დასავლეთისა და რუსეთის დამოკიდებულების აშკარა და დაფარული ნიუნსების ლაბირინთებმა, თხევადი თუ აიროვანი ენერგიის სახელმწიფოთაშორისი მართლწარმოებისა და საერთაშორისო ურთიერთობის სუბიექტად გახდომამ, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახეირო რეალობას შეგვაჯახა. ჩიხში მომწყვდეულნი ახლადგამოცხადებული ერთობის დღეს ვმარჩიელობდით, “გაიღებს” თუ არა ეკონომიკურს სანქციები აღთქმული დასავლეთი. ევროპამ განაცხადა, რომ მას სურს რუსეთს საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებით “ასწავლოს ჭკუა”. დღეს “ევროპული ხასიათის”, მათ შორის, ”ევროპული ეშმაკობის” გაგებას სევდა – სიხარულნარევი არგუმენტების კასკადით ვცდილობთ და ზოგჯერ მთლად კარგად არ გამოგვდის. მაგრამ მაინც. იმ და წინა დღეებში მხოლოდ ოპტიმისტები მარჩიელობდნენ. პესიმისტ-რეალისტებს კი გვირილის ყვავილის ფურცლების დაპუტვა არ დაუწყიათ. ისედაც ცხადზე ცხადი იყო, რომ ევროპა რას - რას, მაგრამ ახლა და ამჟამად ეკონომიკურ რისკს არაფრით გასწევს. იმ ქვეყანათა ნუსხაში, რომლებსაც, ოფიციალურ დონეზე მაინც, არც საქართველოს “განატოვება” და არც მისი ტერიტორიების უკან დაბრუნება სურს, თუმცა არც მთლად ”ჰამასის” რიგებში ყოფნა აწყობს, ფორმალურად არც ტერიტორიის მიტაცებას უჭერს მხარს, მაგრამ ლიბიაში მაინც აბანდებს ფულს, იტალიაა. მოუტანს თუ არა იტალიას ამგვარ საქმეთა ვითარება მეორე რენესანსს, ამ კითხვაზე პასუხის მოსაძიებლად კვლავ ევროპულ ხასიათში წიაღსვლების განხორციელება დაგვჭირდება. საქმე იმაშია, რომ იტალიური ნეორელიზმის ხანა ვიტორიო დე სიკას “ველოსიპედის ქურდებით” დაიწყო. რით დამთავრდება დღევანდელობის სუპერნეორეალისტური სცენები ოვიდიუსისა და სეროვის “ევროპის მოტაცებიდან”, როცა ზევსი იდენტიფიცირებული არაა, არავინ იცის. პესიმისტ-რეალისტების გარდა.
სწორედ მაშინ, როცა არააღიარებული რესპუბლიკების აღიარებათა დემარში ზარ-ზეიმით მიაბიჯებდა საქართველოს მიწა-წყალზე, იტალიამ “დრო იხელთა” და 5 მლნ. ევროს ინვესტიცია ლიბიას მიუძღვნა. იმ ქვეყნისა, რომელმაც გაეროს სხდომაზე რუსეთის დამპყრობლურ ომს ლამის პირველმა დაუჭირა მხარი. ლირიულ გადახვევას თუ გავაკეთებ, ნახევრადხუმრობით საფეხბურთო ჩემპოინატებზე “ფორცა, ფორცა იტალიას!” (“წინ, წინ იტალია”!) მგონი, სულ ტყუილუბრალოდ ვსკანდირებდი. . . არადა, იტალია რუსეთს უნისონში იმიტომ კი არ ესუბრება, რომ ანა მანიანის თანამემამულეებს ქართული ქალაქებისა და სოფლების დაბომბვა გაუხარდათ. ტოტო კუტუნიომ დამოუკიდებლობის დღეს ქართულად “სულიკო” ტყუილად ხომ არ წაიმღერა? უბრალოდ, მარადიული ქალაქის ლიდერ სილვიო ბერლუსკონის დიდი და სარგებლიანი მეგობრობა აკავშირებს ასევე მარადიული კრემლის, ვშიშობ, არანაკლებ მარადიულ პატრონთან ვლადიმირ პუტინთან. პასუხი მარტივი და საბოლოოა. გართულებასა და გასაჩივრებს არ ექვემდებარება.
ჟურნალისტი, ყოფილი სენატორი, ყოფილი სოციალისტი, იტალიის პარლამენეტის წევრი, პარტიის “ფორცა, იტალია” ლიდერი, იტალიაში KGB - ს მოღვაწეობის შემსწავლელი ე.წ. “მიტროხინის კომისიის” (2002/06წ.) ხელმძღვანელი პაოლო გუზანტი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ ღიად მოუწოდა. გუზანტი კარგად იცნობდა თავისი მიმართვის ადრესატს. მხოლოდ ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც გუზანტი ბერლუსკონის პარტიიდან წამოვიდა. მანამდე კი თანაპარტიელს პუტინისადმი “უანგარო” სიყვარულს უწუნებდა და აკრიტიკებდა.
- ბ-ნო პაოლო, როგორია თქვენი და იტალიის პარლამენტის პოზიცია აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლებთან დაკავშირებით? – ვკითხე იტალიელ პარლამენტარს.
- ის რაც მოხდა, გახლდათ რუსების მიერ წინასწარ გათვილილი და ძალიან კარგად დაგეგმილი ოპერაცია. ესაა ჩემი პოზიცია. რაც შეეხება იტალიის პარლამენტს, ის საფუძვლიანადა გაყოფილი. აქ პრემიერ მინისტრ ბერლუსკონისა (პუტნის დიდი მეგობარი) და იტალიის ყოფილ კომუნისტებს შორის პარადოქსულად საერთო აზრი და შეხედულება გამოიკვეთა. შემიძლია გითხრათ, რომ იტალიის პარლამენტის 15 პროცენტი პროქართულადაა განწყობილი. დანარჩენნი კი იყოფიან პრორუსული ორიენტაციის ღია აგიტატორებადა და იმად, ვინც რეალპოლიტიკოსებად ასაღებენ თავს და პრორუსულად არიან განწყობილნი.
- რბილად რომ ვთქვა, ძალიან გამიკვირდა, როცა იტალიის ტელევიზიამ ქართველები რუსეთის დამპყრობლებად გაასაღა. . .
- იტლიელები უხერხულში ჩავვარდით. იტალიელებმა არ იცოდნენ, რომ ისეთი ცნება, როგორიც ოსეთია, თურმე პლანეტის ნაწილი ყოფილა. ამავე დროს მრავალი მათგანი ფიქრობდა: “თუ ამერიკელებს შეუძლიათ ის, რაც მათ ერაყში განახორციელოს, რატომ არ შეუძლია რუსეთს საქართველოში იგივე მოიმოქმედოს?”მართალაც, სამწუხაროა ამის გაცხადება.
- იტალიის პოლიტიკურ წრეებში საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის თაობაზე რა შეხედულებები დომინირებს?
- მთავრობისა და პარლამენტის მეტმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა, როცა საქართველო ნატოში დაჩქარებული წესით არ მიიღეს.დღეს ისინი ამბობენ: ”ხედავთ? საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, ჩვენ დღეს რუსეთის წინააღმდეგ უნდა გვეომაო”. ეს არის უდავო ჭეშმარიტების საწინააღდეგო განცხადება. საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რუსეთი საქართველოზე იერიშის მიტანას არასოდეს გარისკავდა. სამწუხაროდ, იტალიის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ რუსული დათვი “არ შეაწუხოს”.
- როგორ აფასებთ ბერლუსკონი-პუტინის მეგობრობასა და ამ კავშირის შედეგებს? ბერლუსკონი შეეხვეწა პუტინს, თბილისი არ დაბომბოო. სხვა ქალაქების დაბომბვა შესახვეწად არ ღირდა?
- პირადად მე უაღრესად აღშფოთებული ვარ და უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა პრემიერ - მინისტრ ბერლუსკონის ვუსმენ. იგი ვ. პუტინს მიმართავს და მას “ჩემს ყველზე საუკეთესო მეგობარს” ანდა “შესანიშნავ ვლადიმირს” უწოდებს. რეალურადაც და “დე-ფაქტოდაც” იტალია არ მიემხრობა რუსეთისადმი ნებისმიერი სახის სანქციების შემუშავებას და რუსული აგრესიის დაგმობას. იტალია რუსეთს ამის გარანტიას აძლევს და ამგვარ პოზიციაში ერთიანნი არიან პრიმიერ- მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რესპუბლიკის პრეზიდენტი და “ჩრდილოვანი საგარეო საქმეთა მინისტრი” მისტერ ფასინო, რომელიც ძველი კომუნისტური პარტიიდან მომდის. ბერლუსკონი ყველას აჩვენებს, თუ როგორი კარგი კაცი იყო, როცა არწმუნებდა პუტინს საქართველოსადმი მის საკმარისზე გადაჭარბებულ აგრესიულ დამოკიდებულებაში შესწორება შეეტანა.
- ვინ ვის იყენებს უფრო მეტად? ბერლუსკონი –პუტინს თუ პუტინი ბერლუსკონის?
- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არ არსებობს ბერლუსკონისა და პუტინის ურთიერთობის ნათელი სურათი. ბევრნაირი ინტერესი დაიდო მაგიდაზე. ორივე მხარე ერმანეთისგან სარგებელს ჰპოვებს.
- როგორი ურთიერთობა აქვს ჯორჯო ნაპოლიტანოს დმიტრი მედვედევთან?
- ჩემის აზრით, ეს არის ფორმალური და საშუამავლო ურთიერთობა პუტინთან, მაგრამ მე ზუსტ ინფორმაცის არ ვფლობ.
- რამდენად სასარგებლოა დემოკრატიული ქვეყნისთვის, როცა სახელმწიფოს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც ბიზნესისა და ერთობლივი საწარმოს ფინანსურ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს?
- არა, ეს არ არის კარგი. მაგრამ ამავე დროს იტალიაში არ არსებობს კანონი, რომელიც ინტერესთა ამგვარ თანხვედრას აკრძალავდა. ას თუ ისე, 1994 წელს სწორედ ბერლუსკონიმ შეაჩერა ყოფილი კომუნიტური პარტიის გადაულახავი წინსვლა. ბერლუსკონი ძლიერი ანტიკომუნისტია, რომელსაც, უბრალოდ, პუტინი უყვარს. რასაკვირველია, პირადი ბიზნესისა და პოლიტიკური ინტერესების არსებობდა ყოველთვის აქტუალური იქნება.
- ანუ იტალია დიდი რვიანიდან რუსეთის გარიცხვას მხარს არ დაუჭერს. . .
- არა, რასაკვირველია. იტალია მკაცრად ახორციელებს ხაზს: იგი შეეცდება შეაჩეროს ან ვეტო დაადოს რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას.
- რაიმე ერთობლივ ქართულ-იტალიურ ახალ თუ ძველ პროექტს ხომ ვერ გაიხსენებდით?
- გითხრათ გულახდილად - ვერა. მაგრამ იტალიაში ძალიან აქტიურია პროქართული შეხედულებების მოძრაობა და დღეს მე მისი ნაწილი ვარ. რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველო დიდი ზნეობრივი მაგალითი გახდა.
- ლიბია იტალიას რა სარგებელს მოუტანს?
- წარმოშობის ადგილის მიხედვით სწორედ იტალიას ეკუთვნის საავტორო უფლებები რომაულ მოწოდებაზე “Pecunia non olet,“ ანუ “ფულს სუნი არ ასდის”.
- როგორ ფიქრობთ, როგორ გადაწყდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეინტეგრაციის საკითხი?
- გულახდილად რომ გითხრათ, უახლოეს მომავალში მე ამ საკითხებში რაიმე წარმატების მიღწევისა არ მჯერა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ერთობლივად აშშ და ევროპა რუსეთს თავის ძალას აჩვენებს. მაგრამ რუსეთს ომის წარმოება ძალიან სწადია და იგი, თავისი მილიტარისტული არსიდან გამომდინარე, კონფრონტაციისთვის ყველაფერს გააკეთებს.
- თუ დასავლეთი რუსეთის სრულ იზოლაციას გადაწყვეტს, მსოფლიო რა სარგებელსა და დანაკარგს მოიმკის?
- რუსეთი არ ქმნის ტექნოლოგიებს მეცნიერებასა და კულტურაში. მაშინაც კი, როცა მისი სამხედრო ძალა ყველაზე ყოვლისმომცველია. დღეს დღეობით მათ მიერ განხორციელებული ოპერაციები აჩვენებენ, რომ რუსების სამხედრო უნარ - ჩვევები ძალინ სუსტია. რუსეთს უხეში ძალა და ცუდი ოფიცრები ჰყავს. რუსეთი ვერ შესძლებს იზოლაციაში ყოფნას: მისი ნავთობი და გაზი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს რაიმე ღირებლებას, თუ იგი ევროპულ მომხმარებელს მიეყიდება. არაა მომხმარებელი, არაა რუსეთიც. ამავე დროს რუსეთი განაგებს კორუფციაში გამოყენებული ფულის უზარმაზარ მოცულობას. რუსეთში მექრთამეობაა, კლავენ ჟურნალისტებს. რუსი ლიდერები ენ-ჯი-ოებში გათვითცნობირებული არიან და ისინი ევროპელებს ამერიკელებზე უკეთესად იცნობენ. ისინი იგივე ილეთებით საუბრობენ, იმავე ენით ოპერირებენ, რა მუხანათი ენაც ევროპელებსა და, განსაკუთრებით კი, იტალიელებს აქვთ.
- ხომ არ ფიქრობთ იმის გამო, რომ დასავლეთი ჩეჩენი ხალხის ტანჯვისადმი ყრუ იყო, სწორედ ამან წაახალისა რუსეთი ლოკალური კონფლიქტების ძალისმიერი ხერხით გადაჭრისაკენ? მეგონა, რომ სწორედ გერმანიამ და იტალიამ ყველაზე უფრო მეტად უნდა იცოდეს მშვიდობისა და სამართლიანობის ფასი, თუ გავიხსენებთ მეორე მსოფლიო ომს.
- იტალიელები ვერაფერსაც ვერ იხსენებენ. მეხსიერება იტალიაში აკრძალული რამაა. იტალია აბსოლუტურად ყრუ იყო ჩეჩენი ხალხის ტანჯვისადმი. იტალიელები მხოლოდ და მხოლოდ ერაყს უგდებენ ყურს. რუსეთი ძალიან გაიწვრთნა, გაეშმაკდა ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებულ საშინელ, კრიმინალური ჩაგვრაში, რომელიც მსოფლიო “ტერიორთან ბრძოლის” ნაწილი გახდა.
მე მოვისმინე ამერიკაში რუსეთის ელჩის განაცხადი: “ჩვენ ვართ ზურგი და ახლა ჩვენ ვწყვეტთ როდის და როგორ განვახორციელოთ ინტერვენცია, რამდენ ხანს დავრჩეთ საქართველოში: ჩვენ ვგრძნობთ, რომ სსრკ-ის ყოფილი სივრცე არის ჩვენი უსაფრთხოების სივრცე და ჩვენ გვინდა გავითავისუფლოთ ხელები, რათა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვისაა საჭირო”.
ვთვლი, რომ მხოლოდ შემდგომ თაობას ეცოდინება საბოლოო კონფრონტაციის ხასიათი - დასავლეთ ცივილიზაციასა და ახალ ღერძს (რუსეთი – ირანი – ჩინეთი) შორის. ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ვიმედოვნოთ: ვინ გახდება გამარჯვებული.
"საქართველოს რესპუბლიკა"
05.09.08
"საქართველოს რესპუბლიკა"
05.09.08
No comments:
Post a Comment