Friday, September 23, 2011

რატომაა " შერონ სტოუნი ბოზი" ანუ როცა მიშელი შეხვდა მენდელას და დესმონდ ტუტუსაც. . .

ბოლო ხნის განმავლობაში ქართული „ხატწერის" ისტორიაში კი არა, მგონი, მთელს მსოფლიოში ასეთი გროტესკული, ფსიქოპათურ - პერფორმატული, კიჩური, სიმბოლური, ტრანსფორმირებული, პოპკულტურული, პოსტპოსტმოდერნული, მასობრივი ცნობიერებისა და არაცნობიერის არაჰარმონიული და ამავე დროს უნიკალურად ჰარმონიული არაფერი მინახავს, როგორიც იყო ძალაუფლება-ხელისუფლების მინის „გუმბათზე" შემდგარი ქვეყნის პრეზიდენტი ამალით და კრის დე ბურგის „ქართული" პოლიტჰიტის - „ლეიდი ინ რედ"- განსხეულება შერონ სტოუნი წითელი ჩანთით, ისიც ამალით („ხარისა" და „წითლის" ანალოგიებსა და ფსიქოანალიტიკურ ასპექტებს შეგნებულად არ შევეხები); საპატრიარქოსთან მდგარი ილია II ამალით და არაწითელ ფერებში „გადაწყვეტილი", შარვლიანი შერონ სტოუნი (მისი ამერიკული ამალა ვერ დავლანდე, სამაგიეროდ ევროინტეგრაციის ქართველი მინისტრი არ შორდებოდა). შარვალი მას „აპატიეს". სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს: საქართველოში ორი ძირითადი ინსტინქტი ვიზუალურად ასე ახლოს და ასე „ერთ დონეზე", მგონი, არასოდეს მდგარა. ძალაუფლებისა და სექსუალური. პრინციპში, ამ ორის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებაცაა შესაძლებელი. ეს სურათი სექსუალური დისკურსიულობის ხელოვნური ესკალაცია სულაც არ გახლდათ. არამედ ერთგვარი, არა მარტო მეტაფორული მოგზაურობა „დაკარგული" მასკულინობის ძიებაში და საბოლოოდ გენდერის პოლიტიკურ ბრძოლაში, გნებავთ - თამაშში „ხელოვნურად" გამოყენების „წარმატებული" მცდელობა: რეპრეზენტაცია ორი მამაკაცის (პრეზიდენტი და პატრიარქი) მასკულინური ტიპისა და „ძირითადი ინსტინქტის". ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, ქალს ბრალდება, რადგან ისაა ევა - შესაბამისად - მაცდუნებელი და ცოდვის ექსკლუზიური საავტორო უფლების მატარებელი. ჩვენს თვალწინ როგორც იქნა „გაკეთდა" ნაციონალური, პოლიტიკურ - რელიგიური გენდერი. მითიური ეროტომანი მიშა და მისი ანტიპოდი ილია II, საბოლო ჯამში კი პატრიარქალური ცივილიზაციის გენდერული კომპლექსის ფოტოსურათი. არა, მოვლენათა ქრონოლოგია ასეთი იყო: უცხოსი (ამერიკელის) შეხვედრა „ჩვენიანთან", ღვთისმშობლის წილხვედრ, სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქთან, რაც, ფაქტობრივად, „ქართულთან" ინიციაციისა და ზეგარდმო ნებადართულობის მანიშნებელი იყო და შემდგომ - არც ისე სრულიადთან („ამერიკულ-სომხურთან"), როგორც ხელისუფლების ჰეტეროსექსუალურ ენერგიასთან წილნაყარობის მანიფესტაცია. ცნობისთვის შერონ სტოუნს ლესბოსური, ბისექსუალური გამოცდილებაც აქვს, რაც მას არასოდეს დაუმალავს, მაგრამ იგი სამი ვაჟის დედაა და ამიტომ ისევ „ეპატიება"; თუმცაღა მის საშოს არ უშობია (ბიჭები იშვილა), ამიტომ, გარკვეულწილად, იგი ნაკლულ ჰეტერად რჩება, რომლის დანიშნულება საბოლოოდ მაინც მამაკაცია ანდა განსხეულებული ძალაუფლების მომსახურეობა, ფილმი-ბოევიკის პიარი, მასკულინური ძალაუფლების „გალამაზება" და მისი მაგნეტიზმის შექმნა; წაგებულ ომში წაგებულის ტერიტორიაზე დომინანტური ძალის - რუსის დეეროტიზაცია „ამერიკული ძირითარი ინსტინქტის" საქართველოში მოწვევით. სწორედ იმ ქალის, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ამ ქართულის მარად მტერს - ჩრდილოეთელს ესტუმრა. 1:1 მასკულინობის მოდელების ფრე. საპატრიარქომ, ეტყობა, არ დაგუგლა შერონის სექსუალური ორიენტაცის ინფომაცია. როცა საჭიროა, მხოლოდ მაშინ მოიძიებენ იმას, რაც საჭიროა. ახლა კი ასე იყო საჭირო. ანუ პოლიტიკის დარად ეკლესიაც ამ ორმაგ სტანდარტს ირჩევს. ამას პოლიტკორექტულად მრავალვექტორულობა ჰქვია. ქუჩურ ენაზე კი სულ სხვა რამ. რასაც შერონ სტოუნს იმ დღეებში არც თუ ისე იშვიათად უწოდებდნენ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურა, მათ შორის რელიგიური, ლესბოსელების მიმართ უფრო შემწყნარებელია, ვიდრე მამაკაცი გეების მიმართ, მაგრამ ამ თემას ამჯერად არ შევეხებით. ამერიკულმა და ზოგადად მსოფლიო პოპკულტურამ გაამყარა ქალის „მეორესქესიანობის" მაქსიმა, რადგანაც სექსუალობის არტისტულმა გამოვლინებამ, სექსუალურმა თავისუფლებამ ქალი თაყავნისმეცემლების ტყვე გახადა, სადაც საზოგადოებრივი აზრის, მათ შორის, ყვითელი მედიის ტირანია მას ისევე იყენებს „სიბსტანციად", როგორც, დაახლოებით, რობერტ სტურუას ინტერუას გახმაურებულ ინტრევიუშია სომეხი მხოლოდ „ეთნიკურ მასალად" გამოყვანილი, მაგრამ არა მმართველობის - პრეზიდენტობის ღირსი, თანასწორი ანუ ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებას ანდობ. იმ დღეებში რენი ჰარლენი, ვენ კილმერი, ენდი გარსია და სხვა მამაკაცი მსახიობები საპატრიქროს არ მიუახლოვეს, პრეზიდენტი მათ არ ჩაეხუტა და მითუმეტეს მინის „გუმბათზე" კეკლუცად არ მიიზიდა. რადგანაც ეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ჰომოსექსუალურ კონოტაციად აღიქმებოდა, რაც მითიურ სომხობასთან ერთად მის პრეზიდენტობისთვის არასაკმარის კვალიფიკაციად მიიჩნეოდა. ასევე წარმოუდგენელია სააკაშვილმა შერონ სტოუნის სამშობლოს პრეზიდენტის დარად ღიად დაუჭიროს მხარი არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეების უფლებებს ანდა ყოველთვიურად თუ არა, კვარტალში ერთხელ მაინც მოაწეროს ხელი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის აქტებს, კანონებს თუ კანონქვემდებარე გადაწყვეტილებებს. შერონ სტოუნის პატრიარქთან ვიზიტის დიზაინი ასეთი იყო: ტირილითა და ჩახუტების გარეშე, პრეზიდენტთან - სიცილითა და ჩახუტებით. მიზეზი - ფილმი ქართულ ომზე და სიყვარულზე. სოციალურად, გნებავთ გენდერულად, კულტუროლოგიურად იშვიათი, განუმეორებელი, ზოგადად ქართული ისტერიის, ისტორიის და თანამდროვე ქართული „ფილოსოფიის" სტოპ - კადრი. არაპაპარაცული, არა ფოტოშოპური, არა მონტაჟური, არამედ „ორგანიკ"- ნატურალისტური ფირი. სიუჟეტი, რომელიც ოსკარის და რა ვიცი კიდევ რა სახის პრემია - პრიზის ღირსია. პირადად მე ნობელის პრემიასაც გავიმეტებდი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამივენი ფოტოკამერის წინ ერთად დადგებოდნენ (აი, როგორც 1991-92 წლის სამოქალაქო ომის „გამარჯვებული" სამხედრო საბჭო + ილია II მასკულინური „საძმო" იდგა), შუაში კი - შერონ სტოუნი; მარცხნივ-მარჯვნივ - მიშა და ილია მეორე. ცენტრში წითელი ფერი, გვერდებზე კი ოქროსფერ-თეთრში და შავებში გამოწყობილი, ქვეყნის მთავარი მამაკაცები. ერთი გულზე დაფენილი ჯვრებით, მეორე - ჰალსტუხში, სავარაუდოდ, პერანგში დამალული ჯვრით. შერონი კი ბაპტისტია და ჯვარი, წესით, არ უნდა ჰქონოდა. აქვე ვვარაუდობ, რომ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს აუცილებლად შუაში დააყენებდნენ. ამგვარი „პანორამული ტილო" ზეზღვრულად „სრულიადი", გლობალურიცა და ლოკალურიც იქნებოდა. დიდხანს ველოდი, რომ კულტუროლოგები ამ კულტურული კონსტრუქციის ანალიზსა და დეკონტრუქციას შეუდგებოდნენ, მაგრამ - ამაოდ.


თბილისში ფილმის „აგვისტოს 5 დღე" წარმოუდგენლად არაადეკვატური აურზაურიანი პრემიერის დღეებში და მას შემდეგაც სოციალური ქსელებით და არა მარტო, ჩემს ყურს ხშირად მოხვდა ასეთი სიტყვათშეთანხმება: „შერონ სტოუნი ბოზია" და არა „კატერინა ტრემილი ბოზია" („ძირითადი ინსტინქტის" მთავარი გმირი). ეს ფრაზა-წამოცდენა არაერთმნიშვნელოვან, არაერთ განმარტებასა და წიაღსვლას მოითხოვს, თუმცა განვრცობილ ახსნას არ მოითხოვს თუ რატომაა ასოცირებული შერონ სტოუნი „ძირითად ინსტინქტთან" ანდა რატომაა ბოზი მხოლოდ ქალი. ამჯერად შევჩედებით ერთზე: რატომ ეწოდა მას „ბოზი". შერონ სტოუნი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გახდა იმიტომ, რომ ითამაშა „ძირითად ინსტინქტში" - პოსტკოლონიური პერიოდის პუბერტატის ფილმში - „ოტდუშინა", მის ფეხებს შორის ალაგის (როგორც მას „ვანოს შოუში" ერთმა კაცმა უწოდა - ქართველი მოდელის „მორცხვი" სასირცხვო ადგილი. შერონის კი ქართულის ანტიპოდია ანუ სადა - გაპრიალებული) დაჭვრეტის უფლებით. ანუ ბოზია, იმიტომ რომ ჰოლივუდელია/ამერიკელია; და ბოზია იმიტომ, რომ ჩვენს „სუკინ სინ" მიშას, მანამდე კი იმათ „სუკინ სინ" პუტინს შეხვდა თუ საერთოდ ქალი ბოზია, გინდ შერონა იყოს და გინდ შორენა (საპატრიარქოს შორენას გამოკლებით, მაგრამ მისი სეხნიის ბეგაშვილის ჩათვლით). მამაკაცს, როგორც წესი, „ბოზად" არ ახასიათებენ. არადა, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია ასეთი უთანასწორობა. უსიყვარულო, ფასიან სექსში მამაკაცი ისევე, როგორც ქალი მონაწილეობს, მაგრამ მხოლოდ ფულის ამღებს ან „მოხალისე" ქალს ენიჭება „ბოზის", „როსკიპის", „მეძავის", „კახპას" წოდება. მამაკაცი კი მხოლოდ ბოზი დედის (არა მამის) შვილი შეიძლება იყოს, მაგრამ თავად ბოზი -არასოდეს. ლოგიკა ასეთია: თუ შერონი „სუკა" არაა, მაშ, „სუკინ სინებს" რატომ ხვდება? შერონს და „სუკინ სინების" დედებს კი ერთი მთავარი „პარადიგმა" - მდედრობა აერთიანებთ. 
„ძირითადი ინსტინქტი" მსოფლიო ეკრანებზე 1992 წელს გამოვიდა. იმ დროს, როცა ქართველი მამაკაცები „ფალოს-კალაშნიკოვებით" ერთმანეთს ხოცავდნენ, ხოლო ქვეყნის მთავარი გამზირი ნარკობარონების სისხლიანი გარჩევის ადგილს უფრო ჰგავდა; არაბოზი მამაკაცების „სხვა", მათ შორის, დასავლურმა საზოგადოებამ კი მაიკლ დუგლასის თვალები გამოიბა და შერონ სტოუნს უჭვრიტინებდა. ზოგი ჭოგრიტით, ზოგიც - ვიდეოფირის ასჯერ გადახვევით და დასტოპკადრებით. ფილმი „ძირითადი ინსტინქტი" „დვიჟოკებიანი" საქართველოს „პოტენციურ ველად" გადაიქცა; იქ, სადაც ქართველი მამაკაცები ერთმანეთს „ჩიტო-გვრიტოს" და „შენი ჭურუმეს" აღარ ეუბნებოდნენ, არამედ - ერთმანეთს (საკუთარ დედასაც) აგინებდნენ და კლავდენენ ან ჯერ კლავდნენ და მერე აგინებდნენ. ან ორივეს ერთად. ქართული სუფრის „ბართლომეს ღამე". სწორედ იმ ინსტინქტის „ინსტრუქციით", რომლის ფლობასაც შერონ სტოუნის გმირი ანსახიერებს, ოღონდ სხვა - არა სექსუალური ინსტინქტის, არამედ - სიკვდილის (თანატოსის) ინსტინქტის. ვერავინ იფიქრებდა, რომ ლამის 20 წლის შემდეგ შერონ სტოუნი „ჯორჯიას" ესტუმრებოდა და სწორედ იქ გაივლიდა, სადაც, იმ დროს, როცა ჰოლივუდში ფეხი ფეხზე გადადების სცენას იღებდნენ, ოკენისგადაღმა ქვეყანაში სიკვდილის სიცოცხლეზე გადადების სცენები ნატურალურად თამაშდებოდა; გაივლიდა იქ, სადაც რამდენიმე დღით ადრე კვლავ ძალადობის „პერფორმირება" მოხდა, როგორც დამოუკიდებლობის დღის და ზოგადად ქართული პოლიტიკური პროზის ნარატივი. გაივლიდა წითელზე იქ, სადაც ბოლო საუკუნის განმავლობაში ხალიჩა ნატურალური წითლით იღებებოდა.


სანამ შერონ სტოუნი ქვეყნის მთავარ მენეჯერს ეწვეოდა, მისი ბოზობის გასაქარწყლებლად პატრიარქთან შეხვედრა მოაწყვეს, რომელმაც მისი მარიამ მაგდალინელობა „გააბათილა", ასე ვთქვათ, მინიმუმამდე დაიყვანა, ცოდვილობა-არაცოდვილობა დააბალანსა, საპატიებელი აპატია და ატირა კიდეც ცრემლით სინანულისანით. აქამდე პატრიარქი ლოკალურ „სელებრითებს" და მამაკაც სახელმწიფო ქმრებს განურჩევლად მათი უძველესი პროფესიის დაძველებისა ხვდებოდა, ხვდება და მომავალშიც შეხვდება. ქალს კი - მხოლოდ მარიამ მაგდალინელის „პონტში". უგროტესკულესი სცენაა, როცა პატრიარქი შერონ სტოუნს ემშვიდობება: ყოველგვარი მთხვევა - ხელზე კოცნის გარეშე. მის „სხვა-ობას", „მეორე სქესობას" თუ არ ჩავთვლით, ამერიკელი შერონი ისედაც რელიგიურად და კულტურულად უცხოა (სანდრა რულოვსმა ეს უცხოობა, ჰოლანდიურობა თავისი რელიგიიდან მართლადოდებლობაზე გაცვლით, ქართული ენის ცოდნითა და ზრუნვის ინტიტუტით - ექთნობით ბოლომდე მაინც ვერ „დასძლია"), რომელიც იდეაში „უნდა" მოექცეს „სააქაოს", ინსტინქტი არაინსტინქტს დაუქვემდებაროს ან ბოლოს და ბოლოს კარგი ტურისტი ან კარგი ინვესტორი გახდეს ანუ საქართველოს „კარგი ამერიკის" კარგი მოქალაქე, როგორც ახალი ქართული პატრიოტული კონსტრუქტი: ჰოლივუდი - ჰოლიიბერია. თუნდაც გახდეს ქართული ეკლესიის დამფინანსებელი. ირიბად მაინც. რატომაც არა? მაგალითად, ჰოლივუდელების მოზიდვით. 2008 -ის აგვისტოში საქართველოს მხარდაჭერა რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის მხრიდან დემოკრატი ჰოლივუდელების მიერ ცივად იყო აღქმული. შიშობდნენ, რომ საქართველოს მხარდაჭერა ბუშის მხარდაჭერასთან იქნებოდა ასოცირებული. ამას მოწმობს გაეროში მაშინდელი ჩვენი ელჩის ირაკლი ალასანიას მიერ ენჯელინა ჯოლისადმი მიწერილ წერილზე ოფიციალური დუმილი. აგვისტოს ომიდან დაახლოებით 3 წლის შემდეგ მრავალშვილიანმა ანჯელინამ საზღავრგარეთ მყოფი ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. მერე შერონ სტოუნიც ჩამოვიდა საქართველოში. ფილმის შესაფუთად. მას აგვისტოს ომში დასახიჩრებულნი ან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები არ მოინახულებია, არც გორში ჩასულა, რადგანაც საპატრიაქროსა და პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტი „სრულიად საკმარისი" იყო და არც მერილინ მონროსავით გამოსულა ჯარისკაცების წინაშე. დიდი ხნის წინათ თაფლობის თვის ადრენალინიანმა მონრომ კორეაში შეუხვია და იქ მყოფი ამერიკელი ჯარისკაცებისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე თავისი სხეულით გამოვიდა. ჯორჯ გერშვინის სიმღერაში სიტყვები "Do It Again" („ეს კიდევ გააკეთე") „Kiss Me Again" - ზე („მაკოცე ისევ") შეცვალა, რადგანაც პირველი უხამსობად მოეჩვენა. იმღერა „ბრილიანტები ქალის ყველაზე კარგი მეგობარია", მერე იცეკვა და აჩვენა, რომ პრინციპში ჯარისკაცებიც არიან ქალის ყველაზე კარგი მეგობრები. ჯარის მამაკაცებმა იგრძნეს, რომ სამშობლოს, ამ მარად ქალს (მერლინ მონრო) ისინი ახსოვს და უყვარს, რომ იგი აქაა, მათთან, თითოეულთან და ყველასთან იმავდროულად. მეტი არც არაფერია საჭირო. მისი სხეული საკმარისი იყო სიცარიელის ამოსავსებად. შერონ სტოუნი კი საქართველოში სხვა მოცემულობაში იყო. იგი ანა მანიანი ვერ იქნებოდა, რომელიც ფილმში „მომღერალი ქალი" ნეოპოლიტანურ სიმღერას „შეყვარებულ ჯარისკაცს" ასრულებს და დასახიჩრებული სამხედროების დანახვაზე ტირის. აგვისტოში დაღუპულები ფილმის პრემიერის დღეებში არავის გახსენებია. მხოლოდ საქველმოქედო ვახშმის „პონტში". პირიქით, ზოგი განაწყენდა კიდეც ამ უკვე „ბალზაკის ასაკს" გადაცილებული ქალის მოწვევის გამო. უფრო ახალგაზრდა, ქორფა, სახელიანი, მდიდარი, შუშპარა და მჩქეფარე მოიტათო. გროტესკულია, როცა იმავე მიზანსცენაში (შერონი და ილია II) ჩვენებური ევროინტეგრაციის მამაკაცი მინისტრი გია ბარამიძე კვლავ „მამაპაპურად" იჩოქებს მამაკაცის (პატრიარქის) წინაშე და ხელზე ეამბორება (იმ დღეს კიდევ ერთი დაჩოქება იყო - რენი ჰარლინის, ოღონდ არა უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე) , როგორც შერონის გასტუმრების შემდეგ „კეისარს კეისრისა" (მამაკაცს მამაკაცურისა) ჟესტი, ძალაუფლების გადანაწილების დაუწერელი ფორმალური მედიარიტუალი, რათა ხალხმა დაინახოს: ყველაფერი წესრიგშია ჯერ - ჯერობით არაზეციურ საქართევლოში. პატრიარქი აკოცნინებს, მინისტრი მამაკაცი დაიჩოქებს და აკოცებს. ქართულ ხატ-კონცეპტებში „მუდმივ ქალს" - რომელიც ვლინდება დედისა და დედობის, ცოლისა და ქორწინების, ქალწულობისა თუ ბოზის არქეტიპით, თავისი ავტონომიური ადგილი აქვს, იგი რადიკალურად სხვაა, გასასტუმრებელია, გასაძეგლებელია (ქართლის დედა) და ამიტომაც პატრიარქალური ძალაუფლების გამყარებისთვის იდეალური რესურსია. რაც შეეხება სახელებს: ნახევრადხუმრობით, შერონისა და შორენას სახელების მსგავსება არაშემთხვევითად შეიძლება მოგვეჩვენოს. ქართულად შორენა, ფარქტობრივად, ბოზს ნიშნავს, რუსულში - ნატაშს, ისევე როგორც სომეხი - ეშმაკ ვაჭარს, გაუტანელ სოვდაგარს და როგორც ვანია - ლოთსა („ბასიაკს") და ლუმპენ მოძალადეს.


მართლმადიდებელ პატრიარქთან ბაპტისტი, „ბოზი", სამი ვაჟის დედის შერონ სტოუნის შეხვედრა სიმბლოურად ქართული ნაციონალური სიწმინდის მითოლოგემის „ჩამოშლის" მცდელობად ჩანს. მაგრამ ეს ასე არ არის. ამერიკელი დედა შერონი ყველაზე იდეალურია პატრიარქთან შესახვედრად. სწორედ ილია II არის მესამე შვილის გაჩენის მასტიმულირებელი, როგორც ნათლია ანუ მეორე მამა. ერის დიდი, მრავალშვილიანი მამა. პარადოქსია, როცა ჩვენი ეკლესია დასავლური განათლების, დასავლური ცხოვრების წესისა და სექსუალობის ექსპრესიის ლამის სოდომ-გომორად გამოცხადების შემდეგ სტუმართ-მოყვარეა სწორედ ამ პატერნის (განათლება - ცხოვრების წესი - სექსუალობის ექსპრესია) მიმართ. შერონ სტოუნი „ბოზობის" გარდა ცნობილი ქველმოქმედია და ის მსახიობთა შორის მაღალი IQ -თი გამოირჩევა. საინტერესოა ასეთი ზარ-ზეიმით მიიღებდნენ თუ არა ქართულ ეკლესიაში, მას რომ „ამერიქან პროდაქტებში": მელ გიბსონის ფილმში „ქრისტეს ვნებანი" ან რონ ჰოვარდის „და ვინჩის კოდში" ეთამაშა. მახსოვს, ქართული ეკლესია ამ ფილმებს აქტიურად აპროტესტებდა, თუმცა წლების წინ თბილისში „ქრისტეს ვნებანის" ჩვენება ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის თაოსნობით გაიმართა. პრინციპში, გასაკვირი არც არაფერია. „სტუმარი ღვთისაა", მაგრამ, მისი ღვთისნიერება მხოლოდ მოცემულ ტერიტორიაზე და მოცემულ როლში მოიაზრება. ჩვენთან იგი „ადგილის ანგელოზის" მფარველობის ქვეშაა. მას კონსტიტუციური უსაფრთხოების მთავარი კაცი დაჰყვება, იცავს. აი, როცა შერონი წაბრძანდება, შეგვიძლია ვუთხრათ - „კისერი და კინჩხი" გიტეხია, შენი ქვეყანა კი გეენაში დამწვარა, რადგან ისე ცხოვრობთ, რომ ისედაც საგეენო ხართ. მაგრამ სანამ ეს მომხდარა, ჯერ ქართული ეკლესიების ქსელი უნდა გაიმართოს, რადგან ეკლესიის არსებობისთვის ლარზე მეტად ლარის ვალუტასთან მიმართებაა მნიშვნელოვანი. როცა შერონი მის „ცოდვილ, აპოკალიპტურ და მოსაშთობ" მიწაზე ბრუნდება, მისი ღვთისნიერების ლიმიტი იწურება, რადგან სტუმრობა დასრულდა. ცნობისთავის, შერონ სტოუნი ბაპტისტური ეკლესიის იერარქიის ორდენოსანია, მისი ბაპტიზმში მოქცევა დალაი-ლამსათან შეხვედრის შემდეგ მოხდა. ამერიკა საქართველოს ეკონომიკაში (დემოკრატიაშიც) ყველაზე დიდი ინვესტორია; რუსეთის შემდეგ ამერიკაში ყველაზე მეტი ქართველი იმყოფება. ამ ქვეყნებისა და საქართველოს ბიუჯეტი ამ ადამიანების შრომით ივსება; ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაც ორ ათეულ მილიონზე მეტ ლარს სწორედ ამ „სამამაულო" ჯიბიდან იღებს. ასე, რომ შერონ სტოუნის „ამერიკო ტურისტო ნო ობლიკო მორალეს" -ად ხმამაღლა გამოცხადება, მისი მარგინალიზაცია არც პოლიტიურად, არც ეკონომიკურად, არც ეკლესიურად არ ეგების. სამზარეულოში კი რასაც გვინდა, იმას ვუწოდებთ. ამიტომაც საპატრიარქოში მტირალი შერონ სტოუინი „მარგინალიზაციას" გადაურჩა, რახან არაძირითადი ინსტინქტების სამფლობელოში თავისი ფეხით მივიდა და ცრემლები აღვარღვარა. რუსეთიდან კი ჩვენთან მხოლოდ ქსენია სობჩაკი და თინა კანდელაკი ჩამოდიან. პირველი მიშას რეზიდანციაში ხვდება და იხიბლება, მეორე - რესტორანში და არ იხიბლება. ეს ქალები პატრიარქს არ ხვდებიან. რუსეთი და მისი ხრუშჩოვკები ნელ - ნელა ევრორემონტულად ან სულაც დუბაიზირებურად წარსულში გადადის. აქ და ამჟამად კი სხვა პოლიტიკა, მათ შორის ეკონომიკაცაა საჭირო: ჩვენ ვაჩვენებთ, რომ დასავლეთის „გარხწნილ მორალს" საქართველოც უერთდება, რომ ჩვენცა ვართ წითელი ხალიჩისა და „ძირითადი ინტინქტების"' ქვეყანა, ოღონდ ესეც ზემოდან ნებადართვით . . . ჩვენც ვიცით „ზასაობა" (ქართულად „მტლაშა-მტლუში"), ოღონდ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედების ან რუსული ბაზების გასაპროტესტებლად, არამედ იქ, სადაც ყველაზე ხშირად კონცერტები იმართება და გაიმართება - განახლებულ რიყეზე, საიდანაც მინის ხიდი ჩანს, უფრო დაბალი, ვიდრე პრეზიდენტის გუმბათი, მაგრამ ისიც გამჭირვალე.


საუკუნეების განმავლობაში ქართულ კულტურაში ქალის ხატის რეპერზენტაცია სიმბოლური ევასგან და „არაევა" შუშანიკიდან მოყოლებული კონსტრუირდებოდა როგორც მსხვერპლი, ოჯახს, შვილებს, პატიოსნის სახელს შეწირული, დაღვრემილ - სევდიანი, მკაცრი, ქვეყნის ბედზედ, ოჯახის უფროს თაობაზედ და ოჯახის კაცებზედ მუდმივად მჭმუნვარე, დეპერსიული, ჩამქრალთვალებიანი, ამოშავებუპეებიანი რკინის ქალამნებიანი, მიტოვებული, უსქესო და უსექსო ქვრივი. მეოცე საუკუნისა და ოცდამეერთის გასაყარზე კი უჩინარ „გმირად" ქცეული, ამერიკასა და ევროპაში წასული, რათა ოჯახი და ქვეყანა - ეს მარად მწვანე პატრიარქატი - არჩინოს და საზღავრაგარეთაც მარიამის წილხვედრი ქვეყნის ეკლესიის მშენებლობა დააფინანოს. ანუ ის, სადაც წესსა და ადათს პატრიარქალური ბიბილია და ზემამა, „ზევსი" და მამაოები დაუწესებენ. სრულწლოვანი, ოჯახიდან წასული ქალისთვის დედ-მამის ნებართვა საზღვარგარეთაც მნიშვნელოვანი ხდება. წლების განმავლობაში ფულის გამომმუმშავებელ მანქანად გადაქცეული, უოჯახო სამშობლოგარდაცვლილი, თანამედროვე „ქვრივები" მშობლებისგან იღებენ ნებართვას, რათა აშშ-ში შვილი მაინც გააჩინონ, შვილი მაინც დარჩეთ. ამერიკიდან გაგზავნილი დოლარებით სახლები ააშენეს, აგარაკები იყიდეს და იქ ხეები დარგეს, ახლა შვილის გაჩენის (აღზდაში, როგრც წესი, სამშობლოში მყოფი ბებია-ბაბუ მონაწილეობენ) დროა. ახლა მათი დროა; ამერიკაში (ამერიკაში მოქალაქეობა დაბადების ადგილით განისაზღვრება) ბავშვი უნდა შვან და „ამერიკულ ოცნებას" , ამ ახალ ქმარს - ახალ ქართულ მასკულინურ დისპლეს „მისთხოვდნენ". ოჯახიდან ნებართვით ოკეანისგადაღმა ბავშვის გაჩენა რეკომედირებულია ქართველი კაცისგან (აჩენენ იმ მამაკაცებისგანაც, ვისაც ცოლ-შვილი საქართველოში ჰყავს) ან უკიდურეს შემთხვევაში, არააფრო-ამერიკელისგან. „სპერმის დონორი" ცისფერთვალება, მაღალი, ქერა თუ იქნება, მთლად კარგი და გადასარევი. შერონ სტოუნების მსგავსნი ხომ ჩვენს ძველ ევროპელობის ხატს გაამყარებენ. საქართველოში კი ამგვარი „ფერის" ქალები ყოველთვის ფასობდნენ. ახლა კი უცხოელი მამაკაცებიც დაფასდნენ. ცისფერი თვალები და „ბლონდობა" გვარ-ჯილაგის გადასახალისებლად იყო და არის საჭირო. ძველ დროს შერონ სტოუნის „არაკავკასიურ" ფერებში სლაველი ქალები - რუსები და უკრაინელები იყვნენ გადაწყვეტილი. იმ დროს „ბოზებს" სწორედ მათ უწოდებდნენ. თუმცა საქართველოში მეძავეების გარდა კიდევ იყვნენ ბოზები - უკანონოდ (ოფიციალური ქმრის გარეშე) ბავშვის გამჩენნი, უკაპიტალონი, მარგინალიზირებულნი, რომელთა შვილებს „ნაბუშარის" ზედმეტსახელი უნდა რგებოდათ. ბავშვის რჩენის ტვირთი, როგორც წესი, ქალის მშობელს ეკისრებოდა და ამიტომაც ამგვარი ფერტილობა, რბილად რომ ვთქვათ, მისასალმებელი არ იყო. ახლა კი ამერიკაში მყოფ ქართველ ქალებს კიპიტალი გაუჩნდათ, ამით მათ პარტნიორის (თუნდაც ერთჯერადის) არჩევის უფლებაც მიეცათ, ხოლო ქალიშვილის ხარჯზე ეკონომიკურად წელგამართული ოჯახიდან - „ლევად" შვილის გაჩენის დირექტივა-რეკომენდაციაც წამოვიდა. ასეთია ახლადგამომცხარი ქართული „კაპიტალიზმის" გენდერული ჰიბრიდი და ნორმალურობის/მოქალაქეობის ახალი კონსტრუქტები. თავად დედები კი ამერიკაში უნდა დარჩნენ და განაგრძონ ოჯახისა და საგვარეულოს რჩენა, ბიუჯეტის შევსება, შესაბამისად ქართული ეკლესიის დაფინანსებაც. ეს ქალები წლების განლავლობაში ვერ ჩადიან სამშობლოში, „ბეიბისიტურ", მოხუცის მომვლელ ქართულ „სასტავში" ტრიალებენ, პროფესიულად ვერ რეალიზდებიან (ენის არ ცოდნა, ლეგალური საბუთების არქონა და ა.შ.), მათი „ქალად (სქესად) რეალიზების შანსი" მინიმუმამდე შეზღუდულია, შესაბამისად, დედად გახდომისაც. მაგრამ რახან საზოგადოება ფერტილობას ქართველი ქალის „ძირითად ინსტინქტად" თვლის და რახან ქალი უკვე თავად მოიპოვებს შვილის რჩენის სახსრებს, მას „ბოზს" აღარ უწოდებენ. ის ერთგვარი „მესამე ქალია", რომელიც ეკონომიკური დამოუკიდებლობის დაკარგვისთანავე კვლავ მარგინალი გახდება. ასე, რომ ჩვენი ეკლესიაც და პატრიარქალური საზოგადოებაც, ბოზის დეფინაციას დღეს სხვაგვარად, ეკონომიკურ-სტატუსურად უყურებს. ამერიკული ოცნებისგან საქართველომ „წამოიღო" ქალური მზითევი- ტანჯულობისა და ერთგულების პატერნი და შეერწყა იმავეს, ოღონდ თითქოს ახალს -ამერკულ ოცნებას და გახდა ანტიოთარაანთ ქვრივი. სამშობლოგარდაცვლილმა ქვრივმა „ახალი სამშობლოსგან" - სტრატეგიული პარტნიორისგან შვილი შვა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართველი ქალები ამერიკაში ისეთი კულტურული პროვოკატორები, როგორიც, მაგალითად, ებრაელი ქალები, ვერ იქნებიან, რადგან ქართველ ქალს არ შეშვენის პროვოკატორობა. ამისთვის მას არც რესურსი ჰყოფნის და არც სოლიდარობის განცდა. მაგრამ თუ იქნება, იქნება ბოზი, რადგანაც იგი წარმოუდგენელია „არაბოზური" ქცევის ფარგლებს გარეთ. ქართული იდენტობის ტრადიციული დისკურსი ამის საშუალებას არ იძელევა; ქალი, რომელიც „ქალს/ადამიანს უნდა დამსგავსოს", ქართული ორი დისკურსის - ბოზი/ არა ბოზის გარშემო იტრილებს. ქართველი ქალის სურვილი მხოლოდ „კულტურული" ანუ მართმადიდებლური სურვილია, წილხვედრი ქვეყნის საკადრისი, რომელიც ლიბიდოს ანდა ამ ლიბიდოს მიღმა სურვილს გამორიცხავს. ამიტომაცაა, რომ სწორედ არაქართველი შერონ სტოუნია პატრიარქისა და პრეზიდენტის კარზე მიღებული (აქ ჯონ კენედი - მერლინ მონროს ანალოგიას არ შევეხები) და არა, ვთქვათ, შორენა ბეგაშვილი. უცხო ქალი (რუსი, უკრაინელი, გერმანელი) შეასაბამისად ბოზია, ხოლო მისი „გზააცდენილობის" დემონსტრატიული, ფორმალური შემწყნარებლობა ეკლესიის ქმედითობის ანუ ფუნქციონალური დანიშნულების მაჩვენებელი. ეკლესიას ისევე სჭირდება „უცხო" მარია მაგდალინელი, როგორც პრეზიდნეტს - ადამიანის უფლებების დამცველი პატრიარქის ლოცვა -კურთხევა. წლების წინ საქართველოში ილია II ადამიანის უფლებების ყველაზე მგზნებარე დამცველადაც დასახელდა.


მიშელ ფუკომ თავის ნაშრომებში აჩვენა, რომ გენდერი და ეროტიზმი ისეთივე სემიოტიკური კონსტრუქციაა, როგორიც - კლასი, რასა, ასაკი და სოციალური რიტუალი. ქართულ და არა მარტო ქართულ კულტურაში არ არსებობს ანტიგონესდარი მხატვრულად თუ დოკუმენტურად ძლიერად გამოკვეთილი გენდრული ხატი. „ეკლესიური" ნინო ბურჯანაძე, ალბათ, ყველაზე ანტიანტიგონური და ამავე დროს ანტიშერონსტოუნური ხატია, რომელიც ოდესმე შეიძლება წამოიდგინო. ერთგვარი პოსტმოდერნული პროდუქტი. მითუმეტეს სალომე ზურაბიშვილი - ემიგრანტული, ერთი შეხედვით უცხო, მაგრამ აბსოლუტურად არადასავლური და არაბუნტარული ენერგიის მატარებელი - „ქაჯების" მაძახებელი, მაგრამ თავად ამ ქაჯებთან კოლაბორაციონისტი , რომელსაც ცხვირწინმდგომი „ქაჯის" წინააღმდეგ ამბოხების დროსაც კი ბანალური ფსიქოლოგიური კომპენსატორული მექანიზმები ამოძრავებდა. სიტყვები „ქაჯები" და „ქაჯეთის ციხე", რომელსაც ზვიად გამსახურდია ხშირად იყენებდა, ქართული სულის იდეალურად მუდმივმასკულინური კონცეპტუალიზაციაა. ანტიგონე, ბუნებრივია, ვერც შერონ სტოუნი იქნება, რადგან მას საკუთარი კონტრფიგურის რეალიზაციისთვის სულაც არა სჭირდება მაღალი ინტელექტის დემონსტრირება, პროტესტის მაღალი პოტენციალი ანდა პოლიტუკური სოლიდარობა. ეს უკანასკნელნი, მერილინ მონროს მსგავსად, როლზე ასაყვანად სულაც არაა აუცილებელი. ამისთვის სამკარისია სასპენსისას ფეხებს შორისზე შეჭვრეტის ნების დართვა. პრეზიდენტის სასახლეში შერონის კაბა, ერთი შეხედვით, არაადეკვატური, მაგრამ იმ გამჭირვალე ეროტიულ კონტექტში (პირველი და მეორე სქესის ურთიერთმიმართება) კონგრუენტული ფაქტურაა, რადგან მინის გუმბათი თუ ხიდი კონსტრუირებულია, გათავლისწინებულია მხოლოდ მამაკაცებისთვის ანუ იმათთვის, ვისაც ტრადიციულად შარვალი აცვია და ქვევიდან ვერავინ შეუჭვრეტს. მიხეილ სააკაშვილი კი „ძირითად ინსტინქტს" ისე ხვდება, როგორც საშინაოში გამოწყობილი მასპინძელი, როგორც ჟურნალ „ფლეიბოის" დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერია მუდამჟამ ატლასის ხალათში, რათა სტუმრისა და მასპინძლის (ქალისა და მამაკაცის) სტატუსები მკვეთრად გამიჯნოს. მიშა ჯინსებსა და მაისურში გამოწყობილი სპორტული ბიჭია, რომელმაც თავის „სახლში" შეირბინა, რათა ისევ გავარდეს საქმეებზე და ამით უჩვენებს თუ ვინაა აქ „ხაზეინი", განსხვავებით ოფიციალურ დრეს - კოდში გამოწყობილი დავით ბაქრაძისა, რომელიც იქ, ფაქტობროვად, ზედმეტია. ისევე, როგორც ზედმეტია ფილმის პრემიერის საღამოს წითელ ხალიჩაზე სანრდა რულოვსისა და მისი უფროსი ვაჟის პოზირება. იმ საპრეზიდენტო გუმბათზე, რომელსაც ნინო და სალომე ვერ ეღირსნენ (ეღირსა უცხოს - შერონ სტოუნს), ქალი კვლავ რჩება „მოწყვლადი ადგილით", ქვევიდან შესაჭვრეტით, რომელსაც, როგორ სიმაღლეზეც არ უნდა იდგეს იგი, როგორი ასექსუალურიც არ უნდა იყოს პრეზიდენტთან ჩახუტება, მაინც დაუმზერენ. სააკაშვილი მას ექაჩება იქ, სადაც თავად უშიშრად დგას. რადგან ეს ადგილი მისია, მისეულია, მისი გუმბათია, მისი პარადიგმაა. შერონი ძალით იცინის და მისი სიცილის ეჰო ისეთივე ისტერიული და არაადეკვატურია, როგორიც ქალის ხმამაღალი სიცილი ეკლესიის გუმბათქვეშ, განსაკუთრებით წირვის, ლოცვების ბუტბუტის დროს. მისი ნერვული სიცილი გენდერული იერარქიის ყველაზე მკვეთრი აუდიო სიგნალია; საპატრიარქოში მას არავინ მისცემდა ასე გადაკისკისების საშუალებას. იქ სულ სხვა აუდიომეინსტრიმია. იქ, ოფიციალურად, მხოლოდ ტირილია ნებადართული. აქ, ჩვენმა „სეკულარმა" კი შერონი მინის კიბეებზე აიყვანა, აცინა და, მადლობა ღმერთს, ფამილიარულად ისე არ აიტატა, როგორც სუხიშვილების ნინო.


შერონ სტოუნი ქართული მასკულინური ცნობირებისთვის ბოზად დარჩება, რადგან მასში „არ იგრძნობა" დედობრივ - ცოლობრივი. მას არ უშვია ვაჟი საქართველოსთვის და არც ამერიკისთვის. მას საერთოდ არ უმშობიარებია. მან შვილები იშვილა. იგი ვერასოდეს ითამაშებს ოთარაანთ ქვრივს. შერონი არარეგულირებადი, არაკონტროლირებადია და ამიტომაცაა ბოზი. მისი ვაგინა საჭვრეტად იმიტომაა საინტერსეო, რომ ქალის კონცეპტის ესთეტიზაციის მოსახერხებელი იარაღია, ხოლო მაღალი ძალაუფლების ორ, ასევე ესთეტურ შენობაში (საპატრიარქო, პერზიდენტის სასახლე) ყოფნით იგი იგივე ამ მასკულინური ორი ძალაუფლების ქრონიკულ ესთეტიზაციას, გლამურიზაციას ემსახურება. შერონი ამერიკას დაუბრუნდება, საპატრიარქო თბილისში დარჩება, ხოლო საკონონმდებლო ორგანო - პარლამენტი ქუთაისში გადავა. რადგან ორი ძალაუფლების, „მეკანონის" ერთ ქალაქში ყოფნა ყოფიერების აუტანელი სიმძიმეა. ქალები კი პატრიარქატის მიერ დაკანონებული თუ დასაკანონებელი კანონების ყველაზე მორჩილი შემსრულებლები იქნებიან, კარგი ამომრჩევლები, ჯარისთვის შვილების მშობიარენი, ჯარში მათი გამშვებნი ან ჯარიდან დახსნის ჯარიმის გადამხდელნი. ანუ კანონმორჩილნი და, რაც მთავარია, „ბაზალეთისა ტბის ძირას" ყრმის (რასაკვირველია, არა ქალი) პოტენციური დედები. სააკაშვილი (ისევე, როგორც ჩვენი სხვა მენეჯერები. სტალინი ცალკე განხილვის ღირსია) არ გამოდგა ამ ყრმის როლზე და თანაც, მისი პათოლოგიური ეროტომანიის დარად, დედამისის „მრავალსგზის გათხოვების" მითოლოგემის თანახმად, ასეთი ქალი იმთავითვე ვერ იქნებოდა საოცნებო „ოქროს აკვნის" დამრწევი ანუ მაღალი ფუნქციის შემსრულებელი. ფუნქციები გადანაწილებულია: მამაკაცმა ხე უნდა დარგოს, სახლი ააშენოს და შვილი გაზარდოს; დედამ კი ყრმა შვას, კვებოს („ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის



თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!"-ილია ჭავჭავაძე, 1883 წ.) და მანაც გაუზარდოს . . .სამშობლოს. ილია II - ის მოწოდებით ხეები ირგვება, დემოგრაფია უმჯობესდება. აი, სახლებს (მათ შორის - ღმერთის) კი საზღვარგარეთ მყოფი დედები აშენებენ. 
ფილმის პრემიერის დღეს ცივილიზაციის ქართული ნეოტრადიციული გენდერულ-პოლიტიკური პროექტი, როგორც სექსიზმის გამოვლენა, წარმატებით „შედგა". სახელწოფოსგან განსხვავებით. ფორმით ნაციონალური და შინაარსიით სექსუალური" ბოზი-არაბოზი მიმართების ჩარჩოში ქალის სხეული ისევ კარგ „კაპიტალად" დარჩა, რომელიც პოლიტიკური სიტუაციისდა მიხედვით კონსტრუირდება. ახლა იმასღა უნდა მოველოდოთ, რომ მართლმდიდებელი მოდის ჩვენების (ამგვარი დეფილე რუსეთშიცაა) გამართვის შემდეგ სილამაზის კონკურსის ჟიურიში საპატრიარქოს წარმომადგენელიც შევა და ქალის მართლმადიდებლური სილამაზის კრიტერიუმსაც შემოიტანს. პირველი ლედი, როგორც პარაპოლიტიკური ფიგურა, უკვე იყო ამ ჟიურის წევრი. მიკვირს ამ კონკურსებს მამაო რომ არ აკურთხებს, როგორც სხვა ნებისმიერ ბიზნესს. არადა, წარმომიდგენია, რა ლოცვებს კითხულობენ კონკურსანტები (ალბათ, ღვთისმშობლისადმი და მტრის ძლევის ანუ წმინდა გიორგისადმი) და ბიკინების მორგებისას პირჯვარს რა გამალებით იწერენ.


როცა ამ სიტყვებს ვწერდი, ტელევიზიით ლამის ყველა ამერიკული ტელეარხი 24 საათიან რეჟიმში სამხრეთ აფრიკაში ნობელიანტ ექსპრეზიდენტ მანდელასთან და ნობელიანტ არქიეპისკოპოს დესმონდ ტუტუსთან ნობელიანტი ბარაკ ობამას მეუღლის, ნობელიანტი ძალაუფლების ერთგვარი ფემინური „გაგრძელების" ვიზიტს აშუქებდა. მთლად ისე ისტერიულად არა, როგორიც შერონ სტოუნის თბილისური გაწითრელხალიჩება იყო... ქრონოლოგიას ვერ ვიხსენებ. მგონი მიშელ ობამამ ჯერ ექსპრეზიდენტი მოინახულა და შემდგომ - 80 წლის ანგლიკანური „პატრიარქი". ტახტზე 92 წლის ნაავადმყოფარი მანდელას გვერდით მჯდარი მაღალი მიშელი, ისიც წითელ სამოსელში გამოწყობილი, მოკლე კაბით, თავისი ბარძაყებითა და წვივებით ვიზუალურად აშკარად დომინირებდა აპარტეიდთან მებრძოლ ჩია მოხუც მამაკაცზე. ქალის გვერდით მისი ქალიშვილები ( არა ნაშვილები) ისხდნენ. უმცროსი კი ლამის დედის დიდ ფეხებს იყო ჩაფრენილი. მერე კი აჩვენეს სიცილ-სიცილით თუ როგორ ეჯიბრებოდა არაწითლებში, შარვალში გამოწყობილი მიშელ ობამა დესმონდ ტუტუს იატაკიდან აზიდვებში. სპორტის სახეობები ის სფერო, სადაც გენდერული თანასწორობის გათამაშების დიდი შანსიცა და სარბიელიცაა. ეს არ იყო მხოლოდ აფრო-ამერიკული ნარატივის რეპრეზენტაციის მცდელობა. ესეც კიჩი იყო თავისი ანატომიითა და დისკურსით. ამავე დროს რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული იდენტობის ფორმირების ხელობა, მაგრამ უკვე სულ სხვა, არაქართული პატრიოტული ეროტიკის „ხატწერის" სახელოსნოდან.

azrebi.ge
07.10.11

No comments:

Post a Comment