Wednesday, September 21, 2011

ზეინო ბარანი: მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში მოიმოქმედა, არ ვფიქრობ, რომ რომელიმე დასავლელმა ლიდერმა რუსეთი პარტნიორად გაიხადოს


ინტერვიუ ენერგეტიკის საკითხების ექსპერტთან, აშშ-ის ჰადსონის ინსტიტუტის ევრაზიის პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ზეინო ბარანთან


ქ-ნი ზეინო ბარანი საქართველოში ბოლოს შარშან, მშვიდობიან დროს გახლდათ. როგორც თავად ამბობს: ახლა დროა კვლავ ჩავიდეს იქ, სადაც ყველაფერი ისე უყვარს, როგორც თავის სამშობლოში, თურქეთში.
- მიყვარს ქართველი ხალხი, მისი სული, ბუნება, საკვები, მუსიკა – მიყვება იგი. - მინდა უფრო ხშირად ვიყო საქართველოში. “ვარდების რევოლუციის” დროს თბილისში ვიყავი, აღფრთოვანებული გახლდით ქართველების თავისუფლების წყურვილით; სურვილით, გახდნენ დასავლეთის ნაწილი. მერე ჩავედი ზურაბ ჟვანიას დასაფლავებისთვის. მისი სიკვდილი დიდი ტრაგედია იყო ქვეყნისა და ოჯახისთვის. მერე კიდევ ბევრი სხვა ვიზიტი იყო, მათ შორის იმ პერიოდში, როცა ბაქო-თბილისი - ჯეიჰანისა და ბაქო - თბილისი- ერზრუმის ნავთობსადენების პროექტებისთვის ვმუშაობდი. ჩავდიოდი იმისთვის, რომ გამეგო, რა ეტაპზეა ქართული დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის თავისუფლება. სულ პირველად გახლდით 1990 წელს, როცა ვცდილობდი ახალგაზრდა მეოცნებე ქართველი ბიზნესმენები გამეერთიანებინა ამერიკულ “ტვინის ცენტრში” (ექსპერტთა გუნდი – ი.მ.).
- ქ-ნო ზეინო, თქვენის დაკვირვებით, რა გახლდათ მოსალოდნელი შეტაკების ნიშნები მანამ, სანამ “ცხელი ომი” გაჩაღდებოდა? რატომ მოხდა ეს ახლა?
- არა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მე ამგვარ სიტრუაციას შევეჯახე. არა მგონია ვინმე (სავარაუდოდ რუსეთის ხელმძღვანელობის გარდა) მოელოდა ასეთ ფართო მაშტაბიან იერიშს. რატომ ახლა? ახლა აგვისტოა, ძალიან ბევრი ადამიანი ისვენებს; მედიის ყურადღება და ზოგადად მსოფლიოს ყურადღება გადატანილია პეკინსა და ოლიმპიადაზე; იყო რეალური პროგრესი აშშ-სა და ევროკავშირის დედაქალაქებით ინიცირებული სამსვიდობო პროცესის მსვლელობაში, რაც რუსეთს მონოპოლიის უფლებას აღარ უტოვებდა. რასაკვირველია, დროის შერჩევა განპირობებული იყო აპრილში ნატოს სამიტით და დეკემბერში დაგეგმილი ნატოს საგარეო მინისტრების შეხვედრით, როცა სავარაუდოდ საქართველო ნატოს “მეფს” მიიღებდა.
ამავე დროს ეს არის პუტინის მიერ ამერიკისთვის გაგზავნილი მესიჯი და მე, რასაკვირველია, ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები ამ გზავნილს სწორად გაიგებენ. რუსეთი წარმოგვიდგება ისე, თითქოს ცდილობს დახატოს შემდეგი: ის, რაც ხდება საქართველოში, არ განსხვავდება იმისგან, რასაც ამერიკა სერბიაში აკეთებდა: ბომბავდა მათ მასობრივი საჰაერო დაბომბვით, რათა შეეჩერებინა “ეთნიკური წმენდის” კამპანია. მაგრამ, რასაკვირველია, ეს სასაცილო განცხადებაა; საქართველო არასდროს ყოფილა ახლოსაც კი “ეთნიკურ წმენდის” კამპანისთან სამხრეთ ოსეთში, საპირისპიროდ იმისა, რაც კოსოვოში მოხდა. მე შემიძლია კიდევ სხვადასხვა საკითხები დავამატო იმ თემას, რასაც ჰქვია რუსეთის გულიწყრომა ამერიკასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა საქართველოზე აისახება.
- როგორ ფიქრობთ, რატომ დაგვარტყა რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან და არა აფხაზეთიდან? რაში მდგომარეობდა მისი სტრატეგიული გათვლა?
- მე არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს დარტყმა სწორედ სამხრეთ ოსეთიდან; არ ვფიქრობ, რომ საერთოდ ამ საკითხებში არსებობს რაიმე ნათელი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო იარაღის ჟღარუნი. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის ხელმძღვანელობა იერიშს საქართველოზე ორივე მხრიდან დიდი ხანია გეგმავდა. უკვე იყო მზად მართალაც რომ შესანისნავი პროექტები იმისა, თუ როგორ გადაეწყვიტათ აფხაზეთის პრობლემა მშვიდობიანი გზით. ახლა, მას მერე რაც მოხდა, ჩვენ ამ სიტუაციის ყველა ასპექტი უნდა გადავსინჯოთ.
- შესაძლებელია, რომ ნატომ საქართველო თავის რიგებში ამ წელიწადს მიიღოს ექსტრაორდინალური პირობების გათვალისწინებით? ოდესმე მიუღია მას ქვეყანა ჩვენი სიტუაციის მსგავს პირობებში?
- არა მგონია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ნატოში მიიღონ. შესაძლებელია მას მიეცეს “მეფი” რაღაც დროის შემდგომ, მაგრამ ამ პირობებში თითქმის შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი მომავალ წელს ანდა 2 წლის შემდგომ.
- არსებობს კი რაიმე საერთაშორისო დასჯის მეთოდი იმ ძალადობის გამო, რასაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ახორციელებს? არსებობს ამგვარი “ქეისის” პრეცენდენტი?
- არა მგონია, რომ ამგვარი პრეცენდენტი არსებობდეს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთ-ნატოს ურთიერთობა, G -8 ში მისი პოზიცია, რუსეთის ადგილი უშიშროების საბჭოში და რუსეთის კიდევ ბევრი სხვა ურთიერთობები სამყაროს ცივილიზირებულ თანამეგობრობასთან გადასინჯულ იქნება. შეშფოთებული ვარ რუსეთის პიარ კამპანიით – ახალი ამბების უმრავლესობა საომარი დაძაბულობის მეორე Dდღის სიძველისაა და მათ ისე მიაწვდიან ხალხს, როგორც რუსეთის ნებისმიერ ვარიანტში გამართლებულ რეაქციას. ამდაგვარად, საკითხი, თუ როგორ შესძლებენ რუსეთის ენერგეტიკული პარტნიორები გერმანია და საფრანგეთ რუსეთთან ურთიერთობის წესრიგში მოყვანას, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება.
- შესაძლებელია გაეროს ცისფერჩაფხუტიანების გამოყენება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პროცესის დაწყებისათვის? რა სახის პროცედურა უნდა ჩატარდეს ამ შემთხვევაში?
- ამგვარი შენაერთები იქმნება გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ მოხალისეობის საფუძველზე. თეორიულად ეს შესაძლებლობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცეცხლის შეწყვეტის გზა, მაგრამ ეს გზა ნაკლებად წარმოსადგენია, რადგანაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი გაეროს ნებისმიერ მცედლობას ვეტოს ძალიან ადვილად დაადებს. 
- ბუჰარესტის სამიტზე რა იყო საქართველოს ნატოში არ მიღების რეალური მიზეზი? 
- ვფიქრობ, რომ ეს იყო წინა წლის ნოემბერის ინციდენტი, ამიტომ საქართველოსთვის “მეფის” მიღება ძალიან გაძნელდა. როგორადაც არ უნდა იყოს, თუ გაიხსენებთ, პრეზიდენტ ბუშს ბოლო მომენტამდე სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, რადგანაც საქართველო ასეთი განსაკუთრებული ქვეყანაა, რომლის ხალხი განსაკუთრებით პროდასავლურად და პრონატოურადაა განწყობილი. ასე თუ ისე, ადვილია არ შეადარო საქართველო და რუსეთი. ასევე ცნობილი იყო, რომ კიდევაც რომ თუ “მიაწვე” ბევრი ევროპის ქვეყნა, რომლებიც არასდროს ყოფილან საბჭოთა კავშირის სამიზნე, საქართველოს ინტერესებზე მაღლა რუსეთის ინტერესებს დააყენებს.
- რესეთმა საქართველოს დაბომბვისთვის “სრულყოფილი” მიზეზი აღმოაჩინა: “იძულება მშვიდობისათვის”. ხომ ვერ აგვიხსნიდით ამ ტერმინის კლასიკურ გაგებას? ვის, როდის და რატომ აქვს უფლება ამ სახის იძულების გამოყენების? 
- მე არ შემიძლია ავხსნა, თუ რატომ გამოიყენა რუსეთმა სწორედ ეს ფრაზა. თანაც სულაც არა სიახლე ის, რასაც რუსეტი აკეთებს. XIX საუკუნეში რუსეთმა განმეორებით დაიპყრო ბალკანები იმ მიზეზით, რომ აწარმოებდა “თავდაცვით” მოქმედებას “მართლმადიდებელი თანამემამულეების” დასაცავად, რომლებიც ამ შემთხვევაში ბულგარელი და მაკედონელი გლეხები გახლდნენ, აარადა მათ არაფერი აკავშირებდათ რუსეთთან. სავარაუდოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსეთი ცდილობს ააღორძინოს რიტორიკული კავშირი კოსოვოს საქმესთან და ეს კავშირი გახლავთ შემდეგი - “შეაჩერეთ გენოციდი” საჰაერო იერიშებით. რასაკვირველია, საქარველოსა და კოსოვოს შედარება არ შეიძლება და ეს საქმეები განსხვავებულია, მაგრამ რუსები ამ განსხვავებას ამგვარად არ აღიქვამენ.
- როგორ ფიქრობთ, ამერიკასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს კვლავ ეშინიათ რუსეთის? ამიტომაცაა მათი განცხადებები არც ისე ხისტი? ბუში პუტინს ადრე “მეგობარს” უწოდებდა. დღეს-დღეობით რა სახის მეგობორობაა ეს?
- მას მერე, რაც ბუშმა განაცხადა, რომ პუტინის სულში ჩაიხედა, ჩვენ, განსაკუთრებით თეთრი სახლიდან და ზოგადად ამერიკის მთავრობიდან, რუსეთის აგრესიაზე ხისტი პასუხების მიღების პრობლემა მუდმივად გვქონდა. ამერიკელებს ცხადად უნდათ გააკეთონ შემდეგი პრობლემის პრიორიტიზაცია: არ დაუბრუნდნენ ცივი ომის დღეებს; მათ სასოწარკვეთილად სჯერად, რომ შესაძლებელია (რაც მართლაც შეიძლება ასე იყოს) იყვნენ რუსეთის პარტნიორები აბსოლუტურად ყველა საკითხში, იქნება ეს ატომური იარაღის არგავრცელება, ომი ტერორთან და ენერგეტიკის საკითხები (თუ მხოლოდ ამ ჩამონათვლით დავკმაყოფილდებით). მრავალი წლის განმავლობაში მე ვკამათობდი უამრავ ადამიანთან, მაგრამ სამწუხაროდ რეალპოლიტიკამ გაიმარჯვა. მაგრამ ახლა, მას მერე, რაც რუსეთმა საქართველოში მოიმოქმედა, მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე დასავლელმა ლიდერმა პუტინს კვლავ უწოდოს “მეგობარი” ანდა კრემლი პარტნიორად განიხილოს.
- გგონიათ, რომ შევძლებთ რუსეთის აგრესიის შეჩერებას? შეუძლია ჩვენს წინააღმდეგობას კავკასიაში რუსეთის სრული ინტერვენცია შეაჩეროს? სხვა ქვეყნებს შეუძლიათ დაგვეხმარონ იარაღით, სხვა რესურსებით?
- ვეჭვობ, რომ საქართველომ შესძლოს რუსეთის აგრესიის დამოუკიდებლად გამკლავება, იმისდა მიუხედავად იმისა, თუ რამდენ დახმარებას მიიღებთ გარედან. თქვენ ვერანაირად ვერ ესაბამებით რუსეთის მილიტარისტულ უპირატესობას, მათ შორის და ეს უკვე ცხადია, სტრატეგიული ბომბების გამოყენების საკითხშიც. მეტიც, მე არ მჯერა, რომ რომელიმე ქვეყანა სამხედრო დახმარებას გაგიწევთ. ეს ის უბრალო რეალობაა, რაც უნდა გაითავისოთ. საქართველო ახლა უნდა შეჩერდეს ანდა რისკის ქვეშ დააყენოს ადამიანის სიცოცხლეები, თავისი აქტივები თუ პასივები.
- როგორ ფიქრობთ, რუსეთი რატომ არ გვანადგურებს უფრო მეტად? მაგალითად, როგორც დედაქალაქი გროზნო გადაასწორეს? მე ამას იმიტომ გეკითხებით, რომ რუსეთმა ჩვენი პირისაგან მიწისა აღგვა რომ მოინდომოს, იგი ამის უფრო “პროფესიულად” გააკეთებს. როგორ გგონიათ, რუსებს წარმოედგინათ, რომ საქართველო წინააღმდეგობას გაუწევდა? ისინი რაიმეს ერიდებიან? და თუ ერიდებიან, რას ერიდებიან? 
- მე არ გეთანხმებით - მათ გამოიყენეს ძალიან ძლიერი იარაღი. მათ, ალბათ, დაუშვეს, რომ, რაც გამოიყენეს, საქართველოსთვის საკმარისი იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც საკმარისია იმისთვის, რომ მწყობრიდან გამოიყვანო საქართველოს სტრატეგიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.
- დასასრულ, როგორ პროგნოზს გააკეთებდით?
- მე არ მოველი, რომ რუსეთი გაჩერდება მანამ, სანამ არ გააკონტროლებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. ამას თუ არ მირწევენ, ისინი თბილისს დაბომბავენ. მერე, “აჩვენებენ საქართველოს” და განსაკუთრებით სააკაშვილს, ვის უნდა პუტინს, რომ პერსონალურად იყოს დასჯილი და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩერდებიან. ამ ქმედებით, მათ ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეს გზავნილი გაუგზავნეს: გამოწვევას ნუ გვესვრით ჩვენ ან ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. ვგულისხმობ, მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომელებიც უფრო მეტად იძულებული იქნებიან რუსეთს გადააბარონ აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული კორიდორი.
მაგრამ მე ასევე მოველი სერიოზულ შედეგებს რუსეთისთვის თუ ბუშის ადმინისტრაციის არსებობის დროს არა, აშშ –ის შემდგომი პრეზიდენტისდან, განსაკუთრებით, თუ ეს სენატორი ჯონ მაკქეინი იქნება, რომელმაც საკმაოდ ხისტი განცხადება გააკეთა. აშშ ვერ იქნება ალიანსში ქვეყანასთან, რომელიც ასე იქცევა; ეს არის ამერიკელი ხალხის და ამერიკული ღირებულებების შეურაცხყოფა.
თუ დასავლეთი აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის პროცესში რაღაც მიზეზის გამო დამარცხდება, ამის შემდგომ, ჩემის აზრით, ყველაფერი, რასაც მოიცავს ცნება “დასავლეთი”, ეჭვის ქვეშ დადგება ისეთი ხალხისთვის, როგორიცაა აჰმადინეჯადი ან ოსამა ბინ ლადენი. დასავლეთი კი მხოლოდ დანცხადებების ფორმულირებით შემოიფარგლება. ამ შემთხვევაში ამგვარი მორალური თანაფარდობა წაახალისებს იმ ხალხს, რომელიც ცივილიზაციის სხვა მხარეს დადგა.

"საქართველოს რესპუბლიკა"
14.08.08

No comments:

Post a Comment