Saturday, September 24, 2011

ოსკარი, ნობელი, გაუპარსავი ფეხები და ბატისკაფი


"ოსკარისა" და "ნობელის" გადაცემის ცერემონია ერთ "უიქენდზე" რომ იმართებოდეს, ზოგიერთ აქაურ "თინეიჯერს" ერთმანეთის გაგრძელება ეგონებოდა. დავაზუსტებ, იმ "თინეიჯერებს", ვისაც ირანი და ერაყი ერთი და იგივე ქვეყანა ჰგონიათ. და არა მარტო ამათ. ისე, მართალი რომ გითხრათ, ეს ორი რევერანსების პერფორმანსი და "გამოგონილი რეალობა" რაღაცით კიდეც ჰგავს ერთმანეთს. თავისი ადეკვატურ-არაადეკვატურობით. ”ოსკარი” და ”ნობელი” ფელინის "ამარკორდივითაა" - აუხდენელი და ახდენილი ოცნებების პომპეზურ-ეპატაჟური სანახაობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ”ნობელთან” უფრო ნაკლები სილიკონი და ლიპოსაქციაა, უფრო მეტი სამეფო-საგვარეულო "კეთილობილური" სამკაული და მსოფლიოში ყველაზე ძვირი არაოლიგარქული "ალა ფურშეტი". როგორც წესი, "ოსკარის" გადაცემის ლამის პარალელურად პორნოოსკარის გადაცემაც მიმდინარეობს, მაგრამ ამ მოვლენას დიდად არავინ აპიარებს, პორნოსაიტებისა და პორნოსაკაბელო სატელევიზიო არხების გარდა. "ნობელიცა" და "ოსკარიც" ჩვენებური "ილუზიონივითაა" - გინდა არ გინდა, ტელევიზორში უნდა "შეძვრე", ნაწყვეტებს მაინც უნდა უყურო, რათა მერე მოგონებებში "დააამარკორდო". ღრმა ბავშვობაში ჩემს სკოლაში სან-რემოს სამუსიკო ფესტივალი იყო ჩვენი "ოსკარიცა" და "ამერიქენ აიდოლიც" თავისი ტოტოთი და პუპოთი (იყო ასეთი მომღერალი). ახლა კი ეს არასაბჭოური იურმალა თუ არსებობს - არც კი ვიცი. რაც შეეხება უფრო წონიან ჯილდოს - ნობელისას: ვეჭვობ, შარშან ანრი დიუნანი და ფრედერიკ პასი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, 2009 წლის მშვიდობის ნობელის პრემია დაემსახურებინათ.

2008-ის 12 მაისამდე ცოცხალი იყო პოლონელი ირენა სენდლერი, რომელმაც 2500 - მდე ებრაელი ბავშვი ვარშავის გეტოდან გამოიყვანა და უტყუარ სიკვდილს გადაარჩინა. თავადაც ყოველ ჯერზე ამგვარი სიკვდილი ემუქრებოდა. ამ ბავშვების მშობლები, ყველანი უკლებლივ - საკონცენტრაციო ბანაკის გაზის კამერებში გაიგუდნენ ან დახვრიტეს. სუდეტელი გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერისგან განსახვავებით, ამ ქალს არც ფული და არც ფაბრიკა-ქარხანა ჰქონდა, შესაბამისად, ნაცისტების გულის მოსაგებად მათ ვერც რესტორან-ბარებში დაპატიჟებდა. სიბერეც ერთ პატარა ოთახში მოკრძალებულად გაატარა. . . პოლონეთის ოკუპაციისა და ჰლოკოსტის წლები კი მისი ახალგაზრდობის წლები იყო. ირენას სასიკვდილოდ განწირული პატარები საკანალიზაციო მილებითა და უფრო "სუფთადაც" - სატვირთო მანქანით, ბრეზენტგადაფარებულნი გამოჰყავდა თავის ერთგულ თანამზრახველთან და ძაღლთან ერთად, რომელსაც მისი მეგობარი ნაცისტების დანახვაზე თათებზე ურტყამდა, რათა ძაღლს ხმამაღლა ყეფა დაეწყო და ამგვარად შეშინებული ბავშვების ტირილის ხმა ჩაეხშო. ახალდაბადებულებს ირენა სამედიცინო ინსტრუმენტების ყუთში მალავდა. ნაცისტებს გეტოში ეპიდემიის აფეთქების ეშინოდათ და ამიტომაც ირენას, როგორც ჯანდაცვის მუშაკს, სასიკვდილოდ განწირულთა ტერტორიაზე უშვებდნენ. სამშვიდობოს გამოყვანილ პატარებს ირენა საიმედო ხელებს ანდობდა - ოჯახებსა და მონასტრებს. მერე კი 33 წლის ირენა სენდლერი თავად გასწირეს სასიკვდილოდ. იგი ანონიმის დასმენით დაიჭირეს, აწამეს, ხელ-ფეხი გადაუმტვრიეს, სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ მასაც გამოუჩნდა გადამრჩენი. როგორც ცნობილი გახდა, მცველები, რომლებიც მას სიკვდილით დასასჯელად მიაცილებდნენ, საარაკო თანხით მოისყიდეს და ირენას გვარ-სახელი სიკვდილით დასჯილთა სიაში მხოლოდ ფორმალურად ჩაიწერა. იგი ომის შემდეგაც გაჭირვებულებისა და უპოვართა დახმარებას განაგრძობდა. მასზე წიგნიც დაიწერა და ფილმიც გადაიღეს. 2006 წლის იანვარში პოლონეთის პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა 98 წლის ირენა სენდლერი ნობელის კომიტეტს მშვიდობის დარგში პრემიის კანდიდატად წარუდგინეს. მაგრამ იმ წელს "მშვიდობის" ნობელი აშშ-ის ექს - ვიცე-პრეზიდენტმა ალბერტ გორმა თავისი სლაიდ-შოუსთვის "უხერხული სიმართლე" (გლობალური დათბობის შესახებ) მიიღო და არა მარტო ”ნობელი”. ესეც კიდევ ერთი ნობელიანტური უსამართლობა, თუმცა - ოსკარულიც არსებობს. რამდენიმე თვის შემდეგ ალ გორს გზაში ამერიკის კონოაკადემიის მთავარი ჯილდოც დააწიეს. იმავე ფილმისთვის. იმ დროს ხმები დადიოდა, რომ "მწვანე" გორი 2008 -ში საპრეზიდენტო რბოლაში ჩაებმებაო. ჰოდა, ამასთან დაკავშირებით ოსკაროსანი პოლიტიკოსი საოსკარო სცენიდან განცხადების გაკეთებასაც აპირებდა, დაიწყო კიდეც თავისი მიმართვა "ძვირფასო ამერიკელებო, მე მინდა დღეს განვაცხადო . . . " მაგრამ, აბა, ვინ აცალა? ამ დროს "შემთხვევით" პრიზიორის სცენიდან გამცილებელი მაჟორული მუსიკა აჟღერდა და აუდიტორიის გვარიანი სიცილ-ხარხარის ფონზე გორი კულისებისკენ პირზესიტყვაშემხმარი გაემართა. ”ოსკართან” ერთად, რასაკვირველია. პოლიტიკური სენტენციის დაბოლოებას ვინ ჩივის, კაცმა კინოაკადემიკოსებისა და, რაც მთავარია, თავისი ოჯახისა და განსაკუთრებით მეუღლისადმი მადლიერების გამოხატვა ვერც კი მოასწრო. ამერიკაში "გრემის", "ემის", "ოქროს გლობუსის", "ოსკარისა" და კიდევ სხვა მსხვილმანი და წვრილმანი პრიზების ცერემონიები პატარა ქანდაკებებით ხელმოღერებულ გამარჯვებულთა მიერ ოჯახის წევრებისადმი უსაზღვრო სიყვარულის, პატივისცემის, ძველი და ახალი გერლ-ფრენდ, ბოი -ფრენდებისადმი, კინოაკადემიისადმი, პედაგოგებისადმი და კოლეგებისადმი მადლიერების გამოხატვის რუტინული პროცესია. ერთხელ ფედერიკო ფელინიმ, როცა თავის ”ოსკარს” ხელი ჩაავლო, თვალებით პარტერში მეუღლის ძებნა დაიწყო და შეჰყვირა: "ჯულიეტა, ნუ ბღავი!" . . . ვინ იცის, დაინახა კი? ანდა ვინ იცის, გულში თუ დაუფარავად რის გამო ტიროდა თუ ბღაოდა ჯულიეტა მაზინა: ფედერიკოს გაუთავებელი ღალატების "კრიტიკული მასის"; დაუსრულებელი მარტოობის საღამოების გამო, როცა იტალიის დიდი "მასტერი", მისი კანონიერი ქმარი ფუმფულამკერდიანებთან ერთობოდა; დაღლილობისგან, სიხარულისგან თუ კიდევ ერთი ზედმეტი "კონკურენტის" - "ოსკარის" გამო. ასეთი ხომ ფედერიკომ ხუთი დაიმსახურა. შეიძლება არც უბღავლია, უბრალოდ ჩუმად წაიტირა, თავს "აფეთქების" უფლება მისცა. ჩვენებური ”ოსკარის” გადაცემის არაპომპეზური ზეიმი კი ჯერჯერობით "საბას" გადაცემაა, სადაც თუ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალა, ხომ კარგი, არ გადაიდება, თორემ "საბოსნებს" ცოლების, ქმრებისა და საყვარლებისთვის ღიად მადლობის გადახდა კი არა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ერთი სული აქვთ, აჩქარებული ნაბიჯით ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე გაწყობილ "პარტერში" თავიანთ ადგილს როდის დაუბრუნდებიან და საერთოდ, როდის მორჩება ეს ღონისძიება . . .



ღირსეულ ოსკაროსანთა ჩემს პერსონალურ სიაში არის ფილმი, რომელის განმეორებით ყურებას წამების ქვეშაც კი ვერავინ მაიძულებს, ისევე როგორც - "თეთრ ბიმს" თავისი ქიცინა შავი ყურით. ეს სფილბერგის შავ-თეთრი "შინდლერის სიაა" (ეს სია გაყვითლებულ-გაცრეცილი ფურცლებზე ისრაელში "იად - ვაშემის" მუზეუმში ყოფნისას ვნახე). იმიტომ, რომ კარგად მახსოვს - ლამის ნახევარი სიცოცხლე ტელეეკრანის წინ დავტოვე. ვერ ვიტყვი, რომ "შინდლერის სია" მიყვარს. უფრო სწორად, შიშნარევად პატივს ვცემ. ისეთი თავზარი დამცა, რომ მსახიობ ლაიმ ნისონის დანახვაზე ფილმის ნაწყვეტი - გაზის კამერაში მხუთავი აირის მაგივრად წყალი რომ მოდის, ის შოკისმომგვრელი სცენა მახსენდება . . . ბოლოს ამ მსახიობს ტელეეკრანზე თვალი ცოლის - ნატაშა რიჩარდსონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოვკარი და 16 წლის წინათ განცდილი ისევ წამომიტივტივდა. რაც შეეხება ლოს-ანჯელესის ყოველწლიურ კინემატოგრაფიულ დრეს-კოდებს: ჩაცმულობის შეჯიბრებაზე ყველაზე ცხადად კიმ ბეისინჯერის მართლაც ჩინებული თეთრი კაბა დამამახსოვრდა. განა ის, რომელიც "ლოს-ანჯელესის საიდუმლოებების" გამო წარმოთქმული საოსკარო "სფიჩის" დროს ეცვა? არა. არამედ ის, მგონი 15 წლით ადრე რომ ემოსა, როცა სცენაზე უბრალოდ გამომცხადებლის როლში წარდგა. ყველაზე უგემოვნო 2007 წელს მერილ სტრიპი გახლდათ ჩინური ხალათის მსგავსი გაურკვეველი წარმომავლობის "კაბით". კინოთეატრ "კოდაკის" დარბაზში ისეთებიც სხედან, ვისაც "სამოსის პოლიციასთან" კი არა, ნამდვილ სამართალდამცველებთან პრობლემები არაერთხელ შექმნიათ, მაგრამ, აბა, ამას საოსკარო აჟიტაციასთან რა ხელი აქვს? ამ ჯერზე ალეკ ბოლდუინი ბეისინჯერთან გაყრისა და ბავშვზე მეურვეობის უფლების დასაკუთრების ნიადაგზე გადატანილი ბატალიების შემდეგ საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. არც ისე დიდი ხნით ადრე იგი ჯერ შვილზე ვერბალურად ძალადობდა და მთელმა ამერიკამ მისი მამობრივი სატელეფონო "დარიგებები" ცხადად მოისმინა. მერე ქალიშვილს მორიგი გარჩევა-გამორჩევის შემდეგ თვითმკვლელობით დაემუქრა და ამიტომაც ბავშვი იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახებინა. . . კალიფორნიის, როგორც შტატის, გაკოტრების თუ ნახევრადგაკოტრების მიუხედავად, პოლიციით თუ უპოლიციოდ საოსკარო შოუ მაინც გრძელდება და მას თავისი ფერიცა და ფეხებიც კი "აღმოაჩნდა". ფერში ვგულისხმობ 6 მარტს გამართულ ”ოსკარის” ცერემონიის მწვანე პრეწვეულებას, რომელსაც Global Green-ი უკვე მეშვიდედ აწყობს. მასზე ჰოლივუდის ვარსკვლავები მრავლად იყვნენ, მათ შორის ჯეიმს კემერონიც, რომელმაც ობამასავით ცვლილებების უცილებლობაზე პათეტიკურად ისაუბრა და სულ Сhange, Сhange იძახა. . .

7 მარტის საღამოს, ტელეარხ ABC-ზე მანამ, სანამ ”ოსკარი” Live რეჟიმში გავიდოდა, საპატივცემულო ასაკის ბარბარა უოლტერსი თავის ოსკაროსან და ჯერ არაოსკაროსან რესპონდენტებს იხსენებდა და ებაასებოდა. უცნაური ინტუიციის წყალობით მისი ეს ქრონოლოგიური გადაცემა სწორედ სანდრა ბალოკთან საუბრითა და გამარჯვების სიმბოლო - შამპანურის მოსმით დაასრულა. უოლტერსი პოპულარული ტელეგადაცემა The View -ს ავტორია (ჩვენებური "სამოთხის ვაშლების" "ანალოგი"). ჩვეულებრივი ბლა-ბლა-ბლას გარდა მის ამ რეტრო და მოდერნსპექტივიდან ერთი-ორი პასაჟი ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. ბარბარამ ჰკითხა ამჟამად უკვე ოსკაროსან მსახიობ Mo' Nique -ს (ფილმი "ძვირფასი") ფეხებს რატომ არ იპარსავო? კამერა წავიდა-წავიდა და დიდი პლანით ქალის "ხელშეუხებელ" ფეხებს დააშტერდა. "მონიკამ" პირველად რომ გავიპარსეო, არ მომეწონაო, დისკომფორტი ვიგრძენიო და ა.შ. ადრე იგი მოლარედ, რესტორანსა და სატელეფონო სექს-ცხელ ხაზზე მუშაობდა. ეს მანამ, სანამ კინომსახიობის კარიერას არ აირჩევდა. კოპწია ბარბარა უოლტერსს რესპონდენტის ფეხების "სისადავესთან" დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით ემოციების მოზღვავება არ შეტყობია. უბრალოდ, მე მგონი, ერთი კითხვის დასმა დაავიწყდა - "ოსკარის" ცერემონიალზე "დრეს კოდი", როგორც წესი, სუპერმაქსი კაბები კი არა "მიდი" და "მინი" რომ იყოს, სცენაზე ასევე ნატურალური ქვედა კიდურებით გამონარნარდებოდით? თორემ სხვა შეკითხვები ბარბარას, რასაკვირველია, არ შეშლია, ყველა (კითხვები) კვლავაც თავის სტილში ჰქონდა: ჰკითხა ქმარს თუ მოსწონს შენი თმიანი ფეხები და გაქვთ თუ არა სექსი ქორწინების "გარეთო". . . სანდრა ბალოკმა კი, როცა უოლტერსმა ჰკითხა 10 წლის შემდეგ რას აკეთებო, იხუმრა - ლიპოსაქციასო და სხვა რაღაცებსაც ვაპირებო და მერე იგივე კითხვა ბარბარას "გადაუფორვარდა". ამ "წაშაირებას" მეცხრე ათეულ წელიწადში გადასული უოლტერსის ხელოვნური "კისკისი" მოჰყვა. გადაღების ბოლოს კი გადაცემის სტუმარმაც და მასპინძელმაც მაღალ "ფუჟერებში" შამპანური დააგემოვნეს, მაგრამ უცებ რესპონდენტს სახეზე დიდი უკმაყოფილება დაეტყო. სანდრამ ერთი ყლუპის შემდეგ სავსებით სერიოზულად, თანაც პირდაპირ კამერაში რამდენჯერმე უკმაყოფილოდ განაცხადა: ეს რა საშინელებააო, ასეთი უგემოვნო არაფერი დამილევიაო, ეს რა უბედურებას მთავაზობთო?! . . .

რაც შეეხება თავად მთავარ ოსკაროსან ფილმსა და მის "ექს-მეუღლეს": კინოთეატრ "კოდაკის" კინოდარბაზში კეთრინ ბიგელოუს უკან მისი ყოფილი ქმარი - ტიტანიკოს-ავატარისტი ჯეიმს კემერონი მოათავსეს. ალბათ, საიდუმლო არ იყო ის, თუ ვინ ვის "გაასწრებდა", მაგრამ არა ის - თუ რამდენი ნაბიჯით. ასეც მოხდა. პირველად ”ოსკარის” ისტორიაში საუკეთესო რეჟისორად ქალი აღიარეს. ამ აღსანიშნავ მოვლენას პირდაპირ ეთერში მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა ადევნებდა თვალს.

ამერიკული კინოაკადემიისთვის თემა - ადამიანი ომში თუ ომი ადამიანში - უცხო არაა. XX - XXI საუკუნის კატაკლიზმების რიგში - პირველი მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ ოსკაროსან ფილმთაგან ნანახი მაქვს "დასავლეთის ფრონტზე ცვლილებების გარეშე" და "ლოურენს არაბი"; მეორე მსოფლიოს ომზე - "კასაბლანკა", "ხიდი მდინარე ქვაიზე", "ინგლისელი პაციენტი" და "შინდლერის სია"; ვიეტნამზე - "ირმებზე მონადირე" და "ოცეული", ერაყზე - "ქარიშხლის მბრძანებელი" (ნეტავ რატომ გადათარგმნეს ასე? The Hurt Locker გამნაღმველების სლენგზე "ტკივილის ყუთს" ნიშნავს. მასში ნაღმზე აფეთქებული გამნაღმველები "ვარდებიან"). ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები "4 ივლისს დაბადებული", "ფორესტ გამპი", "რიგითი რაიანის გადასარჩენად". . . 14 მარტს კი სატელევიზიო კომპანია HBO სთივენ სპილბერგის (მასთან ერთად ფილმის პროდიუსერი ტომ ჰენკსიცაა) მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული ათნაწილიანი ფილმის The Pacific ჩვენებას იწყებს. ფილმს დიდი ამბით აანონსებს ყველა: New Yorker -იდან დაწყებული ვიდრე Youtube-მდე. ისე, ზოგადად, კიდევ ბევრი "საომარი" სახელწოდება და სცენარი შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა, რახან ცხელი წერტილები ადრეც ბევრი იყო, არის და, როგორც ვატყობ, კიდევ დიდხანს იქნება. ჯარისკაცებიც - საკმარისზე მეტ-ნაკლები თუ არა, საკმარისი მაინც . . . . დაღუპულებიც, დასაღუპიც და გადარჩენილიც. მას მერე, რაც ოთხი წლის წინათ "ჰამასმა" 20 წლის ისრაელელი დაჭრილი ჯარისკაცი გილათ შალიტი გაიტაცა, მასზე "რიგითი რაიანის" ან სხვაგვარი ფილმის გადაღება კიდევაც ღირს და ამავდროულად - არა. იმიტომ ღირს, რომ ჯერ სტატისტიკურად არსად მსმენია, რომ სამშობლო და სამშობლოს სტრატეგიული მოყვარეები თუ მტრები ერთი რიგითი ჯარისკაცის (არა ოფიცრის, გენერლის) სახელს ყველანაირ ბრუნვასა და კონტექსტში ამდენჯერ ახსენებდნენ და მის ბედს გაასმაგებული ყურადღებით, თუნდაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ადევნებენ თვალყურს. არ ღირს იმიტომ, რომ მისი სახელი და გვარი უკვე თავადაა ორსიტყვიანი დოკუმენტური ფილმი მხატვრული ელემენტებით, გნებავთ სუპერმოკლემეტრაჟიანი. . . ისევე როგორც ყველანაირ მხატვრულზე ძლიერი და დაუვიწყარია კენედის მკვლელობის დოკუმენტური კადრების ერთი წუთი . . .

"ავატარისა" და "ქარიშხლის მბრძანებლის" ნახვის შემდეგ წარმოვიდგინე, კემერონს ეს უკანასკნელი "ავატარული" სპეცეფექტებით რომ გადაეღო, ხოლო ბიგელოუს - "ავატარი" - ჩვეულებრივი ადამიანებით, თანაც "ბრტყლად", რეჟისორებს შეიძლება საოსკარო არც არაფერი გამოსვლოდათ. . . როცა "ავატარს" ვუყურებდი, ისეთი განცდა მქონდა, რომ სამგანზომილებიან "მულტიკს", უკაცრავად - ანიმაციას ვადევნებდი თვალს. მომეწონა თუ არ მომეწონა, ჩემი წვლილი მაინც შევიტანე იმ 2,5 მლრ. დოლარში, რომელიც ამ ფილმმა დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში მოაგროვა. "ქარიშხლის მრძანებელი" კი ასეთი იღბლიანი არ აღმოჩნდა, რასაკვირველია, მხედველობაში ”ოსკარების” რაოდენობას თუ არ მივიღებთ.

ჩემი შთაბეჭდილებები 2010-ის ოსკაროსნების შესახებ "ოქროს გლობუსის" მიმნიჭებელ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის წევრს, კინოკრიტიკოს სერგეი რახლინს გავუზიარე.

- ბევრი გამარჯვებას "ავატარს" უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ საკასო წარმატება მხატვრულ წარმატებას სულაც არ ნიშნავს. - მითხრა მან. - ეს იმის დამსახურებაა, რომ კინოაკადემიის შემადგენლობა ოდნავ, მარამ მაინც შეიცვალა. ბოლო დროს ბევრ პრიზს არა საკასო ფილმებს, არამედ მხატვრული ღირებულების, მცირემასშტაბურ, დამოუკიდებელ ფილმებს აძლევენ. მერე კი მათ შემქმნელებს აკადემიაში იწვევენ. ანუ კინოაკადემიის შემადგენლობამ კომერციული კინოდან დამოუკიდებელი კინოს მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. რასაკვირველია, შერჩევის პროცესში ეს ხალხი ხელოვნების ნაწარმოებს ამჯობინებს და არა საკასო ბლოკ-ბასტერს. ეს ერთ-ერთი მიზეზია.

- "ქარიშხლის მბრძანებელი" მართლაც კარგი ფილმია, მაგრამ რით აიხსნება მისი დაბალი შემოსავალი?

- ამ ფილმის ღირსება ისაა, რომ იგი არაა პოლიტიზირებული. ეს ფილმი ომზეა, მაგრამ ამავე დროს ადამიანებზე ამ ომში. იგი არ აფასებს ომს - სამართლიანია იგი თუ არაა სამართლიანი.ამაზე შეიძლება მაყურებელმა თავად იფიქროს და იმსჯელოს. ეს ფილმი ადამიანებზეა, რომლებსაც ადრენალინი ამოძრავებთ, ისინი ცხოვრების აზრს ამ სახიფათო თავგადასავალში პოულობენ. ფილმში არსადაა ნათქვამი, რომ ისინი რაღაც მისიას ასრულებენ - მაგალითად, ათავისუფლებენ ერაყს ანდა იქ დემოკრატიის აღმშენებლობით არიან დაკავებული. ეს მაღალმხატვრული, დრამატული ფილმია და მან მართლაც დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩემი აზრით, მხატვრული მონაცემებით იგი "ავატარს" გაცილებით წინ უსწრებს. "ავატარი" კი ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც სიახლეა, მაგრამ სცენარის მხრივ იქ არაფერია ახალი, რეჟისურითაც კი. ფილმი არაფერს განსაკუთრებულს არ იძლევა. რასაკვირველია, იგი უკეთესია, ვიდრე "ტერმინატორი". ამავე დროს მე არ მინდა, რომ მისი მნიშვნელობა დავაკნინო, რადგანაც "ავატარი" კინოხელოვნებას რაღაც მიმართულებით ამოძრავებს. ვგულისხმობ ხელოვნების ტექნიკურ მხარეს, ფოტოგრაფიას, მაგრამ არა მხატვრულ შემადგენელს. სხვათა შორის, "ავატარი" უფრო მეტად პოლიტიზირებული ფილმია, ვიდრე "მბრძანებელი". კემერონის ფილმის ტენდენცია აშკარაა - ეკოლოგიური თემა და ეკონომიკური იმპერიალიზმი - ამერიკული ეკონომიკური ინტერესები, ნავთობი, მინერალები, ურანი და ა.შ. რაც შეეხება "ქარიშხლის მბრძანებლის" დაბალ შემოსავალს, ეს "დამტრიალებლებისა" და გამქირავებლების ბრალია.

- ოსკაროსანი "განდი" პოლიტიზირებული არაა?

- არც მაქვს ნანახი. არც მინდა. საინტერესო არაა და მან "ოსკარი" დაუმსახურებლად აიღო.

- "ავატარში" ცოცხალ ადამიანებს ვერ ვხედავ და მისი აღქმა სერიოზულ მხატვრულ ფილმად გამიჭირდა . . .

- კემერონმა ეს ფილმი მხოლოდ იმიტომ არ გადაიღო, რომ ხალხი თავისი მოცულობითი გადაღებებითა ანდა ტექნიკური "სილამაზეებით" დაეშოკა. ეს არის მისი გზავნილი და ეს გზავნილი პოლიტიზირებულია. ბიგელოუ კი რისკზე წავიდა, რადგან ამერიკელებში ერაყის ომის მიმართ ინტერესი არც ისე დიდია, მაგრამ ადამიანთა ჯგუფმა მაინც გადაწყვიტა, რომ სავსებით შესაძლებელია ომზე მართლაც კარგი ფილმი გადაიღო მიუხედავად იმისა, რომ მას, ერთი შეხედვით, პოლიტიკური ჟღერადობა შეიძლება მიაწებონ და, შესაბამისად, არც დაინტერესდნენ. კონოკომპანიამ ამ ფილმის გადაღება პატარა ფულით მოახერხა. მათ ფილმის ჯეროვანი "დატრიალებისთვის" ფული არ ჰქონდათ. ფილმზე მხოლოდ 10-11 მლნ. დაიხარჯა. საერთო ჯამში კი ისიც ვერ შეაგროვეს, რაც დახარჯეს: 14, 6 მლნ. ამერიკაში, დანარჩენ მსოფლიოში - 6 მლნ. აქედან ნახევარი გამქირავებლებს უნდა მისცენ.

- "ოსკარი" არ დაეხმარებათ?

- შეიძლება დიკსების დამატებითი გაყიდვით დაეხმაროთ, მაგრამ დიდ "აფეთქებას" არ უნდა ველოდოთ. მცირე ბიუჯეტიან ფილმთაგან "გიჟი გული" ახლა ფინანსურად საკმაოდ წარმატებულია. მან უკვე 25 მლნ. შეაგროვა, რაც ძალიან კარგია ასეთი ფილმისთვის. მას კინოთეატრებში აჩვენებენ და ეს მის შემოსავალსაც ეტყობა.

- როგორ ფიქრობთ, "ტიტანიკის" შემდეგ კემერონი "ავატარს" რატომ "მიადგა"?

- კემერონი ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდა. იგი "ტიტანიკის" გადაღებების დროს რუს აკვალანგისტებთან ერთად ოკეანის ფსკერზე ბატისკაფით თავად ჩადიოდა, რუსულ კვლევით გემებზე ათენებდა და აღამებდა, თავად იღებდა ჩაძირულ "ტიტანიკს", წყალქვეშა ცხოვრებას აკვირდებოდა და, რასაკვირველია, ამ თემას თავისთვის ავითარებდა. ვფიქრობ, რომ მან "ავატარი" "ტიტანიკის" გადაღებამდე ჩაიფიქრა და დაგეგმა, მაგრამ მაშინ ამჟამინდელი ტექნოლოგია არ არსებობდა და ამიტომაც იმ დროს "ავატარს" ისე ვერ გადაიღებდა, როგორადაც - ახლა. ვფიქრობ, რომ "ავატარის" ვიზუალურ მხარეზე კემერონის წყალქვეშა ცხოვრების გამოცდილებამ იმოქმედა. რასაც ჩვენ მის ფილმში ვხედავთ, ეს რეჟისორის წყალქვეშა თავგადასავლების ანარეკლია.

- მე კი უფრო "კაბინეტურ ფილმად" მომეჩვენა.

- თუ "ავატარის" ტექნიკურ მხარეს გულისხმობთ, შეიძლება ასეც ითქვას და ფილმიც ამ მხრივ მართლაც კაბინეტურია, რადგან კომპიუტერში გაკეთდა, მაგრამ ამავე დროს არც კაბინეტურია, რადგან სავსეა უსაზღვრო ფანტაზიით. კემერონის ტვინი კაბინეტური ნამდვილად არაა. ასეთი რამ რომ მოიგონო, ღრუბლებში უნდა დაფრინავდე.

- ჰოლივუდს ტრადიციულად მემარცხენედ და დემპარტიის მხარდამჭერებად მოიაზრებენ. რამდენად ახდენს ეს გავლენას ”ოსკარის” მინიჭების გადაწყვეტილების მიღებაზე?

- ამერიკისთვის სიტყვა მემარცხენე ცოტა ხმამაღლაა ნათქვამი და ამიტომაც - შეუსაბამო ტერმინი. აქ არიან ნაკლებად და მეტად ლიბერალი ადამიანები. მემარცხენები შეიძლება არსებობდნენ მხოლოდ რუსეთსა და ევროპაში. ამერიკაში არაფერია, რაც თუნდაც ახლოსაა სოციალიზმთან და სოციალ- დემოკრატიასთან. სწორედ ესაა მემარცხენეობა.

- ოპოზიცია ობამას სწორედ სოციალიზმის დამკვიდრებაში ადანაშაულებს . . .

- საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, რომ ამერიკელი დემოკრატები და რესპუბლიკელები კაპიტალიზმის სხვადასხვა ფრთებს წარმოადგენენო. ამერიკაში ცხოვრობენ ამერიკული და არა რუსული გაგების ლიბერალები. რუსეთში ლიბერალები კაპიტალისტები არიან, ამერიკული ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ გადახრილები. ობამაც არაა მემარცხენე. იგი სხვა კაპიტალისტური წრეების მიერაა დაყენებული - ბანკები, Goldman Sachs და სხვა. "ავატარი" უფრო მეტად ლიბერალური სურათია, ვიდრე "ქარიშხლის მბრძანებელი", რადგანაც ეს უკანასკნელი არანაირ პოლიტიკურ მიზანს არ ისახავს, ის აჩვენებს ადამიანებს, რომლებსაც თავისი პირადი მოტივაცია აქვთ და არავითარი მოწოდება "სამშობლოსათვის, სტალინისათვის, რუზველტისთვის, ბუშისთვის, ობამასთვის!" . . .

- ოლივერ სთოუნი განა მემარცხენე არაა?

- ამაში გეთანხმებით. აი, როცა გამოვა მისი ფილმი Wall Street -2, ნახავთ, რომ იგი მართლაც ლიბერალურ შეხედულებებს ემხრობა. მასთან ბევრი "ანტი" იქნება.

- სფილბერგთან ეს არ იგრძნობა?

-სფილბერგი შეიძლება თავისი შეხედულებებით ლიბერალია, მაგრამ მის ფილმებში ეს არ იგრძნობა. ახლა იგი საკმაოდ მომწიფდა და ისეთ სტადიაშია, რომ აღარ აინტერესებს ფული, არამედ მხოლოდ სამუშაო. მას იმდენი აქვს, რომ ფული დაახლოებით 3000 წელს მაინც ეყოფა.

- აქ ერთ რეცენზიაში წავიკითხე, რომ სფილბერგმა "შინდლერის სია" იმიტომაც გადაიღო, რომ იქ ფულზე იყო საუბარიო . . .

- არა, ეს სისულელეა. სფილბერგი ებრაელია და ეს თემა მისთვის მნიშვნელოვანი იყო. უბრალოდ, მისი მიზანია ინვესტორებს დაუბრუნოს ის ფული, რომელიც მათ მის კინოში ჩადეს. ამიტომაც სფილბერგი ხელფასს წინასწარ არასოდეს იღებს. მისი ფილმები იაფი ჯდება იმიტომ, რომ იგი წინასწარ 10 ან 20 მლნ.-ს არასდროს თხოულობს. იგი ფილმის შედეგიანობას, შემოსავალს ელოდება და თანხას მხოლოდ ამის მიხედვით იღებს. "რიგითი რაიანის გადასარჩენად" 70 მლნ. დაჯდა და ჩათვალეთ, რომ ამერიკული სტანდარტებით ეს მუქთად გადაღებული ფილმია. "ავატარი" ნახევარი მილიარდი დაჯდა თავისი "დატრიალებით", მაგრამ "რაიანი" უკეთესია, ვიდრე "ავატარი". თუმცა აქვე ისევ და ისევ უნდა აღვნიშნო, რომ "ავატარი" ახალი სიტყვაა კინოში, ახალი სტადია, იგი კინოხელოვნებას ავითარებს. მაგალითად, შესაძლებელია გადაიღო ფილმი ლინკოლნზე, სადაც ლინკოლნს მერილ სტრიპი ითამაშებს.

- ქეით ბლანშეტმა ბობ დილანის როლი ხომ ითამაშა?..

-ფილმის მხატვრული ღირებულება მის ტექნიკურ ნოვატორობასთან არ უნდა ავურიოთ. ყველაფერი წინ მიდის და ვითარდება. ადამიანებს ეს მოსწონთ. "ავატარი" ზოგადად კარგი რამაა, საჭირო და კეთილშობილური ფილმია. მაგრამ მაინც, ჩემმა კოლეგებმა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციიდან "ოქროს გლობუსი" კემერონსა და მის ფილმს მიაკუთვნეს, მე კი ჩემი ხმა ბიგელოუსა და მის "ქარიშხლის მბრძანებელს" მივეცი.

shokoladi.ge
15.04.2010

No comments:

Post a Comment