენდა გამზავებლის არასაშური ბედის შესახებაც). ჰო, მართლა, იმ გამოფენაზე  კრამოლა – ანდაზით ინსპირირებული ყველაზე “ლოგიკური” კითხვა, რომელიც ამერიკელმა სწავლულმა, ვიმედოვნებ, ხუმრობით დამისვა, ასე ჟღერდა: “რა ჰქვია თქვენს ღმერთსო? ალბათ, ეგონა კერპთაყვანისმცემელთა ქვეყნიდან ანდა ახალი სექტა “ღვთის შვილები - 2” -ის მიმდევარი ვარ, რაც, გულახდილად ვაღიარებ, რეალობას არ შეესაბამება.

მეორე პლაკატზე გამოქვეყნებულ ქართულ ანდაზასთან დაკავშირებულ პერიპეტიების  მოყოლით, რომელიც, ფაქტობრივად, სელექციური აბორტებისკენ დაუფარავი მოწოდება გახლდათ, თავს აღარ შეგაწყენთ, რადგანაც იმისთვის ვიღას ეცალა? ქართული მამა-პაპური ორი სიბრძნის საგამოფენო სტენდთან შეგროვილი ხალხის რაოდენობით თუ ვიმსჯელებდი, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ იმ დღეს ჩემი, ახლახანს თუ უკვე დიდი ხანია დასავლური სტანდარტების მიმდევარი სამშობლოს ტურიზმისა და მდიდარი კულტურის მოსიარულე, გლამურულ ბუკლეტად არ და ვერ გამოვდგებოდი. თუმცა ეს არაჩვეულებრივი გამოფენა საერთაშორისო თანამეგობრობისა და არათანმეგობროების ქვეყნის მინისტრებისთვის, ბიზნეს-მენ-ვუმენებისთვისა და პილიგრიმ-ტურიტებისთვის არც იყო გამიზნული. მახსოვს, მკრეხელურად ისიც კი გავიფიქრე, ამგვარ საბრენდო იარლიყიან სუვენირს რომ ვყიდდე, სწავლის ფულსაც გადავიხდიდი, ოჯახსაც შევინახავდი და სამშობლოს უფრო გვარიანად გამოვადგებოდი-თქო. უკაცრავად, რომ არ მახსენდება კონკრეტულად სწორედ ამ მკრეხელობის აღმწერი ანდაზა . . .

არ ვიცი საიდან, რომელი გზა-ბილიკიდან გაჩნდა ღმერთის ქალთ თუ ცოლთმოძულე ანდაზა ანდა “ბედნიერს ცოლი მოუკვდა, უბედურს -ცხენიო”? გამონათქვამის ავტორის თუ ავტორთა ჯგუფის იუმორის გრძნობა ჩემთვის მიუწვდომელია, თუმცა ძალიან ცალყბად და დამძიმებული გულით, მაგრამ მაინც ვაღიარებ მის ემოციურ-მენტალურ-ექსპრესიულ გზავნილის არსებობის უფლებას, როგორც “დასავლურად” თვითგამოხატვისა და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციურად გარანტირებულ უფლება-სტანდარტს. გულახდილად ვამბობ. არ ვიცი. “აგნოსტიკურად” - “არცოდანა არცოდვააო”. ასე არ ამბობს ჩვენი ანდაზა? სკოლასა და ინსტიტუტში ოროსნებმა და ჯანმრთელოსნებმა ყველაზე კარგად იცოდნენ ეს ორსიტყვიანი, ფსიქოთერაპიული, მაღალრეიტინგიანი ნირვანა - სლოგანი. ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში და ინსტიტუტში ანდაზის შესაბამისმა “შინაგანმა მოდუსმა” ცხოვრებაში დიდად ხელი შეუშალათ-თქო, შეიძლება ითქვას – პირიქითაც, მაგრამ მაინც. რამდენიმე ხნის წინ ბავშვობისდროინდელ “არმცოდნეს” ვესაუბრე და…დამამშვიდა: “ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდებაო, გიჟი (იხ. სულელი, უცოდინარი) ხიდს გადაირბენსო”. აი, არც დაფიქრებულა, პირდაპირ მომახალა. უფრო სწორად, ანდაზით არ უთქვამს, მაგრამ რაც მითხრა, სწორედ ამ სიტყვებს წააგავდა. მეც პროზაულად ვუპასუხე: ხიდს რომ სულელი აშენებდეს, იმასაც ვნახავდი მეორე ნაპირის მაგივრად, სად აღმოჩნდებოდი – თქო, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და თემა არ განმივრცია. თანაც ხუმრობა იქით იყოს, ამ ანდაზამ დამაფიქრა: გიჟიც ხომ შეიძლება იყოს ჭკვიანურად იღბლიანი ან ჭკვიანი - გიჟურად იღბლიანი და საერთოდ, რა განსახვავებაა ჭკვიანსა და გიჟს შორის, გიჟი გენიოსს ხომ არ ნიშნავს ნეტავი - თქო და მისთანანი. ანდაზა ხიდზე იმწამს ვერ გავიხსენე.

და საერთოდ, მაინტერესებს, რა იყო პირველად? ისტორიის რომელიღაცა ფორმაციის ფონზე ადამიანების კრიტიკული/არაკრიტიკული მასის სიბძნე ერთ წინადადებაში აღიბეჭდა თუ ჯერ ვინმე “ბრძენმა აქსაკალმა” მარგალიტი შობა (აქვე გამახსენდა ბწკენა-ბწკენით დაორსულების “ქეისი”) და ამიტომაც იგი ხალხის კრიტიკული/ არაკრიტიკული მასის აზროვნების,  ქცევის მოდელი და ცხოვრების ზოგადი კანონზომიერება გახდა? ეს ანდაზები ქვეყნის მოდერნიზაციის რომელ ეტაპს შეესაბამება და საერთოდ ქრისტიანობის შემოღების,  ოქროს ხანისა და ბოლშევიკურის გარდა კიდევ რომელი იყო ქართული, განსაკუთრებული მოდერნიზაციის პერიოდები და როგორ აისახა ეს მოდერნიზაცია ჩვენს ანდაზებში? ერთი კი ვიცი, რომ დღეს, პოსტკოლონიურ-პოსტფოლკლორულ, უკაცრავად პროვოკატორობისთვის, პოსტნაცარქექიულ პერიოდში ახალი ანდაზები არ იქმნება, არ იბადება, არა იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით გრანტი ვერ მოიპოვეს ანდა საქართველოში ბიუჯეტისა და კრიტიკული აზროვნების უმწვავესი დეფიციტია. უბრალოდ, ვშიშობ, რომ ისტორიას საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის კონგრუენტული რაიმენაირი ანდაზა შემორჩეს, თანაც არაგაკლიშების პერსპექტივით. უფრო, ალბათ, ანეკდოტები და პარტიული ლოზუნგები, მაგალითად, “საქმე ლაპარაკის ნაცვლად!” (მიხეილ სააკაშვილი). თითქოს სიტყვა, დიალოგი, ვერბალური კომუნიკაცია საქმე არ იყოს. ბიბლიურ სენტენციას კი აღარ მოვიყვან. ალბათ, თავად გაგახსენდათ. როგორც ჩანს, ლაპარაკი ფუჭი ლაყბობის სინონიმი გახდა და ამაში მარტო “ბირჟავიკებისა” და სამუშაო რეჟიმში მოქეიფე მამებისა და შვილების თაობა არ უნდა იყოს დამნაშავე. ამერიკელებიც არ იკლებენ გართობასა და მისთანანებს, მაგრამ ასე უსაშველოდ “უმცროსი” და ჩვენთვის უტყვი საყვედურის ტოლფასი ქვეყანა როგორ ააშეენეს? ნეტავი მშვიდობიანი მეზობლების სიმშვიდის გამო ხომ არა?

ერთი თვის წინ ამერიკის მთავარმა ორატორმა ობამამ ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა: “ლაპარაკის დრო დამთავრდა. დადგა საქმის დრო!”. არადა, მანამდე აშშ –ის ფედერალური სარეზერვო ფონდიდან გაკოტრებული კომპანიების გადასარჩენად ასეულობით მილიონი დოლარის გადარიცხვა (აღმოჩნდა რომ უშედეგოდ) თურმე საქმე არ ყოფილა, საქმე ახლა იწყება. ზუსტად ახლა, ამწამს, ამწუთას, ამ პრესკონფერენციზე, ამ სამიტზე, ამ ასამბლეაზე, ამ მინისტერიალ-პრეზიდენტელიარზე, ამ ბრიფინგზე, ამ მრგვალ თუ ოთხკუთხედ მაგიდაზე თუ მაგიდასთან, ამ ტრიბუნის კიბეებთან, ამ ტრიბუნასთან, ამ ხალიჩაზე, ამ ძეგლის ფონზე, ოღონდ შემდეგ ორშაბათს. ჯერ ხომ პარასკევის საღამოა, შაბათ-კვირას კი რომელი ჭკუმთმყოფელი მუშაობს, ხოლო ორშაბათი ისედაც მძიმე დღეა. ჯობს საქმის დაწყება სამშაბათიდან. სამშაბათის დილიდან ანდა სულაც რახან ჩვენი ორშაბათი სადღაც ოთხშაბათსა და ხუთშაბათს შორის იწყება (მანამდე მოთელვა გვაქვს), სწორედ ამ შუალედში ყველა იდუმილებს და მხოლოდ საქმეს გააკეთებს. სლოგანი უნდა შესრულდეს, რადგან იგი პრეზიდენტმა - ტრიბუნმა თქვა. ოდნავ მოგიანებით საქართველოს პრეზიდენტმა ამ თავის ლოზუნგს რანგირება მაინც გაუკეთა და იგი უფრო შემწყნარებლურ-მოდერიზებული გახადა: “საქმე ლაპარაკის პარალელურად!”. ჰო, ის პირველი მოწოდებაც ორივემ, ოკეანის გადაღმელმაც და გადმოღმელმაც თავის პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც ენა და სიტყვა ძირითადი “სამესიჯო” ინსტრუმენტია. განაცხადეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. თუმცა დარწმუნებით ესეც არ ვიცი. როგორც დავაკვირდი, მარტო ჩვენთან არ ითვლება ნამდვილ საქმედ ინვესტიციის მოზიდვა, შექება – დატუქსვა, ძეგლის გახსნა, ლობირება და გაეროს საჭირო რეზოლუციის მიღება. არადა, ინვესტორებთანაც და გაეროელებთანაც ენით, საუბრითა და სიტყვით, თანაც უცხოურით, ლობირების კულტურის გარეშე დიდ ვერაფერს კი არა, საერთოდ ვერაფერს გახდები. აბა, ქრთამს ხომ არ დაარიგებ? თუ ლობისტურ კომპანიას ქირაობ (ობამამ ერთი ხანობა, მათ წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ გალაშქრულის არაფერი ეტყობა), იმათ ყოველთვიურად ქრთამი კი არა, ოფიციალური ხელფასი და ბონუსები უნდა გადაუხადო. ისინი კი თავის მხრივ გადასახადებს გადაიხდიან. მე – შენ, შენ –მე პრინციპით.

ვინ იცის, იქნებ სულაც შეიძლება ყველაფერი უკვე ითქვა - გამოითქვა,  (მასწავლიდნენ, რომ რუსთაველთან ყველაფერია და სხვაგან/სხვისკენ არც ღირს გახედვაო), თუმცა არც ის ვიცი, ვინ და სად უნდა ქმნიდეს ახალ ანდაზებს, თანაც არასექსისტურს ანუ არა გენდერულად შოვინისტურს და საერთოდ – არაქსენოფობურ-არაობსკურანტულს, ერთი სიტყვით - არადისკრიმინაციულს. არ იქმნება და მორჩა. ალბათ, სხვებთანაც ანუ თანამეგობრობაშიც და არათანამეგობობაშიც (ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, რუსეთი და მისთანანი) იგივე კრიზისია და ამით ვიმშვიდებ თავს. ყველაფერში ხომ ვერ ვიქნებით ყველაზე, ყველაზე...




რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო
ბავშვობიდან სევდანარევი ეჭვის თვალით ვუყურებდი ხალხს, ვისაც დათო, დათიკო, დავითი თუ დათუნა ერქვათ. მეგონა, ამ ხალხს სულ რაღაც უსიამოვნებები უნდა დამართოდათ, რომ ისინი ჩვენი ერთგვარი მეხამრიდები იყვნენ, ხოლო მათი მშობლები - სადისტები, რადგან ანდაზის ცოდნის მიუხედავად შვილს ამგვარი სახელს მაინც არქმევდნენ. თუ საკუთარი კარიერის თუ სახლის მშენებლობისას “დავითს” ისევე გაერიდებოდი, როგორც დათვს - ტყეში, შენც არ გადაგედებოდა ეს პანდემიური ჭირი – რაღაცეების საკუთარ თავზე “მოსვლა”. როცა აზროვნების უნარი მომემატა, ანდაზა გავაპროტესტე, რადგანაც რატომღაც საკითხისადმი/პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომის მომხრე გავხდი და მარტო დავითს ვერ დავაბრალებდი ყველაფერს, რაც მის ისედაც უიღბლო თავს უნდა დასტყდომოდა. მოგვიანებით ერთმა ამერიკელმა საქართველო-რუსეთის დაპირისპირება დავითისა და გოლიათის შერკინებას შეადარა. დავითის ადგილას, აშკარად, საქართველო იგულისხმა. მერე ჩვენებურმა კაცმა დავითი კი არა, ეს წმინდა Gგიორგიაო და ამით დავითს უფრო მეტი ძალა შეჰმატა. თუმცა არაოპტიმისტურად უნდა განვაცხადო, რომ ამგვარმა მეგალომანიამ დავითის თავს თავსატეხების რიცხვი სულაც არ შეუმცირა.

***

ვერასოდეს ვგებულობდი, დოსტოევსკის შაბლონს “სილამაზე გადაარჩენს სამყაროს”. ამგვარი ლოზუნგად გადაქცეული ფრაზა ჩემთვის უფრო სიციალისტურ-კომუნისტურ მოწოდებებს ჰგავდა, ვიდრე ცნობილი მწერლის აზრის ნაჟურს: არა ბოლშევიკური წარსულის, საქართველოს ნატოში გაუწევრიანებლობისა და ტერიტორიაყლაპია სახელწიფოს მეზობლობის გამო. შიგა და შიგ ანტისემიტი დოსტოევსკი თავისი შვილებისა და ცოლის ცრემლებს არად დაგიდევდათ (ალბათ, შინაური მღვდელს შეუნდობის ამბავი კარგად იცოდა) და ამიტომ მისი სიტყვები ბავშვის ცრემლსა და სამყაროს ღირებულების მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ არაფრად მიმაჩნდა, არადა ყოველ 1 ივნისს – ბავშვთა დაცვის დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩის ეს “ანდაზა” სატრაფარეტოდ მომზადებულ ტექსტებში მორიგე სენტენციად მუდმივად ფიგურირებდა. ისე, რაც უფრო ნაკლებსიტყვებიან ფრაზას გააპიარებ, უკეთესია. დასამახსოვრებლადაც ადვილია, დასაწერადაც და წარმოსათქმელადაც. აი, მაგალითად, ლაკონურობის შედევრი: “ვინც ენაჭარტალიო, მისი სიტყვა - მართალიო” ეს რა, მედიაზეა, ნეტა, ნათქვამი? კონკრეტულად – ქართულზე? მაგალითად, ჩვენი ტელევიზია სკრუპულოზურად თარგმნის იმას, თუ როგორ მიმართა მედვედევმა “შენობით” თუ “თქვენობით” ჭკუამხიარულ ჰუგო ჩავესს, მაგრამ რატომღაც რუსულიდან ქართულად ვერ ითარგმნა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ოკუპაციას გადარჩენილ ნაწილში თავშესაფრის მთხოვნელი აფხაზი კაცის თამაზ ლაკერბაიას სიტყვები, რომელიც სააკაშვილზე ალალად ამბობს, რომ “ისეთი პრეზიდენტი, საქართველოს რომ ჰყავს, იქ ჩვენ არ გვეყოლებაო”  (რუსთავი 2, ეპიზოდი ანაკლიის აღმშენებლობაზე – 8.09.09).  ტელევიზიამ კი თავისუფალ თარგმანს მიმართა  და “დაგვიინტერპრეტირა”: “ისეთი პრეზიდენტი, საქართველოს რომ ჰყავს, არც ერთ ქვეყანას ჯერ არ ჰყოლიაო”. ვიცით, გაგვიგია, უთქვამთ, წაგვიკითხავს, გვსმენია, ყურიც კი მოგვიკრავს ფრთიანი ფრაზისთვის, რომ თარგმანში ბევრი რამ იკარგება (ალბათ, არც ისე უკვალოდ), მაგრამ ასე თვალსა და ხელს შუა და პირდაპირეთერულად თუ დაემართებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ალბათ, იმიტომ, რომ “ტყუილ სიტყვას ბაჟი არ ადევსო”, სამაგიეროდ, გრძელფეხება არაა. აჰა, რაღაც “ქალური” ნაკლი მაინც ჰქონია ამ ტყუილს. ანდა სკოლაში გაგონილი, ძირითადად ფიზკულტურის გაკვეთილზე ლაფტას თამაშის დროს პოპულარული  “ჭინჭყლი სამართლიანია”–ს აზრს დიდხანს ვერ ჩავწვდი. მხოლოდ ადამიანის უფლებების დამცველთა ნამოღვაწარის გაცნობის შემდეგ ამომიტივტივდა ეს სლოგანი და სწორედ ამის შემდეგ დავაფასე “ჭინჭყლობის” ჭეშმარიტი მნიშვნელობა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ღრიალის, ჭინჭყლობის, ჭირვეულობის, აყალმაყალის, როგორც კონსტიტუციურად გარანტირებული გამოხატვის ფორმის დიდი თაყვანისმცემელი გავხდი. თუმცა ჩემის მხრიდან ისევ და ისევ დაუღალავად და მრავალსგზის ვაფიქსირებ უაღრესად პატივნაცემ, აღთქმულ დასავლეთში მაინც, გამოხატვის თავისუფლებას (“გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია” – ოცდაათივე მუხლი, განსაკუთრებით კი –  მეორე. 10.12.1948).

ერთი უბრალო მოკვდავი ქართველის ლექსიკონში, ალბათ, ორი ან მეტი ათეული ანდაზაა, რომელსაც წარმოთქვამ, როცა მოვლენის შესახებ არაფერი იცი, მაგრამ ინტუიცია გკარნახობს ან წიაღსვლების გაკეთების უნარს კარგავ ანდა პირიქით. ან ყველაფერი უკვე დიდი ხანია ნათქვამია და ანდაზა შემაჯამებელ აკორდად გამოდგება. ანდაზა კი ისეთი დროული და მორგებული ხდება, როგორც უკიდურესი უფულობის დროს წიგნში შემთხვევით აღმოჩენილი, დიდი ხნის წინ შენახული, მაგრამ მივიწყებული ასდოლარიანი. ამ დროს ფულს კი არა, წიგნს კოცნი და რწმუნდები კონტრანდაზაში, რომ “ფულს, დიახაც რომ სუნი ასდის”, რადგან გააჩნია სიტუაციასა და იმას თუ, სად ინახავ მას.




ბწკენა–ბწკენით პატარძალი დაორსულდაო

დანამდვილებით ვერ ვიტყვი, ეს ყველა პატარძლის ბედისწერაა თუ მხოლოდ რჩეულთა, მაგრამ ქალის ამ გზით დაორსულება არც პრემეცნიერული და არც ატომური მედიცინის ეპოქისთვისაა ცნობილი. თუ ეს ანდაზა ასეთი შორსმჭვრეტი იყო, რომ “ინვიტრო” განაყოფიერებას გულისხმობდა, ნება მიბოძეთ, როგორც ექიმმა განავაცხადო, რომ ბწკენა აქ არაფერ შუაშია. ამ ანდაზაში კონკრეტიკის ნაკლებობა იგრძნობა. აგერ  მიხეილ ჯავახიშვილმა თავის გმირის ენით დაგვიკონკრეტა: სამი რამ არისო მამაკაცის ცხოვრებაში გასახარებელიო: “ქორწილის პირველი ღამე, ვაჟის დაბადება და ციხიდან გამოსვლაო” (თანმიმდევრობის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ). ბწკენაზე არაფერი უთქვამს. ნეტავი, ჯერ ციხიდან გამოვიდა და მერე დაქორწინდა თუ დაქორწინდა, მერე ციხეში უკრეს თავი და იქიდან დაბრუნებულს ვაჟი დახვდა თუ როგორ? ვარიანტები მრავლადაა. მთავარია ის, რომ ანტივაჟი ანუ ქალი არ შეეძინა. დანარჩენი სულ ჰედონისტური განცდებია. ფარული თუ ღია ბწკენის ჩათვლით. ამავე დროს, როგორც ბწკენია ანდაზიდან ჩანს, ქალს არავინ ეკითხება უნდა კი მას ასეთი “ექსტრიმი”? აქაც მღალატობს მეტაფორა - ჰიპერბოლისა და იუმორის აღქმის უნარი. ეს ეტყობა ქართული ანდაზის “ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა” გაგრძელებაა. ეს ჩვენი ნაცარქექია ახლა ქალსაც გადასწვდა . . . პატარძლის სასწაულმოქმედი ფერტილობის მიმნიშნებელი ანდაზა ეტყობა დესტრუქციული გამონათქვამის “შეძახილმა ხე გაახმო” პოზიტიური ვარიანტია. ვარდების რევოლუციაც ასე მოხდა. XX საუკუნის ბოლო ათწლეული და XXI –ის დასაწყისიც სწორედ ამ “პატარა და არც ისე პატარა” სისხნაჟღენთიანი ბწკენანით იყო გაჯერებული, პატარძალი მუდმივჩალურჯებული დადიოდა, რათა ერთ მშვენიერ დღეს “რევოლუცია” ეშვა, მაგრამ მას მერე  სხვაგვარი ბწკენების ტრადიცია დამკვიდრდა და ჯერ პატარძალს კანზე ხან ფერუმარილმიყრილი, ხანაც ნამდვილი ჩალურჯებების, შინაგანი ორგანოებისა და ფსიქიკის დაზიანების გარდა დიდად ვერაფერს ვატყობ. თუმცა ადრე მოგვიწყენია. ჩვენ თეატრალური ნიჭის ხალხი ვართ. ძველი, ახლო და შორებელი მეზობლებიც თავის ძალ-ღონესა და თავისებურ ლოგიკას დიდად არ უჩიოდნენ და ერთი მეზობელები ხომ “მსოფლიო მოუსვენრობის” განსახიერება გვყავს (აკი მეზობელიო თვალის ჩინიო), ამიტომ ჩვენ რაღაც ჯერ არნახულსა და  ჯერ არგაგონილს, “ყველაზე, ყველაზე”-ს, აუცილებლად მოვიფიქრებთ. ბოლოს და ბოლოს ისევ ქართველმა არ თქვა?: “გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინაო”. არ ვიცი, ეს დედოფალი სწორედ ზემოხსენებული, საბწკენად გამზადებული პატარძალია? თან კიდევ რა სახის გაჭირვებაა ასეთი, რომ ქალს, თანაც მაღალი რანგისას, დაამადლეს და სახალხოდ გამოაჭენეს და კიდევ: რატომ სჯობს “გასათხოვარი ქალებით სავსე ოჯახს მგლებით სავსე ოჯახი”? ალბათ, იმიტომ, რომ მგელიც ქალივით, ბუნების შვილია. ამიტომ “პირველად ქალი პირდაღებულმა მგელმა რომ გთხოვოს, არ დაუჭირო და გადაუგდეო”. ეს ალბათ, “შაბათობიდან” მოსული ტყის სანიტრის დასამშვიდებლად. შევატყვე, რომ ცხოველების თემა საკმაოდ აქტუალუარია ქართულ ფოლკლორში, ისევე როგორც, ალბათ, უცხოურში.





“კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო: ერთი აქ დასატოვარი, მეორე - იქ წასაღები”
ან “სიმინდის ქურდს ტომარა აუწიე, ღვინის ქურდს – თავი”


                    
ამ უკანასკნელ ანდაზა-დებულებას, არა მგონია, ყველაზე ტოლერანტული კანონი ან პროკურორი, თუნდაც ქართული ანდაზების “მანი” თუ “ფანი”, რამენაირად გაიზიარებდეს თუ საქმე კორუფციასთან არა გვაქვს. ეს “წიგნის ქურდი ქურდი არააო”, ნეტავი რატომ და რა დამსახურებისა გამო? რა დააშავა საჯარო და სოფლის ბიბლიოთეკის, CD-ების ან კომპიუტერის ქურდმა? რატომ იჭერენ? რომელ წიგნს ეხება ეს სიბრძნე? მეგობარს ან თანამშრომელს რომ ათხოვებ და მერე აღმოჩნდება, რომ დაკარგა, იმასაც? მალე მსოფლიოს მთელი ბიბლიოთეკა “კომპში” წაიკითხება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ანდაზა “ლეპ-ტოპის” მომპარავის უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ სასწრაფოდაა დასანერგი და გასაპიარებელი.Aანდა აბრაგული “ქურდის ქურდი ცხონდა” რაღაა? ვინ, სად, როდის, რატომ, რისთვის, რა დამსახურებისა გამო, შარიატის რომელი კანონით? ნეტავ, ქურდის ქურდში სამართალ დამცავები და სასამართლოს მოხელეები ხომ არ იგულისხმებიან? წესით, მათ ქურდს ნაქურდალი კანონის შესაბამისად უნდა წაართვან და ისე ცხონდნენ თუ საერთოდ საცხონებლად აქვთ საქმე.

კაცის ამგვარი ორსახელიანობის ანდაზით კი უფრო ფსიქიატრი შეიძლება დაინეტერესდეს, რომელიც ფსიქიკის “სქიზისს” მკურნალობს ანდა “რიელ პოლიტიქ”- ის მიმდევარი  პოლიტიკოსი. ნეტავი ამ გამოანათქვამს ხომ არ უნდა ვუმადლოდეთ ორმაგ სტანდარტებს, განსაკუთრებით პატარა ქვეყანებს ასე გულსა და ტვინს რომ უხეთქავს? სამმაგის, ათმაგისა და მეტმაგის გამოგონება რომელი ანდაზის დამსახურებაა? ამას პოლიტიკაში ევფემიზმი “მრავალვექტორულობა” ხომ არ ჰქვია და ამიტომ შესაბამისი პოლიტიკური ანდაზებიც უნდა მოვქექოთ?  აქ უკვე მაგალითების სიმრავლის გამო ვიბნევი და ამიტომ მუხანათი ორმაგობის დასადასტურებლად ჩემი ბიორგაფიიდან ერთ პროზაულ შემთხვევას ვიხსენებ. რამდენიმე წლის წინ ერთმა კულტურულმა მინისტრმა, ახლა პარლამენტარი რომაა, ფრიად საჭირბოროტო საკითხზე მსჯელობისას თავისი მობილური ტელეფონის, “მაგთიკომის” კომპანიის ნომერი მომცა, რათა საქმეთა ვითარება პირველწყაროდან ანუ ჩემგან შეეტყო. მისი საუბრის პათოსი, რომელსაც მოწმეებიც ჰყავდა, ერთ ქართულ ანდაზას მომაგონებდა: “კანონმა იკანონოსო, ნდობამ კი - იბატონოსო”. მაშინ, გამოგიტყდებით, ასეთი სკეპტიკოსი არ გახლდით, როგორც დღეს და ვენდე. ახლა კი პრინციპულად “აღარ მინდა” არაფრის და არავის ბატონობა. ნდობისაც კი. კანონი მირჩევნია თავისი კონტრაქტებით. ჩემი ნებაა და იმიტომ. იმწუთას არ დამირეკავს, კაცს ველაპარაკებოდი და მაშინვე ზარს ხომ არ გავუშვებდი, ხომ არ შევამოწმებდი? მეორე, მესამე და შემდგომ დღეებში კი აღმოჩნდა, რომ ეს ტელეფონი ქრონიკულადაა გამორთული ანუ შირმაა ანუ “აქ” დასატოვარია. მეექვსე დღეს კი ტელევიზიით ეს მინისტრი სხვებთან ერთად “ჯეოსელის” სატელეფონო ქსელს რეკლამას უკეთებდა: კარგი ტელეფონიაო, ღმერთმანი, არ ვუჩივიო, შესანიშნავი რამააო. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, გავიფიქრე, ეტყობა ჯეოსელის ნომერი უფრო მაღალ სტრაროსფეროში, “იქ” წასაღებად შეგირჩევიათ-თქო. “მაგთი” კი – “აქ”, ჩემნაირებისთვის. იმ დღეს მივხვდი, რომ  კანონმდებლებისა და აღმასრულებლების მრავალმობილურობა (პოლიტიკურად -მრავალვექტორულობა) ხალხური სიბრძნის დამსახურებაა და ამასთან დაკავშირებით  ახალი ანდაზის გამოცხობაცაა შესაძლებელი. სასამართლოსის - ვერაფერს მოგახსენებთ. მეოთხე ხელისუფლების - მედიის ქრონიკულად გამორთულმობილურობა კი თვითლიკვიდაციის ტოლფასია. ჰოდა, ალბათ, ამიტომაც ჩვენებურ კაცის საგარეო და საშინაო პოლიტიკას ერთმანეთისგან დიდი მანძილი აშორებს. გარეთ მტერს დაუფსებს თვალს, შიგნით – მოყვარეს ანუ “ჰკარ გარეულს, თორემ შინაური სად წაგივაო!” ანუ ორივეს შინაურ მღვდელსაც და გარეულსაც მეტ-ნაკლები დეტონაციებით ერთნაირად თუ დააშავებ, არც არაფერი დაშავდებაო. რატომ მაინც და მაინც მღვდელს და არა ყველაზე ადვილად მისაწვდომსა და მოწყვლადს, მაგალითად, ცოლს? ალბათ, იმიტომ, რომ მღვდელი კაცია, ხოლო, ასე ვთქვათ, ქალის ცემის ღია, დაუფარავი მოწოდება არ ეგების, თანაც მღვდელმა ენა და ხელი, წესით, არ უნდა შემოგიბრუნოს, ლოცვა უნდა წაიკითხოს, ჟან ვალჟანის ქურდობის მპატიებელი მამაოსვით ცოდვა მიგიტევოს და თან ლოცვა-კურთხევა იმ ვერცხლის შანდლებთან ერთად დალოცვილ გზაზე დაგიმგზავროს.

გენდერული დისკრიმინაციის თემას ვუბრუნდები და მახსენდება ერთი ჩვენებური, კალმის ცნობილი მსახური, აღმატებულ სიყვარულზე, ლაჟვარდოვან სინაზეზე და ჩიტების ფრთების სიგრძეზე კი წერდა, მაგრამ სახლში თავის მეუღლეს რბილსა და ძვალს უერთიანებდა, თანაც მაშინ, როცა მოინდებოდა ანუ მკაცრად განსაზღვრული განრიგის გარეშე. ცოლმა არასოდეს იცოდა რა ხარისხით უნდა ყოფილიყო კარგი, რომ “სახრე არ დაემსახურებინა”. კაცი ამ ორსახელიანი ანდაზის გასამართლებლად ძმაკაცებსა და მაღალ წრეში ერთი, “უსახრო”, “იქ” წასაღები სახელით (არ ვიცი, იქნებ ახალგაზრდობაში კაი “დამრტყმელ-დამპადიეზდებელი” იყო) დადის,  ოჯახში კი ანუ “აქ” ტრივიალური მოძალადეა (დასავლეთის ციხეები, საპრობაციო და სარეაბილიტაციო დაწესებულებები სავსეა ასეთი საშინაო მოძალადეებით). ხომ შეუნდობს მამაო, თანაც შინაური, რომელსაც თავისი გაჭირვება კი აქვს, მაგრამ, აი, შენდობა არა აქვს. ალბათ,  ჩვენი გმირი თავის ცოლს იმიტომ უჟაჟუნებდა და თან შიგა და შიგ თავს გაზქურაში აყოფინებდა, რადგან სხვა ქართული სიბრძნეც იცოდა, კერძოდ, “ბედი უნამუსო ქალია: ღარიბს ჩაგრავს, მდიდრის ეშხით მთვრალია”. იფიქრა ამ ჩვენმა სასიქადულომ, ცოლის განამუსებით მსოფლიო სამართლიანობას აღვადგენო, ღარიბის ეშხითაც უნდა მოიხიბლოს ეს ინამუსო, მაგრამ არა უპატრონოო,  თუნდაც ლოკალური მასშტაბითო, ამიტომ ღირს ამისთვის გარჯაო. თუმცა მაინც “უცნაურია”, რითაა უნამოსი ქალი უნამუსო კაცზე მეტად უნამუსო? ეტყობა ძალადობის საბრალო მსხვერპელი დიდად ვერ ერკვეოდა ამ საკითხებში და არ იცოდა ანდაზა “თუ დედაკაცმა გაიწია, ამირანს აითრევსო”, მაგრამ იცოდა მხოლოდ ის, რაც “უნდა” სცოდნოდა - რომ “თავგასულ ქალს ბალახმორეული ყანა სჯობიაო”. ამიტომაც რუტინულად მისტიროდა იმას, რასაც წესით, ყოველთვის მივსტირით – ბედს. თუმცა ამ ბედსაც რას გაუგებ?  ქართული ანდაზა ხან გვეუბნება “ბედი ბრმაა - დამჯერებელს შეხვდებაო” და ხანაც “ბედის მორჩილი მონობაშიც მოკვდებაო”. მიდი და გაიგე ახლა, რომლის რეკომენდაციას მისდიო. თანაც შეგახსენებენ “ალალბედზე ცხოვრება არცხოვრებისთანა არისო”. ერთი სიტყვით, ცნება “ბედი” ისეთი დრეკადია, რომ როგორაც გინდა, ისე გადაღუნავ. არჩევანი დიდია: ალალბედიდან დაწყებული და “თმებისა და ფრჩხილების” საშუალებით დასმული კარმული დაიგნოზით დამთავრებული (ანდაზა: “ბედნიერს თმა ეზრდება და უბედურს – ფრჩხილიო”). მაგრამ დაბნეული მოქალაქისთვის “იუმორი” აქ არ თავდება, რადგან იგი კიდევ ბევრ წინააღმდეგობრივ ანდაზა - თეორიას გადააწყდება:  ჯერ “სადაც ძალა შევა, სამართალი ბანიდან ავაო”, მერე - “საითაც ძალაო, სამართალიც იქითკენაო” და ა.შ. რაც მარტო მე კი არა, 1817 წლის ფრანგულ კონვენტსაც  კი დააბნევდა და 2010 წლის Human Right Watch–საც...





რომელი მგელიც მე არ შემჭამს, იმან დიდხანს იცოცხლოსო

არ ვიცი, ბედის ირონიაა თუ უბედობის, მაგრამ  ამ ნახევრად ზოოლოგიურ ანდაზაში შეუიარაღებელი თვლით ჩანს, რომ ადამიანი სავსებით კონკრეტულ სადღეგრძელოს ამბობს: “მგელი, რომელიც არ შემჭამს...”  ეს დალოცვაა და, ბუნებრივია, მომავალ დროსაც მოიხმობს. ერთი სიტყვით, “სხვისი ჭირი, ღობეს - ჩხირიო”, თანაც გუშინაც, დღესაც, ხვალეცო და სამიდღემჩიოდაცო. არ ვიცი, იმიტომ, რომ ამ ცხოველთა დამცველმა, ვეგეტარიანელმა მწვანე “კონფორმისტმა” იცის, რომ მგელს საქმე “წითელ წიგნში” შესატანად არ უნდა გაუხადო, რომ ეკოსისტემისთვის სარგებლიობის მომტანია ანდა სულაც იმ აზრს ითვალისწინებს, რომ “ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყებაო”  და ის სხვა, გინდ “მგელს შეუჭამია, გინდ მგლისფერ ტურასაო”. აზრი ძალიან პრაგმატული და ფრიად პერსპექტიულია. მისი წონადობის არაღიარება შეცდომა იქნებოდა. რახან მგელს შერჩევითი გემოვნება-მადა ჰქონია, იქნებ ამ მგელმა სულაც ჩემი პირადი მტერიც შეახრამუნოსო, ამით მეც ხომ მეშველა და ჩემს ახლობელსაცო ა.შ. ასეთი პრინციპით უკვე ისარგებლა ევროპამ გასული საუკუნის 30 –იან წლებში. მერე კი მის და საბოლოოდ, თავად მგლის სამწუხაროდაც “შეჭმის პროცესმა” დაგეგმილ მასშტაბს მილიონჯერ გადააჭარბა. იმის არ იყოს - “დათვს თავში სცემდნენო და ის კი ამბობდა: ეს რა ბრაგა-ბრუგიაო”... შემთხვევით, ეს ის დათვი ხომ არაა, რომლის შესახებაც ქართველს უთქვამს: “გაუშვი ეგ დათვი და წამოდი, სხვა საქმე გვაქვსო”. ამ შემაწუხებელი ბრაგა-ბრუგის გამო, აქტუალუარია კითხვა:  არსებობს კი სხვა სიბრძნე - ანდაზა სახალხოს გარდა? მაგალითად, სამოქალაქო ანდაზა? ხომ უნდა ვიცოდეთ რა არის კარგი და რა არის – ცუდი? თუ ესეც რომ გამოვიგონოთ, ლაპარაკის მაგივრად მხოლოდ საქმე უნდა “ვქნათ” და ახალი საანდაზო - სამეცნიერო ლაბორატორია დავაარსოთ, ოღონდ რომელიმე არამძიმე დღეს...




ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო

იმიტომ ხომ არა, რომ რაც გეზარებოდეს, ის წინ გიხვდებოდესო? არც ვიკინგები ვყოფლვართ, არც სტოლიპინის მარყუჟი გამოგვიგონია და არც ატომური ბომბების ფეირვერკი მოგვიწყვია, ერთადერთი  სტალინს “გვაბრალებენ”, მაგრამ საცა სამართალია, ორიგინალური კატაკლიზმების სიხშირით გინესის რეკორდების წიგნის მეწინავე გვერდზე თუ არა სადღაც ახლო-მახლო მაინც უნდა ვიყოთ. ისევ ბავშვობისდროინდელ მოგონებას თუ მოვუხმობ, სულ მიკვირდა, კაცი ამ ურემზე უკუღმა რატომ ზის, ბრუციანი ან ნაბახუსევი ხომ არაა, ანკი რა ბარგი უდევს  ცხვირწინ ასეთი, რომ გზას ვერაფრით ხედავს და საერთოდ, იცის კი, სად მიდის? სანამ გზას დაადგებოდა, რატომ არ მოუსმინა “აქსაკალს” და გზის თუ ურმის სანდოობა ასჯერ არ გაზომა? ჩვენებურმა კაცმა მრავალწლოვანი კულტურის (მრავალხმოვანი საგალეობლების ჩათვლით) და მრავალდარგობრივიო სიბრძნის მიუხედავად ისედაც მრავალჭირგამოვლილი ურემი გზის ყოველ მონაკვეთზე მრავალჯერ, მრავლისმეტყველად თუ არ დაამტვრია, ისე ვერც მიზანს შეიგრძნობს და ვერც სიცოცხლის ხალისსა და გემოს.  აბა, ისტორიაში სხვაგვარად როგორ შევიდეთ? არადა ანდაზიდან არ ჩანს: ეს სუბიექტურ თუ ობიექტურ (სხვა დაეჯახა, ურემია გაუმართავი იყო, “მძღოლს” უსაფრთხოების ღვედი არა აქვს ან ცუდი ამინიდია და სხვ.) მიზეზთა გამო ხდება. მერე რა გვექნება საამაყო, ცხარე ცრემლით სატირალი და გამოსასწორებელი? თანაც რომელი გზა? ნეტავი გზა ყოველთვის ერთი გვქონდა (მემარცხენეობა-მემარჯვენეობა-ცენტრისტობასაც ვგულისხმობ) თუ რუსული ზღაპრების არ იყოს, სამ ბილიკად იყოფოდა და უნდა აგვერჩია, რომელი მიმართულებით უნდა გადაგვებრუნებინა ეს ჩვენი  მოძრაობის საცოდავად, მრავალატასჯერ “დალატკული” და დაინვალიდებული საშუალება? სანამ დანარჩენი მსოფლიო რადიოს, მტვერსასრუტისა და ინტერნეტის გამოგონებით იჭყლეტდა ტვინს, ჩვენ ურემს ვაწვებოდით და მერე იმისთვის, რომ გზას ტაძრისკენ მოვეყვანეთ, მგზავრებიან - ბარგიანად ვატრიალებდით და ურმის ხელახალი გაწყობის პროცესში ვაი-ვვიშობდით. გზის ინფრასტრუქტურის მუშაკებს კი  შუქნიშნის ჩამოკიდება ავიწყდებოდათ ანდა სპეციალურად არ კიდებდნენ, რის გამოც ორღობე ორმხრივი მოძრაობის შარა-გზა, მოგვიანებით კი ავტობანი  გვეგონა. ურმის ავარია კი საგზაო ნიშნის დაყენების ოცნების საბაბს გვაძლევდა. რუსული ჰამლეტისეული “ჩტო დელატ ი კტო ვინოვატ” ურემს ბრალდებოდა და ასე მივდიოდით შემდეგ გადაბრუნება – კატასტროფამდე. მერე ღმერთს ვთხოვდით:  “ღმერთმა ქნას, ჩვენს თხას მგელი დაეიჭიროსო”. ასე იცის სასოწარკვეთილი მეურმის გაჭირვებამ – უზომო ოპტიმიზმი. მრავალტანჯულ ფორნას კი ენა-პირი რომ ჰქონდეს, დაახლოებით ვხვდები, რასაც გამოსცრიდა. რაც უფრო ილუზორული იყო მუდარის ტექსტი, მით უფრო ვმყარდებოდით რწმენაში. აქვე დავამატებ ჩემს გაქრონიკუბულ, ამ კონტექტში თითქოს უადგილო და უპასუხო კითხვას: ამხელა ოკეანე-ზღვებსა და ჰაერში გემები და თვითმფინავები როგორ ახერხებენ ერთმანეთთან შეჯახებას, ესეც სოფლის ვიწრო ორღობე ხომ არაა - თქო, ამათ რაღა სჭირთ-თქო. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.




ხომალდი ლოცვით დადისო


აჰა, კიდევ ერთი ჩვენებური, ქართული ანდაზური იდენტობა. დე იურეცა და დე – ფაქტოც, რადგან ეს ღმერთი მხოლოდ ჩვენია და არავითარ შემთხვევაში - გადამთიელების. ჩვენს გემს იმიტომ ემართება ასეთი რაღაცეები, რომ ღმერთს და, საერთოდ, მარიამს ვუყვარვართ და ამისა გამო მუდმივად განცდა-ვნებების (ვნება-ზარალი) რეჟიმში უნდა რომ გვამყოფოს. აი, უცხოენოვანი ღმერთის ქვეშ მოსიარულეები კი ჯანდაბამდე გზაზე ვლიან. მერე ვეღარ გებულობ, ეს ვაი რუსეთისგან გვაქვს, ქართული ჭკუისგან თუ მზრუნველი ცისგან. აბა, დედის (ხანდახან - მამის) წინ რომ ამდენს ირბენ-იკუნტრუშებ, რამ უნდა შეგჭამოს თუ არა მგელმა და კიდევ სხვა ათასმა ასავალ – დასავლელმა მტაცებელმა ცხოველმა? მერე ყარე ტლინკები, რამდენიც გინდა. ის, რომ ჩვენი წითელი (აქ ბოლშევიკებს არ ვგულისხმობ მხოლოდ) ისტორია წმინდაა, ესეც დალოცვილი ხომალდის ბრალია. აბა, სხვებმა იკითხონ. საუკუნეზე მეტია თავის ტერიტორიაზე ომი რომ არ უნახავთ, მაფიასთან და ტერორიზმთან ომის გარდა. მაგათი “ტიტანიკია” რომ ჩაიძირა, ჩვენსას კი რა ჩაძირავს – სულ ერთმანეთის ცხვირ-პირის ჩამოღებითა და გინებით მიდის საქმე. ჯანსაღი პერისტალტიკაა. ანტიტიკტანიკური. ვისაც ეს სანახევროდ მაინც არ გამოუცდია, მგლის ღირსია და გეენის მონსტრისაც. რა იციან თანამედროვე “ცისფერმა” ქვეყნებმა “ხურმა რა ხილია”? ა, ბატონო ჩვენი უახლოესი კავკასიური ომების ხურმა, მარწყვი, შტოში, ტყემალიცა და ერთმანეთის ჟუჟვის ხილი – თავდადების რომანტიკა. ნამდვილი ოქროს ხანაა – უმაღლესი თუ არა, საშუალო კლასის მაინც. უმაღლესი - აფრიკაშია. ღმერთი მაღალია, არც ჩვენ და ჩვენს არც გემს არ მოგვაწყენს.





ხარი ხართან რომ დააბა ან ფერს იცვლის, ან ზნესაო


ზოგს რომ დაუჯერო, 2012 წელს არც დასაბმელი იქნება ვინმე/რაიმე და აღარც ბოსელი. ფატალიზმი და ნიჰილიზმია ყველგან. კულტურა რაღაცნაირად გაიყინა. ვერ გვშველის. უკვე ერთი წელია რა პრობლემაზეც არ უნდა ვესაუბრო ვინმეს, ბოლოსკენ ყველა ამ 2012 წლით “მამშვიდებს” და გაძლიერებულ ლოცვასა და მარხვას მთხოვს. რისთვის - თქო? 2012 რომ აგვცდეს - თქო? თუ მაინც არ უნდა აგვცდეს და ზეციური ჩანაფიქრი უნდა ახდეს, მარხვა - ლოცვა რას უშველის – თქო, ვეხუმრები. მეუბნებიან: ილოცე და იმარხულეო მაინც, რა იციო, რა ხდებაო . . . თან ვიშრომო – თქო? აზრი აქვს - თქო? ვკითხულობ. არა აქვსო – მპასუხობენ. მაგრამ თვითონ მაინც დადიან სასმახურში. მეც დავდივარ. აბა, სხვაგვარ მაგალითს არ მაძლევენ, მხოლოდ ლოცვით არ შემოიფარგლებიან. სამარხვო კერძის ინგრედიენტები კი სუპერამრკეტშია და მათ მხოლოდ შრომით ნაშოვნი ჯამაგირით თუ მოათავსებ საკუთარ მაცივარში. თუმცა სხვა გზებიც არსებობს. ჰოდა, ყოველნაირად ვცდილობ არ გადამედოს ეს ორიათასთორმეტომანია. თავს ვიცავ, მეცნიერულ-ტექნიკურად. ვერ ჩამითრიეს. ჯერ. იმედი მაქვს, ჯანმრთელ ფერსაცა და ზნესაც შევინარჩუნებ. განსაკუთრებით, საპრეზიდნეტო არჩევნებისთვის.

ბავშვობიდან ამ ანდაზის გადამკიდე ხარი ქამელეონზე უარესი ფერიცვალია მეგონა.  ეს სიბრძნე მაუგლის მანიფესტსაც მაგონებდა. თუ ყველა ხეებზე ანდა დაოთხილი დაძვრება, გამოდის, რომ შენც ადრე თუ გვიან ხეებს მიაწყდები, ოთხზე სიარულს მიჰყოფ ხელ-ფეხს და პირიდან უცნაურ, დაუანაწევრებელ ხმებს გამოსცემ. არ აგცდება ეს ბედი. შენ, როგორც ყველა. ამ ანდაზაში კი სულ მაინტერესებდა, რომელი ხარი იქნებოდა სუსტი ნებისყოფის ან, როგორც ახლა ამბობენ, რესურსების და რომელი - ძლიერის? მაგალითად, პირველი, რომელიც გვირილებიან, მწვანე მდელოზე კუნტუშობდა და თავისუფლად ღმუოდა, თუ მეორე, ფლეგმა, რომელიც პირველს ჩაბნელებულ ბოსელში მიბმული, თავისუფლებააღკვეთილი, მაგრამ დაბინავებული დახვდა? რომელი რომელს? არადა ანდაზაში მხოლოდ ორნი არიან. ანუ არ არის უმრავლესობა-უმცირესობა, არ არიან ბოლშევიკები და მენშევიკები, არც მემარცხენეები და მემარჯვენეები, არც კომუნისტები და ანტიკომუნისტები. ეს ოპორტუნისტული სლოგანი საზოგადოების პატრიარქალურ მოწყობასაც ანდაზურად ამჟღავნებს, ასე ვთქვათ, იმავე თემში – ხარებში. ანუ იმთავითვე ითვლება, რომ რომელიღაც ცხოველი სუსტია და რომელიღაც - ძლიერი. ზნე-ფერთა უღრთიერთგაცვლაც არაა გამორიცხული, თუმცა ამ შემთხვევაში საკუთარი თავის იდენტიფიკაცია ცოტა არ იყოს ძნელდება, შესაბამისად რთულდება მანიპულირების ტექნიკაცა და დასახული ამოცანაც.

მართალი გითხრათ ამ ანდაზაში ყველაზე მეტად შრომის გადანაწილება მაინტერესებდა. არა იმიტომ, რომ ქართულში მაინც ვირივით მუშაობაა მიღებული (ვირს უფრო “ვიცნობთ”), სხვაგან კი – ხარივით. აგერ, Wall  Street-ის სიმბოლოც ხარია და აკი დგას კიდეც შუა ქუჩაში ეს გადარეული საქონელი. საინეტერესოა შრომის ეფექტიანობაზე რამდენად აისახებოდა ზნის (ფერს აღარ ვკითხულობ) შეცვლა? ვინ - ვისთვის ფერადდება, რომელი კორპორაცია – კომპანიისთვის? დიდი ზნეთმცოდნეობით, კერძოდ ისტორიულ ჭრილში, ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ჩვენი ამბავი მეტ-ნაკლებად ვიცი: ფერს ისე ადვილად ვიცვლით, რომ ზნე ვერც კი მიეწევა. მითუმეტეს – ურმით. აგერ რომატიკოსების მერე, როცა ამერიკა ჯერ კიდევ “აღუ-აღუს” იძახდა, თითქოს “და გზა უვალი” ვაი-ვაგლახით გავიარეთ და ევრორემონტამდეც მივედით. მარშრუტი ტაძრამდეც დავგეგმეთ (2012 - მდე გვინდა მივასწროთ). შუაში რაც იყო, იმას ადამიანი რამდენიმე წინადადებასა და ერთ ათეულ სახელში ჩაატევდა... მაგრამ ერთი სახელი აუცილებლად უნდა დასახელდეს.  ყველაზე განსაკუთრებული - სტალინი. მერე რა, რომ არ იყო კარგი კაცი. მეტიც, ძალიან ცუდი ვინმე იყო. ერთგვარი 666. ეს ისე, წამომცდა უცებ. ეკლესიის ნებართვის გარეშე. მაგრამ თავის გერმანელ კოლეგასთან ერთად ხომ გახდა XX საუკუნის ერაგირებული ორგანო? ჩვენთან კი უყვართ ეს ორგანო, რაღაცნაირი მასკულინური ესთეტიზმით, სერვილური მოწიწებით, რევოლუციური ნევროზის თანხლებით. აი, ნამდვილი ხარი! ქართველი ინკვიზიტორი.  აი, ზნე-ფერის შემცვლელი.


                                                 გვარი, განა ჩვარი



სკოლიდან კარგად მახსოვს, ერთი კულტურული საგნის მასწავლებელი, როგორც კი სკოლის დირექტორის ღვიძლი ნათესავი, ჩვენი თანაკლასელი ანცობას (სიზარმაცეს - არა, რადგან ეს ნიჭიერებისა და განსაკუთრებულობის ნიშნად ითვლება) დაიწყებდა, პათეტიკურად შეახსენებდა ხოლმე ა. ყაზბეგის შემდეგ სიტყვებს:  “გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!”. არადა მისი გვარი ისეთივე გლეხუჭური იყო, როგორიც - ჩემი. მაგრამ, აბა, დადიანი და ბაგრატოვანი კლასში არ გვყავდა და თანაც ეჭვი მეპარება, “პოსტგანკულაკების” პერიოდში სწორედ “მეფურობა” გამხდარიყო დიდებული ჯიშ-ჯილაგის შეხსენების საბაბი. მაშინ სხვა დრო იყო. ახლა მონარქიის და პატრიარქის დროა. პარალელურ რეჟიმში ერთი ლოკალური ქალაქის ფარგლებში ლოკალურად მონიშნულ პრესტიჟულ/არაპრესტიჟულ ადგილზე უძრავი ქონების დაფიქსირების დროც. აბა, სინსილამ ხომ უნდა იცოდეს, ვისი და რისი მემკვიდრეა? თანაც თუ ვაჟია? იბერიის გასაბრწყინებელი ქორწილის ცხრა თვის თავზე ანტიქალსაც ანუ აბსოლუტსაც ხომ ელოდნენ? კურთხეული “ბწკენა-ბწკენითაც” კი არაფერი გამოვიდა. ანუ საერთოდ არაფერი გამოვიდა სამედიო სიუჟეტების გარდა. ვეღარ შევხედავთ სხვებს ზევიდან ქვევით. ზეციური საქართველოს პროექტი გადაიდო. არადა “საწყენია” – ახლა მაინც გავიგებდით გვეყუდნის თუ არა საყუდვნებელი. თანაც – გვარ-ტომეული. ეჰ, დამთავრდებოდა მეტერიალურისა და სულიერის ჭიდილი, კლასობრივი ანტაგონიზმი წარსულს ჩაბარდებოდა, საბიუჯეტო ბეღელი სავსე გახდებოდა, ციხეები დაინგრეოდა, ”კოკაის” გარდა უფრო მეტი გვეცოდინებოდა იაპონიაზე და საერთოდ, პოპ და პოსტრაღაცა ხელოვნებაზე, ყველაზე პატარა და მსუბუქი ლეპ-ტოპები გვექნებოდა, ინგლისურ “თ”–ს გამართულად ვიტყოდით, ჩვენს ქალებს მსოფიოში ყველაზე გრძელი კანჭები და ყველზე მოკლე აპრეხილი ცხვირები ექნებოდათ, ჩვენს ტანსაცმელს - წინ ან უკან გამორჩეულობის “ლეიბლი” და თან ამაში ჩვენი სავალუტო ფონდი: სუფრა, მზია და ზეზვა, ყოველი ჯვარდაწერილის მესამე შვილის ნათლია, პოლიტკოკეტურობა და მართლმადიდებლობაც დაგვეხმარებოდა. ჯვარდაუწერლები და მტრები კი ჯოჯოხეთისა არიან. სოდომ-გომორასი კიდევ. ანდა სულაც ნამდვილი ვერაგნი სწორედ პირველნი არიან. მაგათი ბრალია ყველაფერი. მთავარია, რაც ერთხელ მოგვცეს როგორც მოსაზრება, კარგად და სამუდამოდ დავისწავლოთ, ტვინში ჩავიჭედოთ. თუმცა ნიუტონის ბინომსაც  და მის კანონებსაც დიდად არ ვცნობთ. ჩვარი კი ჩვარია. მეტი არც მოეთხოვება. “არ გინდოდა ქალაქიო. მიდი ზილე ტალახიო” . . .



ბაღი მებაღისაა


დეკადანსია, აბა, რაა, როცა არ გესმის, რომ ბაღი მებაღის სულაც არაა. ანდა როდის იყო? ვინ დაგვაძალა? საიდან მოვიტანეთ? ალბათ, მითიდან იმის შესახებ, თუ როგორ დაგვითმეს მიწა, როცა ვქეიფობდით. ვნანობთKკიდეც: უფრო რომ დაგვეგვიანა, იქნება და კიდევ უფრო მეტი საინტერესო მუქთა რამ  გვრგებოდა. რა დამსახურებისთვის? იმისთვის, რომ გვგონია, რომ ანცები და ზარმაცები უყვართ. ნიჭიერები არიან და ამ მიზეზითო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ჩვენს ღმერთს იგი (სანაშენე და არასანაშენე მიწა) სულაც მხოლოდ ერთი ჩვენი ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკისთვის დაუთმია (აფხაზებმა რუსულ რადიოში “ეხო კავკაზა” ეს მითი ჩვენზე შეითხზაო. განა საზიაროაო. სამხრეთ ოსეთს ჯერ პრეტენზია არ განუცხადებია. მითზე). შემოუღობავი მიწა და მასზე მიმაგრებული მითი როგორც სოციალისტურ - საკოლმეურნეო ქონება თან ყველასია და თანაც - არავის. ანდაზა (ისევე როგორც მითი მითია), კია ანდაზა, მაგრამ პრეზიდენტის დარად ვერაფრის, მათ შორის კონსტიტუციის გარანტადაც ვერანაირად გამოდგება. არც ისეთი ძლიერი ბრენდიც ყოფილა. პურს კი აცხობს მცხობელი, მაგრამ განა საცხობი მისია? ჯარისკაცი კი კლავს,  გადამთიელ ჯარისკაცს ზედაც შეაკვდება, მაგრამ განა ჯარი მისია? რიგითი მეძავი მეძავეობს, მაგრამ განა “ბორდელი” მისია? არ გვეყურება, რომ მებაღის კერძო საკუთრება ჩერნიშევკისეული ვერა პავლოვნას სიზმარია და მეტი არაფერი. ეს ნიკოლაი გავრილოვიჩი გამუდმებით “რა ვაკეთოთ?”–ს ნერვიულად რომ გაიძახოდა, პასუხად – “ამერიკაში წავიდეთო” იმასაც აყოლებდა. ჩვენ კი ეს “რა ვაკეთოთ” ლამის 150 წლის მერე აგვიტყდა და დაგვიანებით ისევ  ჩერნიშევსკისეული “რუსული” სტარტეგია მოგვივიდა თვალში და ტვინში, ამერიკას (აბა, ევროპამ გვიღალატა) ვაპყრობთ მზერას, მაგრამ უკვე გვიანაა. კი, იქით უკვე ვიყურებით, სადაც ვერა პავლოვნას ერთი-ორი ახლობელი იყურებოდა. ვიყურებით, მაგრამ მაინც ვერ გადავცურავთ აღთქმული კონტინენტისკენ. გვეშინია. თანაც შორია, თანაც საერთაშორისო კია იქ ენა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს – უცხოა.  ერთი გერცენი იწერებოდა ლონდონიდან, ჰარიქა, რუსო ძმებო - თანამებრძოლებო, იქნება რუსეთი თავისი ციმბირიანად ანდა სულაც მხოლოდ ციმბირი ამერიკას შევუერთოთო, დატრიალდით, ბოლო-ბოლო იქნება გვეშველოსო და მეორე – ჩვენ: დასავლეთს მოსაჩრდილებლად შუბლთან მიტანილი ხელით გავყურებთ და ვერ გაიგებ, თვალს მზის გამო ვჭუტავთ თუ სკეპტიციზმის შეტევისა გამო. რა ვქნათ, ასე ჩამოვყალიბდით ისტორიულად და. . . ანუ დრამატულ – დილემურად. აღმოსავლურ-დასავლურ-ჩრდილოეთურად. სამხრეთელობას კი იქით ვასწვალით ვინმეს. თუ მოინდომეს, ისწავლიან კიდეც. გვიხარია ეს გზის გასაყარი თუ შესაყარი. ვამაყობთ. არადა გასახარელს ვერაფერს ვხედავ. ან ერთმანეთს ვმუსრავდით, პარალელურ რეჟიმში სხვებიც გვმუსრავდნენ და ამ ორი კონკრეტული მიზეზითაც ვაგვიანებდით ანდა სულაც დაგვიანება ჩვევად გადაგვექცა. ძველ, აუთენტურ ზნედ. ადათ-წესად. აგერ ჩვენებური გამონათქვამიც ჩვენკენ არაა? “ადათის ამოწყვეტას გვარის ამოწყვეტა ჯობიაო”. ამ ადათომანიაში კი უპროცენტო და პროცენტიანი ვალები დაგვიგროვდა, ტყუილებიც - ბლომად, მაგრამ აგერ არაა სახალხო სიბძნე, ჩვენი ერთგვარი მეცნიერებათა აკადემია თავისი ნამდვილი და საპატიო წევრი პროფესორ - აკადემიკოსებით? “ისეთი ტყუილი უნდა თქვა, რომ ორი ფეხი ჰქონდესო”. ტყუილი უდრის ეშმაკობას. ეს უკანასკნელი კი - ჭკვიანობას. ვიხიბლებით ასეთი ჭკვიანებით. ვგიჟდებით თუ ვინმე კარგად მოატყვილეს. მერე ჩვენც თუ მოგვატყვილეს, შევუკურთხებთ, მაგრამ მაინც ვიხიბლებით. მომტყუილებლით. ეს სიტყვა უფრო დენდურია. აბა, სიტყვა “მატყუარა” მთლად სოლიდურად არ ჟღერს. გვშურს, ნეტა მეც შემეძლოსო ასეო. განა, იმას ვიტყვით, რომ ტყულს ხელ - ფეხი უნდა მოვუმტვრიოთ, რათა ადგილიდან არ დაიძრასო. არა. გულში ვფიქრობთ, “ქატო – იქა, ფქვილი –აქა” თუ გვინდა, ურიგო სულაც არ იქნების, მესამე ფეხიც მიებას ამ ტყუილსო. ისე, კარგად და მარდად რომ ირბინოს, სულაც ოთხ ბორბალსაც არა უშავსო: საკუთარი მფრინავი, “ეკოლოგიურად სუფთა” ავტომობილი თუ ექნება, ხომ მთლად კარგი და გადასარევიო. ჯეიმს ბონდივით. ავტომატიზირებული ავტოფარეხით.

“მე ვარ მებაღე. არავინ იცის ეს ბაღი ჩემზე კარგად. მე პატარაობიდან მარტო ვარ ამ ბაღში”. ესეც ანდაზა არ გეგონოთ. ეს ეჟი კოსინსკის მოთხრობიდანაა, სახელად “მებაღე”. თუმცა ეს წინადადებები რით არაა თეთრ ლექსად თქმული ანდაზები? უბრალოდ, ამის მთქმელს კარგი “პრმოუტერი” ვერ შეხვდა. არადა ერთ, ტელევიზორის “ნიუსებზე” გაზრდილ ჭკუასუსტ მებაღეს, მრავლისმთქმელ სახელად “შანსი,” გვარად “გარდნერი” (მებაღე) ეკუთვნის, რომელიც მარტივი, ძალიან ბანალური წინადადებებით თავის მებაღურ ცხოვრებაზე ელაჩკა შჩუკინასავით საუბრაობდა, თუმცა ბოლოსკენ ელიტარიუმის, “სვეცკი” სალონებისა და დიპმიღებების წარმატებით გავლით, ამ ბაღ-ბაღობით კინაღამ დიდი ქვეყნის პრეზიდენტიც გახდა. არ ვიცი, პრეზიდენტ-პრეზიდენტობასაც (იხ. მეფე – მეფეობასაც და მისთანანი) თუ გამოაცხობდა თავისი “მოკრძალებული” აზროვნებით, ოღონდ ხალხის მიერ - არამოკრძალებულად ატაცებულით. ნიცშემ აბსურდი ძველბერძნულ ტრაგედიაში დაინახა, ჩვენებური კი ჩვენს ქართულ გაანდაზებულ ტრაგედიაში “თავისუფალი დროისგან” თავისუფალ დროს აბსურდს თუ მოჰკრავს თვალს, ისიც ცხოვრებისეულ პოეზიად მოეჩვენება და პოსტაბსურდულს “მიაწვება”. პრინციპით “ჩემი გაჭედილი ხატის სიძლიერე მე ვიციო”. ამიტომ პრეზიდენტობისთვის, როგორც მინიმუმი, თედო სახოკიას მიერ შეკრებილი ქართული ანდაზების კრებული მთლიანად თუ არა, მეოთხედად მაინც უნდა იცოდე ანდა თავში მათი “ფაილების” დიდი “დირექტორია” გედოს. ნორმატიული და არანორმატიულიც. დასაწკაპებლად გამზადებული. ჰო, კიდევ: ატაცებას მებაღეს ვერაფრით დავაბრალებთ.

azrebi.ge
08.05.2010

No comments:

Post a Comment