ვეკითხები, - "სეკსუალნაია კონტრრევოლუციონერკა" ვარო, - რომ წერთ, - თანაც იატაკქვეშეთში გადასულხართ, "ჩვენკენ" როდის და სად იყო ამგვარი რევოლუცია, რომ "სეკსუალნაია კონტრა" ეშვა-თქო? ასე მპასუხობს: "მე მხედველობაში მქონდა პირადი ისტორია, ჩემი შინაგანი დრო. საბედნიეროდ, რევოლუცია მალე ჩაახშეს"...
იმასაც ვეკითხები, - მამაკაცს რომ მშობიარობის უნარი ჰქონდეს და პოსტსამშობიარო შოკი გამოსცადოს, პოეზია როგორი იქნებოდა-მეთქი? ვერა დიდხანს ფიქრობს და... დუმილით მპასუხობს. სამი წლის წინ ჩემს საყვარელ, ამჟამად 90 წლის ბებერ New Yorker-ში მაშინ ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი ვერა პავლოვას ლექსები აღმოვაჩინე - ოთხი პოემა. ინგლისურად კითხვას თავი მაშინვე მივანებე და ინტერნეტში ორიგინალური ტექსტის ძიება დავიწყე. New Yorkerრ-ში გამოქვეყნება თავისთავად დადებით რეცენზიას ნიშნავს, ანუ, როგორც ამ შემთხვევაში ამბობენ, ავტორს "კარგი პრესა აქვსო". მერე ვერა Vogue- ის ფურცლებზეც გაჩნდა თავისი ახალი ინგლისურენოვანი წიგნით ას სასიყვარულო ისტორიაზე. კინაღამ Playboys-ის "ბინადარიც" გახდა: ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ჟურნალის დასტამბვამდე გამოცემის ლიტერატურული გვერდი გაუქმდა და ვერაც "გააუქმეს". Vogue პავლოვას ახმატოვასა და ცვეტაევას გამგრძელებელს უწოდებს, ხოლო მის ლექსებს - "მგრძნობიარესა და ეპიგრამულს; ბედნიერი, ქედმაღლური, მაქმანური, რომანტიკული განწყობებით; მოწვდენილი ხმა ძლიერი, გაწმენდილი ემოციის ნაცვლად; დროდადრო ეროტიკული, ნაზი და დედობრივი" . . .
როცა საუბრობს, ანუ როცა არ წერს, მაინც გგონია, რომ ლექსს ხმამაღლა წერს, რადგან არ უნდა თავის პოეტურ სტილს უღალატოს, პოეზიიდან გამოვიდეს. შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ ინტერვიუები საშინლად არ უყვარს. იშვიათად საუბრობს კითხვა-პასუხის პროზით. მაგრამ, როგორც კი გაიგო, რომ მისი სიტყვები, როგორც თავად მითხრა, "ლამაზი ქართული ასოებით დაიწერება", ინტერვიუზე მაშინვე დამთანხმდა. ვერა პავლოვას ლექსებში პოეტური ეროტიკაა. "ცუდ" გოგონას ძალიან კარგად თამაშობს და ალბათ ამიტომაც, ხუთიანის გარდა, სხვა ნიშანს არ ცნობს. საკუთარი სხეული და ვნება მისი მუზა და ექსლიბრისია. ზემოთ რომ თქვა, - საბედნიეროდ, რევოლუცია მალე ჩაახშესო, - ისევ "ვერკას" "ხულიგანსკი" დისკურსს შეიძლება დავაბრალოთ. ჰო, კიდევ ერთი რამ: ყველა პოეტს "თანამედროვეს" უწოდებს.
ქართულ ასოებზე გაცილებით ადრე კი მისი ნააზრევი ლათინურით გაჩნდა. უფრო სწორად - ინგლისურად. ამას წინათ კი ნიუ-იორკის ლიტერატურის მოყვარულთა მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა ვერა პავლოვას ახალი წიგნი If There Is Something To Desire - სიყვარულზე, სინაზეზე, ლტოლვაზე, მონატრებაზე, თავისიანებზე, ოჯახზე. ვერას ლექსებს მისი ამერიკელი ქმარი, პროფესიონალი მთარგმნელი თარგმნის.
ვიცი, რომ ლამაზად წერს, მელოდიურად, თან "კონტრრევოლუციურად", თითქოს ჰარმონიას წაიმღერებს, თანაც ცოცხალ რიტმში. განათლებაც შესაბამისი აქვს - მუსიკის ისტორიკოსია. დაამთავრა შნიტკეს სახელობის კოლეჯი და გნესინების სამუსიკო აკადემია. წერდა მუსიკას, 10 წელი საეკლესიო გუნდში მღეროდა, პოეტური ხელოვნების საბავშვო სტუდიაც გახსნა. როგორც თავად ამბობს, 4 წლის ასაკის 12 ბავშვი 15 წლის ასაკამდე ზარდა და თან მათი "ბავშვობა თავისთვის შეინახა". დღეს უფრო მეტია, ვიდრე რუსი მოდური პოეტი, თანაც არ უყვარს სიტყვა "პოეტესა". Если меня не любишь, значит, это не я.... აი, ასეთია.
ვთხოვ, იქნებ ისეთი რამ მითხრათ თქვენ შესახებ, რაც ინეტში არ არის- თქო...
- უბრალო კითხვაა, არა? - მპასუხობს, - "ჰაუ ა იუ?" - ეს იმ რიგის კითხვაა, რომელსაც მე მხოლოდ ლექსებით შემიძლია ვუპასუხო. მაგალითად ასე:
АВТОПОРТРЕТ В ПРОФИЛЬ
Я -
та,
которая
просыпается
справа
от
тебя.
იმედი მაქვს, რომ ქართულად თარგმნისას კიბის მარჯვენა კიდე წვეტიანცხვირიან პროფილთან მსგავსებას შეინარჩუნებს, - თარგმანს ვერ ვპირდები და ვეკითხები:
- რატომ წერთ, რომ ანბანში იჭყლიტებით? ასოებს რომ არ ეარსებათ, მაშ რა იარსებებდა თქვენთვის?
- ნოტები. ასეც იყო: რვიდან თორმეტ წლამდე მუსიკას ვწერდი. მერე ასოები მოვიდნენ და გაიმარჯვეს.
- კიდევ: Дарвин, Дарвин, хочу назад! სად უკან?
- მინდორზე. მწერების საზოგადოებაში. ჭიამაიებთან და კალიებთან. დავიღალე ფიქრით.
- საეკლესიო გუნდში თქვენი წარმოდგენა რატომღაც მიჭირს.
- ჩემი სადიპლომო რომანის გმირი - შოსტაკოვიჩი გახლდათ. ჩემი ლექსები მუსიკას დაესესხნენ არა მარტო მელოდიურობას, არამედ ჰარმონიას, პოლიფონიას, კომპოზიციურ ხერხებს. რაც შეეხება გუნდს - ჩემი პირველი მეუღლე რეგენტი იყო.
- თქვენ არამ ხაჩატურიანსაც იცნობდით...
- ათი წლის ვიყავი. სამუსიკო სკოლაში ვსწავლობდი. ხაჩატურიანი ჩვენი კლასის კომპოზიციის კონცერტზე მოიყვანეს. ჩვენ ამ კომპოზიტორისთვის საკუთარ ნაწარმოებებს ვუკრავდით. ხაჩატურიანმა თავისი საფორტეპიანო პიესების კრებულზე გიგანტური ნაბეჭდი ასოებით დამიწერა, - ВЕРОЧКЕ УСПЕХОВ В ТВОРЧЕСТВЕ. ერთი სიტყვით, დამლოცა, სანამ მიწაში ჩავიდოდა.
- პირველი ქალიშვილის დაბადება ლექსების დაბადებას უკავშირდება? მეორის?
- ოჰ, ასე იყო. მე ისე ხშირად ვყვები ამის შესახებ, რომ ჩემი თავი უკვე მომბეზრდა. მაგრამ სიმღერიდან სიტყვებს ვერ ამოაგდებ: პირველი ლექსები სამშობიარო სახლში დავწერე. გრძნობების მოზღვავებისგან. ანდა სულაც მშობიარობისშემდგომი შოკის გამო, რომელიც აგერ უკვე 26 წელი გრძელდება. გაუმჯობესება ჯერ არ ჩანს. მეორე ქალიშვილის დაბადებამ კი სიმპტომები კიდევ უფრო გაამძაფრა.
- ზოგიერთებს მიაჩნიათ, წამიკითხავს, რომ თქვენს ლექსებში გენდერული იდენტობის ელემენტები გამოსჭვივის. ეთანხმებით ამას?
- ეს იმათ ჰკითხეთ, ვინც ამას წერს. მე პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ იმაზე, რასაც თავად ვწერ. თანაც არა - ყოველთვის, და არა - ყველას მიმართ.
- ქალი არსებობს თუ - არა?
- ვფიქრობ, ქალად გახდომა მთელი ცხოვრება გრძელდება. თუმცა, ეს ნამდვილ ქალებს ეხებათ - დიდი იშვიათობაა, გენიალურობის მსგავსი. დარჩე გოგონად, როცა ქალიშვილი ხდები, დარჩე ქალიშვილად, როცა ქალი ხდები, დარჩე ახალგაზრდად, როცა მოხუცდები და თან ისე, რომ ყველა ეს სტადია ერთიმეორეს აშუქებდეს, გისხლტებოდეს, ფიქსირებას არ ექვემდებარებოდეს. რაღაცნაირად ასე. აქ ყველაფერი დაშვებულია, ნებისმიერი წვრილმანი.
- "ბრძენი სულელი ქალი". ვინაა იგი? სულ ტირის?
- ჰო, მან ტირილი სწორედ ყველაზე კარგად იცის! დროა ტირილის გაკვეთილებიც კი ჩაატაროს! რას აკეთებს? ნახეთ ჩემი წიგნი «Мудрая дура» და გაიგებთ.
- ერთ ქართველ პოეტს ვიცნობ, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად ახალი წლის შეხვედრას Empire State Building-ის მწვერვალზე აპირებდა. თქვენ?
- ამჯერად ახალ წელს ოდნავ დაბლა შევხვდი: მე ამ ახალ წელს არა "ემფაიერზე", არამედ სხვა ცათამბჯენის სახურავზე შევხვდი, რომელიც იმ პარკთან - ცნობილი დაკოტას ახლოსაა, სადაც ლენონი მოკლეს. ეს უფრო მოკრძალებული სახლი იყო, მხოლოდ 38 სართული. "ემფაიერი" ხომ 102-სართულიანია. მოსკოვში კი ახალ წელს ოსტანკინოში, სახლში, სახლის მე-18 სართულზე შევხვდებოდი და სწორედ ამ ბინის მაცხოვრებლებს ავიყვანდი ნიუ-იორკის სახურავზე: ჩემს ქალიშვილებს, მშობლებს, 97 წლის ბებოს. რათა ისინი ჩემთან ერთად დატკბნენ იმ სალუტით, რომელიც ფეხებქვეშ ცეკვავს.
- რატომ ნიუ-იორკი?
- მნიშვნელოვანი შესწორება: მე მარტო ნიუ-იორკში არ ვცხოვრობ. მოსკოვსა და ევროპაში არანაკლებ დროს ვატარებ. ამას დაუმატეთ ისიც, რომ 37 წლის ასაკამდე მე არა მარტო სამშობლოს საზღვრებს არ გავცდენილვარ, არც არსად გადავბარგებულვარ. ვცხოვრობდი ბინაში, რომელშიც სამშობიარო სახლიდან მიმიყვანეს! ბოლო ათი წლის განმავლობაში კი, მოგზაურობის გარდა, სხვას აღარაფერს ვაკეთებ. ასე რომ, მე, რასაკვირველია, მწვავედ ვგრძნობ კონტრასტებს, როცა ამა თუ იმ საზღვარს ვკვეთ. ისე მწვავედ, რომ ეს განცდაც მხოლოდ ლექსებით შემიძლია გადმოვცე. წიგნში, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ, ასეთი ლექსი ცოტა არ იქნება. მაგრამ გაცილებით ნაკლები, ვიდრე სასიყვარულო! სიყვარული ამერიკაშიც სიყვარულია!
- რა არის თქვენთვის ამერიკის ვიზა?
- ჩემთვის ამერიკის ვიზა არის ჩემს ქმართან ყოფნის საშუალება. ჩემი ქმარი - ასე მოხდა! - ამერიკელია. და მადლობა ღმერთს ("ღმერთს" მე დიდი ასოთი ვწერ!), რომ ჩვენ "ვეგეტარიანულ" დროში ვცხოვრობთ, და მე არა ვარ ვალდებული, არჩევანი ქმარსა და მშობლებს შორის გავაკეთო - შემიძლია ვიცხოვრო იქაც და აქაც. «Вездесь». ერთ-ერთ ჩემს წიგნს სწორედ ასე ჰქვია. აბა, სცადეთ და გადათარგმნეთ ეს სახელწოდება!
- ვერ გადავთარგმნი. თქვენი წიგნები თქვენი შვილებია თუ ქმრები?
- შვილები და საყვარელი შვილები. ჩემი ამერიკული წიგნი ("If There Is Nothing To Desire, Knopf", 2010) - განსაკუთრებით მიყვარს: იგი ჩემმა ქმარმა სთივენ სეიმოურმა გადათარგმნა. ის თარგმნიდა იმ ლექსებს, რომლებიც ჩვენ ერთად ვიცხოვრეთ, რომლებშიც მე მას სიყვარული ავუხსენი. ჩვენ ერთად გავიარეთ წიგნის დაბადების ყველა სტადია. ამ ბედნიერ წიგნთან შედარებით, სხვა ჩემი წიგნები - მამით ობლები არიან. ჩვენი ქორწინების საფუძველი პატიოსნება და გულახდილობაა, და კიდევ - ერთგულება. და ცოლის ქმრისადმი მორჩილება. ეს ტრადიცია ჩემთვის წმინდაა. მე ვუმღერი ეროტიკას, და რაა გასაკვირი იმაში, რომ ბევრი ჩემი ლექსი ეროტიკულია? გასაკვირი სხვა რამ უფროა: როგორ ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა რუსული პოეზია ცოლ-ქმრის საწოლის სუფთა და ღრმა სიხარულებს.
- რატომ მაინცდამაინც მორჩილება? ქმარი - ცოლის მორჩილი?
- ცოლის ქმრისადმი მორჩილება სულიერი მამისადმი მონაზვნის მორჩილებას ჰგავს. მთავარია, იპოვო მამაკაცი, რომელსაც პატივს სცემ, რომლითაც აღფრთოვანებული ხარ, რომელიც ისე აღგემატება, რომ მისი მორჩილება - სიამოვნებაა, მას ეკუთვნოდე - პატივია. ვშიშობ, ასეთი ბევრი არაა. მე გამიმართლა.
- თქვენ წერთ, რომ ფატალისტი ხართ.
- არსებობს ლათინური გამონათქვამი: Amor Fati. აი, მეც მიყვარს ჩემი ბედი. და ამ სიყვარულის არაცალმხრივობის იმედი მაქვს. მე იმედი მაქვს, რომ მას ეყოფა ნიჭი და გემოვნება, რათა ზედმეტი მოძრაობებისგან დამიცვას.
- თქვენ ოჯახური ყოფისადმი ცვეტაევასეულ თავზარს არ იზიარებთ. ოჯახში როლების პატრიარქალური გადანაწილება ბევრ დროსა და ენერგიას არ გართმევთ?
- სწორედაც რომ პატრიარქალური მოდელი, Домострой, თუმცა - ჩვენი მოსახერხებელი დროის კორექტივებით: სწრაფი მომზადების პროდუქტები, საოჯახო ტექნიკა.
- თქვენს ლექსებში სიმსუბუქე და ექსცენტრიულობა იგრძნობა. ეს თქვენი ცხოვრებისეული სტილიცაა, რადგან სტილი ყველაფერია?
- ვიმედოვნებ, რომ სიმსუბუქის ქვეშ თქვენ ფრენასა და მსუბუქწონიანობას გულისხმობთ. ფრენას ბუნებრივად ვაღწევ, რომელიც, თავის მხრივ, შრომით მიიღწევა; მე ვიტყოდი - ოსტატობით. თან არ უნდა ვგრძნობდე, რომ ოსტატობა პოეტს მხოლოდ ხელს უშლის. რთულად მეძლევა? დიახ. მაგრამ ეს ნეტარი სიმძიმეა. იგი ნეტარია იმ მამაკაცის სიმძიმესავით, რომელიც ზევიდან გაწევს - რადგან მე ეროტიკულ პოეტად ვითვლები.
- როდის წერთ? როდის ხართ საკუთარ თავთან ახლოს? როცა დუმხართ თუ - საწოლში?
- როცა უხმოდ საწოლში ვწერ. რადგანაც სწორედ იქ ვწერ. უფრო სწორად კი, ვიწერ იმას, რაც აბაზანაში მოვიფიქრე. ალბათ იქ, აბაზანაში, ჩემს თავთან ყველაზე ახლოს ვარ.
- ბავშვობაში დაბრუნებისას?
- მე იქ მუდმივად ვბრუნდები. ლექსებში. ოღონდ რაღაცას ოდნავ ვცვლი ლექსების საშუალებით. მიყვარს საუბარი ჩემსა და სხვის ლექსებზე. ბოლოს და ბოლოს ეს ერთადერთი სფეროა, რომელშიც მე ნამდვილად კარგად ვერკვევი. არ მიყვარს იმაზე საუბარი, რაც არ ვიცი.
- თქვენ ცნობილი რუსი პოეტების ლექსები წაიკითხეთ და CD-ზე ჩაწერეთ.
- კომპანია "კონტენტ-მედიისთვის" 7 დისკი - პასტერნაკი, ცვეტაევა, მანდელშტამი, ახმატოვა, კუზმინი, ბლოკი, ესენინი ჩავწერე. მე თავად შევარჩიე ლექსები, ამისთვის კი ამ მშვენიერთა მიერ დაწერილი ყველაფერი წავიკითხე: პირველიდან უკანასკნელ ასომდე. მგონი, მათი ლექსები უკეთესად წავიკითხე, ვიდრე, როგორც წესი, ჩემებს ვკითხულობ, რომლებსაც, გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან კარგად ვკითხულობ.
- თქვენს საიტზე ანიმაციაა - "ფრიადოსანი გოგონას ინტიმური დღიური".
- ანიმაცია თანამედროვე პოეტების მოტივებზე შექმნილი კლიპების პროგრამისთვის გაკეთდა. "ფრიადოსანი გოგონას ინტიმური დღიური" ჩემი მეექვსე წიგნია. მე არასოდეს ვყოფილვარ კარგოსანი, მით უმეტეს - ოროსანი. ღმერთმა დამიფაროს! ვერ ვიტან "ხალტურას", მომაბეზრებელ გაკვეთილებს, ყველაზე მეტად ვაფასებ ფრიადს პლუსით და მასწავლებლის მიერ გამოხატულ მოწონებას.
- და, ბოლოს, ქართულ ლიტერატურაზე გკითხავთ.
- ქართულ ლიტერატურაზე გაცილებით ნაკლები ვიცი, ვიდრე სასურველი იქნებოდა. ჩემთვის ასევე რთულია ქართული და რუსული ლიტერატურული კავშირების წყვეტის შესახებ საუბარი. მაგრამ მოსკოვის ბიენალე-2007-ზე ქართველი პოეტების გამოსვლა ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. პოეტური სტიქია მათ ლექსებში ჩქეფდა, დუღდა, ზღვარს გადადიოდა. მოუთმენლად ველი, როდის დამპატიჟებენ საქართველოში: მე ხომ საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ. და კიდევ ერთი რამ - ცოტაა ისეთი წიგნი, რომლებსაც ისე ხშირად ვუბრუნდები ხელახლა, როგორც მერაბ მამარდაშვილის წიგნებს.
"ცხელი შოკოლადი"
1.05.10
No comments:
Post a Comment