ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ჯერ გერმანიის, შემდეგ - ინგლისისა და ბოლოს საფრანგეთის პირველმა პირებმა ლამის ერთხმად აღნიშნეს, რომ მულტიკულტურალიზმის ასე ვთქვათ, ევროპულმა პოლიტიკამ მარცხი განიცადა. ფაქტობრივად, ეს იმის აღიარება გახლდათ, რომ ამ სამ ქვეყანაში ახალი თუ ძველი ემიგრანტების: არაბული ქვეყნების წარმომადგენლებისა და, რასაკვირველია, არა მარტო მათი ინტეგრირების პოლიტიკურმა, სოციალურმა, სამართლებრივმა თუ კულტურულმა პრაქტიკებმა ვერ თუ არ გაამართლა. ევროპა დაიძაბა. წამყვან სახელმწიფოთა ლიდერის მოხსენებაში, ფაქტობრივად, ამგვარი ჩავარდნის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სუსტად იყო წარმოჩენილი. თუმცა, ფაქტია, რომ სახელმწიფო თვითგვემას არ შეუდგა და ყბადაღებული პოლიტკორექტულობისა და მემარჯვენე-მემარცხენე „დრაივის" გვერდის ავლით ისინიც დაადანაშაულა, ვისაც მასპინძელი ქვეყნის ენის სწავლა ჯიუტად არ უნდა და წარმოშობის ქვეყნიდან გადმოტანილ დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს ახალი სამშობლოს კონსტიტუციაზე უფრო მაღლა აყენებს. ამ მოვლენას ქართული მედიისთვის თავი დიდად არ აუტკივებია. საქართველოში ითვლება, რომ ჩვენებური „მულტი" ერთხელ და სამუდამოდ და ისიც დიდი ხნის წინათ მოგვარდა და თანაც ჩვენ სხვა, უფრო „მსუბუქი" კულტურული პრობლემები გვაქვს. ასე ვთქვათ, დესერტად მისართმევი. მაგალითად, ტელევიზიით იმ „ჰოტელების" რეკლამის ჩვენებისას, რომელშიც შეყვარებულებმა უცხოური ვალენტინობა ვნებიანად უნდა გაატარონ, მაყურებელი კი სასტუმროთა სიმრავლით უსაშველოდ რომ არ დაიბნეს, ამიტომაც „მოლაპარაკე ყუთი" გზამკვლევის როლს ასრულებს. ანდა თუ რომელიმე უცხოელი ელჩის შვილი ქართველს მისთხოვდება, ჩვენებურმა ობივატელმა ქორწილის ვიდეოჩანაწერს გაფაციცებით უნდა ადევნოს თვალი, რათა კარგად დაიმახსოვროს საქართველოს სადღეგრძელო ვინ რამხელა ყანწით დალია. რით არაა ეს კულტურული და თანაც - მულტიკულტურული მოვლენა? ჩვენ რაში უნდა გვაინტერესებდეს „ქალი ცვედანის" ავტორი ჰერმან გრირი სადაა, სლავოი ჟიჟეკი რას ფიქრობს „ქალის ექსცესიურობაზე" და წერია ჰადის წიგნში „დასახიჩრებული"? ანდა რატომ უნდა ვისწავლოთ ინგლისური, როცა ჩვენი ქართული ასეთი ძირძველია და თანაც ყველაზე ბევრი ასო (მთლად ასეც არაა, რასაკვირველია, ჩვენზე მეტიც აქვთ) ჩვენს ანბანშია? თანაც, როცა ამ ენაზე ამერიკელი იმპერიალისტები მეტყველებენ, რომლებმაც 2008 - ის აგვისტოში თავი არ შეიწუხეს და რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ არ მოსრეს? ჩვენ, უძველესი ევროპელები, თავისი ზეზვა - მზიათი და მათი ახლადგამომცხვარი შვილით, რატომ უნდა ვხარჯავდეთ დროს „ვიღაცეების" კულტურაზე და „ვინტეგრირდეთ" აღთქმულ დასავლეთსა და კიდევ „რაღაც-რუღაცეებში", თუ ყველა კულტურა ისედაც, იმთავითვე, ბუნებრივად და ყოველთვის თანასწორია? ითვლება, რომ ლიბერალური და საერთოდ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები ადამიანთა თანასწორობის ბაზისზე იგება. სამოქალაქო, მოდერნისტულ საზოგადოებაში მიუღებელია ნებისმიერი სახის სეგრეგაცია, მათ შორის და უპირველესად სქესობრივი ნიშნით. მიუღებელია დისკრიმინაციის იდეოლოგია, როგორ „პოპულარულ", დიდ და უძველეს რელიგიასაც არ უნდა იყოს იგი ამოფარებული. პირადად მე აფრიკული ნიღბების დანახვისას თუ ენერგიული, აფრიკული ჰანგების მოსმენისს მახსენდება არა იმდენად მათი ეგზოტიკური - არქეოლოგიური თუ საცეკვაო ფასეულობა, არამედ აფრიკის ზოგიერთ ტომში შემორჩენილი კანიბალიზმის პრაქტიკა და ხუტუსა და ტუტსის „საქმენი საგმირონია". თუ ერთი შეხედვით, თანასწორობა ბუნებრივ მოცემულობად ითვლება, ჩემი მოკრძალებული ემპირიული დაკვირვებით სამართლიანობა, არა მარტო ერთი შეხედვით, თანასწორობის მსგავსი ფუფუნება სულაც არა. იმავე ემპირიკით თანასწორობა მხოლოდ მოცემულ ტერიტორიაზე მოცემულ დროს მოქმედი კანონისა და ზოგადად ღმერთის წინაშე დეკლარირებულ თუ არადეკლარირებულ თანასაწორობას მოიაზრებს. და ესეც არა ყოველთვის და არა ყველგან. ერთ კონკრეტულ ადგილსამყოფელში კი მეტ-ნაკლებად არსებული თანსაწორობა ადამიანთა შორის ინტრენაციონალურ - გლობალურ თანსაწორობას სულაც არ უთანასწორდება. სამყარო უსამართლოა და ამიტომ ადამიანებმა კანონი იმისთვის გამოიგონეს, რათა მისთვის სამართლიანობის „აღსრულება" დაევლანებინათ. მაგრამ „სამედიცინო ფაქტია", რომ ადამიანები არ არიან თანასწორნი და ის, ვინც დამიმტკიცებს, რომ 20 წლის ქალი, რომელიც შარშან ზაფხულში სომალის ერთ-ერთ სოფელში ორასაკაციანმა ბრბომ ქვებით ცოლიან მამაკაცთან სექსის გამო ჩაქოლა, თანასწორია იმ ამერიკელი მაყურებელი ქალისა (ქმარი გვერდით უზის), რომელიც ღია ეთერში გადაცემაში მიწვეულ სექსოლოგ მამაკაცს ანორგაზმიის ნიუანსებზე ეკითხება, დიდ მადლობას გადავუხდი და ბოდიშის მოხდით უკან წავიღებ ჩემს არაპოლიტკორექტულ სიტყვებს. ჰო, მართლა იმ სომალელი ქალის (ამერიკაში იგი არასრულწლოვნად ჩაითვლება) საყვარელი მამაკაციც ერთი კვირით ადრე ქვებით ჩაქოლეს. ქალი ფეხმძიმედ იყო. ვიდრე მას ქვებით დამარხავდნენ. მას მშობიარობა აცალეს. არა ჰუმანისტური მოსაზრებებით. არამედ თალიბების „გასამრავლებლად". საწყალი ჩვილი მკვრადშობილი მოევლინა სამყაროს. ჰოდა, ორი დღის შემდეგ განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. ამიტომაც ვთვლი, რომ ფარისევლური და იმთავითვე „წყლის ნაყვაა" მსჯელობა არა მარტო კულტურათა თანასწორობაზე (აქ საუბარი არაა განსხვავებულობაზე, უნიკალურობაზე), არამედ ზოგადად - ადამიანთა თანასწორობაზე. აქ და იქ, ამჟამადაც და იმჟამადაც.
XX საუკუნის ბოლო მეოთხედში (ზოგმა - ადრე, ზოგმა - გვიან) კანადამ, ავსტრალიამ, შვედეთმა, სამხრეთ აფრიკამ, ინდოეთმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის მიმდევრობა ოფიციალურად გამოაცხადა. ანუ მულტიკულტურალიზმი, როგორც კულტურათა მრავალფეროვნების ხელშემწყობი, წამახალისებელი სახელმწიფო პოლიტიკა და გნებავთ, მმართველი პარტიის პროგრამა არა ერთი ქვეყნის ძირითად კანონში ცალკე პუნქტადაც კი გაჩნდა. მაგრამ რა მივიღეთ XXI საუკუნის პირველი ათეულის დასასრულისთვის? აღმოჩნდა, რომ დასავლური ქვეყნების ღია საზოგადოების კონცეპტი, ინდივიდისა და ეკონომიკის თავისუფლების ფილოსოფია, კანონის (არაკლერიკალურის) უზენაესობის პრიორიტეტი, სოციალური სფეროს კაპიტალი და ჰუმანიზმი გამოყენებულ იქნა არა „კულტურულ გეტოებში" ევროპისკენ ფანჯრის გაჭრისთვის, არამედ ამ ფანჯრის უფრო კარგად ჩასარაზად. აქ ცნება „ფანჯარა ევროპისკენ" ერთგვარი კრებითი, მოდერნიზმის, პროგრესის აღმნიშვნელი ტერმინია.
ეგვიპტეში 11 თებერვალს, მას შემდეგ რაც მუბარაქი გადადგა, „დემოკრატიული რევოლუციით" აღტკინებულმა, ორასკაციანმა (ისევ ორასი) ბრბომ ამერიკულ ტელეარხ CBS -ის ჟურნალისტი ლარა ლოგანი გადამღებ ჯგუფს „წაართვა", სასტიკად სცემა და გააუპატიურა. რომ არა ეგვიპტელი ჯარიკაცების ჩარევა, იგი სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა. ლარა პირველი ჟურნალისტია, რომელიც ერაყში აშშ-ის შეჭრის დროს ცხელი წერტილიდან მაუწყებლობდა; მუშაობდა ავღანეთშიც. არის სამხედრო კორესპონდენტი. იმ დღეს ლარა ქაიროში CBS-ის საგამოძიებო ჟურნალისტური გადაცემის „60 წუთისთვის" მუშაობდა, როცა რევოლუციონერებმა მასში ისრაელის სასარგებლოდ მომუშავე ამერიკელი ჯაშუში „შეიცნეს" და ისე დასაჯეს, როგორც ქვეყნის მტერსა და თანაც ქალს „შეეფერება". როგორც ირკვევა, ეგვიპტეში ქალის გაუპატიურების სტატისტიკური მონაცემი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ანუ ქალის ამგავრად დასჯა ჩვეულებრივი „სოციალური პრაქტიკაა". არადა, ამერიკამ „თეთრი სახლის" სახით ეგვიპტურ რევოლუციას მხარი დაუჭირა, ისევე როგორც იგი ნებისმიერ რევოლუციას შეეგებება. მერე რა, რომ მანამდე აშშ არა ერთ დიქტატორულ რეჟიმს დახმარებია (კუბასა და მისთანანებს თუ არ ჩავთვლი). მთავარია, ამბოხი დემოკრატიულობის ლოზუნგით მიმდინარეობდეს და მთავარია ეს ჩინეთში არ მოხდეს (სიტუაცია ანუ ეკონომიკა არ აირიოს) . . . ჰო, ირანიც ჯობს მშვიდად იყოს. ჰოდა, ლარას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ამერიკის მოქალაქემ, წარმოშობით ლიბიელმა მწერალმა და ჟურნალისტმა (თანამშრომლობს New York Times Magazine, Washington Post, Harper's -სა და სხვა სახელიან გამოცემებთან), ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის თანამშრომელმა ნეილ როზენმა Twitter - ით ლარას მისამართით შეურაცხმყოფელი გზავნილები არ დაიშურა. აღმოჩნდა, რომ კაცს სულაც არ სწყენია ქალზე განხორციელებული ძალადობა. პირიქით, ნიშნიც კი მოუგო. როზენი ლარა ლოგანის შესახებ ინეტში გამოთქმული მოსაზრებების გამო იძულებული გახდა უნივერსიტეტიდან წასულიყო. ჰო, კიდევ ერთი და არც ისე უმნიშვნელო დეტალი. New American Foundation -ის გრანტიორი ნეილ როზენი თვლის, რომ „ჰესბოლა" ტერორისტული ორგანიზაცია სულაც არაა. ამგვარი თვალსაზირისი მას, ბუნებრივია, ასევე ყბადაღებულ გამოხატვის თავისუფლებაში ეთვლება, რომელსაც აშშ-ის კონსტიტუციის შესაბამისი პუნქტი იცავს. მათ შორის სიტყვის თავისუფლებასაც, რომელიც, როგორც ჩანს, აბსოლუტური სულაც არაა: კონსტიტუციაში არ წერია, რომ გადავსებულ, დახურულ ალაგს ხუმრობით სიტყვების „ხანძარი!" ან „ბომბი!" (ან ორივეს ერთად) წმოიძახება გეკრძალება. არადა თუ რაიმე ამდაგვარი შეამჩნიე, როგორ უნდა გამოხატო ეს სიტყვიერად, ისე, რომ ადამიანები ბრბოდ არ გადაიქცნენ, ერთმანეთი და შენც არ გადაგჯეგონ, არც ესაა დაფიქსირებული. სხვათა შორის, არც იორდანიელი ამერიკელი, პროფესიით სამხედრო ფსიქიატრი, წოდებით მაიორი ნიდალ ჰასანი თვლიდა „ალ-ქაიდას" ტერორისტულ ორგანიზაციად. და აქაც „უმნიშვნელო" დეტალია აღსანიშნავი: იგი შარიათს ამერიკის კონსტიტუციას ამჯობინებდა. როგორც გაირკვა, ჰასანი ამ თავის მულტიკულტურალურ „უცნაურობას" უნივერსიტეტში სწავლის დროსაც არ მალავდა. ამბობენ იმასაც, რომ მან დიპლომი და სამედიცინო პრაქტიკის უფლებაც „უცნაურ გარემოებებში" აიღო, ისევ მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის „მეინსთრიმინგის" გამოო. ჰოდა, სწორედ ამ მულტი-კულტურისა და ამგვარი „ორიენტალსიტური" ხედვის არსებობის უფლების გამო მის ისლამისტურ-ექსტრემისტულ განწყობებს სათანადო ყურადღება არავინ მიაქცია. ყველაფერი განსხვავებულ კულტურასა და რელიგიის თვითმყოფადობას მიაწერეს. „მულტი" კი იმით დასრულდა, რომ მაიორმა ტეხასის სამხედრო ბაზაზე ავტომატიდან 13 თავისივე თანამშრომელი - სამხედრო და სამოქალაქო პირი მოკლა, 28 კი დაჭრა. ბუნებრივია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძალადობას „ორგანულები" და დიდი ხნის წინათ „ინტეგრირებულნი" არ სჩადიან. 2005 - ში, როცა ამერიკის ყველაზე ჯაზ - ბლუზურ სივრცეს, ნიუ-ორლეანს დამანგრეველი ქარიშხალი „კატრინა" თავს დაატყდა და ქალაქი, ფაქტობრივად, გაანადგურა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ყოველ დღე ერთმანეთს ღიმილით, სიმღერ-სიმღერით ხვდებოდნენ და „ჰაუ არ იუს" ეკითხებოდნენ, ერთმანეთს ტყვიები დაუშინეს, მეზობლის სახლებში შეცვივდნენ, ქალები დააუპატიურეს, ბანკები დაძარცვეს. ყოველგვარი ისლამისტურ - ექსტრემისტული მოსაზრებების გარეშე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ იქ, სადაც სახელმწიფო არსებობას თუნდაც მცირე დროით წყვეტს, ცივილურობაში გამოხატული ქცევის კულტურა უჩინარდება, ხოლო გამოხატვის თავისუფლება ბარბაროსობის ექსპრესიად ტრანსფორმირდება.
სწორედ დღეს, პოლიტკორექტულობის, გლობალიზაციის (სამოქალაქო უფლებებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ათასგვარი რეზოლუცია - კონვენციები; ევროკავშირი და მისთანანი), ხელოვნების, მეცნიერების, ტექნიკური საშუალებების განვითარების, მედიური და სოციალური ქსელების არსებობის პირობებში ნათელი გახდა, რომ კულტურათა უნიკალურობა მათ თანსაწორობას სულაც არ ნიშნავს კი არა, აბსოლუტურად არ ნიშნავს. და მეტიც: არც არასოდეს ნიშნავდა. მხოლოდ ადამისა და ევას არსებობის დროს იყო იგი თანასწორი, რადგანაც სხვა კულტურული სივრცე, უბრალოდ, ფიზიკურად არ არსებობდა და შესაბამისად არც - შედარების საშუალება. ბუნებრივია, კულტურაში მხოლოდ პირველად გამოცემული წიგნი, ქრისტიანობის შემოღების თარიღი, სტუმართმოყვარეობა, ღვინისა და ყველის სახეობათა სიმრავლე და ხელოვნება არ მოიაზრება. კულტურა დღეს, როგორც არასდროს, ადამიანთა შორის ჰუმანისტურ ღირებულებათა და მოვალეობა - პასუხისმგებლობათა არა ფარისევლური, არამედ თანაბარი, სამართლიანი განაწილების მაქსიმას გარეშე წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია ისევე, როგორც წარმოუდგენელია იმ აფრიკული ქვეყნის კულტურა (უპრიანი იქნებოდა ამ კონტექსტში ცნება „უკულტურობის" დამკვიდრება), სადაც გოგონას კლიტორს აჭრიან გაუთანაბრო აშშ-ის კულტურას, სადაც მამაკაცი ალიმენტს თავის „უკანონო" შვილზეც იხდის. მითუმეტეს, თუ ქალმა ბავშვის ბიოლოგიური მამისგან ამ ფულის ამოღება მოინდომა. ეს „უკანონო" არსება ამერიკის მოქალაქეა. კაცს გადახდა თუ არ უნდა, სახელმწიფო გადაახდევინებს. კანონის ძალით. ამიტომ სანამ რაიმეს გააკეთებ, ჯობს დაფიქრდე, მათ შორის - კონტაცეპტივზეც. საქართველოში კი სანაგვეზე მორიგი გადაგდებული ჩვილის პოვნისას ბრალდებული ტრადიციულად იმთავითვე ქალია (პრინციპი: ქალი ფეხმძიმდება, აბა, კაცს ფერტილობის უნარი არასოდეს ჰქონია და ამისთვის მადლობა ღმერთს) და როგორც ერთხელ ქალმა დიქტორმა გვამცნო, საზოგადოება ამგვარი ქალისადამი კანონის გამკაცრებას ითხოვსო. ისმის კითხვა: რომელი საზოგადოება? სად მოვიძიოთ ამ საზოგადოების წევრების საკონტაქტო ინფორმაცია რათა ერთი კონკრეტული კითხვა დავუსვათ? კერძოდ, ბავშვის „შექმნაში" მამაკაცის წვლილის შესახებ.
ვაღიარებ, რომ ამერიკაში ამდენი ხნის ცხოვრების შემდეგ ვერ შევეგუე, გნებავთ, ჩუმი შეუმწყნარებელობა მემართება და ყოველ ჯერზე ვღიზიანდები, როცა ქუჩაში შავ ბურკაში „გამოწყობილ" ქალს ვხედავ, რომელსაც ხელში ორი ბავშვი უჭირავს, საბავშვო ეტლშიც კი კიდევ ორი ტირის, ქალს ოთხი ჩანთა აქვს გადაკიდებული (ასეთ კაბაში ვერც გაიგებ, იქნებ ფეხმძიმედაა) და სახეზე მჭიდროდ შემოხვეულ ნაჭერს ზევით - ქვევით დაუღალავად ქაჩავს, რათა „ხორცი" არ გამოუჩნდეს. მის გვერდით კი მისი მეუღლე მოაბიჯებს, აიფონს უსმენს (ქალი ყურებში ყურსასმენებს ჩარდის გამო ვერ გაიყრის) და თან ვიღაცას ტექსტ - მესიჯებს უგზავნის. კლასიკური ილუსტრაცია პირველი და მეორახისხოვანი სქესისა და მოქალაქის მონაწილეობით. ამდაგვარი მულიტიკულტურალიზმი განსაკუთრებით თვალშისაცემია ნიუ-იორკულ აუტანელ ტენიანობასა და სიცხეში, როცა მოსიარულე, შავ „ბალახონად" გადაქცეული ფიგურის გვერდით მიმავალი მამაკაცის სამოსს ხედავ: შორტები, სანდლები და უმკლავო მაისური. თანაც, როცა ეს კაცი ნახევრად შიშველ, საცვალს დამსგვსებულ შორტებიან სხვა „მულტის" წარმომადგენელ ქალს თვალებით რომ ხრავს. ჰოდა, სწორედ მაშინ ვხედავ ამ მულტი-კულტურის შეუმდგარობასა და სისუსტეს. არა ნიჰილიზმის გამო. უბრალოდ ფაქტი იმას ნამდვილად იმსახურებს, რომ აღიარებულ იქნას. ამერიკამ მაინც ვერ მოახერხა ერთ ქვაბში გადაედნო ის, რაც თავიდან გადადნობის კანდიდატად ეჩვენებოდა და ერთ საერთო მნიშვნელამდე, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებამდე მოიეყვანა. საუბარი აქ არაა ენისა თუ კულტურული მემკვიდრეობის სანაგვეზე გადაგდებაზე, უნიკალურობის ნიველირებაზე ან კეხიანი ცხვირების ტოტალურ „გაკურნოსებაზე". არამედ იმაზე, რაც სხვებს ეგზოტიკად ეჩვენებათ, სინამდვილეში კი ელემენტარულად ჰუმანიზმის არარსებობა, დესპოტიზმი, უსამართლობა, დისკრიმინციაა და ქვის ხანა თუა არა, შუა საუკუნეებია თავისი ინკვიზიციით. პრობლემაა იმაშია, რომ ისეთ ქვეყანაში, რომლისკენაც ყველას თავისუფლების ყლუპისთვის თუ ლუკმისთვის მიუწევს სხეული - სული - გული, იგივე ამ მულტიკულტურალიზმის გაკულტების გამო შექმნილია „კონსერვაციის ზონები", ერთგვარი გეტო - კულტურული „აოზისები" და მათთან რამენაირად შეხება - კორეგირება - რევიზია არატოლერანტობად, რასიზმად და გამოხატვის თავისუფლების შელახვად ჩაითვლება. მთავარია გადასახადები დროზე გადაიხადო და კანონი არ დაარღვიო. თუმცა ამერიკაში ისეთი ადგილებიცაა, სადაც ამ მულტი - კულტურისა და კიდევ სხვა ისტორიულ-ფსიქოლოგიურ მიზეზთა გამო გადასახადებისგან არა გარკვეული კატეგორიის ადამიანები თუ სტრუქტურები (დაბალშემოსავლიანები, შეზღუდულუნარიანნი, საქველმოქმედო ორგზანიციები და ა.შ.) თავისუფლდებიან, არამედ ეთნოსები, ერები. ანუ ზოგნი, თავისი წარმომავლობისა თუ ისტორიის გამო უფრო მეტადაა პრივილეგირებული, ვიდრე ის, ვინც ამგვარი წარმომავლობითა და ისტორიით „ვერ დაიკვეხნის" . . . სწორედ იმ კანონის მიხედვით, რომელიც, წესით (და კანონით), სამართლიანი უნდა იყოს. ამგვარი კულტურული და აქედან გამომდინარე ეკონომიკური ანკლავების ნათელი მაგალითია ინდიელთა რეზერვაციები, რომელთა „პოზიტიური დიკრიმინაცია" დიდი ხანია დიდ ნეგატივიზმში გადაიზარდა; სადაც აბორიგენები მათ საცხოვრებელ ადგილებში ამუშავებული სამორინეებიდან მიღებული უზარმაზარი, მრავალმილიარდიანი შემოსავლიდან გადასახადებს არ იხდიან. სახელმწიფოსგან მიღებული მულტი - კულტურული მუქთი კარტ-ბლანშით მათ უმაღლეს სასწავლებლებშიცა და არჩევნებზეც კვოტები მისცეს. ინდიელების ცხოვრება მაქსიმალურად სუბსიდირებულია, მაგრამ მათ იქ (უნივერსიტეტი, პოლიტიკა) მოღვაწეობა დიდად არ ხიბლავთ. რატომ? ალბათ, სწორედაც ამ სუბსიდირებული ცხოვრების გამო. ზოგიც კიდევ თავის ტერიოტორიაზე ახალი საჯარო სკოლების გახსნაზე აურს აცხადებს. არ უნდათ და მორჩა. კენჭის ყრის მეთოდით გადაწყვიტეს, რომ არ უნდათ. არ აწყობთ. დემოკრატიულად არ აწყობთ. თავის თვითმყოფადობას, სუვერენიტეტს, უნიკალურობას გამოხატვის თავისუფლებით იცავენ. სამორინეებისგან მიღებულ შემოსავალს კი ისევ სამორინეების მშენებლობაში აბანდებენ. ანდა ვინმე ჩინოვნიკის მოსყიდვას ცდილობენ, რათა მან სხვა ტომის ინდიელებს რეზერვაციის ტერიტორიაზე სამორინეს გახსნის საშუალება არ მისცეს. ამერიკამ თავისი კომპლექსების, კანონში ასახული „დანაშაულის გამოსყიდვისა" და „გემბლინგური" მულტი - კულტურის პოლიტიკის გამო, ფაქტობრივად, ინდიელები ნორმალურ განვითარებას მოსწყვიტა. სუბსიდიისა და კულტურათა თანასწორობის ნემსზე შემჯდარებს, კაიფი საკაიფო აქვთ, მაგრამ გარდუვალი „ლომკისგან" ბარიგაზე მეტად ხომ ისევ ნარკომანები „ილომკებიან", ესეც ხომ ცხადია. ფაქტია, რომ სახელმწოფომ თავისი მეგაპატერნალისტური პოლიტიკის გამო ქვეყნის მოდერნიზაციის პროგრამიდან ინდიელები სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც ამოაგდო. სამაგიეროდ, მულტიკულტურალიზმის კონცეპტში ისინი სტაბილურად „ჩატოვა" ანუ „დაარეზერვაცია". საუბარია, 4-5 მილიონ ადამიანზე. ანუ ლამის ერთ საქართველოზე.
რაც შეეხება კულტურ - მულტურს. ეს უკანასკნელი უკვდავია, იგი მისთვის ხელსაყრელ ნიადაგზე მის მიერვე დადგენილი კანონით ცხოვრობს და არც არასოდეს გაქრება. წმინდა წყლის კულტურ - მულტურია, როცა აფრო-ამერიკელი კონგრესმენი თავის მოგონებებში ღიად წერს, რომ როცა რესტორანში მიმტანად მუშაობდა, თეთრკანიანებისთვის გამზადებულ შეკვეთაში გემრიელად აფურთხებდა. ამგვარ რამეს თეთრკანიანი, მითუმეტეს პოლიტიკოსი ვერ დაწერს და თუ დაწერს, დიდი ეჭვი მაქვს, რომ დაუბეჭდონ და თუ დაუბეჭდავენ, ადგილს დაკარგავს და თან სასამართლოში სირბილი არ ასცდებდა. ისევე, როგორც ამას წინათ თავისი დროისთვის ყველაზე ანტირასისტულ წიგნს, მარკ ტვენის „ჰეკლებერი ფინის თავგადასავალს" ცენზორის ხელი არ ასცდა. სიტყვა „ნიგერის" გამო. ის, რომ ამ სიტყვას დღევანდელი რეპერები წამდაუწუმ ხმარობენ, ეს არაფერია. მულტიკულტურალიზმი ამგვარ კულტურ-მულტურულ გადახრებს „იტანს".
კულტურ-მულტურია, როცა ქართველი „სელებრითი" ღიად, დაუფარავად ამაყობს, რომ საჭეს მთვრალი არაერთხელ მიჯდომია და დასძენს თუ როგორ გადარჩა ან როგორ გააჩერა პოლიციამ, როგორ შეიცნო სამართალდამცავმა მასში „ნაციონალური ღირშესანიშნაობა" და როგორ გაუშვა იგი სამშვიდობოს „ჩესტის" აღებითა და ბედნიერი ღიმილით. ამერიკაში ამგვარ „მულტურულ" იუმორზე უბრალო ჩაცინებაც კი წარმოუდგენელია. უპირველესად იმიტომ, რომ ამ „ნაკვესს" ვერც კი გაიგებდნენ და თუ ამ ნარატივიდან რაიმეს გაიგებდნენ საერთოდ, უფრო იმ ვარსკვლავის „ფანი" სამართალდამცავის ვინაობას, რომელსაც შემდგომში კარიერული პრობლემები აუცილებლად შეექმნებოდა. აღარაფერს ვამბობ ბომონდელზე, რომელსაც მანქანის მართვის უფლებას სასამართლოს ძალით ჩამოართმევდნენ. ის, რაც საქართველოში სიამაყის საგანია, ამერიკაში ბანალური კორუფციაა.
ამერიკელებს ერთი გამონათქვამი აქვთ: Your Lost Is My Gain (შენი დანაკარგი არის ჩემი მოგება) და ეს პრინციპი უფრო სამორინეს ლოგოს ჰგავს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოების გამაერთიანებელ იდეას. სახელმწიფოს მოვალეობა, გნებავთ, სიცოცხლისუნარობისა და შემოქმედებითობის კრიტერიუმია „მოგება-მოგებაზე" აგებული თავისუფლების იდეისა და მისი განხორციელების ბიზნეს-გეგმის კარგად შეფუთვა და მულტი-კულტურის ყველა წარმომადგენელისთვის, რომელსაც, ბუნებრივია, ასევე აქვს თავისი უფლება-მოვალეობები, მიწოდება. გნებავთ - მიყიდვა. იდეა, რომელიც არ იყიდება, დიდხანს ვერ ცოცხლობს. უბრალო მიზეზის გამო. მას მყიდველი არა ჰყავს.
shokoladi.ge
25.02.2011
No comments:
Post a Comment