Sunday, September 11, 2011

ქართველი “გოდოს მოლოდინში” ანუ “ტრაგიკომედია ორ მოქმედებად”




13 აპრილს სემიუელ ბეკეტის დაბადების დღე იყო, ნახევარი საუკუნის წინათ კი “აბსურდის თეატრის” ავტორი ცივი იანვრის დღეებში ტრაგიკომდიას ორ მოქმედებად - “გოდოს მოლოდინს” ასრულებდა. საქართველოში ეს თარიღები არავის გახსენებია. ცნობილი დუბლინელი 20 წლის წინათ 22 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება მაშინდელი საქართველოს ლიტერატურული და არალიტერატურული ყურადღების ღირსი არ გამხდარა. არც მაშინ და არც ახლა არავის აღუნიშნავს ირლანდიელი ნობელიანტი მწერლისა და პოეტის “იუბილეები”. როგორც ჩანს, ბეკეტისეული ქართული აბსურდის თეატრის აღქმისთვის, პიესის პირველი, მეორე და ა.შ. მოქმედებების კრიტიკა-თვითკრიტიკა, ანალიზ-სინთეზი არ ძალგვიძს, არ გვსურს და ამისთვის არ გცალია. ჩვენთვის თავად პროცესი, როგორც მხატვრულ-დრამატული ნარატივი პროგრამა-მინიმუმიდან პროგრამა-მაქსიმუმში ან პირიქით ხან სტოკატოთი, ხანაც ლეგატოთი გადადის. პროცესი თვითმიზანი ხდება, რადგან არავინ იცის, შემდეგი სტადია რას მოიტანს, მითუმეტეს, თუ გოდო ჯერ ან საერთოდ არ ჩანს. მერე თავად ვხდებით ამ თეატრის დრამატურგები, რეჟისორები და მთავარი მოქმედი გმირებიც. როგორც წესი კი, პერფორმანსის მონაწილეები პროფესიული კრიტიკოსები ვერ არიან . . . მითუმეტეს თუ გასაკრიტიკებელია სპექტაკლი, სადაც არაფერი ხდება და ბუნებრივია, მაყურებელიც ვერ გებულობს, თუ რა, რატომ და რისთვის ხდება. არადა დრამატურგს იმთავითვე აბსურდი ჰქონდა ჩაფიქრებული. აბსურდის არსში ჩაწვდომა და წიაღსვლების შემდგომ უკან უვნებლად დაბრუნება კი არც ისე ადვილი საქმეა. აბსურდი არც ანტიუტოპია და არც უტოპია, არც “ნონფიქშენ” და არც ფანტაზიაა. იგი ტრივიალური აბსურდია თავისი მარაზმული ფილოსიფიით, რადგანაც სწორედ ჟანრის კანონი და ფორმა მას ასეთად დარჩენას ავალებს.


“ვლადიმირი: - რა უნდა ვქნათ?


ესტრაგონი: - მოდი, არაფერი ვაკეთოთ. ეს უფრო საიმედოა.


ვლადიმირი: - ჰო, ვნახოთ, რას გვეტყვის იგი. . .” 


***


ბეკეტის მიხედვით, გოდოს მომლოდინე ვლადიმირი და ესტრაგონი ორი უსახლკარო, მაწანწალა, უძალო, მოხუცი მამაკაცია, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ უერთმანეთოდაც არ შეუძლიათ. მხოლოდ გოდოს მოლოდინი აერთიანებთ. ამიტომაც ელიან კეთილ უწყებას, ზევიდან, ქვევიდან, იქედან, აქედან, საიდანმე, ვინმესგან, რისგანმე. მიმართულებას მნიშვნელობა არა აქვს. ოღონდაც და როგორმე იდუმალმა ხმამ გოდოს მოსვლის შესახებ ამცნოთ. ამ მამაკაცურ “სასტავში” ამბის მომტანიც კი ვიღაც უცნობი ბიჭია. წესითა და კანონით ამ “სოციალური დეჟავიუს” ორ მთავარ მონაწილეს დიდი ხანია ერთმანეთი უნდა მოეკლათ ანდა სააზროვნო ორგანო “ინდივიდულაურად” ყულფში გაეყოთ, მაგრამ, ვერ გადაუწყვეტიათ, პირველმა ვინ ჩამოიხრჩოს თავი, თანაც ბაწარიც საიმედო არაა. ერთი სიტყვით, ისინი გოდოს მოლოდინით არსებობენ, ხოლო გოდოს გარეშე გადაწყვეტილება, აბა, როგორ “მოვა”? თანაც გოდო, მგონი, შაბათს აპირებს გამოჩენას თუ შემოვლას. . . თუმცა ამათ არც კი იციან კვირის რა დღეა დღეს, დასაწყისი თუ დასასრული, დილაა თუ საღამო, სიზმარი თუ ცხადი, დარი თუ ავდარი. არც ის იციან ზუსტად ვის და როგორს ელოდებიან, არც ის, რა უნდა სთხოვონ გოდოს. მაგრამ იციან, რომ სადღაც არის გოდო და ის მოვა, აუცილებლად მოვა, ჭკვიან სიტყვას იტყვის, დაიცავს, სამართალს უპოვის, სიცოცხლის საზრისს მისცემს, გაარკვევს, დაამშვიდებს, გააბედნიერებს. ამიტომაც ვლადიმირსა და ესტრაგონს ნებისმიერი სულიერი, ვინც ამ მტვრიან გზაზე გამოჩნდება, გოდო ჰგონიათ. პოცოც მათსავით გამოჩერჩეტებული ბებერია, რომელიც თავის ლაქიას (სახელად ლაკი) ბაწრით დაათრევს. ლაკი ბატონის სამგზავრო ჩანთებს დაატარებს და პატრონის ნასუფრალით კმაყოფილდება . . . მაგრამ პოცო გოდო არაა. ბოლოს პოცო ბრმავდება და ახლა ლაკი დაატარებს მას იმავე ბაწრით. თუმცა ყოველ ნაბიჯზე ისინი ძირს ეცემიან, წვალებით დგებიან და კვლავ მიწას ენარცხებიან. ვლადიმირი და ესტრაგონი ღამით იმისთვის შორდებიან ერთმანეთს, რომ დილას კვლავ დაბრუნდნენ და გოდოს მოლოდინში დააღამდეთ.


ერთხელ ესტრაგონმა ღამე თხრილში გაატარა, ვიღაცამ სცემა, მაგრამ არ იცის, ვინ. ვლადიმირს უჭირს თავისი გაჭირვების მარტო გადატანა. ამიტომაც ხვდებიან ისინი ერთმანეთს, ერთურთს ძილის საშუალებასაც არ აძლევენ და ლაყბობენ. ბიბლია, კაენი და ბარაბა, ეიფელის კოშკი, სასოწარკვეთა, ბოდვა, ტირილი, ფული, უაზრო ყოფა ერთმანეთშია გადახლართული. 


“ესტრაგონი: - რა ვქნათ, წავიდეთ?.


ვლადიმირი: - წავიდეთ.


ისინი ადგილიდან არ იძვრიან” . . .






***


დიდი ხნის წინათ, როცა ბეკეტის “გოდოს” გამომცემელი ცნობილი მწიგნობარი ბარნი როსეტი გაკოტრდა, საბოლოო კატასტროფისგან იგი იმავე “გოდოს” ბროდვეის სცენაზე გადატანამ იხსნა. მიზეზი - სანახაობა უფრო მომგებიანია, ვიდრე უსანახაობო სიტყვა. და არა მარტო ფინანსური კუთხით. საქართველოში ამჟამად შექმნილ სიტუაციაში ძნელია ბეკეტური მოტივები ვერ შენიშნო. ჩვენთან ბედისა და ადამიანის ბუნების უკუღმართობის გამო პიროვნების, ხალხის, ქვეყნისა თუ სახელმწიფოს ტრაგედია, უკიდურესი ტრაგიზმი ბანალურ ტრაგიკომედიად ან აბსურდად გადაიქცეოდა და ყოველთვის მთავრდებოდა მოუხელთებელი მაგრამ “ჭეშმარიტების განმცხადებელი” გოდოსა და მისი ანალოგების ჩუმი თუ დემონსტრატიული მოლოდინით. საქმე სულაც არაა ბაზალეთის ტბის ძირას ჩაძირულ თუ გადარჩენილ ოცნებაში ანდა თამარ მეფის დროების ქორნიკულ გაღმერთება-ნოსტალგიაში. ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა სახის ყოველდღიურობის ისტორია ხან ბეკეტის მინიმალისტურ, ერთ წუთიანი პიესას ჰგავს, ხანაც დროსა და საუკუნეებში გაწელილ სქელტანიან პიესას, ხან მონოლოგს, ხანაც პიესას ორი და ხანაც მეტი მოქმედი პირ-გმირებით. მაგრამ იგი დიალოგის რეჟიმს ვერ ბედავს, ვერ ითვისებს, ვერ იტანს (ვლადიმირისა და ესტრაგონის სიტყვიერ გაცვლა-გამოცვალა დიალოგად არ იწოდება). როგორც წესი, ამ “ისტორიული პიესების” მოქმედებების ბოლოს არასოდეს ეშვება სქელი, ლოგიკური ფარდა. პიესის უკანასკნელი მოქმედება ყოველთვის იყო, არის და, ალბათ, იქნება თითქმის იგივე შინაარსის შემდგომი დრამატურგიული ნაწარმოების პირველი აქტის ტექსტი. ზოგი პიესა მდუმარეა, სადაც სიტყვა უადგილოა, ზოგიც მაცოცხლებელი, ზოგიც მომაკვდინებელი, ზოგიც აბსურდული, ზოგიც არც ერთი და არც მეორე . . .


საქართველო, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო დასავლეთის XX საუკუნე გამოტოვა, 1989 წლის 9 აპრილიდან 2009 წლის 9 აპრილამდე და ამ დღეებშიც ფსიქოლოგიური თეატრის სხვადასხვა დრამატურგიულ-ჟანრობრივ-რეპარტუარულ სვლების მტკივნეულ სინჯებს ანუ, როგორც ახლა ამბობენ, “კასთინგს” გადიოდა (გადის), მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩებოდა(რჩება). იგი ისევ და ისევ გოდოს ელოდებოდა (ელოდება), იგი ქართველი “გოდოს მოლოდინშია”. არადა გოდო არა და არ “გვემართება” (გურჯიევის ტერმინი). 2009 –ის პიესის სახელი კვლავ “პოლიტიკური კაფკაა”, როცა პროტესტანტები კვლავ “ვარდების რევოლუციის გოდოს” სიტყვას ელოდებიან და მასზე ჭიპლარით მიბმულ-დამოკიდებულნი ხდებიან და კვლავ მისით იკვებებიან. რას იტყვის იგი? გამოვა, გამოჩნდება, დაგველაპარაკება, რა წამოსცდება, “გაქაჩავს”, დაიხევს, გადადგება, გადმოდგება და ა.შ.? დუმილისთვის და გააზრებისთვის არავის სცალია . . . ეს გოდომ უნდა “იდუმილოს”, “იდუმალოს”, მოიაზროს, მერე კი თქვას, გააცხადოს . . . ტყუილად კი არაა გოდო.


საქართველო 20 წლის წინათ 9 აპრილის გამთენიისას ლოცვასა და სიკვდილის წუთების დადგომამდე გაყუჩდა, რუსთაველი დადუმდა, გაირინდა. ამბობენ ამ მდუმარებაში, ღამის რუსთაველზე ჩასაფრებული დამსჯელი რაზმები გაიტრუნნენ და გაშეშდნენო. ხმა არავის გაუღია, ხალხი მდუმარებდა და ეს საერთო უხმო სიმშვიდე ყველაზე მრავლისმეტყველი იყო, ვიდრე ის სიტყვა, რომელიც, როგორც ცნობილია, “პირველად იყო”. მდუმარება სიტყვაზე ადრე იყო. ხალხი მანამ დუმდა, სანამ ირაკლი წერეთელმა არ დასჭექა და საბრძოლო Yყიჟინით გარინდულნი “არ გააღვიძა”. მდუმარება, სიჩუმე წამის წინათ სიცოცხლის სიტყვა იყო. მერე კვლავ ჩაერთო “ბრძოლისა და სიკვდილის ისტორიული მატრიცა”. იმ ღამეს სრულწლოვანებთან ერთად ბავშვები, არასრულწოლოვანი გოგონები დაიღუპნენ . . .


40 წლის წინათ, როცა რუსული ტანკი “პრაღის გაზაფხულს” ახშობდა, ჩეხმა სტუდენტმა იან პალახმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. ის ფერფლიანი ალაგი პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედნაზე მისი გვარ-სახელითაა აღნიშნული. 18 წლის წინათ ქართული ერთიანობის რეფერენდუმიდან რამოდენიმე თვეში ქართველმა გია აბესაძემ თავის სხეული ცეცხლს მისცა: ალმოდებულის თავგანწირვა ოკუპანტების წინააღდეგ კი არა, არამედ ჯერ არ გაჩაღებული ძმათამკვლელი ომის შესაჩერებად. მის გვარ-სახელს ვერსად ნახავთ რუსთაველზე . . . სამაგიეროდ მისი და არა მარტო მისი წყეული “სამოქალაქო ომის წინათგრძნობა” ზღვრული ტრაგიზმით გამართლდა და ახლა მხოლოდ იქვე მდგომი, ერთი ყოფილი სამინისტროს შენობის კედლებს ნატყვიარს აქა - იქ თუ შეატყობთ. რუსთაველზე არაფერი მიგანიშნებთ ერისათვის სამარცხვინო ომის ნაკვალევს. . . თითქოს არც ყოფილა. . . “ასეა საჭირო და იმიტომ. აბა, სხვანაირად, როგორო” . . .


საქართველოში კოლონიური, მერმე ბოლშევიკურ - კომუნისტური დრამა დამოუკიდებლობის სურვილმა და “მრგავლმა მაგიდამ” შესცვალა. შემდეგ “კანონიერი ქურდების”, მაჩო და არც ისე მაჩო ბიჭებისა და კრიმინალური “სასტავების” დრო დადგა. ავტომატის კაკანის ქვეშ დაემხო პროქართულად განწყობილი გოდო და მოვიდა პრორუსულად განწყობილი, ამავე დროს ბეიკერთან და კოლთან მოსაუბრე, თუმცა ინგლისურ-გერმანულის არმცოდნე, თითქოს ნაფტალინიდან ამოღებული, კომუნისტ-პუტჩისტი, “გებეშნიკი” მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მაინც გოდო. სამაგიეროდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და არა “ვინცხა” - სოფლის მეურნეობისა თუ კულტურის უწყების თავკაცი. იგი სსრკ-ის საგარეო კურსის განმსაზღვრელი იყო, შესაბამისად ავტორიტეტიანი უწყების “ნაჩალნიკს” “სვიაზები” ხომ ნაღდად ექნებოდა და მოლაპარაკების ხელობაშიც განსწავლული იქნებოდა (აბა, “პაეზდკებში” ტყუილად ხომ არ გაუშვებდნენ). წინა გოდოსთან შედარებით “უსვიაზო” კი არ იყო. ახალმა გოდომ აფხაზეთის ომი კი წააგო, მაგრამ მისგან არავის მოუთხოვია ალექსანდრე მაკედონელობა და არც, მითუმეტეს, გადადგომა; არავის დაუყვედრებია დაცემული სოხუმი და ჭუბერზე უპატრონოდ დაყრილი ქართველების გვამები. ის კი არა წაგებული ომის ერთი გენერალი ახალი ოპოზიციონერ-დიპლომატთა გაერთიაენების სასურველი წევრიც გახდა. მაშინ მავანმა “თეთრ გოდოს” დაუჩოქა. არ წახვიდე, არ დაგვღუპოო . . . ”ასეა საჭირო და იმიტომ. აბა, სხვანაირად, როგორო” . . .


მერე გოდო დაძველდა, ხოლო მისი თიხის ფეხები მოლპა - გაიხრწნა და დადგა ახალი გოდოს დრო. ოღონდ ახლა ინგლისურ-ფრანგულად მოლაპარაკისა და პროამერიკულ-პროდასავლურისა. რკინისYყოფილი ფარდის იქეთ არც ისე დიდი, მაგრამ მაინც “სვიაზებით”, ჰოდა, თბილისური ინტრეპრეტაციის “პრაღის გაზაფხული” კვლავ შეჭრით დასრულდა, ოღონდ მნიშვნელოვანი განსხვავებით. ვარდებით,H”ჰიპურად”. მადლობა ღმერთს, 2003 –ის რევოლუციის მერე ნატყვიარების კვალის წაშლა საჭირო აღარ გახდა. პენსიონერი გოდო კი თავის ჩვეულ ამპლუაშია – ძველი გვარდიის უკანსკნელი მოჰიკან – გოდო - ბრძენის გუნება-განწყობილებაზე. ”ასეა საჭირო და იმიტომ. აბა, სხვანაირად, როგორო” . . .


მერე სულ ცინცხალ გოდოსთან ერთად პარლამენტში მოვიდნენ ისინი, ვინაც “ნაცმოძრაობის” სია თავის საპარლამენტო თვითგამოხატვისთვის – ოპოზიციონერ-ფრაქციისტობისთვის – გამოიყენა, მაგრამ ახალ გოდოს აყვედრიდნენ, ძველი გოდოს ბანაკში რატომ იყავიო. ყველას ჰქონდა უტყუარი არგუმენტი: ”ასეა საჭირო და იმიტომ. აბა, სხვანაირად, როგორო” . . . მერე დრამატურგიაში არაჰიპური, მაგრამ არც კალაშნიკოვური წყლის ჭავლებისა და რეზინის ხელკეტების ჩართვისას გოდო გადადგა, მაგრამ ახალი გოდო არ და ვერ მოვიდა და ძველი კვლავ ახალ გოდოდ მოგვევლინა. ახლა ისევ გადადექიო, ეუბნებიან, ჩვენი გოდოობის დრო მოვიდაო ”ასეა საჭირო და იმიტომ. აბა, სხვანაირად, როგორო” . . .


პირადად ჩემში ეს სევდიან-აბსურდული ისტორიები მოყირჭებული შინაარსის გამო ანორექსიის გარდა, უძირო სევდისა და ნიჰილიზმის შეტევებს იწვევს. სამწუხაროდ, გოდო – არაგოდოს მიმართება საქართველოს უახლესი ისტორიის მუდმივ მახასიათებლად გადაექცა. ამ აბსურდის თეატრში ყველაზე მუდმივ ბრუნვად-არგუმენტად კვლავ ქვეყნის სახელწოდება “საქართველო” და ცნება “ხალხი” რჩება. “საქართველოს გზა”, “ალიანსი . . . საქართველოსთვის”, “დემოკრატიული მოძრაობა . . . საქართველოსთვის”, “თავისუფალი საქართველო”, “სახალხო პარტია”, “ხალხის პარტია”, რომლებიც უფრო ენ-ჯი-ოშნიკურ გაერთიანებებს ჰგავს, ვიდრე პარტიული იდეოლოგიის მქონე სერიოზულ სტრუქტურებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დაფინანსებას არა დასავლეთის მიერ ნაჩუქარი ფულით ანუ გრანტებით, არამედ სახელმწიფოსგან იღებს. ხალხმა, ხალხს, ხალხო!; საქართველომ, საქართველოს, საქართველოვ! იმავე დასავლეთში დაბადებული “ჰამბურგის ანგარიში” ჯერ არც ქართულ პოლიტიკურ-პატრიოტულ რიტორიკაში ჩანს და არც - სოციალურში. დრო, ადგილი, ზომა - წონა, ციფრი, ანგარიში, გამრავლება – გამოკლება, კონკრეტიკა და დეტალები რა მოსატანია, როცა ახალი გოდო უნდა მოვიდეს - პრეზიდენტის, სპიკერის, პარლამენტის ან მეფის სახით. . . აი, ოპოზიციონერმა ხაინდრავამ ამერიკულ რუსულენოვან რადიო “დევიდზონში” (13.04.09) განაცხადა, რომ სააკაშვილს ქართული წერა კითხვის უცოდინარმა ეროვნულმა უმცირესობებმა მისცეს ხმაო. თუმცა “მცირე დეტალი” კვლავ დაავიწყდა. როდის მოხდა ეს ამბავი? გოდოს პირველი არჩევისას, როცა თავად გახლდათ “ქართულ წერა-კითხვის უცოდინართა” პრეზიდენტისდროინდელი, მაინტეგრირებელი მინისტრი თუ “უცოდინართა” პრეზიდენტის მეორედ მოვლინებისას, როცა ხაინდრავას იქ არაფერი შესთავაზეს? ეს ეშმაკისეული დეტალი არავის აინტერესებს. ”ასეა საჭირო და იმიტომ. აბა, სხვანაირად, როგორო” . . 


ერთი “პროგრესული ოპოზიციონერი” გოდოს გამზრდელი გოდოს “შეკურთხებაში” თავის მსმენელთან ერთად გვარიანად გაერთო და თანაც ისეთი ორიგინალური, არატრადიციული ფორმით, რომ აუდიტორიას ვერბალურად მამათმავლური აქტი შესთავაზა, მოგვიანებით კი მისი კონსერვატორი კოლეგა გამოვიდა და ქვეყნიდან მოუსვლელში მამათმავლების გაშვება მოითხოვა (ჰო, მართლა, ცნობისთვის “ყვითელი ისტორია” ირწმუნება რომ მაკედონელიცა და სპარტანელებიც Mმთლად ჰეტეროსექსუალები არ იყვნენო).


“მთამ თაგვი შვაო”, უთქვამს ბრძენს... ასე მოსდიოდა რევოლუციათა უმეტესობას, როცა იმავე დღეს თუ არა, ხვალ-ზეგ იგი თავისსავე მამებსა და შვილებს ხრავდა. ასე მოუვიდა ვარდებისასაც. იგივე სცენარი ოპოზიციასაც “ემართება”, გურჯიევის ტერმინს არაგურჯიევისეული კონტექსტით თუ მოვიხმობთ. 


ძველ საბერძნეთში სპარტის მეფე აგესილაი ეგვიპტეს მეფე ტაჰს დაეხმარა. ეგვიპტელებს ეგონათ აგესილაი ბუმბერაზი გოლიათი გმირი - სპარტანელი იქნებოდა, გაუზომავი ბიცეფს - ტრიცეფსებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აგესილაი არა თუ დიდი, არამედ პატარა დევიც არ ყოფილა. იგი ჩია, გამხმარი და მოკუნტული მოხუცი აღმოჩნდა. იმათ კი გოდო დიდკაცად წარმოედგინათ და ამიტომაც გაწბილების ოხვრა აღმოხდათ. ესეც ბერძნული ტრაგიკომედიაა. როცა ტიტანურ შეძახილებსა და პომპეზურ მოლოდინებს თაგვის ან სულაც წრუწუნას დაბადება- გამოჩენა მოსდევს. მაგრამ გოდოს მომლოდინეებს მთავარსარდლის გარეგნობის გამო ერთმანეთი არ დაუხოცავთ და ცეცხლის ჩაქრობისას წყლის სისუფთავით არ დაინტერესებულან. მახსოვს, თბილისში რამდენიმე წლის წინათ “ცნობადი სახეების” აზრით დაინტერესდნენ: დედაქალაქის მერი როგორი უნდა იყოსო. ერთმა მომღერალმა ქალბატონმა მერად არც მეტი, არც ნაკლები, ლამის ალექსანდრე მაკედონელის გარეგნობის ათლეტი მოინდომა (რასაკვირველია, ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის) და დასძინა, მერი ნაღდი თბილისელი უნდა იყოსო. ანუ “კარენოი”, ვერა-ვაკელი გოდო გვინდაო, სხანაირი არ ეკადრება ძველ და სახელოვანი ისტორიის ქალაქსო . . .


ქართული ოპოზიციას Dდღეს, ისევე როგორც 18 წლის წინათ, ფრანგი შარლ დე გოლი გაახსენდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცნობილი გენერლის სახელი და გვარი სულ რამოდენიმეჯერ გაისმის საქართველოს ისტორიაში და, როგორც წესი, რევლუციების წინ. თუმცა იმ ფაქტს არასოდეს ახსენებენ, როცა ერთ მშფოთვარე პარიზულ დღეს, როცა დემონსტრანტებმა ლამის დე გოლის საპრეზიდენტო სასახლეს შეუტიეს, საფრანგეთის გმირმა გენერალმა, ფრანგული წინააღმდეგობის ხელმძღვანელმა თავის ხალხს ასე მიმართა: “ფრანგო ქალბატონებო და ბატონებო, დამეხმარეთ!” თუმცა ეს “დეტალი” რა მოსატანია, როცა მთავარია პრინციპი: “ასეა საჭირო და იმიტომ. აბა, სხვანაირად, როგორო” . . 


საქართველო კვლავ ელოდება ქართველ გოდოს, ინგლისურისა და საჭიროებისდამიხედვით კვლავ რუსულის კარგად მცოდნეს, “ჯიგრული ბაზარის” გამბმელს, აუცილებლად უშიშარს, ასეული კინგ - კონგის ძალისას, რომელიც ატომურ ბომბს თუ არა, აფრენილ ტყვიას ჰაერში დაიჭერს, ნაღმზე არ აფეთქდება, საქართველოს შვეიცარიად გადააქცევს, დაკარგულს დაუბრუნებს, კორუფციასა და კრიმინალს სამუდამოდ მოსპობს, ხოლო მორალურ-პროფესიულად, ნახევრად ხუმრობით, საქართველოსთვის “დიმიტრი გელოვანი” გახდება. ჩვენ კი გოდოს მოსვლა შესაბამისად უნდა ვიზეიმოთ, მერე ჩვენი ტვირთი მას გადავაბაროთ და ბოლოს და ბოლოს დავისვენოთ გოდოსდარად თუ არა, ადამიანურად მაინც.


ბეკეტური მოლოდინი ჩვენი ცხოვრების ტრაგიზმი და იმავდროულად კომედიაცაა. ეს “რეალიტი შოუ” ტელეეკრანებიდან და პარლამენტიდან “მასაში გავიდა”. შოუ კი, რომელიც დროზე არ მთავდება, მოსაწყენია, უგემოვნო, ხოლო უკუკავშირად ცარიელ დარბაზსა და ცუდ კრიტიკას მიიღებს. საქართველოში არც XXI საუკუნის პირველი ათწლეულის მიწურულს შეიცვალა რაიმე: დაბინძურებულ ქუჩებს კვლავ მოხალისე “გოგონა დამლაგებლები” დაალაგებენ, 9 აპრილს დაღუპულთა ასაკის. გოდო კი მოხალისე არაა, იგი არც დამლაგებელია და, მითუმეტეს, არც გოგონა. იგი უფრო მაღალია, ვიდრე “გოგონა დამლაგებელი”. მისი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ არასოდეს მოვიდეს, ანდა ცხადში თუ არა, სიზმარში ერთხელ, ერთი წუთით მაინც “დაგვემართოს”; დანარჩენის ნება-სურვილი და უფლება - მოვალეობა კი მომდევნო გოდოს მოლოდინია. . .

"საქართველოს რესპუბლიკა"
15.04.09

No comments:

Post a Comment