Friday, September 23, 2011

საკალელები, იპოლიტი და ალინა კაბაევა, როგორც ჩვენი ფელიჩიტა

როცა სკოლაში ვსწავლობდი, სანრემოს ფესტივალი მასკულტურულ - თინეიჯერული მოვლენა გახლდათ. „სოპოტსა" და „იურმალას" ჩვენი კლასის გოგო-ბიჭები დიდად არ ვწყალობდით. არა იმიტომ, რომ სოციალისტურ - ბანაკური მუსიკალური ქსენოფობია გვჭირდა. უბრალოდ, იტალია საბჭოეთი არ იყო, სანრემული დამტკბარ-დაშაქრულ-მელოდიური ჰანგები კი მოდაში იყო და თანაც უფროსკლასელი მელომანი ბიჭები, რომლებსაც სკოლაში დი - ჯეის „თანამდებობა" ჰქონდათ შეთავსებული, ფიზკულტურის დარბაზში თუ სკოლის დერეფანში ჩატარებულ მოწაფურ „დისკოთეკებზე" ყველაზე ხშირად რატომღაც სწორედ „ფელიჩიტას" ან მისგან ნაბარტყ მუსიკას ატრიალებდნენ. მაშინ „ბონიემის" შესრულებით კი არა ტონი ესპესიტოს მიერ ნამღერი „კალიმბა თე ლუნა" იყო პოპულარული. ის იყო ჩვენი „ტვისტიც", „ბუგი - ვუგიცა" და თვით „როკ-ენ-როლის" საცეკვაო სარბიელიც. რასაკვირველია, ვისაც მუსიკა უყვარდა, თან ჟურნალები „როვესტნიკი", „მუზიკალნაია ჟიზნი" ჰქონდა გამოწერილი, ასევე ალექსანდრე ბოვინის „მეჟდუნაროდნაია პანორამას" უყურებდა, იტალიური ესტრადის გარდა არაიტალიურ თანამედროვე მუსიკაზეც ჰქონდა წარმოდგენა. მოგვიანებით, როცა სსრკ დაინგრა, გავიგე, რომ თავად იტალიაში სანრემოს ფესტივალი თებერვალში ტარდებოდა. არადა ჩვენი ტელევიზია, რატომღაც ამ ფესტივალს შუა გაზაფხულზე ანდა მაისში გვიჩვენებდა. ეტყობა, ლამის სამი თვე გულდასმით სწავლობდნენ, რაიმე ანტისაბჭოური წამოცდენები ხომ არ იყო პუპოსა და ტოტოს სიმღერებში. ჩვენ მაშინ მათ ენისმოჩლექით „საკალელებს" ვუწოდებდით. ყოველგვარი ქედმაღლობისა და ცინიზმის გარეშე. გოგონები „საკალელებს" ჩვენს დი-ჯეებსაც ვუწოდებით; ამგვარი ეპითეტით ჩელენტანოსა და მის მეუღლეს კლაუდიო მორის თანაკლასელი ბიჭებიც მოიხსენიებდნენ. გოგონებში კი ვის ტოტო კუტუნიო და ჯულიანო ჯემა ფილმიდან „ანჟელიკა" (პირადად მე ეს მსახიობი „დაჩოქილი კაციდან" მახსოვს) მოსწონდა; ვის ალ ბანო (რომინა პაუერის ქმარი სიმღერა „ფელიჩიტადან") და ვიტორიო გასმანი; ვის - ბესიკ კალანდაძე და ზურაბ ყიფშიძე. საკალელები.


ჩვენს და არა მარტო ჩვენს თაობას თვისობრივად განსხვავებული კალიბრისა და მოდუსის პერსონალური საკალელები ჰყავდა. ადამიანები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას, მაღალ მატერიებს რომ თავი დავანებოთ, ყოველგვარი ჯანსაღი ლოგიკის გვერდის ავლით რატომღაც ხან ქრონიკულად და ხანაც მწვავედ ესიმპათიურებოდა. აი, მაგალითად, ერთი ჩემი თანაკლასელი ბიჭის მამა. იგი ქალაქში ოფიციალურად აღიარებული „კრასავჩიკი" იყო. შესაბამისად - მისი ვაჟიც, რომელსაც „გვარზე ხტომას" უწინასწარმეტყველებდნენ და არც შემცდარან. ამ კაცის სასიყვარულო თავგადასავლებზე მითები დადიოდა. „სვეცკი ტუსოვკებზე" კი მისი დონჟუანური ახალი ამბების გაპიარება „ძაან მაგარი პონტი" იყო. ეს ჩემი თანაკლასელი კი დრო და დრო გვიმხელდა, რომ მამამისს სსრკ -ის უკიდეგანო სივრცეებში მცხოვრები „ნაშებიდან" ხან დეპეშები და ხანაც ათასგვარადდაწებებულკონვერტიანი წერილები მისდიოდა კაცისთვის „სასიხარულო" ცნობებით, რომ იგი (კაცი) მამა (მშობელი) გახდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემს თანაკლასელს საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ და (დები) ან ძმა (ძმები) გაუჩნდა ან ორივე ერთად და „ზრდილობის" საკითხი იყო ახლადგამომცხვარი დედისთვის საქართველოდან ბავშვის ტანსაცმელი მაინც გაეგზავნათ. ჰოდა, კლასში იყო ჩუმი ფხუკუნ-ქირქილი და პუბერტატული სიხარული. ბიჭებს შურდათ ამგვარი მუსუსობის და გაზრდისთანავე წარმოშობით სლავ ქალებთან მანიფესტირებულ სამაგალითო კაცობას გეგმავდნენ; გოგონები კი ამ ჩემს თანაკლასელ ბიჭთან „ფელიჩიტას" ჰანგების ფონზე ერთხელ მაინც ცეკვაზე ოცნებობდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მამამისთანაც იცეკვებდნენ. ქართველი მამაკაცების „რუსული ნოსტალგია" დღესაც რომ არსებობს, ამის აღმოსაჩენად საკმარისია ქართულ ტელესივრცესა და ფეისბუკს გადავავლოთ თვალი. იგრძნობა, თუ როგორ მისტირიან იმ დროს, როცა უკიდურესად სექსისტური ნატვრა „რაც კი კარგი (მათ შორის, რუსი) ქალი ვნახე, ყველა ჩემი მეგონაო . . . " დიდ პატივისცემაში იყო. თუმცა რატომ იყო? ახლაც კონვერტირებად პატივშია.


ჰო, მართლა, მე და ჩემმა მეგობრებმა ბოლოს „კრასავჩიკი" თანაკლასელი მთავრობის სასახლის წინ 1989 წლის აპრილის აქციების დროს ვნახეთ. გულანთებული ჩანდა. საქმე კი იმით „დასრულდა", რომ იგი მალევე საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, მუშაობა იქაურ მილიციაში დაიწყო და ალინა კაბაევასაც „დაუმეგობრდა". სხვათა შორის, დიდხანს „იმეგობრა". ვინაა ალინა კაბაევა, ამის ახსნით აღარ დავწვრილმანდები . . . ქართული ნეორეალიზმი კი ასე გამოიყურებოდა (გამოიყურება): ქართველ კაცებს რუსის (რუსი) ქალები „უყვარდათ" (აქ საყურადღებოა სიტყვის „რუსი" ნათესაობითი ბრუნვა) და მათ „ესიყვარულებოდნენ"; ამ ქალების მამებს, ქმრებს, „ბოიფრენდებს", ბიძებს, ძმებსა და ვაჟებს კი საქართველო „უყვარდათ" („უყვართ") და მას „ესიყვარულებოდნენ" („ესიყვარულებიან") . . . ჰო, ქართველ კაცებს რუსის ქალები ამერიკაშიც „უყვართ". ინერციით . . .


კიდევ გვყავდა (გვყავს) საკალელები: ლოთები. კაი მსმელები. კაი დამრტყმელები კი „რატომღაც" პოპულარობით აღარ სარგებლობენ. რატომ უყვარს ჩვენს ხალხს ლოთი, მსმელი ტიპი ანუ ლოთი, როგორც ტიპაჟი? რატომ თანაუგრძნობს მას ასე? რატომ ყვებიან მის საქმენი საგმირონიაზე ასეთი ნეტარებითა და აღფრთოვანებით? რატომაა კაი თამადა-ყანწიყლაპია ყველაზე საარაკო გმირი ანუ „ნუ, ძაააან კაი ტიპი"? უფრო მეტი ვიდრე, თუნდაც, „მშრომელი მეცეხე"? ლოთი იგივე ალკოჰოლიკი განსაკუთრებული სიყვარულნარევი მოწიწების ღირსია, თუ იგი გალეშილი მთვრალი მანქანის საჭეს მიუჯდება და სახლში მშვიდობით თუ არა, ცოცხალი მაინც მიგრიალდება. თუნდაც დასახიჩრებული. თუ დაიღუპა, რაც არ უნდა იყოს, შთამომავლობას „ძერზკის" სახელს მაინც ხომ დაუტოვებს? გმირის. ტყუილად არ უცხოვრია ამ ქვეყნაზედ. ჩვენი დროის გრადუსიან რაინდებზე მოარული მითები თუ ნახევრადმითები ბლომად არსებობს. მათ შორის გულისამაჩუყებელი ნეკროლოგებიცა და იმ ადამიანების საფლავებიც, ვინც მათ „ძერზკობას" შეეწირა. სხვათა შორის ოკეანისგადაღმაც იგივეს აგრძელებენ. ორი შემთხვევა ვიცი, როცა ქართველი მძღოლის „კონდიციის" შემოწმებისას ამერიკელმა პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ორგზანიზმში ალკოჰოლის დონის გამზომი მოწყობილობა გაფუჭებული იყო, რადგანაც აქაური ტექნიკა ათობით ლიტრ ლუდის, ღვინის, კონიაკისა და „ოტკის" დამლევებზე არაა გათვლილი. უბრალოდ, ამგვარი რაოდენობრივი მაჩვენებელი ამერიკული (ჩინური) ტექნიკის „გაგებაში" არ ჯდება. სამაგიეროდ, - ჩვენსაში სავსებით კომფორტულად. ორივე შემთხვევაში სახელმწიფოს „მომტყუებელი" ერთი ქართველი მოცეკვავეა. ერთხელ, როდესაც მას პოლიციამ სწორ ხაზზე გავლა მოსთხოვა, იგი მიხვდა, რომ ვაკეზე ვერაფრით გაივლიდა, გზის ბარდიურზე ახტა და ამგვარ „სცენაზე" პირდაღებულ პოლიციელებს ცეკვის ერთი-ორი ილეთი აჩვენა. ეს ისტორია ნიუ-იორკში არა ერთი ქართველისგან მსმენია. როგორც წესი, ამგვარ „ვაჟკაცობათა" აღმწერ ნარატივს გაფართოებული თვალები, წახალისებისა და სიხარულის შეძახილები მოჰყვება. რა საკალელია!!! ა, კაცი!!! რიაზანოვის კომედია „ს ლიოგკიმ პარომ" ჩვენთვის ასეთი ახლობელი იმიტომ კი არა იყო, რომ გაგვაგებინა, რომ თუ მამაკაცი უზომოდ გამოტყვრა მას „ხრუშჩოვკების" გამოისობით დიდი შანსი აქვს ნამდვილი სიყვარული იპოვოს? არა. საქმე იმაშია, რომ იქ იპოლიტი ნამდვილი ანტიგმირია. რატომ? ყველაფერთან ერთად იპოლიტი არ სვამს და ამიტომაც ანტიპათიასაც დამსახურებულად იმსახურებს. რაღაცნაირი ჩვენიანი არაა. ანუ უჯიგროა. არაა ალალი. არც იქითაა და არც აქეთ. „ნე რიბა, ნე მიასო". ერთი სიტყვით, ღმერთს არ უქნია. ჩვენი თვისტომი არაა. ფილმში ის მხოლოდ მაშინ ხდება ჩვენიანი, ჯიგრის ყაურმა, ჩვენი სისხლი და ხორცი, კაი, იგივე კაცური კაცის გაგების ჩვენი ძმა და მეგობარი, ძმაკაცი, ერთი სიტყვით, ერთ-ერთი ჩვენთაგანი, როცა გვარიანად გამობენტერებული საყვარელი ქალის საცხოვრებელ ფართზე აბაზანაში შეაბიჯებს და ტანსაცმლიანად ცხელ შხაპს მიიღებს. ა, კაცი! ბოლო-ბოლო გამოტყვრა . . . ძლივს არ მოვიდა ჩვენსას ანუ ნორმალურ ჭკუაზე? ძლივს არ მოთვინიერდა, ძლივს არ დაემსგავსა ადამიანს ანუ „ბასიაკს"? ამგვარი ცრუმაჩო „სობორნოსწ" კარგად ჩანს ქართული ლუდის რეკლამირებისას. აქ „დავლეეევ, დავლევ, აბა, რას ვიზამ" პათოსთან ერთად სხვაგვარი ესთეტიკააცაა. ლუდი „ლომისის" პიარის აფიშირებულ აშკარა არაცივილეიზირებულობაზე რომ არ შევჩერდეთ, ლუდი „ნატახტარის" რეკლამის ტექსტიცა და ტონიც ფრიად ლუსტრირებულია. „ ჩვენ ერთად ვართ მთავრია, მერე რა რომ ზამთარია" . . . მარტოდ სმა და საერთოდ მარტოდ ყოფნა „რა პონტია". არაქართულია. კაცების სასტავი და წვერგაუპარსავი, ცხოვრებისგან დაჩაგრული, მაგრამ დაბრძენებული „ბრატების" ჩახლეჩილი, სიგარეტისგან და გრადუსისგან ჩამწვარ-ჩახრუკულ- ჩახველებული ხმა. ანუ ამ მურტალ ცხოვრებას ვინც საღი თვალით უყუროს, იმის . . .


კიდევ გვყავდა სხვა საკალელები: ნარკომანები. ისინი თავისი „სიკეთ-სათნოებით" უცნაური გენეზისის სიმპთიას იმსახურებდნენ. თუ ნარკომანი პროფესიონალი მსმელიც იყო, მისდამი, როგორც წმინდა სალოსისადმი შეგრძნება-ჭეშმარიტება: „ნეტ პროროკა ვ სვოიმ ოტეჩესტვე" სტილში ყალიბდებოდა. ისინი კოლორიტებად იწოდებოდნენ. ანუ ნარკომანი რაღაც პროტესტის „რომანწიკას", განსხვავებული, „ნონკონფორმისტული" ცხოვრების წესის არტიმიჯს, ქართული ცრუპოსტმოდერნულ სუბკულტურას, სამყაროსადმი ფსევდოსოლიფსიზმურ დამოკიდებულებას ქმნიდა. არადა არც ერთი იყო ენდი უორჰოლი და არც მეორე - ჯენის ჯოპლინი. და საერთოდაც, ვუდსტოკის „საკალელობა" საქართველოს არ ემუქრებოდა. მახსოვს ჩემი თაობის გოგონებს ნარკომანები რა პარტყა - პურტყით, სიგიჟემდე უყვარდებოდათ. პრინციპით: ნარკომანია, მაგრამ სამაგიეროდ რა კაი ტიპია, რა კაი ხასიათები აქვს. ყოველთვის მიკვირდა სიტყვის „ხასიათი" მრავლობით ფორმაში მოხსენიების ჩვევა. როგორც თავად გოგონები ამბობდნენ: აბოდებდათ, აფანატებდნენ, ტვინი ეკეტებოდათ ამ ხასიათებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტვინის დაკეტვა-გადაკეტვა-ჩაკეტვა-ჩარაზვა-დაბოქლომება რატომღაც კაი მამიკოს ბიჭებზე ემართებოდათ. „მამიკო-კაპიტალისტების" (იგივე მეცეხე), „მამიკო - პარტაქტივისტების" ან „მამიკო-ძველი ბიჭების" ბიჭებზე და ა.შ. სამაგიეროდ, დედიკოს ბიჭები არავის უყვარდა. არც ბიჭებს და არც გოგონებს. ბიჭებს - განსაკუთრებით. დედიკოს ბიჭად ისიც ითვლებოდა, ვინც შატალოზე არ დადიოდა და ვინც ბეჯითად სწავლობდა. გოგონებში კაი მამიკოს ნარკომან ბიჭებზე „დაცემა" ერთგვარი ემანსიპაციის კრიტერიუმიც კი იყო. აი, როგორც სიგარეტის მოწევა. ტუალეტში. ქართული ბონ - ტონური ემანსიპაცია „საჭირო ოთახში". გათხოვების შემდეგ კი ფრაზა „კაი ხასიათების გამო მიყვარს" მცირეოდენ დეტალიზირებული, ჩურჩულით ნათქვამი დათქმებით მთავრდებოდა: იგივე + როცა არ ხარშავს (იკეთებს, იჩხირავს, კაიფობს); იგივე + როცა „ლომკა" არა აქვს; იგივე + როცა არ მირტყამს (გაზქურაში თავს მაყოფინებს, მოხრჩობს, მოსაკლავად დანით, ჩაქუჩით დამდევს) და ა.შ. ყველაფრის მიუხედავად, როგორც წესი, „ნარკუშა" ბიჭები გოგონებში უფრო დიდ სიმპათიას იმსახურებდნენ, ვიდრე - ლოთები. „ნარკატა" მაინც დასავლეთთან იყო ასოცირებული (თანაც, განა, ჩეხეთ-პოლონეთთან?), რადგან ჯინსის შარვალ „ლევისთან" ერთად მაგარი სნობურ-მაგნეტიკური პონტი იყო; ლოთობა კი - ჩვენს ჩრდილოეთელ მეზობელთან. ორივე საკალელი იყო. მაგრამ ლოთი ისეთი „სვეცკი პრადვინუტი" ვერ იყო, როგორც - ნარკომანი. ლოთი და ნარკომანი, როგორც კონტქაპუნქტი. თუმცა ორივე - საკალელი, მაგრამ ნარკომანი უფრო ბომონდისტი და თანაც My Way -ს პონტში. რაც მე ვიცი, ამგვარ ქორწინებათა 99,99 პროცენტი სრული კრახით სრულდებოდა. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ეს გოგონები ან უკვე დაქვრივებულნი იყვნენ ან უკვე დაბერებულნი; ანდა თავად ნარკომანმა მამაკაცებმა გაისტუმრეს ისინი საიქიოში, ფსიქიატრიულში ან თურქეთში; ან ცოლები თავად გახდნენ ნარკომანები ან ბარიგები; ან კარგი ხასიათების მქონე ტიპებმა სიცოცხლე თვითვმკვლელობით დაასრულეს, ზოგმა პირველსავე, ზოგმაც - მეცხრე მცდელობისას (ზოგჯერ დემონსტრატიულად ოჯახის წევრების თვალწინ); ან მათ კლავდნენ ანდა „წამალში იპარებოდნენ"; ან ბარიგობდნენ ან ციხეში ხვდებოდნენ. გამოხდა ხანი და ამ კაი ტიპების ცოლებმა ამერიკასა და იტალიას „შეაფარეს" თავი. იმ ოდესღაც ეგზოტიკურ ქვეყნებს, საიდანაც კაიფის ტკბილი სიო უბერავდა. ისინი იაფი მუშა ხელი გახდნენ. მათი ნონსტოპ მსხვერპლთშეწირვა ახლა სახლის, სამშობლოს გარეთ გაგრძელდა. ვიცნობ დაახლოებით ორ ათეულს ქალს, რომელთა მოტივაცია უცხოეთში გამგზავრებისა მხოლოდ ეკონომიკურ სიდუხჭირეს სულაც არ უკავშირდება. არამედ - ამ მამაკაცებისგან შორს, ძალიან შორს გაქცევის შანსს. თუმცა ზოგიერთი დღესაც არჩენს ამ კაი ტიპებს, რომლებიც სხვა ქალებთან „გულაობენ". ანუ ქართველი ცოლი პატიოსნად ატარებს ქალის ტვირთს, იგივე - მძიმე ჯვარს. მათ შორის ისინიც არიან, რომლებიც ოდესღაც ქალაქის ცნობილ, კაი პონტის ამგდებ „ნარკუშებთან" თუ მექალთანეებთან „ფელიჩიტაზე" ოცნებობდნენ. მერე კი მთელი ცხოვრება ამ „კარგ ხასიათებს" მაზოხისტურად ითმენდნენ პრინციპით: ვაწვებით პირველ ჩვენებას და საკალელი თუა კიდევაც უნდა მოითმინო. აბა, სხვაგვრად თავად როგორ გახდები საკალელი ცოლი-გმირი? ცოლობა ხომ, ფაქტობროვად, გმირობის აღმნიშვნელია. მითუმეტეს, როცა ქმარი დიდი ბავშვია. . . აქვე უნდა აღინიშნოს ლოთებისა და ნარკომანების სოციუმში გენდერული როლების გადანაწილება. ჩვენს საზოგადოებაში ქალი - ლოთი და მითუმეტეს ნარკომანი არასოდეს ყოფილა საკალელი. მითუმეტეს - კაცების მოყვარული . . .
კიდევ გვყავდა საკალელები: კანონიერი ქურდები. მამაკაცები. ქალებს „ბიზნესის" ამ სახეობაზე ხელი არასოდეს მიუწვდებოდათ . . . მახსოვს რა შურითა და რესპექტით ყვებოდნენ ზოგიერთნი, როცა ერთმა ცნობილმა ქუთაისელმა „რამკიანმა" ქურდმა რომელიღაცა ქელეხზე სუფრის მომსახურე მეზობლის გოგონას თავისი სრულიად „რამკიანი" სამეფო ყურადღება მიაქცია და როგორ ოპერატიულად დასთანხმდა გოგონა ცოლობას. ალბათ, უფრო მოსკოვ-მადრიდის ხათრით. მეორე დღეს მთელმა ქალაქმა იცოდა ამ გოგონას სიმაღლე, წვივის სიგრძე, მკერდის გარშემოწერილობა, გვარ-ჯილაგი, სისხლში ერითროციტების რაოდენობა, დიდი და უფრო დიდი ბებია-ბაბუიდან მოყოლებული მემკვიდრეობითი დაავადებები და ამ ჩვენს სასიქადულო რძალს იმ „ბედნიერ" საქელეხო საღამოს რამსიგრძე კაბა ეცვა და, „ვაბშემცტდა" უხდებოდა თუ არა შემოტკეცილი შარვალი. ჰო, კიდევ: განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ბებიისა და საერთოდ გვარში ქალის ხაზის „პატიოსნება" და იყო თუ არა იმ გვარჯილაგში ქალი ერთზე მეტად გათხოვილი. ხალხი გაკვირვებული იყო, ამ სასიქადულო ქალაქელმა ასეთი არასვეცკი და უჩინარი ცოლად რანაირად მოიყვანაო? ნეტავი ვინ ჩაერიაო? აინტერესებდათ ვინ იყო მაჭანკალი და საერთოდ, ფიგურირებდა კი იგი „საქმეში"? რანაირად შეიძლება ამ „კანონიერი ქურდის" უცოლო ძმაკაცის გაცნობა და ა.შ. შურდათ იმ გოგონასი. თუ კანონიერი ქურდი ნარკუშაც იყო, მასზე მდედრობითი სქესის ზოგიერთ წარმომადგენელთა შორის გამალებული ტაციაობა იყო. მერე ის, ვინც გაიმარჯვებდა და ამგვარ კაცს მისთხოვდებოდა თავის საკალელს მოსკოვ - პეტერბურგში თუ სხვა ქალაქში დეკაბრისტის ცოლივით მიჰყვებოდა, რათა მისი ქმრის „რამკიან ქურდად" ოფიციალურად ხელდასმის ცერემონიისთვის ეგულშემატკივრა და იქ დასახლებულიყო, სადაც მისი თანამეცხედრის ნიჭი ბოლო-ბოლო სათანადოდ დააფასეს; სადაც ნაქურდალის მენეჯმენტისთვის უფრო მეტი სივრცე და რესურსია...
თოფიანსა და მერე ფულიან-ოლიგარქ არასაკალელ/საკალელებს შორის შუალედურ რგოლში სიყვარულის ახალი ობიექტები გაჩნდნენ: მღვდლები. თუმცა გოგონები მათზე გათხოვებაზე რატომღაც არ ოცნებობდნენ. ადამიანებმა მამაოებისგან ღვთისმოსავი საკალელი კერპები შექმნეს, ერთგვარი კასტა - ბლატი აქაურ და იქაურ სამოთხეში მოსახვედრად. შეიქმნა ახალი საბჭოთა ეკლესია. ეკლესიის ცეხი. ღმერთისადმი შიშის კულტურის თუ კულტის დამკვიდრების. არაერთხელ მომისმენია „სვეცკი" საუბარი ამა თუ იმ მამაოს არაბიბლიური, ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო ლექსიკის აღფრთოვანებული სახით ციტირება, მისი ცხოვრების წესის, გადადგილების მარშრუტის, ხასიათობრივი ხაზების აღწერით, ყველაზე პოპულარული მამაოების ერთმანეთისთვის რეკომენდაცია- შედარებითა და ერთი ნახვით შეყვარებით. საქართველოში სამი ძირითადი სქესი გაჩნდა: მამრობითი, მდედრობითი და მამაოები. . .


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზემოთჩამთვლილი საყვარლობა კაი ოჯახისშვილობა - გვარ-ჯილაგობის ინფანტილურ ფონზე მიმდინარეობდა(მიმდინარეობს). ცნობილი კინემატოგრაფიული ოჯახიდან გამოსულ ორ რეჟისორთაგან ერთ-ერთისთვის დაზარელებულ ადამიანთა ჯგუფს დასახმარებლად მიუმართავს. ჟურნალისტი ხელოვანს ეკითხება: ამ ხალხმა რატომ მაინც და მაინც თქვენ მოგმართათო? კაცმა არც აცია და არც აცხელა და ჟურნალისტს უპასუხა: იმიტომ, რომ დედაჩემი ნატო ვაჩნაძე იყოო. . . არანაკლებ „სახალისოა" რევოლუციური ნევროზით შეპყრობილთა სამეტყველო რეპარტუარი. ერთ-ერთი ექსპარლამენტარი, ოპოზიციონერ-პოლიტიკოსი, პარტიის ლიდერი 2009 წლის აპრილში გაიძახოდა: მე ჩემი თავი ჩინოვნიკად არ წარმომოდგენია, მე ჩემს ხალხთან უნდა ვიყო, რა მინდა პოლიტიკასა და ხელისუფლებაშიო. არადა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, როცა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც თავის თავს სერიოზულად აღიქვამს და უნდა, რომ მასაც სერიოზულად უყურებდნენ, ხელისუფლებაში მოსვლა და იმ ცვლილებების გასატარებლად თავდავიწყებამდე შრომა-გარჯა არ უნდა, რომელთა აუცილებლობაზე „ქვევიდან" ასე დაუღალავად და ხმამაღლა გაჰყვირის. . . .


სოციალური კონსერვატიზმი და საციალური კომპლექსები, რომელიც ჩვენი საზოგადებითვისაა დამსახასიათებელი, საბჭოთა ადამიანის ცხოვრების თანმდევი ტრაგიკომედიაა. საბჭოთა ცნობიერების სურეალიზმი, აბსურდულობა და „ კაი ხასიათები" საკალელების არსებობის კარნავალურ საჭიროებაში აისახა. სულერთია რას დავარქმევთ ამას: პარადოქსს, ირონიას, ამბივალენტობას, აბსურდს, უცნაურობებს, პალატა N 6-სს, სტილიზირებულ დე - ჟავიუს თუ საკუთარი პატივმოყვარეობის გათვლას, როცა ადამიანს „აწყობს" ასეთი საკალელი „სასარგებლო იდიოტების" არსებობა, რათა მათ ფონზე უკეთესი გამოჩნდეს. პრინციპში სახელს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ისაა, რომ ამგვარ პატივმოყვარეობას თანაგრძნობასთან არაფერი აქვს საერთო. იყვნენ თუ არა საკალელებისთვის ის ადამიანები საკალელები, ვინც მათგან ამგვარი „მიღმიერი" ტრფობის ობიექტები შექმნა? ისტორია, სოციოლოგია და მეცნიერება ამის შესახებ ჯიუტად დუმს. სამაგიეროდ მედია არ დუმს და „გვაცინებს" ერთ საკალელზე, რომელიც ზასტაფონის ტელევიზიით იეღოველებისადმი რელიგიურ შეუმწყნარებლობას „ზესტაფონის ტერიტორიულ მთლიანობაზე" (ანუ ზესტაფონში) ქადაგებს (რუსთავი2. „ვანოს შოუ".). ამას წინათ კი ტელევიზიით (რუსთვი2. „პოსტკრიპტუმი") სიუჟეტი გავიდა, რომელმაც ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილისა და მისი ქართველი მეუღლის სიყვარულსა და კონოკარიაერაზე მოგვითხრო. ალბათ, ისევ ქართულ-რუსული „ფელიჩიტას" პონტში. თან გაგვანათლეს ყმაწვილის C.V. - თაც. იგი ყველაფერთან ერთად თურმე მანამდე რუსული ესტრადის ცნობადი სახის ქმარიც კი ყოფილა. ქართულ მედიას ახასიათებს საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის „მცდელობა" ხან პუტინის ქართველობის მტკიცებით, ხანაც - გორბაჩოვის, იმ საყვარლობა - პონტში, რომ რუსეთის ყველა დიდი მეფე-კაცი პეტრე პირველისა და სტალინის ჩათვლით, ქართველი იყო და მათ „რუსის" ცოლები და საყვარლები ჰყავდათ (ჰყავთ). ასე, რომ სულაც არაა გამორიცხული, რომ ალინა კაბაევა ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ინტეგრაციის (მაგრამ არა ევროინტეგრაციის) მინისტრად მოგვევლინოს, ხოლო ნიკიტა მიხალკოვი . . . პრობლემა არაა, რაიმე თანამდებობას მას აუცილებლად მოვუძებნით. თუნდაც - საპატიოს. ჩვენ ოპტიმისტი, ტოლერანტი ხალხი ვართ და უაღრესად პოლიტკორექტულად სტუმართ-მოყვარე. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი თავდამსხმელი ქვეყნის მოქალაქეობას ჯიუტად არ თმობდა. პრინციპულია და იმიტომ. საკალელი.

azrebi.ge
25.03.2011

No comments:

Post a Comment