Monday, September 19, 2011

ვესთსაიდური მეტროპია ტიფანისთან




აპრილის თვე ნიუ-იორკში "ტრაიბეკასია". იანვარი კი - "სანდენსის", ოღონდ ნიუ-იორკის არა, პარკ სითის (იუტას შტატი). "ტრაიბეკა" რობერტ დე ნიროსია, "სანდენსი" - რობერტ რედფორდის. "ტრაიბეკა" 8 წლისაა, "სანდენსი' - 29 -ის. ორივე კინოფესტივალია. პირველი 11 სექტემბრის შოკისშემდგომი პერიოდისაა, მეორე - პოსტჰიპური და ახალი პოპკულტურისდროინდელი. ორივე - პრესტიჟული კინოფორუმია. ორივე - საავტორო ფილმისაც და ხმაურიანის - არასაავტოროსიც. ორივე - "სელებრითების" და დაუვარცხნელი, თმაგაბურძგნული, დაფლეთილი ჯინსებიან-მაისურიანი დაუდევარი სრულყოფილების. დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური, მოკლემეტრაჟიანი, სტუდენტური ფილმები. მსახიობები და "ჟიურისტები" ქუჩაში შეგხვდებიან. 25 აპრილს, მაგალითად, ჯესიკა ალბა და ვუპი გოლდბერგი დავინახე, სისი სპეისიკმა კი გვერდით ჩამიარა. ქალაქიც მაგ დროს ფილმის კადრებს, ხან სადა, ხანაც წვნიან-ცხიმიან ილუსტრაციებს ემსგავსება. შენ კი ამ ყველაფერში ისე იკარგები, როგორც - ნათარგმნის სტრიქონებში. ადრე ნიუ-იორკი ქაღალდის პოსტერებსაც ჰგავდა, ახლა ისინი უფრო ხშირად ვებებსა და ელექტრონულ ტაბლოებზეა. ქალაქი, როგორც დიდი კინო-საიტი. მაგრამ ქაღალდზე მაინც არსებობს და გიხარია. სულ ცოტათი - თეატრალურისასაც ჰგავს, უფრო მეტად - სინემას აფიშას.

მანჰეტენის კინოთეატრების პოსტერები უფრო მეტს მოგითხრობენ, ვიდრე თავად ფილმები და ყველაზე კომპაქტურად, მაგრამ ვრცლად დაწერილი საცნობარო ბუკლეტები. ნიუ-იორკი ეკლექტურია, მისი ხატებიც და მისი კინოარტიც. მოდერნ რეტრომელოდრამულია. ამიტომ კინოდარბაზების კედლებზე გაკრული პოსტერებიც ნიუ-იორკული გაზაფხულის ამინდივითაა - ცოტა ხანს გაგათბობს და მერე მიგატოვებს, გაქრება, გაუჩინარდება. სად გადაბარგდება? დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კინოარქივში, რომელიმე მუზუემში, კერძო კოლექციაში ანდა კინოსამყაროს ბინადრის სასტუმრო ოთახის ან ტუალეტის კედელზე. აქ სხეულის მოსაწესრიგებელი, როგორც აქ უწოდებენ - მოსასვენებელი - და განმარტოვების ეს ალაგი გადიაზაინებული პატარა სამკითხველოსავითაა. უნიტაზის გვერდით - ჟურნალები, გაზეთები, ბუკლეტები, წიგნები, კროსვორდები. პოსტერებიAაუცილებლად - ჩარჩოში. როგორც წესი, კაბინეტში ან სტუდიაში. თარანტინოს სწორედ ასე აქვს. ერთადერთი პოსტერი მაქვს, მაგრამ არა კინოს, არამედ თბილისში 1989 წელს გამართული ჯაზ-ფესტივალის. გრძელი, შავ-თეთრი, ინსტრუმენტების ხლართებითა და დალის სტილში ჩამოღვენთილი საათით. ჩარჩოში ჩავსვი და ბიბლიოთეკის გვერდით დავკიდე. უკვე 21 წლისაა.


შეიძლება ითქვას, რომ ყველას - ქალაქის სტუმრებსაც და აქაურებსაც, მდიდრებსაც და ღარიბებსაც, ლეგალებსაც და არალეგალებს, ბინიანებსაც და ბომჟებსაც - თავისი პირველი ნიუ-იორკი აქვს. გაპოსტრებული. ინტიმური, საკუთარი, დაფარული, ბუნებრივი დაძველების, პრე და პოსტმოდერნული. ჩემი პირველი ვიდეო - ნიუ-იორკი და პირველი ამერიკაც ბავშვობაში ნანახი "ვესთსაიდური ამბავი" იყო. თუმცა უსამართლო ვარ, სხვა ფილმებიც იყო, მაგრამ ასეთი ოსკაროსანი, ოქროს გლობუსისტი და გრემისტი - არც ერთი. ადრე, ალბათ, ვიდეოს მაგივრად მხატვრულ ფილმს, ხოლო პოსტერის მაგივრად - პლაკატს ვიტყოდი. "პლაკატს" არაფერი დაუშავებია, მაგრამ იგი ცნებებს "ანტის" და "აგიტაციას" მაგონებს. არადა ნიუ-იორკი თხემით ტერფამდე შოუს აგიტაცია-პროპაგანდაა. როცა სოლ ბასსის West Side Story -ის პოსტერი პირველად ვნახე, იგი თითქმის ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. აუცილებლად წითელი, დაფხაჭნილი სქელი ასეობით, ნიუ-იორკის ძველი სახლების სახანძრო კიბეებით; თუ წინასწარ არ იცი, ვერ მიხვდები, რომ მარია პუერტორიკელია, ხოლო ტონი - ირლანდიელი ბანდიტების მეგობარი. ქალის წვრილ წელზე აფრიალებული ტრაპეცია კაბებით, მამაკაცების სხვადასხვა ფერის პარანგებითა და შემოტკეცილი შარვლებით. ესენი პოსტერზე რატომღაც არ "დამხვდნენ". მხოლოდ ხაზები და "აპლიკაციები". ბასსი ნიუ-იორკში დაიბადა. აქაურია, ჰოდა, ჩემზე უკეთესად უწყის ამ ქალაქის ავან-ჩავნის - სტოიკური მარტოობის, ბროდვეი - საბვეის ერთობლივი ლირიკისა და ამ კიბეების ჭეშმარიტი არსის . . .ჰადსონ მდინარეს ზემოდან ისე თუ დახედავ, როგორც ჯორჯ პიპარდი გიტარაზე ამღერებულ ოდრის თავისი ფანჯრიდან, სახანძრო კიბეების "ჭურჭუტანიდან" დასცქერის, როგორი ფერისაც არ უნდა იყოს ძვლებში მოსეირნე ქარი, გინდ ლურჯი, გინდ სადაფის, "ტიფანისთან საუზმის" ანდა სულაც ნიუ-იორკის პატარა რესტორანში მოკრძალებული ვახშმის "დესერტად" Moon River -ის მელოდია აუცილებლად გაგახსენდება. წაიმღერებ კიდეც. ჯობს, ხიდს საღამო ხანს ესტუმრო. განსაკუთრებით, "საბეჭდ მანქანაზე" კოდალასავით კაკუნის შემდეგ. ამ ფილმის "გრავიურაზე" არავითარი პოპავანგარდი - ჰეპბერნი არისტოკრატია, ლედია, მაღალი ვარცხნილობით, შავ, კოჭებამდე კაბაში; გრძელი, თამამი განაჭრით, წრფესავით წვრილი ჩიბუხით. თმის ასეთი კოშკით ნიუ-იორკში ვერ დაიმალები. ტაქსშიც ვერ ჩაჯდები. რეტრო - სტილი, რეტრო - მიუზიკლის ინტონაცია, ბროდვეის ძველი და სვედიანი შოუსმაგვარი. ისეთივე წყნარი, როგორიც ნიუ-იორკის ყვითელი "კების" აფრო-ამერიკელი ხანშიშესული ჯენტმლენი მძღოლი, რომელიც ყველა სიტყვას ხავერდოვან "მემს" უმატებს და შენც იძულებული ხარ - "მისტერ" მიაგებო ხოლმე, მერე თითოულ "მემ" -ზე საფულე გახსნა და მგზავრობის სავარაუდო თანხას პლუს "ტიფი", კიდევ ერთ-ერთი დოლარი უმატო. ნიუ-იორკში "კადილაკებს" ყოველდღიურ ტაქსად არ ამსახურებენ, როგორც ეს ფილმ "მის დეიზის მძღოლშია", თორემ საკუთარი თავი ცხონებული ჯესიკა ტენდი გეგონება; მძღოლი კი მშვენიერ ჯანზე მყოფი მორგან ფრიმენი, რომელიც უკვე მერამდენე წელია "მადამ ტიუსოს მუზუემში" შესასვლელთან უძრავად დგას. თოვლსა და პაპანაქება სიცხეში. არც ბონისა და კლაიდის ავტომობილში Ford V-8 ჩაგსვამენ, ისეთსავე დიდსა და გრიხინაში, როგორიც ბონი პარკერის ავტომატია. იმ პერიოდის ამერიკას თავისი დეპრესიაც ხომ დიდი და გრიხინა ჰქონდა. თუმცა ამერიკული "ფორდი", რომელიც ამ ფილმის ერთ-ერთი აფიშაზეა - პატარა და თითქმის შეუმჩნეველია. თანაც მხოლოდ წინა საბურავები უჩანს.

ტაქსები ნიუ-იორკში ან "შევია" ან "ფორდი" ან კიდევ ათასგვარი სხვა რამ. ნიუ - ჯერსში "ლიმუზინები" უყვართ. ჰოდა, შენც ჰოუკ კოლბურნს ხიდზე გაჩერებას არ სთხოვ. არ შეიძლება. მერე ფეხით დაბრუნდები ხიდის ტროტუარზე და ძილის წინ იქ მორბენალი ჯანსაღი ცხოვრების უკვე აღარ მოდერნ-სტილის სხვადასხვა ასაკის მიმდევრების გვერდის აქცევით თავს შეიქცევ.

განსაკუთრებით ცივ და ჯიუტ თებერვალში, თუმცა დარჩენილ 11 თვეშიც საღამოსა და ღამის ქარიანი ნიუ-იორკის ყვითელი ტაქსები ქალაქის სურეალისტურ მოძრავ პოსტერებს ქმნის. გაშავთეთრებულ ქუჩებში მზისფერი მანქანები დასრიალებენ. პიკის საათში - ყველაფერი გადაყვითლებულია. რით არაა სამფეროვანი პოსტერი? ახლა კი აპრილია და ქვედა მანჰეტენზე "ტრაიბეკას" ფერადი კინოაფიშების თვალიერების დროა. 12 დღე, 132 ფილმი და 38 ქვეყანა. შავ-თეთრი პოსტერი მაინც აღმოვაჩინე. ყველა შვედურ ფილმზე "მეტროპია" საუბრობს. საინტერესო რამაა. ვნახე კიდეც. კემერონის "ავატარი" არაა. არაპომპეზური ანიმაციის, წარმოსახვისა და სისადავის ნაჯვარი. კრეატიული, როგორც ამბობენ. კადრი მსახიობების ფოტოების "მიქშირებითაა" შექმნილი. რეალური მსახიობები მხოლოდ ფოტოკადრებით მოძრაობენ. "მეტროპია" 6 წლის განმავლობაში იქმნებოდა. მახსოვს პირველად საბავშვო ნარინჯისფერყდიანი ენციკლოპედიდან "ჩტო ტაკოე?კტო ტაკოი?" გავიგე, თუ როგორ იბადება მხატვრის ათიათასობით ნახატებისგან მულტფილმი.ფოტოებისგან შექმნილისგან იქ არაფერი ეწერა. ეს ფილმი კი მოძრავი ფოტოებისა და ორგანზმომილებიანი თოჯინების თრილერია. მთავარი გმირი, ლამის, მიწისქვეშა სამყაროში, გიგანტურ "საბვეიში" ცხოვრობს. ხმებიც მეტროპილიტენურია. ადამიანები - თითქმის რეალური. კანის ფორებს, თმის ძირებს, ჭაღარას, ტანსაცმლის ნაკეცებს, ხიდის ქვაფენილს, წვიმას, ონკანის წყალსაც ასე დაინახავ. შვედურის რა მოგახსენოთ, მაგრამ ნიუ-იორკული, განსაკუთრებით ბრუკლინური მეტროს სიბინძურე რეალურთან მაქსიმალურადაა მიახლოვებული. რეალურია ხმაც, რომელიც მთავარ გმირს დასდევს. ოდნავ მიქშირებულია. ჟანრობრივი ილეთია სასტუმროში სახელწოდებით Amore აბაზანაში ჩაკეტილი კაცი თავის მეგობარ ქალს რომ ურეკავს, ის კი, რასაკვირველია, ამ დროს შხაპს იღებს და ტელეფონს ვერ იღებს, არ ესმის. Amore -ის ოთახში კი ამ კაცთან ერთად მოსული ქალი საწოლზე ზის და ვიღაც თავისიანთან რეკავს, რაღაც კონსპირაციულ ამბებზე ესაუბრება და როგორც კი ტანზევით შიშველი კაცი აბაზანიდან გამოდის, ტელეფონს ძირს აგდებს. უკვე რეტროა, რამდენჯერ მინახავს ეს "საჰოტელო" სცენა, მაგრამ ამ ახალს სულ სხვაგვარად ვუყურებ და ადრე ნანახს ვადარებ. ფილმში ყველა ყველას უთვალთვალებს, ცუდებიც, საშუალოებიცა და კარგებიც. 2024 წელია. მეტრო თავისი ძარღვებით ინეტის სოციალური ქსელივითაა, მონუმენტურ-დაცემენტებული ობობაა. პოსტერებიც შესაბამისია - რაღაცნაირი, ურბანისტულად ილაჯგამოცლილი. . .

ძველი ფილმების აფიშები ძველი სენტიმენტებია. მაგრამ არა ძველკობურა. 20 - იანი წლების მოდერნისტების მანიფესტს ჰგავს. დღეს დიდად აღარც მანიფესტი ახსოვს ვისმეს და აღარც მანიფესტანტები. პოსტერების შემქმნელებსაც იშვიათად იხსენებენ. ნეტავ, რატომ? ისევ კინოხელოვანნი თუ გააცოცხლებენ. მაგალითად, მართინ სკორსეზე. მხოლოდ "მეტროპიის" "ხორციანი" გმირების ყურებისას ამომიტივტივდა ის წითელი, ვესთსაიდური გრაფიკა. მინიმალისტური, კუბისტური, ლაკონური და მოწესრიგებული, შეკავებული ენერგიით.


რა სჭირთ ამ ხელოვან ამერიკელებს? კალიფორნიის საზღვრებს გარეთ, აღმოსავლეთით, სამხრეთით, ჩრდილოეთით იბადებიან და მერე აღმოჩნდება, რომ აღმოსავლეთით - ბევერლი ჰილზე კვდებიან. . . რა აქვს ამ კალიფორნიას ასეთი განსაკუთრებული? სოლ ბასსიც ასე მოიქცა. სამყაროს დასავლელ აპრილს მოევლინა, აღმოსავლელ მაისს კი წავიდა. აპრილი მაისის მიმართ ხომ ოდნავ დასავლეთითაა, თუმცა ორივენი, კიდევ უფრო მეტად დასავლელი მარტის ჩათვლით, ერთ უბანში ცხოვრობენ. წასვლამდე კი თავადაც რეჟისორი და არა მარტო "პოსტერისტი", დიზაინერი და მხატვარი სოლ ბასსი ჰიჩკოკის, პრემინგერის, კუბრიკისა და სკორსეზეს ფილმებს Title Sequences-ს უქმნიდა. ქართულად "ტიტრი ეპიზოდები". მაგრამ მისი ნახატები უფრო მეტია, ვიდრე ტიტრი ან სტოპ -კადრი. იგი განწყობის, მოდუსის, დინამიკის შემქმნელია. მისი ყველაზე ცნობილი პოსტერი პრემინგერის ფილმისთვის "კაცი ოქროს ხელით" შეიქმნა. ხელი შავია და ასიმეტრიულ-დატეხილი, სიბნელის ლაბირინთში ფრენკ სინატრას, კიმ ნოვაკის სახეები და ელეონორ პარკერის ფიგურაა. ანდა ჰიჩკოკის "თავბრუსხვევის" სპირალი. ნახატის შესაქმნელად სოლმა სპეციალური ქანქარაც კი გამოიგონა პატარა ფუნჯით, რომელიც მელნიან ბურთულაზე იყო მიმაგრებული და მოძრაობდა. მუქნარინჯისფერ პოსტერზე თეთრ ბადეში გახვეული მამაკაცის შავი და ქალის გამჭირვალე ფიგურა ტრიალებს. უფრო სწორედ კი მაყურებელს ქვევითკენ, სასპენსისა და საიდუმლოს ცენტრისკენ მიაქანებს და მის შეგრძნებებსაც მიეზიდება. არ მიახოხებს, არამედ ისე მიაფრიალებს, როგორც პოსტერზე - კიმ ნოვაკის კაბის ქვედაწელი.

მელანის ის "მანქანა" თურმე ბასსამდეც არსებობდა. XIX საუკუნის ფრანგ მათემატიკოსს გამოუგონებია. სოლს კი ნიუ-იორკში, რომელიღაც მაღაზიაში აღმოუჩენია და თავიდან დაუკონსტრუირებია. პრემინგერის "მკვლელობის ანატომიაში" ყვითელ ფონზე გვერდულად "გაწოლილი", 6 ნაწილად დანაწევრებული კაცის შავი ფიგურაა. მკვლელობაა. მარტო სათაურით კი არა, მოკვეთილი თავითაც მიხვდები. ბასსი კინოარტპოსტრების პიონერი იყო.ნიუ-იორკელი მართინ სკორსეზე იხსენებს, რომ სოლი თავის მუღლესთან ელაინთან ერთად ჯერ რამდენიმე თვე ფილმს სწავლობდა და თავის ნახელავს რეჟისორს მხოლოდ ამის შემდეგ უგზავნიდა. როგორც წესი, პოსტერი სკორსეზეს მოლოდინს აჭარბებდა. ეს იყო არა ფილმის კომპლიმენტი, არამედ სხვა პლასტი, სხვა ცხოვრება. მხატვარს არ უნდოდა, რომ მისი ხელწერა ეცნოთ, უნდოდა, რომ ყოველთვის განსხვავებული ყოფილიყო. თუმცა ინტუიცია მაინც გიკარნახებს, თუ ვის ეკუთვნის ეს Title Sequences. გენიალური იყოო, ამბობს სკორსეზე.

სოლ ბასსის პოსტერები კონცეპტუალური ნახატებივითაა, რომელიც ფილმის ენას ახალ, პარალელურ, მაგრამ ორგანულ დიზაინს უქმნიდა. იგი ჰოლივუდსაც აფორმებდა, ოსკარის გადაცემის ცერემონიებსაც და საფოსტო მარკებსაც. ამერიკის დიდ კორპორაციებს სიმბოლოებს უხატავდა. ჰაერში ავიაკომპანია American Airlines -ის ბოინგები მისი ლოგოთი დაფრინავს.

სთივენ სპილბერგმა 73 წლის სოლს "შინდლერის სიისთვის" პოსტერის მოფიქრება სთხოვა. ამბობენ, რომ მხატვრებმა სპილბერგს 200 - მდე "პლაკატი" გაუგზავნეს, მაგრამ მხოლოდ ერთის, სოლ ბასსის შეირჩა. ასეც იყო მოსალოდნელი. მეწამულის ფონზე ვერტიკალურ შავმავთულხლართის ერთ-ერთ ეკალზე გაყვითლებული ქაღალდის ნაკუწია. ადამიანების სახელ-გვარებით. სამრიგად შემოხვეული მავთული კისერზე წაჭერილ ბაწარს ჰგავს.

სოლ ბასსის ერთ-ერთი უკანასკნელი, წამით გაშეშებული კადრი სკორსეზეს "კაზინოსთვის" შეიქმნა. ფილმში 70-იანი წლების განგსტერული ატმოსფერო სკორსეზესეულადაა აღწერილი, იქ Fuck-ს 430 - ჯერ წამოისვრიან. შეიძლება - მეტადაც. ამერიკული "გენგ"- კრიმინალი თავისებური ნაციონალური ღირშესანიშნაობაა ნახევრად თუ მთლიანად კრიმინალური ცხოვრების თამაშ-თამაშ ველური ნიუნსებით; არაპირობითი, საკულტო, ქრონომეტრაჟული, არაპოეტური ხანის სერიიდან. სოლ ბასსის პოსტერზე დე ნირო, შარონ სთოუნი და ჯო პეში კუპრივით შავი ღამიდან იკვეთებიან. მხოლოდ სიტყვებია თეთრი ასოებით. ქვევით განათებული, დაპატარავებული, გაბტრყელებული ლოს-ანჯელესი - კაზინოელი ანგელოზების გაჩახჩახებული ქალაქი სისხლის წითელი, კაზინოსხელა კოლტით. მხოლოდ დე ნიროს სახეს მარჯვნიდან სინათლის თხელი ხაზი დაჰკრავს. ეს ის დე ნიროა, "ტრაიბეკა" რომ დაარსა, ეს ის "ტრაიბეკაა" - ნიუ-იორკის რომაა. . .

shokoladi.ge

2.05.10

No comments:

Post a Comment